11.09.2019

„მალანურობის“ ისტორია და ეტიმოლოგია


ხობის შესახებ მასალების ძიების დროს ჟურნალ „თეატრალურ მოამბეში“ წავაწყდი დიმიტრი ჯანელიძის საინტერესო წერილს: „მალანურობის“ წარმოშობის, სახელწოდების ეტიმოლოგიის და სიმბოლიკის შესახებ.
„მალანურობის“ რიტუალით დაინტერესებული ყოფილა ილია ჭავჭავაძე. ილიას ჯაჯუ ჯორჯიკიასთვის დაუვალებია ჩასულიყო სოფელ ბიაში, ენახა თუ როგორ მალანურობდნენ ადგილობრივები და მოემზადებინა საგაზეთო მასალა „ივერიაში“ გამოსაქვეყნებლად.
„მალანურობა“ მრავალშრიანი და სიმბოლური დატვირთვის მატარებელი სახიობაა. თეატრალიზებული რიტუალი კარგად აჩვენებს თუ რა დიდი კულტურის შემქმნელები იყვნენ ჩვენი წინაპრები.
გთავაზობთ სამეცნიერო პუბლიკაციის პირველ ნაწილს.
თეატრალური ინსტიტუტის ხალხურ სანახაობათა ექსპედიცია ზემო სვანეთიდან ბრუნდებოდა, კვირა დღე იყო, 1978 წლის 17 სექტემბერი. გზად ზუგდიდის მუზეუმი დავათვალიერეთ. ჯაბა იოსელიანსა და მე გრიგოლ დადიანის (კოლხიდელის, 1814-1902) ფერწერული პორტრეტი გვაინტერესებდა. კარლ ბრიულოვის (1799-1852) ამ სურატზე გრ. დადიანს ხელთ უპყრია წიგნი-პიესა, რომლის სათაურად „სამსახეობა რაინდისა“ იკითხება.
გზა განვაგრძეთ. ქალაქ ხობში მოგვიხდა შესვენება. იქ გავიხსენე, რომ მახლობელ სოფელში, ძველად მეტად საინტერესო სანახაობა - „მალანურობა“ იმართებოდა. დრო გვქონდა და ვიფიქრე, სოფელში შეგვევლო, „მალანურობაზე“ ახალი მასალები შეგვეკრიბა, მაგრამ ვერაფრით იმ სოფლის სახელწოდება ვერ გავიხსენე. გაჭირვებიდან ისევ ჯაბა იოსელიანმა მიხსნა, ვიღაც ადგილობრივი მცხოვრებისაგან ახლო-მახლო სოფლების სახელწოდებანი გამოიკითხა და როდესაც ჩამომითვალა, მაშინვე მეხსიერებაში აღდგა სოფლის სახელი. ეს იყო ბია.


                                               ზემო ბია (ფოტო: ირაკლი შონია)
გამოვიკითხეთ ამ სოფლის გზა-კვალი, ორი თუ სამი კილომეტრით იყო დაშორებული ქ. ხობს. გზას გავუდექით. სოფელ  ბიაში რომ მივედით, კოლმეურნეობის თავმჯდომარემ ბენიამინ თოფურიძემ თავაზიანად მიგვიღო, გაგვაცნო სოფლის საბჭოს თავმჯდომარე სერგო იოსავა. მან მეგზურობა გაგვიწია. სოფლის კარდაკარ ჩამოვიარეთ, მოხუცები და ხანშიშესული მცხოვრებლები მოვინახულეთ და ვიბაასეთ.
1. ჩანაწერები. აი, რა ჩავიწერეთ და ვისგან:

ლუკიანე მალხაზის ძე შონიამ (ჯუბა შონიამ დაბ. 1919) გვიამბო:
 მალანურობა 12 კაცისაგან შედგებოდა. ყველას ჰქონდა გათლილი ჯოხები; ლოცვით დადიოდნენ ოჯახებში. 15 დღე გრძელდებოდა. მერმე 12 მალანური თავისი მღვდლით (ლავრენტი იოსავა) ეკლესიაში ლოცულობდნენ, რომ მიქელ გაბრიელს ვინმე არ წაეყვანა. შემდეგ გრძელი ჯოხებით ისინდი იმართებოდა. მაღლა გორაზე დგას ცაცხვი, გაიმარჯვებდა ის, ვინც ცაცხვს გადააცილებდა. ამის მერე, ერთ მხარეს დადიანი, მეორე მხარეს მეფე. დიდი ცაცხვი დგას ზემო ბიის ეკლესიაში. ბჭობას წარმოადგენდნენ მეფისა და დადიანისას. მეფისა და დადიანის ერთიმეორეს უტევდნენ. დადიანისანი: მეფის ცოლს ასე და ასე უქენიო. უსმენდნენ ხანშიშესულნი. ეს რომ გათავდებოდა, 12 მალანური შემოუვლიდა ეკლესიას. დიდ ჯოხს (დადებდნენ) ექვსი კაცი ერთი მხრით, ექვსი მეორე მხრიდან. საითკენაც გადაწევდნენ - იქით კარგი მოსავალი იქნებაო. ამ დროს  ერთი უბედურებაც მოხდებოდა ხანჯლები დატრიალდებოდა, მეორე დღეს  უფროსი ხნიერი კაცი მეთაურობდა.


  ზემო ბიის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (ფოტო: ირაკლი შონია)



ვესევი ალექსანდრეს ძე იოსავამ ( 68 წ ) გვიამბო: მალანურობა იწყებოდა სიმღერით:
 აისა !
ვაისა!
ეს სანახაობა გადასაგდები არარის, 1917 წელს უკანასკნელად ითამაშეს, სოფელი ყველაფრით სავსე იყო,“ნირზი“ 15 აგვისტოს ეწყობოდა  ეს იყო მალანურობა, ორად იყოფოდა სოფელი ბია; სადადიანო და სამეფო, შეარჩევდნენ მარიამობის რამდენიმე დღით ადრე, ახალგაზრდებს, ტოლებს, ღონიერსა და მარჯვეს - ესენი იყვნენ მალანურები,  6 იყო დადიანის, მეორე 6  მეფის მხარეზე, ძალიან ბევრი ხალხი გროვდებოდა, მთელი მიდამო სავსე იყო მალანურობის საყურებლად, 6 მალანური ცალკე დადგებოდა, 6 - ცალკე,   შაირობდნენ. მეფეს დადიანის მალანურები აგინებდნენ, მეფის მალანურები-დადიანს, სამხიარულო წარმოდგენა შუადღემდე გრძელდებოდა, ყოველ მალანურს ქონდა ხელის შოლტები (ორნახევარი მეტრის)
 ჭოკები რომელთა ბოლო წითლად იყო მოხატული, მალანურები ეკლესიის უკან დგებოდნენ, ცაცხვის გადასაცილებლად ამ შოლტებს ისროდნენ,ვინც ეკლესის ცაცხვს გადააცილებდა, ის იყო გამარჯვებული  შეჯიბრი 2 საათს გრძელდებოდა, ეს რომ დამთავრდებოდა, მალანურებს შეიყვანდნენ ეკლესიაში და კარს დაკეტავდნენ, მომზადებული ქონდათ კანგაცლილი აკაციის ჭოკი (7 მეტრის სიგრძის) ცაცხვის წინ იყო მოედანი დავაკება. ვიწრო ადგილზე დადებდნენ, ხალხი ორთავე მხარეს  იყო, წესრიგი უნდა  ყოფილიყო, ხალხს ხელი არ უნდა  შეეშალა  შეჯიბრებისათვის, გააღებდნენ ეკლესიის კარებს  და მალანურები ეცემოდნენ ჭოკს, მარჯვენა უნდა წაეღო მეფის მხარეს, მარცხენა დადიანის მხარეს, ეწოდნენ აქეთ იქით კვაკვს-ძლიერი სპორტული სანახაობა იყო, ხალხი იშვიათად ერეოდა, ზოგჯერ მოყვებოდა ჩხუბი, გვიან დაიშლებოდნენ, რელიგიური არ ყოფილა. საბჭოთა ხელისუფლების  დამყარების პირველ წლებში, 1921-1928 წწ, მალანურობა იყო, ასეთი სანახაობა  კიდევ უნდა იყოს. მთხრობელი მალანურობას ცოტნე დადიანის თავგადასავალს უკავშირებს,  მაგრამ ამას ვერ გვიხსნის.

გ რ იშ ა   ვასილის ძე   ი  ო ს ა ვ ა მ (დაბ. 1912 წელს) გვიამბო: მალანურობაში 6 კაცი იყო აქედან და ექვსი-იქიდან, ჯოხს ეწეოდნენ, ვინც აიღებდა  ჯოხს, ეკლესიაში შეიტანდნენ, კარგად არ მახსოვს, თეთრი  ეცვათ, კარდაკარ დადიოდნენ სიმღერით.

 პ ა რ თ ე ნ    ღ ვ ა დ  უ ა მ  (78 წლის)  გვიამბო: ირჩევდნენ 12 კაცს, ერთი იყო დადიანის მეორე- მეფის, კვაკვას  დადებდნენ შუაზე, რომელი მხარეც წაართმევდა, ის იყო გამარჯვებული. ჰყავდათ მოციქულები, ეკამათებოდნენ ერთმანეთს, მღეროდნენ“ აისა ვაისა“, ადრე ყოველ წელიწადს იყო, დიდიხანია აღარ ყოფილა.

 2 . მალანურობის ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ა ნ ი.
თეატრალურ ინსტიტუტში, ორმოც-ორმოცდაათიან წლებში მწერალი ჯაჯუ ჯორჯიკია მასწავლებლობდა, თბილისის პირველი სასუალო სკოლის დირექტორი, თეტრალურ ახალგაზრდობას ფრანგულ ენას ასწვლიდა, ჯაჯუ ჯორჯიკიას მალანურობაზე შევეკითხე, მან მითხრა ამ სანახაობით თვით ილია ჭავჭავაძე ისე დაინტერესებულაო, დამავალა კიდეც, სოფ. ბიაში ჩავსულიყავი და მენახა, თუ როგორ და რაგვარად მალანურობდნენ და მათ ქმედობა სიტყვიერად გადმომეცა გაზეთში გამოსაქვეყნებლად. ჯაჯუ ჯორჯიკიას წერილს „ივერიაში“ ვერ მივაკვლიე. კარგა ხნის შემდეგ გუგული ბუხნიკასვილმა მაცნობა, რომ 1910 წელს „სახალხო გაზეთში“ (N 170) ხალხური სანახაობის შესახებ საინტერესო წერილიაო სათაურით „ალანურობა“ და ხელმოწერით „ჯ.ა.ო“. პუბლიკაცია ჯაჯუ ჯორჯიკიას წერილად მივიჩნიე. ჩემი წიგნი „ქართული თეატრის ხალხური საწყისების“ პირველი გამოცემა უკვე დაბეჭდილი იყო (1948) და მხოლოდ 1983 წელს დაბეჭდილ მეორე გამოცემაში შევძელი ჯარჯუ ჯორჯიკიას აღწერილობით შემევსო მალანურობაზე არსებული მასალები.
 უკვე ოცდაათიანი წლებიდან ცნობილი იყო კონსტანტინე გამსახურდიას მიერ „მთვარის მოტაცებაში” აღწერილი „მალანურობა“. როდესაც 1938 წელს, ჩემი ექსპოზიციით თეატრალურ მუზეუმში ქართულ ხალხურ სანახაობათა გამოფენა მოეწყო. ბერიკაობის, ყეენობის, მურყვამობის, გონჯაობისა და სხვა სანახაობათა გვერდიგვერდ, მალანურობაც იყო. ამ სანახაობის მთლიანობაში წარმოდგენა მწერლების შალვა დადიანის, ვიქტორ გაბესკირიას და პოლიო აბრამიას მიერ მოწოდებულმა აღწერილობებმა გაგვიადვილდეს. ეს მასალები „ქართული თეატრის ხალხური საწყისების“ ორივე გამოცემაში არის ასახული. მათზე დაყრდნობით შევეცდები წარმოვადგინო ამ სანახაობის ზოგადი აღწერილობა.

3. მალანურობა ზოგადი აღწერილობით.
  მალანურობის მოქმედნი:
მალანურობის წინამძღვარი - მოხუცი თეთროსანი (თეთრად ჩაცმული).
იმერეთის მეფე - მოხუცი, ესეც მახვილსიტყვაობით გამორჩეული.
სამეგრელოს მტავარი - მოხუცი, ესეც მახვილსიტყვაობით გამორჩეული.
იმერეთის მეფისა და სამეგრელოს მთავრის ექვს-ექვსი მალანური, აცვიათ სარვალსი ცატანებული წითელი ახალუხები, თავზე ტთრი თავსაკრავები, წითელი ჩაბალახები, ფეხზე უძიროები, ხელთ - თავწიტელი, ფრთებით შემკული ჭოკები.
   ენის მიმტან-მომტანი 5 მოციქული
    მესაყვირე, მემუსიკე. სულ 21 მოქმედი.
   სანახაობა საყვირის (ბუკის) დაძახებით იწყება. ხალხი ეკლესიასთან გროვდება, იწყება სიმღერა, იმართება ცეკვა-თამაში, ირჩევენ მალანურების შემსრულებლებს. საზეიმო მსვლელობით წინ მოდის მალანურობის თეთროსანი წინამზღვარი, მას მოყვება ორი მესაყვირე, მოხუცი დაიზახებს: - აის, გაის! თორმეტი მალანური და მთელი ხალხი შესძახებს: აის, გაის!
  ეკლესიას სამჯერ შემოუვლიან და სულ იმას - აის, გაის! ეკლესიის წინ შედგებიან. წინამძღვრის ხმის აყოლებით სიმღერას გააბამენ, მერმე მალანურები ჭოკებს ჭოკებს დაახლიან და ორად გაიყოფიან.
   სამეგრელოს მთავრის როლის მოთამაშემ საყდრის ახლოს დაიკავა ადგილი. მეფემ იქვე მდგომ ცაცხვის ძირში მოიკალათა. ამათ შუა ფართო ადგილი დატოვეს მოციქულთა მისვლა-მოსვლისთვის.
   ხუთმა მოციქულმა იწყო ერთი თავიდან მეორესაკენ და პირუკუ დანაბარების მიტან-მოტანა. გაიმართა თავისებური „ნირზი“. მეფე და მტავარი ერთმანეთს არ ზოგავენ, ყიამყრალობენ, ბილწსიტყვაობენ, მოციქულები დანაბარებს კიდევ უფრო მეტად აპილპილებენ, უწმაწურობენ, ხალხი სიცილით იხოცება.
   კონსტანტინე გამსახურდიას მხატვრული ასახვით მალანურობისეულ იმერეთის მეფეს შეუთვლია მალანურობაში გამოყვანილი მთავრისათვის.
  უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ჯაჯუ ჯორჯიკიას წერილს „მალანურობის“ რიტუალის შესახებ.

10.09.2019

დავით ჩიქოვანი - აღმოსავლეთის ეკლესიის კრებათა ისტორია IV-V საუკუნეებში



2019 წელს გამოიცა ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრის, ახალგაზრდა მეცნიერის დავით ჩიქოვანის წიგნი: აღმოსავლეთის ეკლესიის კრებათა ისტორია IV-V საუკუნეებში (კრებათა აქტები და სხვა მასალები).
ქრისტიანული სახელმწიფოები ძირითადად დასავლეთში არიან განლაგებულნი, მაგრამ ყველასათვის ცნობილია, რომ ქრისტიანობა აღმოსავლეთში დაიბადა და შემდეგ გავრცელებული დასავლეთში. ქრისტიანული თემი ირანის ტერიტორიაზე ადრეულ პერიოდში ჩნდება და განიცდის ისეთივე დევნას, როგორც ეს ხდებოდა მთელს რომის ტერიტორიაზე.

ირანის ეკლესია დიდი ხანია წარმოადგენს ევროპისა და ამერიკის ეკლესიის მკვლევართა შესწავლის ობიექტს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიის მკვლევართათვის ეს თემა მეტად აქტუალური უნდა ყოფილიყო, რადგანაც, როგორც გვიან ანტიკურ ხანაში, ასევე შუა საუკუნეების გარკვეულ პერიოდში ქართული სახელმწიფო მნიშვნელოვან გავლენას განიცდიდა ირანის სახელმწიფოს მხრიდან, სადაც მდებარეობდა აღმოსავლეთის ეკლესიის ცენტრი და რასაკვირველია, ასეთ პირობებში შეუძლებლად გვეჩვენება, რომ მეტროპოლიის ცენტრში არსებულ ეკლესიას არ ჰქონდა გარკვეული მიმართება ქართლის მსგავს ინსტიტუტთან. ამდენად აღმოსავლეთის ეკლესიის შესწავლა ჩვენი წარსულის მკვლევართა თვალსაწიერის გასაფართოებლად მეტად მნიშვნელოვანია.
ეს წიგნი პირველია ქართულ ისტორიოგრაფიაში, რომელიც ისახავს შეისწავლოს აღმოსავლეთის ეკლესია, სხვა შემთხვევაში მის შესახებ მხოლოდ მიმობნეულ ცნობებს ვხვდებით სამეცნიერო სტატიებსა და მონოგრაფიებში. ავტორის მიზანს წარმოადგენს აღმოსავლეთის ეკლესიის ისტორიის შესასწავლად მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროების გამოცემა ქართულ ენაზე. ეს წყაროები - აღმოსავლეთის ეკლესიის V საუკუნის კრებების აქტები წარმოადგენენ პირველწყაროს ამ საკითხის შესასწავლად.
ნაშრომი საქართველოს პოლოტიკური ისტორიისა და ეკლესიის ისტორიის მკვლევართათვის არის დიდი საჩუქარი. რადგანაც ავტორს პირველად შემოაქვს სრულიად ახალი წყაროები სამეცნიერო ბრუნვაში. ავტორის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან მოგვცა არა მხოლოდ თარგმანი აღმოსავლეთის ეკლესიის კრების აქტებისა, არამედ ასევე შემოაქვს სამეცნიერო მიმოქცევაში სხვა ახალი საისტორიო წყაროები იმავე ეპოქიდან აღმოსავლეთის ეკლესიის ისტორიის შესახებ.
როგორც ავტორის მიერ დასახული მიზნიდან ჩანს, ეს ნაშრომი დიდად შრომატევადი სამუშაოების ჩატარებას მოითხოვდა. უპირველესად ეს არის წყაროს ტექსტის მოძიება და მისი შედარება სხვადასხვა დროის თარგმანებთან, ასევე საკმაოდ მძიმე სამუშაოს წარმოადგენდა საკუთარი სახელებისა და ტერმინების დადგენა. რადგანაც ეს ნაშრომი წარმოადგენს პირველ მცდელობას ამ ტექსტების შესწავლისა და გამოცემისა, საკითხის სირთულის გამო, ავტორი მოკრძალებით გამოთქვამს თავის მოსაზრებებს მეტად მნიშვნელოვან პრობლემებზე და ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი შემდეგშიც აუცილებლად გახდება უფრო ფართო კვლევის ობიექტი.
გარდა წყაროს ასეთი სახით გამოცემისა, რომელიც შემდეგში მნიშვნელოვანი დოკუმენტი გახდება ეკლესიის ისტორიის მკვლევართათვის, განსაკუთრებით საინტერესოა ავტორის მოსაზრებები და მითითებები ირანისა და ქართლის ეკლესიათა ურთიერთმიმართებისა და დამოკიდებულების შესახებ.
წინამდებარე ნაშრომი, ჩემი აზრით, არის ავტორის თავდაუზოგავი შრომის შედეგი. ეს არის პირველი მცდელობა ჩვენს სინამდვილეში აღმოსავლეთის ეკლესიის მონოგრაფიული შესწავლისა, ავტორი დასახელებული წყაროს უცხოელი გამომცემლების მსგავსად, სქოლიოში იძლევა როგორც ტექსტის მეტად საინტერესო განმარტებებს, ასევე ცდილობს გამოთქვას თავისი მოსაზრებებიც ამ ეპოქის გარკვეულ საკითხებზე. ეს წიგნი ნამდვილად გახდება ბიძგის მიმცემი, რათა მომავალში უფრო მეტი მკვლევარი დაინტერესდეს აღმოსავლეთის ეკლესიის ისტორიით და უდავოდ დიდ სამსახურს გაუწევს შუა საუკუნეების მკვლევარებს და ასევე ზოგადად ეკლესიის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველებს (წიგნის წინასიტყვაობა. ავტორი: პროფესორი, ბეჟან ჯავახია).

ავტორის შესახებ
დავით ჩიქოვანი დაიბადა 1993 წლის 23 ივლისს, ხობის რაიონში. 2011 წელს დაამთავრა ნოჯიხევის საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ისტორიის მიმართულებით, რომელიც დაამთავრა 2015 წელს. იმავე წელს ჩააბარა ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტზე (მაგისტრატურა) საქართველოს ისტორის სპეციალობით.
2016 წელს ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, შუა საუკუნეების კვლევების მიმართულებით, რომელიც დაამთავრა 2018 წელს.
მუშაობს ადრექრისტიანული ხანის საქართველოს პოლიტიკურ და ეკლესიის ისტორიაზე, ასევე სასანიანთა სპარსეთის და აღმოსავლეთის ეკლესიის ისტორიაზე.

     პუბლიკაციები
სტატიები - „დისწული მუჰმად ცუდ სახელისა მოციქულისა“ და წყაროები დავით და კონსტანტინეს წამების შესახებ. ქართული წყაროთმცოდნეობა, XIX/XX, 2017/2018, გვ. 244-245.
„აღმოსავლეთისა და ქართლის ეკლესიების ანტიოქიის საყდარზე დამოკიდებულების თეზისის არამართებულების შესახებ“. II საერთაშორისო კონფერენცია საქართველო - ბიზანტია - ქრისტიანული აღმოსავლეთი, მოხსენებათა თეზისები. თბილისი, 2019. გვ. 80-82.
მონოგრაფია - აღმოსავლეთის ეკლესიის კრებათა ისტორია  IV-V საუკუნეებში (დოკუმენტები და სხვა მასალები), რედაქტორი ბეჟან ჯავახია. თბილისი, 2019, 202 გვ.   


18.07.2019

უცნობი ხობელები - ილია კუჭუხიძე

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიუნხენთან ახლოს კირჰაიმში ცხოვრობდა ქართველი ემიგრანტი ილია კუჭუხიძე, რომელიც ცნობილია მინდია ლაშაურის სახელით.აღსანიშნავია,რომ კინდლერის ენციკლოპედიაში–ახალი ტომები შესულია ბიოგრაფიული ცნობები ილია კუჭუხიძის შესახებ.მას ეკუთვნის მრავალი თხზულებები საქართველოს ისტორიის, ქრისტიანობის, ქართული სულის, ცოტნე დადიანის შესახებ. ასევე უამრავი ისტორიული მოთხრობა, მოგონებების წიგნი, მხატვრული თხზულებები და წერილები.


მაგრამ, სანამ ბატონი ილია მიუნხენში დაიდებდა ბინას თავდაპირველად იყო საქართველო. იგი 1906 წლის 18 ივნისს ხობში დაბადებულა. მამა–ვასილ კუჭუხიძე თერძი იყო (ჩოხებს კერავდა), დედა–ქრისტნე ქარდავა.
ბავშვობას ილია თავის ჩანაწერებში ძალიან ტკბილად იხსენებს. იგი წერს: ,,ხობი არის ჩემი საყვარელი სამშობლო და ხობისწყალი თერგივით რო ღრიალებდა, ტკბილ მელოდიასავით ჩამესმოდა ყურში. ხობში გავატარე ჩემი ბედნიერი ბავშვობა, ხობი დაუვიწყარია დღესაც ჩემთვის.’’
ხობის სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯერ ქუთაისში გააგრძელა სწავლა, შემდეგ კი ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში. 1925 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, პარალელურად სწავლობდა სოციალურ–ეკონომიკურზე, იურიდიული განხრით. იურისტობა ძალიან უნდოდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მისი მოწოდება ქართული ფილოლოგია და ქართველი ერის ისტორია იყო. სტუდენტობის პერიოდში ილიას ბათუმში მოუხდა ჩასვლა,სადაც ხელმოკლე, ღარიბ, 15 წლის ბიჭს, რომელსაც მუდმივი ბინა არ გააჩნდა ბუხუნაიშვილების კეთილმა ოჯახმა შეიკედლა და შვილივით მიიღო: სწორედ იქ გაიცნო სიმონ ჩიქოვანი,რომლის ოთახის მეზობელიც კი იყო ერთხანს და მან მოაწყო ლეგიონის კლუბთან არსებულ ლეგიონერთა დრამწერში მოკარნახედ.
თავდაპირველად  ილია  იურისტობაზე  ოცნებობდა.  ურიდიულ  ფაკულტეტზე  სწავლისას პროფესორმა ლუარსაბ ანდრონიკაშვილმა რამდენჯერმე ჩაჭრა საგანში და უთხრა: ,,შენ ხარ ჩემი ბატონი, შენგან იურისტი არ გამოვა,სხვა გზა ეძიეო...’’ და მართალიც გამოდგა, ეძია ილიამ ეს ,,სხვა’’ გზა და მიაგნო კიდეც, ეს იყო ქართული ფილოლოგია და ქართული ერის ისტორია.
წერა ადრე დაუწყია. პირველი ნაწერი თეატრზე 1924 წელს იოსებ იმედაშვილის ჟუნალ ,,თეატრსა და ცხოვრებაში’’ დაუბეჭდავს, ხოლო პროფესორ აკაკი ფაღავას რეკომენდაციით 1931 წელს გამოუქვეყნებია პიესა ,,თებერვალი სოფლად’’,რომელიც დაუდგამთ კიდეც.
1941 წლის ივნისში დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ილია ჯარში გაიწვიეს.იგი მოხვადა ,,ბაო’’–ს ნაწილში (რომელიც ასე იშიფრებოდა ,,ბატონ აეროდრომნოგი ობსლუჟვანია’’).იქიდან თბილისის სამხედრო ბანკში მოხვდა.ფრონტზე იყო შიმშილი,ამას საზარელი ზამთარიც ემატებოდა.მართალია,პლაკატებით იყო აჭრელებული ყველაფერი წარწერით:–,,ყველაფერი ფრონტისათვის’’,მაგრამ რეალურად ფრონტისთვის არც არაფერი იყო.წარმოიდგინეთ,რომ ასეულს,სადაც ილია იყო მხოლოდ ათი თოფი ჰქონდა.1942 წლის 15 მაისს გერმანელებმა თოფების გაუსროლად ათასობით ტყვე ჩაიგდეს ხელში,მათ შორის ილიაც.ილია იხსენებს: ,,დავყავდით გადარაზულ ვაგონებით ხან სად,ხან სად.სტალინმა განაცხადა:მე ტყვე არა მყავს და ვინც ტყვედ ჩავარდა სამშობლოს მტერიაო...ტყვეთა ბანაკში აუტანელი მდგომარეობა იყო.გაგვხადეს ,,ბატინკები’’ და პოლანტური ხის ქოშები ჩაგვაცვეს. დღიურად ათი ადამიანი კვდებოდა შიმშილისაგან.’’საბედნიეროდ ილიას პატრონად ძველი ემიგრანტი ვლადიმერ ცხომელიძე მოევლინა,რომელმაც მოუარა,ჩააცვა და პოლონეთში რადომთან ახლოს სოფელ კრუჩინაში მდგომ ქართულ ლეგიონში წაიყვანა,სადაც ბიბლიოთეკის მუშაკად მოეწყო.შემდეგ ბერლინიდან ჩამოვიდა ქართული გაზეთის ,,საქართველოს’’ მთავარი რედაქტორი გაიოზ მაღლაკელიძე,ილია თან წაიყვანა და დანიშნა რედაქციის მდივნად. გარდა გაზეთ საქართველოსი მუშაობდა ,,ქართველი ერის’’ რედაქციაში,რომლის მთავარი რედაქტორი იყო გიორგი მაღალაშვილი,ხოლო ფაქტიური რედაქტორი–ვიქტორ ნოზაძე.ეს სწორედ ის ჟურნალი იყო,რომელთანაც თანამშრომლობდა მაშინდელი მთელი ელიტა: გრიგოლ რობაქიძე,აკაკი პაპავა,ტიტე მარგველაშვილი და სხვები.   საბჭოთა არმია ბერლინს უახლოვდებოდა,მთელი ემიგრაცია ზალცბურგში გადასახლდა. ილიაც თან გაჰვა მათ.ომი რომ დამთავრდა ბინა ზემო ბავარიის სოფელ რუპოლდინგში დაიდო,სადაც ლუკმა–პურისთვის გლეხთან მუშაობდა და მასთან ერთად ჭრიდა ხეს და ამზადებდა შეშას.შემდეგ მიუნხენში ჩავიდა,სადაც უკვე ბედმა გაუღიმა, აკაკი პაპავას რეკომენდააციით მუშაობა ამერიკელების მიერ დაარსებულ რადიო „თავისუფლებაში“ ქართულ რედაქციაში მდივნის თანანმდებობაზე დაიწყო.
რადიო ,,თავისუფლება’’ 1953 წელს ჩამოყალიბდა და გადაცემები იმავე წლის 1 მარტს გავიდა. რაც შეეხება ქართულ  ენაზე გადაცემებს 1953 წლის 17 მარტს დაიწყო. რაშიც დიდი როლი მიუძღვის ნოე ცინცაძეს.პირველად ქართული რედაქცია შემდეგი პირებისაგან შედგებოდა:რაჟდენ არსენიძე,დავით ურატაძე და ილია კუჭუხიძე.ეს სამი პირი ქართული რედაქციის ფუძემდებელია.შემდეგ შეუერთდნენ;ნიკო იმნაიშვული,კარლო ინასარიძე, ვანიკო ინწკირიშვილი,შალვა კალანდაძე და ა.შ.
ეს სწორედ ის რედაქცია იყო,რომელთაც ხმა აიმაღლეს და ბევრი კეთილი საქმე გააკეთეს. საუბრობდნენ ისეთ თემებზე, რომელზეც საქართველოში ფიქრიც კი აკრძალული იყო. ქართულ სულზე, ქართულ ღირსებებზე, ტრადიციებზე და ქართველ გმირებზე. რადიო ,,თავისუფლებამ’’ ძალიან ბევრი გააკეთა ჯერ მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველი მისი თანამშრომელი თავგამოდებით იცავდა  საქართველოს სუვერენიტეტს,არა მხოლოდ ფიზიკური ძალებით, არამედ სიტყვით და რაც მთავარია გონიერებით, განათლებით.
1984 წლის ნოემბერში ილია კუჭუხიძე პენსიაზე გავიდა. ზუსტად ამ დროს შეცვალა კარლო ინასარიძე ჯანრი კაშიამ და მთავარი რედაქტორი გახდა. ამის მიუხედავად ილია კუჭუხიძე მაინც აკეთებდა გადაცემებს ილია ჭავჭავაძის, არჩილ ჯორჯაძის და სხვათა შესახებ, რაც ბატ. ჯანრი კაშიას ინიციატივა იყო.
ერთხელ ბატ. ილიას საავადმყოფოში ათი თვის განმავლობაში მოუწია ყოფნა.ილია იხსენებს: ,,ერთხელ ჩემს ოთახში შემოვიდა რედაქციის თანამშრომელი ნოდარ გუგულაშვილი, ხელში რაღაც ეჭირა გამოხვეული. ეს იყო მისი მეუღლის მომზადებული ლობიო და ხაჭაპური. არასოდეს არ დამავიწყდება თუ როგორ დავეწაფე ლობიოს და ხაჭაპურს.მთავარი ექიმი შემოვიდა და ვთხოვე გაესინჯა–ასეთი გემრიელი რამ ჯერ არ მიჭამიაო,–ეს არის,ბატონო ექიმო,ქართული საჭმელი მეთქი.
საქართველოში ილიას მეუღლე ნატო სოლოღაშვილი დარჩა. მისგან შეეძინა ორი ბავშვი–ნოდარი და მზია. ბატ. ილიამ ომის შემდეგ არაფერი იცოდა მათ შესახებ. ოჯახთან დაკავშირებაში დიდი წვლილი შეიტანა რეზო თაბუკაშვილმა.
ილია კუჭუხიძე 1992 წელს 91 წლისა მიუნხენში გარდაიცვალა.
იმის მიუხედავად, რომ ბატონი ილია საქართველოდან მოშორებით,მიუნხენში ცხოვრობდა,  ყოველთვის   იცოდა    თუ  რა   მდგომარეობა   იყო   თავის   სამშობლოში    და ყოველთვის ანაღვლებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენები. თავგადაკლული ქომაგი იყო ქართული კულტურის, ტრადიციებისა და სარწმუნოების, რისი შენარჩუნებაც საკმაოდ ძნელი იქნებოდა. იდეაფიქსად ჰქონდა ქცეული სიტყვები: ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა’’ და ყველგან და ყოველთვის ცდილობდა მისი ქმედებები რამით მაინც გამოსდგომოდა ქართულ საზოგადოებას.არ შემიძლია არ შემოგთავაზოთ ილიას მიწერილი წერილი გურამ შარაძესადმი,სადაც ნათლად ჩანს მისი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე: ,,მართლაც რომ ბედნიერი ბრზანდებით ბატონო გურამ,რომ არ გიხდებათ ცხოვრება და მოღვაწეობა ,,კაენის აღზევების’’ ხანაში.ეხლა მადლობა ღმერთს, ნისლი გადაიწმინდა მთელს საბჭოეთში და კერძოდ საქართველოში.ჰქრის ახალი სიო... ცა გაცისკროვნდა და ღმერთმა ნუ ჰქნას მისი დათალხვა... ხალხმა შვებით ამოისუნთქა. ბედნიერი ბრძანდებით,რომ დღეს თავისუფლად შეგიძლიათ იაზროვნოთ,არავითარი მბრძანებელი არ განსაზღვრავს თქვენს აზროვნებას.’’
ერთხელ ბატ. რაჟდენ არსენიძემ ილიას მისწერა: ,,როცა კუჭუხიძეს ვექილიკებოდი,მე არ მავიწყდებოდა მინდია ლაშაურის ლიტერატურული დამსახურება;მისი ღირსება და დამსახურება საპატიო ადგილს დაიჭერს ქართულ მწერლობაში.’’
და მართლაც განა ბუნებრივი არ იქნება ასე,რომ მოხდეს?მით უმეტეს რომ როგორც ღირსეული ქართველი ილია კუჭუხიძე ამის ღირსი ნამდვილად არის.
ეს მასალა მოვიპოვეთ ქ–ნ ლალი და ბატ. გოჩა კუჭუხიძეების  ბიბლიოთეკიდან, რომელიც ინახავს ილია კუჭუხიძის ხელნაწერებს, პირად წერილებს,  საგაზეთო სტატიებს და სხვა საარქივო მასალას.სამწუხაროდ,მის კიდევ ორ შვილიშვილს,გელა და მამუკა ენუქიძეებს,ვერ შევხვდით.გერმანიიდან ბატ. ილიას არქივების ჩამოტანაზე ღვაწლი გასწიეს გურამ შარაძემ და ვახტანგ გურგენიძემ.ეს მასალები ინახება ქართული ემიგრაციის მუზეუმში და საქართველოს არქივში.



17.07.2019

ხორგელი პოეტი, პოლიო აბრამია



მწერალი და მთარგმნელი პოლიო აბრამია დაიბადა 1899 წლის 28 აგვისტოს ხობის რაიონის სოფელ ხორგაში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.1923-1932წწ. იყო ჟურნალ "რემედასის" რედაქტორის მოადგილე; 1932-1933წწ. გაზეთ "კინომუშაკის" რედაქციის მდივანი; 1934 წელს ჟურნალ "ავტოდორის" მდივანი; 1934-1936წწ. გაზეთ "მუშას" კორესპონდენტი; 1938 წელს რადიოკომიტეტის გადაცემების მთავარი რედაქტორი; 1942 წელს გაზეთების "სამხრეთის ფრონტის" და "სამშობლოს ღირსებისათვის" რედაქტორი; 1945-1947წწ. ჟურნალ "მნათობის" რედაქციაში განყოფილების გამგე; 1947-1949წწ. გაზეთ "კომუნისტის" რედაქციის მთარგმნელი; 1918 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი . ოდიშელის ფსევდონიმით ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში"; სხვადასხვა დროს ნათარგმნი აქვს  პიესები, მოთხრობები, რომანები და ლექსები.
  პოლიო აბრამიას ლიტერატურული ფსევდონიმებია: გაიდე, ლაზი, მეგრელი, . კოლხი, . ოდიშელი, .; ქახსინ, ხორგელი.
 . აბრამია მეგობრობდა ქართველ მწერლებთან, მათ შორის გალაკტიონთანაც. პოლიო ავადმყოფობის გამო ვერ დასწრებია გალაკტიონის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას...

ძვირფასო გალაქტიონ!
სულითა და გულით გილოცავ დაბადებიდან 50 წლისთავს. იყავი სულ კარგად, მარად მებრძოლი, ჭაბუკი მეფე მსოფლიო პოეტებისა.
     ჩემო გალაქტიონ, მძიმე ავადმყოფობის გამო მე ვერ დავესწრები შენს დღესასწაულს.. ძალიან ვწუხვარ, ძალიან... ჩემს გოგონას სათხოვარი აქვს შენთან და ვერ გაუბედნია. კავშირიდან მხოლოდ ერთი ბილეთი გამომიგზავნეს. ამით ჩემი ოჯახობა მოდის, თუ კიდევ ორ შესასვლელ ბილეთს მოახერხებ, სამაგიერო პატივისცემა ჩემზე იყოს. შენი პოეზიის მოტრფიალე ახალგაზრდობას უარს ნუ ეტყვი...
       მარად შენი პოლიო.
 მურმან ლებანიძე პოლიოზეპოლიო აბრამიას  კალამს ეკუთვნის ლექსები, მოთხრობები,    საყმაწვილო   ნაწერები     და თარგმანები    რუსული  პროზიდან,    განსაკუთრებული  აღნიშვნის   ღირსია ალექსანდრე ფადეევის რომანი  „ახალგაზრდა გვარდიას“  მისეული თარგმანი.
მრავალი   წლის   განმავლობაში   სარეცელს    მიჯაჭვული მწერალი   დღესაც  მშობლიური ლიტერატურის     სიყვარულით   ცოცხლობს    და     სულდგმულობს      მიუხედავად    მძიმე ავადმყოფობისა კვლავ განაგრძობს მუშაობას  და   შემოქმედებითს   ცხოვრებას.
  პოლიო აბრამიას  ლექსებისათვის ნიშანდობლივია ინტიმურობა, არა მაჟორული შეძახილებით, არამედ ხმადაბლა უპრეტენზიოდ, გულითადად  უმღერის იგი   ყოველივეს,   რაც მისთვის სიმღერის წყაროა. 

შეკითხვა  მთვარეს
მთვარევ, შენ უწყი უსასოო გოდება გულთა,
და საიდუმლო სიყვარულით დამწვარ-დაგულთა
მაგრამ ნუგეში არავისთვის არ მიგიცია!
მე სიყვარულზე არას გკითხავ, მთვარეო ჩემო.
გინდ წამში ასჯერ იტრიალო მიწის გარშემო ,
თუმცა ფიალა უკმარობის მეც დამიცლია !
მითხარი მხოლოდ : რად დამჩემდა გულის ფრიალი,
რად ვარ კოლხური კაკაჩია ღამის ტრფიალი?

 ეს  მთა  მაღალი
 ჩვენში მაღალ მთებს რა გამოლევს , ყველგან მთებია,
ისინი ხშირად მწვერვალებით ზეცას სწვდებიან,
და ჩვენც იმიტომ ვართ ყოველთვის  მთებურად მყარი!

მთაწმინდა მაინც ყველა მთაზე უფრო დიდია,
ის ჩვენი ქვეყნის წარსულის და აწმყოს ხიდია,
თბილისის კართ საქრთველოს დარაჯად მდგარი !

დგას ლაჟვარდებში ატყორცნილი და აზიდული,
როგორც სამშობლოს უკვდავების მფეთქავი გული !













17.06.2019

კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება "ცოტნეობის" დღესასწაულზე


საეკლესიო-სახალხო დღესასწაულ „ცოტნეობის“ მონაწილე მრევლს!

ქრისტესმიერ საყვარელო შვილნო სრულიად საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკვიდრნო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე, ღვთითკურთხეულო თანამემამულენო, წელს ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლისა და თამარის, გიორგი ბრწყინვალის, შოთა რუსთაველისა და სხვა სახელოვან მამულიშვილთა ერი დღესასწაულობს ქრისტეშობის 2000 წლისთავს, ასევე საქართველოში აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700, ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების 1500, საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავი.   

ნიშანდობლივია, რომ ღვთის წყალობით სწორედ წელს, 12 აგვისტოს (ძველი სტილით 30 ივლისი), პირველად ვიზეიმეთ საქართველოს ეროვნული გმირის, 1999 წლის 26 ოქტომბერს წმიდანად კანონიზირებული ცოტნე დადიანის ხსენების დღე. ეს თარიღი ამიერიდან საეკლესიო კალენდრით ყოველწლიურად მთელს საქართველოში აღინიშნება. ჩვენი ერი პატივს მიაგებს მას - „ვითარცა აღმსარებელსა მცნებისა უფლისასა და დამდებელსა სულისასა თვისითა მოყვასთათვის“.
თქვენ იცით, რომ უკვე შეიქმნა ამ წმიდანის ხატი, რომლის ასლები გამრავლდა და ვრცელდება მორწმუნეთა შორის. თვითონ მთავარი ხატი შეწირულობის სახით ამა წლის 13 ივლისს, წმიდა მოციქულთა ხსენების დღეს, დაბრძანებულ იქნა მცხეთაში - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, წმიდანის სადიდებლად ტიპიკონის მიხედვით დაიწერა ლოცვები, ისტორიულ ფაზისში, წმიდანის სახელზე დაიწყო მისი სახელობით პირველი ეკლესიის მშენებლობა. ამასთან წმ. ცოტნეს კანონიზირების შესახებ ეცნობა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს. დამეთანხმებით, ეს დიდი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა, რომლის დაგვირგვინებას თითქმის 750 წელი ელოდა სრულიად საქართველო...
ისტორიული კოლხეთის ღირსეულ მკვიდრთ, სრულიად საქართველოს გულითადად ვულოცავთ ამ საეკლასიო-ეროვნულ ბრწყინვალე დღესასწაულს - „ცოტნეობას“. დაე, მაცხოვარმა სიყვარულითა და თავდადებით შეკრას და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. რათა ერთად ვადიდოთ შემოქმედი და გავიხაროთ, რომ „ღამე იგი მიიწურა და მოახლოვდა დღე“...
დასასრულ, მე მინდა თქვენთან ერთად აღვავლინო წმიდა ცოტნე აღმსარებლის საქართველოსათვის თავდადებულის ტროპარი და კონდაკი.
„აღმსარებელმან შენმან, უფალო ცოტნე, რომელმან ერთგულებითა და სიმტკიცითა თვისითა განაცვიფრა მტერი ქართველთაია და იხსნა ერი თვისი განსაცდელთაგან, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, მისი მეოხებითა, ქრისტე ღმერთო აცხოვნე სულნი ჩვენნი“.
„დღესასწაულობს დღეს ეკლესია პატიოსანსა ხსენებასა შენსა, წმიდაო აღმსარებელო ცოტნე და შემოკრებს შვილთა ივერიის ეკლესიისა, რომელნი ადიდებენ ღვთივსათნოსა განზრახვასა შენსა, რამეთუ სახედ ექმენ ერსა შენსა, ვითარცა აღმსარებელი მცნებისაი, ამისთვისა სიხარულით აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა, წმიდაო აღმსარებელო, საქართველოსთვის თავდადებულო ცოტნე“.
ღმერთმა დაგლოცოთ, წმიდა ცოტნე აღმსარებელის ლოცვით ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ქართველი ერი და სრულიად საქართველო. ამინ!
ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
თბილისი 2000 წელი.
წყარო: გაზეთი „მეფეთუბანი“ N1, იანვარი, 2001 წელი.