06.10.2025

ხამისკურელი პოლკოვნიკი ვიქტორ ქირია (1902-1987)

1944 წლის ზაფხული იდგა. საბჭოთა არმიის მებრძოლები ბერლინისკენ მიერეკებოდნენ ფაშისტებს. იასიკიშინიოვის ალყაში გერმანელთა რამდენიმე დივიზია მოჰყვა. ამ უმსხვილესი სამხედრო ძალის განადგურება იოსებ სტალინმა უკრაინის პირველი, მეორე და მესამე ფრონტების შენაერთებს დაავალა. მიმდინარეობდა სამივე ფრონტის ძალების გადაჯგუფება. ერთი მოლდავური სოფლის ცენტრში მესამე უკრაინის ფრონტის 41- გვარ-დიული დივიზიის 124- ლეგიონი იდგა. პოლკოვნიკ ვიქტორ ქირიას მოახსენეს, ვიღაც უმცროსი ზემდეგი გკითხულობსო.

ლეგიონის უფროსთან ზემდეგი შემოვიდა და მხედრულად მიესალმა... თავის უფროს ძმას ვიქტორს. ფრონტის გაზეთის კორესპონდენტმა გადაწყვიტა, ფირზე აღებეჭდა ეს უიშვიათესი მოვლენა და სოფლის შარაგზაზე გაიხმო ძმები სამსონი და ვიქტორი. გზაზე ავტომობილების დიდი ქარავანი მოძრაობდა. ვიდრე ძმები ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, ერთ-ერთი ავტომობილის საბარგულიდან აღტაცებული შეძახილი გაისმა: სამსონ, ვიქტორ! მანქანამ სვლა შეანელა, იქიდან... მესამე ძმა, მეავტომატე ლევანი გადმოხტა, იყო ერთი ხვევნა-კოცნა, ცრემლები. გახარებულმა ფოტო კორესპონდენტმა ეს უნიკალური შემთხვევა ფირზე აღბეჭდა. ასე გაჩნდა ძმების შეხვედრის ფოტოსურათი ფრონტული გაზეთისსამშობლოსათვისპირველ გვერდზე, რომელმაც, სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოაღწია.

...ხამისქური ერთი ლამაზი სოფელია ხობის რაიონში. თბილისი-სოხუმის სარკინიგზო დასახლების მაგისტრალზე მდებარე ამ სოფელში 50-მდე oრიას კომლი ცხოვრობს, და ამიტომაც, აქაურებმა მასსაქირიო“ უწოდეს. სწორედ აქ, ევგენი ქირიას მრავალშვილიან ოჯახში, 1902 წლის 18 დეკემბერს დაბადებულა ჩვენი ჩანახატის მთავარი პერსონაჟი. საშუალო სკოლაში სწავლისას იგი ოფიცრის თანამდებობაზე ოცნებობდა.1923 წელს თბილისში ჩამოვიდა და გაერთიანებულ მეთაურთა სკოლის კურსანტი გახდა. 4 წლის შემდეგ წარმატებით დაასრულა სამხედრო სასწავლებელი და წითელი არმიის ოფიცერი გახდა.

„თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული ქართველი ოფი-ცერი, – წერს თავის წიგნში „ბრძოლით მოპოვებული სახელი“, ცნობილი გენერალ-მაიორი გიორგი ყურაშვილი, სამხედრო აკადემიური ცოდნის მიღებაზე ოცნებობდა და ეს ნატვრა რეალობად აქცია. მოსკოვის ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემიაში ჩა-ირიცხა, მაგრამ მისი დასრულება ვეღარ მოასწრო. მთელი საბრძოლო გზა გმირმა ოფიცერმა სტალინგრადიდან – ვენამდე ვაჟკაცურად განვლო.

თავდაპირველად 223-ე მსროლელი დივიზიის 1034-ე ლეგიონის მეთაური გახლდათ. ამ შენაერთთან ერთად მამაცურად იცავდა მდინარე დნესტრის პლაცდარმს. მისმა ლეგიონმა ბრწყინვალედ შეასრულა ამოცანა: მდინარე გადალახა და პოზიცია დაიკავა.

„დაძაბულ ბრძოლებში ველენეცისა და ბალატონის ტბებს შორის, – აღნიშნავდა გვარდიის გენერალ-მაიორი ნიკოლოზ კალაძე, – ქალაქ სეკეშფეხვარის მისადგომებთან 41-ე გვარდიული დივიზიის 124-ე ლეგიონის მებრძოლებმა პოლკოვნიკ ვიქტორ ქირიას მეთაურობით ზედიზედ სამჯერ მოიგერიეს ჰიტლერელთა ჭარბი ძალების გააფთრებული იერიშები, რომლებიც ცდილობდნენ ბუდაპეშტის ალყაში მოქცეული თანამემამულეების დაცვას. ამ სისხლისმღვრელ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის, უმაღლესი მთავარსარდლის იოსებ სტალინის ბრძანებით, ლეგიონს ბუდაპეშტის სახელი მიეკუთვნა, ხოლო მისი გმირი მეთაური სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. უპრიანი იქნება თუ 41-ე დივიზიის მეთაურს, გენერალ-მაიორ კონსტანტინე ცვეტკოვსაც მოვუსმენთ: „გვარდიის პოლკოვნიკი ვიქტორ ქირია საუკეთესო ოფიცრად ითვლება ჩვენს შენაერთში. იგი ცნობილია როგორც სამართლიანი, მომთხოვნი და დიდად გამოცდილი ხელმძღვანელი. გამოირჩევა შესანიშნავი ცოდნითნ და ძალიან ხშირად იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, რაც სისტემატურად წარმატებით მთავრდება. მანბრწყინვალედ მოიხადა თავისი ვალი სამშობლოს წინაშე.

პოლკოვნიკი ვიქტორ ქირია თადარიგში გასვლის შემდეგ, ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამხედრო კათედრაზე მუშაობდა. პენსიაში გასვლის შემდეგ, გარდაცვალებამდე, მეუღლე თამართან ერთად, მშობლიურ ხამისქურში ცხოვრობდა: თანასოფლელებს დაეხმარა 120-მეტრიანი სარკინიგზო ბაქნის აგებაში, სადაც სოხუმისაკენ მიმავალი ყველა მატარებელი ჩერდებოდა. მისი უშუალო ინიციატივით აიგო ხიდი მდინარე სახალიკოზე, კაპიტალური რემონტი გაუკეთდა სოფლის საშუალო სკოლას, კოლმეურნეობის გამგეობაში ჩამოყალიბდა ომის ვეტერანთა საბჭო და სხვა. პოლკოვნიკი ვიქტორ ქირია 1987 წელს 85 წლისა გარდაიცვალა, მხედრული წესით და კრძალეს საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ამ რაინდული სულის უდრეკ ოფიცერს შარშან დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა.

მეგობრები და ახლობლები მუდამ სიამაყით იგონებენ ამ ღვაწლმოსილ პიროვნებას.

„საქართველოს რესპუბლიკა“ 2002 წ.