18.09.2025

ავაზაკების თარეში სამეგრელოში (ხორგაში)

„სახალხო ფურცელი“ N754, 1916 წ.

 დღეს ჩვენი ქვეყანა ათასგვარ გასაჭირს განიცდის, მაგრამ რაც ახლა სამეგრელოს უბედურება მოევლინა, ასეთი ჯერ არსად გაგონილა. მხოლოდ ერთმა ღმერთმა უწყის თუ რა ჯოჯოხეთი ტრიალებს დღეს დასავლეთ საქართველოს ამ ნაწილში, ავაზაკები ანადგურებენ მრავალი წლობითა და შრომით მონაგარ ქონებას, სწვავენ ნიშანში ამოდებულ პირთა ქონებას, ძარცვავენ გამვლელ-გამომვლელი დღისით და ღამით; ამასაც არ სჯერდებიან და სიცოცხლეს უსპობენ მრუდსა და მართალთა, ეს სჯულზედ ხელაღებულნი აღარაფერს არ ერიდებიან; ხალხი დამფრთხალია და ვინ საით უშველოს თავს არ იცის; ამით გათამამებულნი ავაზაკები კი ერთი მეორის უარესს ამბებს ახდენენ.

სოფელ ხორგაში ამ წინაზე ერთი ასეთი გულის ამღვრევი ამბავი მოახდინეს ავაზაკებმა: შურღაიამ, დარასელიამ, ქაჯაიამ და სიჭინავამ. ამ ჟამად იმათი მსხვერპლი შეიქნა მოხუცი მღვდელი მ. ანტონ ჟველია და იმისივე შრომით აგებული სკოლა. საქმე აი როგორ ყოფილა. 9 ოქტომბერს ღამით ავაზაკებს ეს მოხუცი მღვდელი. გამოუყვანიათ სახლიდგან, წაუყვანიათ ეკლესიაში და ძალით ჯვარი დაუწერინებიათ ვარლამ გვათუასათვის ლიფონავას ქალზე. შემდეგ მ. ანტონისათვის გამოუცხადებიათ, ორასი მანეთით დაიჯარიმებული ხარ და ამა და ამ დროს დაგვახვედრეო. რაკი თავის დროზედ მღვდელს ჟველიას ფული არ გადაუხდია, ავაზაკებს გადაუბუგავთ ღამით მთელი კარ-მიდამო მ. ანტონისა და აგრეთვე მის მიერ სანახევროდ იმისი ხარჯით აგებული სამრევლო სკოლა. მღვდელსა და მისს ცოლს გაქცევით უშველიათ თავისთვის და მით სიცოცხლე შერჩენიათ.

 ავაზაკებს დაუწვავთ იმავე ღამეს ორი სხვა კიდევ მღვდლის მეზობლების სახლკარი: პლატონ ლოლუასი და აკაკი ეხვაიასი. მ. ანტონ ჟველიას დასწვია, ყველაფერი: მას ჯვარი და ანაფორაც არ მერჩენია. ყოველგვარი საეკლესიო თუ კერძოდ მისი საკუთარი საბუთები, ფულისა თუ და მიწა-მანულის ქაღალდები, სკოლის მთელი ქონება და მოწყობილობა ყველაფერი ცეცხლს ჩაუნთქავს. ყველა ამას ამოწმებს რედუთ-ყალეს ნაწილის ბოქაული, რომლის ანგარიშით ზარ-ლი 15 ათას მანათს აღემატება (მო-წმობა 11 ნოემბრის 1916 წ. # 8050). ასე განადგურებულა მოხუცი მოძღვარის წვითა და დაგვით შეძენილი მისი საკუთარი და საზოგადოების კუთვნილი ქონება. ღრმად მოხუცებულმა განადგურებულმა მღვდელმა ქ. ფოთს შეაფარა თავი, სადაც ყოვლადსამღვდელო ლეონიდმა შემწეობა აღმოუჩინა და ნუგეშისცა ავაზაკთა უდანა-შაულო მსხვერპლს.

სანამდე გაგრძელდება ასე? ვეკითხებით ჩვენს თავს და პასუხი ვერ  გვიპოვნია. ნუ თუ ამდენი მსხვერპლი არის საჭირო, ნუ თუ აღარ კმარა, ნუ თუ დრო არ არის საერთო ძალით ვეცადოთ და საზიზღრობას ბოლო მოუღოთ!





 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.