04.02.2022

თორსა-დღვაბაში გვარების მიგრაციის ისტორია

  თორსა-დღვაბაში ძირითადად სახლობდნენ წალენჯიხის და ჩხოროწყუს სოფლებიდან ჩამოსული მესაქონლეები. აქ ძველი გვარებია ლატარია, ბუკია, ცაავა. დღეს აქ ცაავები არ ცხოვრობენ. ისინი მოგირსა და ორულუში ცხოვრობდნენ, მაგრამ მიცვალებულებს დღვაბას სასაფლაოზე ასაფლავებდნენ.

ერთ-ერთი ძველი გვარია გულუა. მათი წინაპარი აქ დაახლ. 250 წლის წინ დასახლებულა. გულუების ნაწილი დღესაც აქ სახლობს; ანთიები ჩამოსულან სოფელ ჭკადუაშიდან (ზუგდიდის მუნიციპ.). ოთხი თაობის წინადელი წინაპარი აქ დასახლებულა მესაქონლეობის მიზნით; ლუკავების წინაპარი დაახლ. 80 წლის წინ ჩამოსულა წალენჯიხის რაიონიდან; ქარჩავა ჩამოსულა დაახლოებით 70 წლის წინ სოფელ მოგირიდან (ზუგდიდისმუნიციპ.); ქვარცხავები სოფელ მოგირში ჭოღის თემიდან ჩამოსულან, მათ კავშირი სულ ბოლო დრომდე ჰქონდათ ჭოღელ ქარჩავებთან, ხოლო მოგირელ ქარჩავებთან მჭიდრო ნათესაურ ურთიერთობას დღესაც ინარჩუნებენ, იქ ჰქონიათ საერთო საგვარეულო სალოცავი ქვევრები. აქ მცხოვრები კიდევ ერთი ქარჩავას ოჯახის წინაპარი დაახლ. 150 წლის წინ ჩამოსულა. ის ყაჩაღი ყოფილა და აქ ტყისა და ჭაობიანი ადგილებისათვის შეუფარებია თავი. ჯერ კიდევ 70 წლის წინ მათი წინაპარი საგვარეულო სალოცავზე დადიოდა ჭოღის თემში; ჯგერენაიების წინაპარი ორი ოჯახი ჩამოსულა სოფელ დიდი ჭყონიდან (მარტვილის მუნიციპ.), სავარაუდოდ თამაკონიდან. წინაპართა სოფელთან მისვლა-მოსვლა, მოგვარეებთან ურთიერთობა გადმოცემითაც არ ახსოვთ. სავარაუდოდ, ჩამოსულა ექვსი თაობის უკანდელი წინაპარი. ჩამოსვლის მიზეზი იყო მესაქონლეობა. უჩანეიშვილები დღვაბაში ჩამოსულა სოფელ ნოსირიდან (სენაკის მუნიციპალიტეტი) დაახლ. 150-200 წლის წინ. აქ ჭაობში სახლობდნენ, ჰყოლიათ ბევრი საქონელი. 1912 წელს მოსულა დიდი თოვლი და საქონლის უმრავლესობა დაღუპულა. შემდეგ ისინი თორსას ცენტრთან დასახლებულან; ბერიშვილები ჩამოსულან ძველი აბასთუმნიდან (ზუგდიდის მუნიციპ.) დაახლ. 80 წლის წინ, სიმინდის მოსაყვანად; ქარჩავები ჩამოსულან ჩხოროწუდან დაახლ. 120 წლის წინ. უახლოეს დრომდე დადიოდნე ძირძველ სოფელში ქარჩავების სალოცავში; ტაბუჩას უბანში მცხოვრები ჯიჭონაიების წინაპარი 1936 წელს ჩამოსულა სოფელ ოდიშიდან (ზუგდიდის მუნიციპ.), მესაქონლეობის მიზნით. აქ სამოსახლო უყიდია ლატარიასაგან. ჯიჭონაიებს წინაპართა სოფელთან ახლაც აქვთ ურთიერთობა, მისვლა-მოსვლა სანათესაოსთან ჭირსა და ლხინში; იმავე ტაბუჩას უბანში მცხოვრები ქობალიების წინაპარი დაახლ. 100 წლის წინ ჩამოსულა სოფელ კორცხელიდან (ზუგდიდის მუნიციპ.); ჭითანავები დაახლ. 100 წლის წინ ჩამოსულან სოფელ კირცხიდან (ჩხოროწყუს მუნიციპ.), ხოლო კირცხში _ სოფელ ჩხორიიდან (ზუგდიდის მუნიციპ.). მათ ერთ წინაპარი, გულაია, კარგი მოჭიდავე ყოფილა. მათი სალოცავი ეკლესია ხეთის მიქამგარიო იყო; სოფელ წინაგოლაში (ხეთის თემი, ხობის მუნიციპ.) მცხოვრები ჭითანავები კი ჩამოსულან სოფელ ძველი აბასთუმნიდან (ზუგდიდის მუნიციპ.). სოფელ დიდინეძში (ზუგდიდის მუნიციპ.) ნაკალის უბანში მცხოვრები ჭითანავები ასევე ძველი აბასთუმნიდან ჩამოსულან სოფელ ჭითაწყარში (ზუგდიდის მუნიციპ.). სოფელ მოგირში მცხოვრები ჭითანავებიც მათი ერთ-ერთი შტოა, თორსასა და ხეთის ჭითანავებს მათთან ნათესაობა არა აქვთ; მალიჩავა ჩამოსულა სოფელ ალერტ-კარიდან (ზუგდიდის მუნიციპ.), ერთი მალიჩავა დაახლ. 70 წლის წინ ქირიას ჩაესიძა; დიდინეძის თემის დიხა-გუ-ძუბას უბანში მცხოვრები მაქაცარიები ჩამოსულან ყულიშკარიდან. აქ ჩამოსულა დაახლ. 80 წლის წინ მესაქონლეობის და სიმინდის მოყვანის მიზნით. აქ ძირითადად ძველი მოსახლე გვარებია კუკავები, ზარქუები და ქირიები; გაბედავები მუხურიდან (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი) ჩამოსულან დაახლ. 70 წლის წინ სოფელ ხორგაში (ხობის მუნიციპ.), შემდეგ სოფელ დიდინეძში დასახლებულან. ერთი გაბედავა ლატარიას ჩასიძებია; ლომაიების წინაპარი დაახლ. 80 წლის წინ ჩამოსულა სოფელ ხიბულადან (ხობის მუნიციპ.). განკულაკების დროს მათი წინაპრისთვის ბევრი საქონელი ჩამოურთმევიათ, ამიტომ წამოსულა აქეთ მესაქონლეობის აღორძინების მიზნით; ივარდიების

წინაპარი დაახლ. 70 წლის წინ ჩამოსულა სოფელ მენჯიდან (სენაკის მუნიციპ.) მესაქონლეობის

მიზნით, აქ ჩასიძებია ქადარიას. მათ დღესაც აქვთ ნათესაური ურთიერთობა მენჯელ ივარდიებთან, თუმცა, ბოლო დროს ეს კავშირები თანდათანობით შესუსტდა; ლიპარტიები ჩამოსულან სოფელ მენჯიდან, დაახლ. 50 წლის წინ, აქ ჩასიძებია ქადარიას; ფიფიების წინაპარი დაახლ. 80 წლის წინ ჩამოსულა სოფელ ობუჯიდან (წალენჯიხის მუნიციპ.); ბუკიების წინაპრები სოფელ ხორშიდან ჩამოსულან დაახლ. 170 წლის წინ და აქ დასახლებულან მესაქონლეობის მიზნით. იმ დროს აქ გაუვალი ადგილები ყოფილა, ხალხი აქ აქა-იქ ცხოვრობდა თურმე. დაახლ. 70 წლის წინ მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ ურთიერთობა წინაპართა სოფელთან, თუმცა შემდეგ ეს კავშირები გაწყდა; ლატარიები წარმოშობით სვანეთიდან ყოფილან. სამი ძმა ჩამოსულა ლატალიდან და გვარსახელსაც თემის სახელი ლატალი დაედო საფუძვლად. ისინი იქ ჩარკვიანები ყოფილან. ისინი ჯერ სოფელ ხორგაში დასახლებულან. სხვა ვერსიით, ჩარკვიანს ავადმყოფი დედის საზიარებლად მოუყვანია მღვდელი, რომელიც მთვრალი ყოფილა. ზიარების შემდეგ ეს ქალი გარდაცვლილა. მათ მიუჩნევიათ, რომ მღვდლის სიმთვრალე იყო დედის გარდაცვალების მიზეზი, ამიტომ ეს მღვდელი მოუკლავთ, თვითონ კი გამოქცეულან და დასახლებულან ურთაში (ზუგდიდის მუნიციპ.), ურთიდან ჩამოსულან სოფელ ხეთაში, საიდანაც დაახლ. 150 წლის წინ თორსა-დღვაბაში გადმოსახლებულან მესაქონლეობის მიზნით. მათ ეძახდნენ ლატალელ სვანებს და აქედან მოდის გვარი ლატარია. ხეთის მიქამგარიო დაუარსებია ლატარიებს და იქ წარწერაც ყოფილა. ჩარკვიანებსა და ლატარიებს შორის ქორწინება დღესაც აკრძალულია. კიდევ ერთი გადმოცემით, ლატარიები დადიანის ყმები ყოფილან. ადგილ ნატუხურუში (ალბათ ნახუტორუ-დ.ჭ.) კამეჩების ჯოგი ჰყოლიათ. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ, 1864 წლის მერე, ლატარიებს აქ მოუთხოვიათ საკუთრებაში მიწა, თუმცა დადიანი არ აძლევდა, ამით განაწყენებულებს დაუწვავთ კამეჩების ფერმა. დადიანს უკან დაუხევია და მათთვის ღელე დღვაბაწყარის პირას მიუცია მიწა. ლატარიებს მუხის მასალით სასაფლაოსთან ეკლესია აუშენებიათ. გასაბჭოების შემდეგ, ეკლესია დაუშლიათ და სკოლა აუშენებიათ თორსაში. შემდეგ ეს სკოლა დაუშლიათ და აუშენებიათ დღვაბას სკოლა, რომელიც დღესაც დგას. ყველა ლატარია ადრე განსახლებული იყო თორსა-დღვაბას უბან ტაბუჩაში. სალატარიოში მცხოვრები ყველა სხვა გვარი ჩასიძებულია ლატარიებზე, ზოგი გაზრდილია ლატარიების მიერ, მაგალითად სიჭინავები, რომლებმაც თავიანთ გვარი შეინარჩუნეს. თორსა-დღვაბას თემში არის 1985 წელს აჭარელი ეკომიგრანტებისთვის დაარსებული ახალი უბანი _ `ოქროს საწმისი~. დღეს აქ აჭარლებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობაც ცხოვრობს, არიან ასევე ზუგდიდიდან და სვანეთიდან ჩამოსულები.

წყარო: „სამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა“ 2021 წელი.



 

01.02.2022

ოდიშის სამთავროს თავდთა და აზნაურთა ოჯახები

 სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანის ხელმძღვანელობით, 1850-1854 წლებში ოდიშის სამთავროს თავადების და აზნაურების ოჯახების აღწერა მომხდარა. იმ დროს ოდიშის სამთავრო იყოფოდა 8 მაზრად. ზუგდიდის მაზრაში შედიდოდა: ხიბულა, ხობი, ნოჯიხევი, ბია, ხორგა. ხოლო, ზუბის მაზრაში: ზუბი, ზენი, ქვალონი, საჩიჯავო (ამ მაზრებში სხვა სოფლებიც შედიოდა. იხ. იონა მეუნარგია „სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი).

ზუბის მაზრის თავადთა და აზნაურთა აღწერილობა შედგენილია 1853 წლის 20 მაისს, მაზრის მდივანბეგის ანტონ ჩიქოვანის მიერ, ხოლო ზუგდიდის მაზრის - 1853 წლის 16 ივნისს, მაზრის მდივანბეგის თანაშემწის პეტრე მხეიძის მიერ.

ეს წიგნი მრავალმხრივ არის საინტერესი. მაგალითად:
1. სიცოცხლის ხანგრძლივობა.
ზუბის მაზრაში უხუცესები: ფულარია 100 წლის, ჩიჩუა 90 წლის, ლოლუა 80 წლის.
ზუგდიდის მაზრაში უხუცესები: გვალია 80-ის და დგებუაძე 75 წლის.
2. ქორწინების ასაკი
გიორგი ხახუს ძე ჩიჩუას ცოლად მოუყვანია ეკატერინე 12 წლისა. დათიკო აფაქიძეს შეურთავს ნინო 14 წლისა.
3. უცნაური სახელები: კასნიკა, ჭუჭუნია, შოშიელა, შამაია, ფართხუ და სხვა.

წყარო: ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროს თავდთა და აზნაურთა ოჯახები.

28.01.2022

დავით კობახიძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და რეჟისორი

 ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი და რეჟისორი დავით კობახიძე დაიბადა 1935 წლის 3 იანვარს, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში. 1953 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.

1957-1962 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორის ასისტენტად.

1962-1967 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე.

1967-1969 წ.წ. - ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი.

1970-1973 წ.წ. - საქართველოს ტელევიზიის რეჟისორი.

1973-1976 წ.წ. - სოხუმის ქართული თეატრის მთავარი რეჟისორი.

1976-1980 წ.წ. - ვასო აბაშიძის მუსიკალური კომედიის თეატრის რეჟისორი.

1980-1992 წ.წ. - რუსთავის სახელმწიფო თეატრის რეჟისორი.

2002-2004 წ.წ. - ცხინვალის ქართული თეატრის რეჟისორი.

2005-2010 წ.წ. - სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი.

1976-2010 წ.წ. - თეატრალური ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, დოცენტი, პროფესორი.

1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1987-2004 წ.წ. - თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო და სამსახიობო ფაკულტეტის დეკანი.

1996 წლიდან თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი.



21.01.2022

ამაგდარი - ხალხური სიმღერის მოამაგე რეზო თოდუა

 ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, კულტურის მოამაგე და ხობის საპატიო მოქალაქე, რეზო თოდუა დაიბადა 1939 წლის 28 ივნისს ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში. ბატონი რეზოს ოჯახის ყველა წევრი ქართული ხალხური სიმღერის დიდი მოყვარული ყოფილა.

ბატონმა რეზომ:

1955 წ. დაამთავრა პირველი მაისის სკოლის 8 კლასი და სწავლა განაგრძო ქ. ზუგდიდის ი.ქ.კ. მუშა ახალგაზრდობის საღამოს საშუალო სკოლაში.

1958 წელს ქ. თბილისში გაიარა დახელოვნების კურსები.

1958 წელს ჩაირიცხა ქ. ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო ტეკნიკუმში საგუნდო- სადირიჟორო განყოფილებაზე.

1961 წელს დაინიშნა ქ. ქუთაისის მე-16 საშუალო სკოლის საგუნდო ხელმძღვანელად.

1964 წელს მუშაობა დაიწყო ხობის სარაიონო კულტურის სახლში მსახიობად.

1966 წელს შოთა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ მხატვრულ-თვითშემოქმედებით რესპუბლიკურ ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსზე I ხარისხის დიპლომი მიენიჭა.

1968 წელს დაინიშნა კულტურის სახლის ინსტრუქტორად.

1971 წელს მიენიჭა მშრომელთა მხატვრულ თვითმოქმედების რესპუბლიკური ფესტივალის  I  ხარისხის დიპლომი.

1972 წელს გადაიყვანეს ხობის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად.

1977 წელს მიენიჭა საკავშირო ფესტივალის ლაურეატის წოდება.

1979 წელს დაინიშნა კულტურის სახლის დირექტორად.

1991 წ. - სარაიონო კულტურის სახლის ლოტბარი.

1993 წ. - სარაიონო კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი.

რ. თოდუა სხვადასხვა წლებში პირველი მაისის საშუალო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად და თოჯინების თეატრის ხელმძღვანელად მუშაობდა.

2015 წელს „ცოტნეობის“ სახალხო დღესასწაულზე კულტურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

რეზო თოდუა ფოლკლორული ანსამბლ ,,კოლხეთის" წევრია.

20.01.2022

მიხეილ კალანდია - ხალხური სიმღერის მოამაგე და მომღერალი

 ხალხური სიმღერის მოამაგე და მომღერალი მიხეილ კალანდია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. მიხეილის ოჯახში ყველა მღეროდა - ბებია, ბაბუა, დედ-მამა და დები. 


                                                             ფოტო: ირაკლი შონია

ოჯახში შექმნილმა გარემომ დიდი როლი ითამაშა მიხეილ კალანდიას მომღერლად ჩამოყალიბების საქმეში. „რა თქმა უნდა პირველ რიგში, ჩემს ოჯახს, რომელმაც შემაყვარა მეგრული ჰანგები, ხოლო შემდეგ ჩემს პედაგოგებს: ვენერა ვეკუას და ციცინო ჯაბურიას. სკოლის არცერთი ღონისძიება არ ჩატარდებოდა ჩემი სიმღერის გარეშე“ (მ. კალანდია).

1972 წელს, ახალი ხიბულის კულტურის სახლთან ჩამოყალიბდა ხალხური სიმღერის ანსამბლი ამირან კაკაშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლში მიხეილთან ერთად, გოგონა ჭავჭანიძე, ქეთინო კაკაშვილი, კოტე ქავთარაძე, შოთა შენგელია და ჯუმბერ კვარაცხელია მღეროდნენ. ანსამბლი კონცერტებს ატარებდა როგორც ხობში, ასევე რესპუბლიკის სხვა ქალაქებში.

მიხეილ კალანდია 1980 წლიდან ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „კოლხეთის“ წევრია - „ხობში ჩვენი გუნდი ფუნქციონირებს 1980 წლიდან. მისი ხელმძღვანელი იყო ბატონი ვახტანგ მიმინოშვილი. წარმატებებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ხშირად გვიწვევდნენ ქართული კულტურის დღეებზე საზღვარგარეთ. ანსამბლმა კონცერტები გამართა უკრაინაში, პოლონეთსა და ვიეტნამში“ - იხსენებდა ბატონი მიხეილი.

  მ. კალანდია ოთხი ათეული წელი ემსახურა თავის საყვარელ საქმეს. ანსამბლს მისი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი კონცერტი ჩაუტარებია, ყოფილან  საგასტროლოდ, მონაწილეობდნენ ფესტივალებსა და ოლიმპიადებში. მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული ბატონი მიხეილი. გარდა სიმღერისა, მის მიერ შესრულებული როლებიც ახსოვთ ხობელ მაყურებელს. ის აქტიურად მონაწილეობდა სახალხო თეატრის სპექტაკლებსა და სახალხო დღესასწაულებში.


მიხეილ კალანდია გარდაიცვალა 2015 წელს. დაკრძალულია სოფელ ზუბის სასაფლაოზე.