02.03.2026

ყაჩაღთა თავდასხმა ქარიატაში

სოფელ ქარიატაში (სამეგრელო) 24 ოქტომბერს ავაზაკებმა: დარასელიამ და ქაჯაიამ წინადადება მისცეს ამ სოფლის მღვდელ ანტონ ქველიას, რომ მიეცა მათთვის 200 მანეთი, რადგან ფული მოთხოვნისთანავე არ აღმოაჩნდა უკანასკნელს, ხსენებულმა ავაზაკებმა კიდევ ორი პირის დახმარებით, (იაკობ შურღაია და ილია სიჭინავა) გაუჩინეს ცეცხლი ჟველიას სახლს და ასტეხეს სროლა, რომ გადასარჩენად არავინ მიშველებოდა.
ცეცხლი გადავიდა ჟველიას სახლიდან მახლობელ სამრევლო სკოლის შენობაზე, იქიდან მეზობლის სახლზე და სასიმინდეზე და სულ ერთიანად გაანადგურა. როგორც შეუფასებიათ მღვდელ ჟველიას ზარალი უდრის 15,000 მანეთზე მეტს. სასიმინდე, რომელიც ეკუთვნოდა აკაკი ეხვაიას და რომელშიც ყოფილა 500 ფუთი სიმინდი, დამწვარა, ზარალი 2000 მანეთია. დაუწვავთ აგრეთვე პლატონ ლოლუას სასიმინდე, რომელშიც 700 ფუთი სიმინდი ყოფილა, ზარალი 1500 მანეთია.
სამრევლო სკოლის შენობაში ყოფილა სხვადასხვა სასკოლო ნივთები, რომლებიც სულ ყველა დამწვარა, ზარალი 1500 მანეთია. ავაზაკები მიმალულან.

გაზეთი "სამშობლო" 1916 წ.

სოლომონ იოსავას სენაკში

 თქვენი მომართვა როგორც რწმუნებულის ნოჯიხევის, ზანის და საჯიჯაოს საზოგადოებებისა პლატფორმის შესახებ მივიღე. ვინახულე რკინის გზის დეპარტამენტის დირექტორი ბ. ჭიჭინაძე, რომელმაც გადმომცა, რომ განკარგულება თქვენ მიერ ნათხოვნი პლატფორმის შესახებ უკვე მოხდენილია. საჭიროა მხოლოდ ადგილობრივ მუშაობა. ეს მუშაობა სოფლებს უკისრია და ახლა თქვენზეა დაჩქარება. როგორც კი მუშაობა ცოტათ თუ ბევრათ დაიწყება და შესაძლებელი იქნება მატარებლის გაჩერება, განკარგულება სისრულეში მოვა. ახლა კი ტიალ მინდორში მატარებლის გაჩერება ბ. დირექტორს შეუძლებლათ მიაჩნია.



დაჩქარება დამოკიდებულია ერთთავად თქვენზე. შეუდექით მუშაობას და როგორც კი ცოტათი მოწესრიგდება საბაქანო მუშაობა, თქვენი სურვილი მაშინვე შესრულდება. ასეთი განკარგულება უკვე გაგზავნილია მაქაურ უფროსისადმი.
დამფუძნებელი კრების წევრი გრ. უროტაძე
გაზეთი "ერთობა" N277, 1919 წ.

გლეხთა აჯანყება სამეგრელოში და ხიბულა (1874 წ.)

სოფ. ხიბულას ჯერიც დადგა, მაგრამ ადგილობრივი პოლიციის ძალებით ამბოხებულ გლეხთა დამორჩილება შეუძლებელი გახდა. კ. დადიანმა ქუთაისის გუბერნატორს სთხოვა დახმარება. ამ უკანასკნელის განკარგულებით სოფ. ხიბულაში ბოქაულ დგებუაძის მეთაურობით დამსჯელი რაზმი გაიგზავნა. გლეხები მოძალადეთა თავდასხმას მომზადებული შეხვდნენ. ბევრს ქვები და კეტები ჰქონდა მომარაგებული, ზოგიერთები ცეცხლსასროლი იარაღითაც იყვნენ აღჭურვილი. ბოქაულ დგებუაძეს მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების შეეშინდა, თავის ხელქვეითებს უბრძანა გლეხთა შეკრება და თავდაპირველად რჩევა-დარიგებით სცადა მათი მორჯულება. რაკი გლეხები დანიშნულ ადგილზე არ გამოცხადნენ, კაზაკებმა ძალას მიმართეს, ბევრ გლეხს სცემეს, მიიტაცეს მათი ქონება. ხალხმაც ხელი გამოიღო, ჯერ ქვები დაუშინეს კაზაკებს, შემდეგ თოფებიც აამოქმედეს. ფიცხელი ბრძოლა გაჩაღდა- უკეთ შეიარაღებულმა კაზაკებმა გაიმარჯვეს, გლეხები მიიმალნენ. ბრძოლის ველზე მოკლული დარჩა ორი გლეხი და ერთი კაზაკი. რამოდენიმე კაცი დაიჭრა.

თითქოს დამარცხებულ, მაგრამ დაუმორჩილებელ ხიბულაში თვით ზუგდიდის მაზრის უფროსი ჩავიდა შეიარაღებული რაზმის თანხლებით, მან გლეხებს მოსთხოვა იარაღის დაყრა და დანაშაულის მონანიება, გლეხებმა კატეგორიულად უარყვეს მეფის მთავრობის წარმომადგენლის ბრძანება და საბრძოლველად გაემზადნენ. აჯანყებულებმა ითათბირეს, აწონდაწონეს შექმნილი მდგომარეობა და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათ არ შეეძლოთ სოფლის ახლოს ჩასაფრებულ დგებუაძის რაზმისა და მაზრის უფროსის თანმხლებ პოლიციელთა განადგურება. მოერიდნენ ამაო მსხვერპლის გაღებას, ხელი აიღეს შეიარაღებულ ბრძოლაზე და მიიმალნენ. ამის შემდეგ თვით გუბერნატორი ეწვია ხიბულას, მოიარა მღელვარება გამოვლილი ზუგდიდის მაზრის სხვა სოფლები, ყველგან ჩაატარა გლეხთა კრებები.

 ა. ბენდიანიშვილი - „გლეხთა კლასი და გლეხთა მოძრაობა საქართველოში“

 

 

ყაჩაღობა ხიბულაში

 "სამშობლო" N480, 1916 წ.

სოფელ ხიბულაში (ზუგდიდის მაზრა) 25 ოქტომბერს, ავქსენტი შენგელიამ და მასთან კიდევ ერთმა ბოროტ-განმზრახველმა გაუტეხეს სახლი რაჟდენ ჯანაშიას და წაართვეს სხვადასხვა ნივთები, რაც ხელთ მოხვდათ. აქედან ეწვიენ მეორე მეზობელს თომა მიქაძეს, უკანასკნელსაც წაართვეს მრავალი ნივთები და მიიმალნენ. პოლიციამ დააპატიმრა ერთი მათგანი ავ. შენგელია და გადასცა სასამართლოს.