16.11.2020

ნოჯიხეველი იურისტი ლაზარე შურღაია

 გთავაზობთ, ნოჯიხეველი იურისტის, ლაზარე შურღაიას შესახებ მოძიებულ საარქივო ცნობებს.

 1908 წელს ძმებ ზუბალაშვილებს ჰყოლიათ 21 სტიპენდიანტი, მათ შორის ირიცხებოდა ლაზარე შურღაია.

1918 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრ შალვა ალექსი-მესხიშვილის მოხსენება საგანგებო სასამართლოს ახალი წევრისა და ბრალმდებლის მოადგილის დანიშვნის შესახებ. დაადგინეს: საგანგებო სასამართლოს წევრად ქრისტეფორე რაჭველიშვილის მაგივრად დაინიშნოს ლაზარე შურღაია, ბრალმდებლის მოადგილედჩხატარაშვილი.

ლაზარე შურღაია იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი 1917 წლიდან“.

 „როგორც მკითხველებს ეხსომებათ, საპატიმროთა ინსპექტორად წარსულ რიცხვებიდან ითვლება ლაზარე შურღაია, რომელიც რუსეთში ყოფნის დროს სპეციალურად სწავლობდა სისხლის სამართალს და საპატიმროების ორგანიზაციას და უნივერსიტეტთან დატოვებული იყო სისხლის სამართლის კათედრაზე“.

„სახალხო საქმე“ N297, 1918 წელი.

ნოჯიხეველი იყო ლაზარე შურღაია, რომელსაც ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაუმთავრებია, იგი 1918 წელს თბილისის ახალგახსნილ უნივერსიტეტში პროფესორად მიუწვევიათ, შემდგომ საქართველოს ადვოკატთა კავშირის თავმჯდომარე ყოფილა, ხობის რკინიგზის სადგური მისი თაოსნობითა და ინიციატივით გახსნილა (გოგიტა ჩიტაია).

ლაზარე შურღაია დანიშნულია ტფილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში კანონთმეტყველობის მასწავლებლად მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან.

„საქართველოს რესპუბლიკა“ N212, 1919 წელი.

რუსეთში სწავლის დასრულების შემდეგ ლაზარე შურღაია საქართველოში დაბრუნდა. ქართულმა საზოგადოებამ იგი გაიცნო, როგორც იმედისმომცემი იურისტი და პოლიტიკური ბატალიების მონაწილე. ამ ბრძოლების თავისებური ანარეკლია ცნობილ სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ „ეშმაკის მათრახში“ გამოქვეყნებული ფელეტონი, რომლის მთავარ მოქმედ გმირად ლაზარე შურღაიაა გამოყვანილი.

                                     ლაზარე შურღაია და ხონელი მეეტლე

-               გამარჯობა, ამხანაგო, შენი! - მიესალმა ლაზარე მეეტლეს.

-               გაგიმარჯოს, ბატონო, ღმერთმა, - უპასუხებს მეეტლე და თან ჩაიცინებს.

-               ხონში მინდა წასვლა პარტიის საქმეზე და ადგილი ხომ არ გექნება ეტლში?

-               კი, ბატონო, - წინა გნებავს თუ უკანა?

-               რა თქმა უნდა, უკანა. მხოლოდ ფასი რა ექნება?

-               ბატონო, თქვენისთანა შეძლებული კაცი ფასს რად კითხულობ? ჩაბრძანდი და წაგიყვან.

-               არა, მაინც საჭიროა წინდაწინ გავიგო, რომ შემდეგ ლაპარაკი არ შეგვექნეს.

-               უკანა ადგილი, ბატონო, ათი მანეთი ეღირება.

-               უჰ, რას ამბობ, კაცო, ეგრე ძვირათ - გაგიგონია? შენ ხომ სოც დემოკრატი იქნები და განა ეგ ეკადრება ხალხის ინტერესების დამცველ პარტიის წევრს?

-               (ლაზარე ჩუმად იცინის).

-               რა ვქნა, ბატონო, მართალია, მე სოც. დემოკრატი ვარ და აგრე ძვირათ დაფასება ძალიანაც მიმძიმს, მაგრამ უნდა გაგიტყდეთ საიდუმლოებაში - ცხენები მყავს სოც. ფედერალისტების პარტიის წევრები და ნაკლებათ არ შვებიან. გაეცანით და იქნებ, როგორც მათი პარტიის ლიდერს, დაგიკლონ, რაზედაც მე საწინააღმდეგო არაფელი მექნება.

-               არ მომსპო ამ ოჯახდაქცეულმა?! ჩაილაპარაკა ჩუმათ ლაზარემ.

            „ეშმაკის მათრახი“ N37, 1917 წელი.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.