16.06.2020

ნარკვევი თორსა-დღვაბის მეურნეობა "განთიადის" შესახებ



მწერალ ბორის ჩხეიძის ნარკვევი ხობის რაიონის სოფელ თორსა-დღვაბაში საბჭოთა მეურნეობა „განთიადის“  შექმნის შესახებ.
თ ე თ რ ი კ ო (ნარკვევი)

 დედას შინ აუარებელი სამუშაო ჰქონდა ყოველთვის, ოჯახის საშრომს, იმას რასაც ქალები “საბურსალიოს„ ეძახიან, ღამეულა იწყებდა მარტო დედის კი არა, თეთრიკოსი და მისი და-ძმების, მთელი ოჯახის მაღვიძარა საათი ალისფერბუმბულიანი, გრძელკუდა, ამაყი მამალი იყო თორსელ ალექსანდრე ბუკიას ოჯახში. პირველი ძილის დასასრულს იგი უეცრად აატლაშუნებდა ღონიერ ფრთებს, წამიც და ხმამაღლა დაიძახებდა ყიყლიყოს. თავისი მამლური რიხით ჭაობგადაღმა სოფლის დღვაბელ ტოლებს აიყოლიებდა.
რაღა თქმა უნდა, დედა ამ დროს ლოგინში  აღარ იყო, დიდი ჯალაბის პატრონი ხნიერი ქალი ეზოში ტრიალებდა. პირველად ქათმებს გაუშვებდა სამწყვდევიდან. უყვარდა ისინი ბევრი შვილის გამჩენ დედიკოს, სადილობამდე, საბუდრებზე ხვანხვალს, რომ მოათავებდნენ, თეთრი ბურთებით უვსებდნენ ხელკალათს, ნასაბუდრევს კი ეზოს არ ცილდებოდნენ. ლაფაროებში, სასიმინდე ნალიის ქვეშ და ზვინების საფრებში დარბაისლურად ჩხერკიაობდნენ. მერე, როცა ისეთი  „სეირნობით“ გულს შეიჯერებდნენ, კმაყოფილად  კუტკუტებდნენ სოფელში ყივილით განთქმულ ვეება წითელი მამლის გარშემო აბა უკმაყოფილო რად უნდა ყოფილიყვნენ, ცხენის კბილებივით მსხვილ,  თეთრიკოს მოყვანილ თეთრი სიმინდის მარცვლებს ასაკენკად ვეღარ ერეოდნენ.
ოჯახის საყოლიებელიდან  დედიკოს სამწუხარი ღორღონჯის (ბატის)  და  იხვის მონაშენები გამხდარიყო მხოლოდ. გააღებდა თუ არა პატრონი საღორღონჯეს კარს, გუნდ-გუნდად, ყიყინით, კვატ-კვიტით გამოცვივდებოდნენ გარეთ, მიწაზე მობნეულ სიმინდს ზედაც არ შეხედავდნენ, თითქოს დღით შეიგულესო, ღობეში საძრომებისაკენ მისრიალებდნენ  ტანის რწევით,  ფარღალალაში ჯერ ღორღონჯები გაძვრებოდნენ, მალე, სულ შეუმჩნევლად მათ იხვები მიჰყვებოდნენ უკან. ერთ წამში სიგანეზე გადაჭრიდნენ გუდრონირებულ გზატკეცილს.
გზის გადაღმა, სოფელ დღვაბისაკენ  იწყებოდა ისირონით  (ჭილით) აფაფრული ნოყოები. მათ ენაცვლებოდნენ ჩამქშეულ-ჩაჩხროკილი თხმელურიანი კუნძულები, თავკომბალებით სავსე პატარა-პატარა გუბეები და საფლობები.
 წყეული იხვ-ღორღონჯი იმ უშმ ადგილებიდან და გუბელებიდან შინ დაბრუნებას აღარ   იგონებდნენ. როცა წვიმას მოუხშირებდა, თორსასა და დღვაბას შორის  ყვითელი ტლაპოს ზღვა დგებოდა, მაშინ მათ  მოხელთებაზე ფიქრიც ჭირდა.
ხშირად ერთადერთი  იმედი, რომ ჭაობებში შემალულ ღორღონჯ-იხვს დედა კვლავ იპოვნიდა, თეთრიკო იყო. გოგონამ იცოდა ისირონებიანში სასიარულო ფეხის დასამაგრებელი  გუნჯულები და ბაძაძგნარებში გასასვლელი კარიოფები. მაგრამ აბა, თეთრიკო სად იყო ყოველთვის შინ.
მოსწრებული ქალიშვილი დედას  სარაიონო  ღამის ტექნიკუმში დაუდიოდა.  ძღაბი, რომ იტყვიან, წიგნებთან ომობდა. სკოლიდან ნაშუადღევს შინ  დაბრუნებული, შუაღამემდე უჯდა სახვალიო  გაკვეთილებს. ჩაწოლილი   ჩათბობასა და ერთ  „მუქარა“ ძილს ვერ მოასწრებდა,  რომ მამალი ყივილს ასტეხდა, მაშინვე   ზეზე წამოდგებოდა.  ნანათლევამდე ღამით ნამზადევ გაკვეთილებს იმეორებდა, ღორღონჯისა და კვატისათვის სადღა ქონდა დრო. ან დედა მოაცლიდა  ამისათვის? უცნაური იქსები, იგრეკები, კინეტიკური ძალები ეწეოდნენ საიდღაც, სადაც არის გასათხოვარ ქალს. დედას ეს „უცნობები“ შიგნით, გულში მოსწონდა, ახარებდა, მაგრამ შვილის გამოსაჯავრებლად მაინც იტყოდა:  ღორღონჯი  და კვატი უნდა გადავაშენო ყოველ საღამოს გულის ხეთქვას, ზარალი არ მომივიდეს - მეთქი, ასე მირჩევნია. მერე იქსები, იგრეკები და კინეტიკური ძალები მიირთვით ჩემმა ქმარშვილმაო.
  კი არ უნდა გადააშენო კვატი და ღორღონჯი, ახლა უნდა მოამრავლო - უთხრა  ერთხელ დედას თეთრიკომ.
-        ეგ რადაო? შეეკითხა დედა შვილს.
-        წამო, შენი  თვალით გიჩვენებ რაღაცას? -მოუჭრა ქალიშვილმა
იმ დღეს კვირა თენდებოდა.  თეთრიკო  მივარდ-მოვარდა ეზოში. დედას „ხელი წამოუკრა“ საქმეებზე. ძალით მოაცილა საბრუსიალოს, მშობელი ეზოს გარეთ გაიყვანა, ბრეკოზე წამოკოსებულ  რცხილის გადანაბელზე შეაყენა ქალი და თორსიდან დღვაბისკენ გაახედა. ეს სოფელი არცთუ შორს მოჩანდა, დიდი  პამპალა ჭაობების და, მორჩილა, დაკვაჟებული ტყეების გადაღმა. არა, დღვაბაში სახლი არსად იხედებოდა, კვამლი ამოდიოდა აქა-იქ და ამით ატყობდნენ, რომ მოსახლეები იყვნენ ჭაობებში აქაიქ გაფანტულ მშრალებზე.
-იქ  რაო? მითომ რად გამახედე იქით? დღვაბაში ჩემს დღეში არ ვყოფილვარ !  გაიოცა დედამ.
- მე მაგაზე არას გეუბნები - მოუჭრა უეცრად შვილმა. ისირონიან ნოყოს ვაკეებს, მწვანე ყვითელ გუბელებს, მერე მათ აქით საფლობებს დაუკვირდი!
-აჰა, დავუკვირდი, დასწყევლა ილორის ხატმა. მათგან სარგებელი არა აქვს კაცს.
თორსიდან დაწყებულ დღვაბამდე, სადამდეც დედა, ქვეყნის განს ხედავ, ჭაობს სულ გააშრობენ, მაშინ შენი ღორღონჯები და იხვები  ვეღარსად დაგემალებიან.
-გააშრობენ !- გააჯავრა შვილს დედამ-ეგ როდის იქნება! მანამდე მე რა გამაძლებინებს.
სულ მალე რომ მოხდეს ეგ ამბავი.
რაღა დღვაბას მიადგებიან მაინცდამაინც სხვა ადგილი ვერსად მონახეს? თუ ჩემთვის გააშრობენ?
ბევრისთვის გააშრობენ და იმაში იქნები დედა!
იჰ, იჰ მე და ჩემისთანები... ხელჩაქნევით ჩაილაპარაკა დედამ და დიდი გზატკეცილისაკენ მაინც გაყვა შვილს. გზის იქიდან სოფლის უჩვეულო, რკინის ცივი ხმაური მოდიოდა, ოჯახის ქალი ლითონისეულ უხეშ წკრიალს იმდენად არ გაუტაცნია, რამდენადაც მას, რომ გზის გადაღმა ჭაობებში გალალულიეგულებოდა გუბელებში თავკომბალებზე გაწუწკებული ბატ-იხვი. დილით ადრე გაეპარნენ ის სამელეები.
გზის გადაღმა ერთ დიდ ოჰოჰოიას წააწყდნენ ქალები. დედამ მაშინვე თვალი დაატანა ალფეზ ლატარიას. კაცი ცხენზე იჯდა, სადაც ქალს თავისი ღორღონჯ-იხვი ეგულებოდა, სწორედ იქით, ისირონებში გადასულიყო სოფელში ცნობილი აგრონომი. იათაღამდე დაასლაპუნებდა  საბრალო პირუტყვს გათხელებულ მიწაში. ხანდახან სულ ახლად ახალ მუხლუხოვან ტრაქტორებს, ბულდოზერებს  და უშნო გრეიდერებს მიუვარდებოდა. აძლევდა რაღაც დავალებებს. ადვილი არ იყო  მიხვედრილიყო კაცი, რა ხდებოდა ირგვლივ. სოფლის  გოგო-ბიჭებთაგანი ზოგი მაღლა, მანქანაზე ასულიყო მექანიკოსებთან. მერედა რამდენი იყო მანქანა. დიდი გზით  ქართლიდანაც კი გადმოერეკათ კოწიწა  „კანავოკაპატელები“.
დედის თვალწინ, ალფეზ ლატარიამ ქვეყნის ყოველი მხრიდან მორეკილი მანქანები ერთბაშად მიუსია  ჭაობნარს და ტბა-გუბეებს, ასე ოხერი ადგილები  დღვაბას მიმართულებით გაწოლილიყვნენ ბარე ერთ სამოყვრო მანძილზე. მათგან არც  თორსას ადგა კარგი დღე.
 ა, ვაი ღვთისმშობელო! - წამოიძახა დედამ სულ რაღაც ცოტა ხნის შემდეგ, როცა საძაგელი, ნავსი კოღოიანი დაბლობი  მთლად გაკაჭეს, გაკაფეს,  ყვითელ-მწვანე ტბა-პამპალები მოწრიტეს გრძელი კოხტა, პირფართო და ფსკერვიწრო რაფებით. სამუშაოს თვალი დადგომოდა.
ამით გულმოცემული ალფეზ ლატარია გარშემოკრებილ  ხალხს უხსნიდა:
ყველამ კარგად გაიგეთ, ამ ჭაობზე დიდ საბჭოთა მეურნეობის მოწყობას ვაპირებთ. მეურნეობას, რომელიც  დღვაბის ტლაპოებზე  გაშენდება, სახელად ერქმევა განთიადი და მისი დირექტორიც მე ვიქნები.
როცა ამ განმარტებას მორჩებოდა ხოლმე,  ყველას ეხვეწებოდა, ჭაობიდან ნაპირზე  გამოზიდული ხე-ტყე,  ვისაც  გინდათ იაფად წაიღეთო, აქედან  მოაცილეთ, რადაც  გინდათ იმად გამოიყენეთო. თხუთმეტ-თექვსმეტი წლის ბიჭებს კი ტრაქტორის, გრეიდერების, სატვირთო  ავტოების  ამწეების და სახერხის მექანიკოსებს თანაშემწეებად სვამდა  მანქანებზე. ბიჭებს ყველას  ერთნაირ ხალათ-შარვალს აცმევდა,  რომ სხვებისაგან სოფელშიც  გაერჩიათ საქმეში ჩაბმული ახალგაზრდები.
 ახლა დედა ღორღონჯებსა და კვატის წყევლას და გადშენებას მოეშვა.   ღობეებში საძრომები კიდევ უფრო მეტად გააფართოვა, გაპარია ფრინველების  დაკარგვის ფიქრი გონებიდან გაუქრა.  თორსას მაღლობიდან  დაბალში თვალის მოვლების უმალ ხედავდა - სად, რომელი თხრილის  წმინდა ნაკადში ონავრობდნენ მისი წყალმოყვარული  იხვ-ღორღონჯები. ხანდახან სამუშაოებზედაც  ჩადიოდა ხნიერი ქალი.
-მე ისეთი სიზმარი ვნახე  შენი კარგი ძღაბი თეთრიკო მშვენიერ მახეში გაყოფ ფეხებს - უთხრა ერთხელ  ალფეზ ლატარიამ დედას.
-თუ კაი ოჯახია შენ პირს შაქარი- შეესმა პასუხად.
-ჯერ რა დროს მაგის დაოჯახებაა! - გააქნია თავი ლატარიამ.
-აბა რად დაასვით ძღაბს კბილი ?
-ყველაფერი ტექნიკუმის მასწავლებლის ბრალია!-წაუეშმაკა ლატარიამ - დიახ, ამათ მითხრეს  თეთრიკოსთანა   გულისყურიანი მოსწავლე ორიც არ გვყავს მთელ სკოლაშიო.
-შენ ისევ შენსას აკაკუნებ!- უკმაყოფილოდ შეუტია  აგრონომს დედამ - მეგონა მაშუალი  იყავი  თურმე  სხვა რაღაცას ფიქრობ, ისე კი თუ ჩემი ქალიშვილი  ვარგა,  მეც ამ ქვეყნისთვის გამიზრდია.
-კარგი და პატიოსანი-დარბაისლურად  ჩაულაპარაკა  გაჯავრებულ ქალს  ლატარიამ- დილაო და გათენდებაო! აგერ ვნახოთ როგორ გამოიჩენს თავს ქვეყნის სამსახურში.
დედამ ჯერ არ იცოდა განთიადის დირექტორს, ლატარიას აქეთ მასთან შეუთანხმებლად, იქით თეთრიკოს უკითხავად  ტექნიკმდამტავრებული გოგოგნა თეთრიკო   ბუკია სამუშაოზე აეყვანა. უწყისშიც შეეტანა, ჯერ კი ვითომდა  საზოგადოებრივი დატვირთვის წესით ათიოდე  მტვირთავი ჩაებარებინა  გოგონასავით, თეთრიკოსაც  დადინჯებული შრომაში გამოცდილი ქალივით, შეეშნო დატვირთვა  თურმე კიდევ შესდგომოდა მუშაობას.
მტყორავები, როცა საჭირო იყო, ორთითებით და ფოცხებით ტრიალებდნენ, ხანდახან სხვიპავდნენ, კაფავდნენ წამოქცეულ, ჩამქშეულ ხეებს. იქით კი დღვაბის მიმართულებით ვეებერთელა, ღონიერი მანქანები ხეებს ძირიანად  თხრიდნენ, თრევით გზისპირისკენ ეზიდებოდნენ, რაღაც პატარა მოწყობლობები კი მიწის გაჰკროდნენ, ბრახუნით წინ მიიწევდნენ და საწრეტ თხრილებს  ბაფთებივით ჭიმავდნენ, გრეიდერებიც კი   ირჯებოდნენ, ნაწრეტებში შედიოდნენ ნაადრევად გამოჰყავდათ სფერული კვლები.
თეთრიკო ბუკია, რომელსაც ჯერ ტექნიკუმის ატესტატი ხელთ არ ქონდა და არც ცხრამეტი შესრულებოდა, კარგად იცნობდა სფერულ კვლებს. კოლხიდაში გავრცელებული ეს კვლები მოცულობით ნახევარ ჰექტარს იშვიათად აღემატებოდა. მათ მიწა სერისებურად შუაგულზე შეწეული აქვთ, გვერდები  კი საწრეტისაკენ  ოსტატურად  დამრეცილ-დაფენებული დაუწესებიათ. ასე მოწყობილ ნაჭაობარ მიწაზე წყალი ვერ ჩერდება, ან როგორც კოლხიდაში იტყვიან, „წყალი ფეხს ვერსად იკიდებს“, უმალვე სადრენაჟო თხრილისაკენ მიდის. როცა ერთხელ მეგრეიდერებმა სფერული კვლები ჩაამწკრივეს, თეთრიკო ბუკიამ, უკვე გამხელილმა ბრიგადირმა წამოიძახა:
ახლა ასეთ ნაჭაობარზე თესე რამდენიც გინდა და რაც გიყვარს!
ჭეშმარიტად აგრეა!  დაუდასტურა ქალიშვილს მისი მოსაზრებით აღტაცებულმა ლატარიამ.
მუშაობის  გაშლის  შემდეგ დედა ხშირად ჩადიოდა  შვილთან, თან ბატის და იხვის  გუნდები ტაატით ჩაყავდა უკვე  დამარცხებულ, გატეხილ ჭაობში. მათი  დაკარგვის ოდნავადაც აღარ ეშინოდა.
საბჭოთა მეურნეობის მტყორავები  უკვე  დღვაბას   უახლოვდებოდნენ, სადაც ხელმარჯვე კალატოზებს ადმინისტრაციული შენობა და საბავშო ბაღი აეგოთ. გზის გამყვანებიც თავისისას ცდილობდნენ.  სწორ, ჯერ რბილზე - და პირიან, ახლად გათარჯულ გზაზე,   ენგურიდან  მოტანილ  ხრეშს  ყრიდნენ,  შავ გუდრონს ურევდნენ, მიწაზე, ასხამდნენ  და  ტკეპნიდნენ.
იმ წელიწადს  ალფეზ ლატარიას მექანიზმებსა და თეთრიკო ბუკიას ბიჭებმა შემოდგომის დამდეგს ორი ათასი  ჰეკტარი  პამპალა ჭაობი სამუდამოდ გამოამშვიდობეს მათ სამშობლო კოლხიდას, ეს ის ჭაობი იყო, რომელიც თორსასა და დღვაბას შორის საზღვრად სულშემგუბავი შმორით ორთქლავდა ამ ჭაობში კაცი კი არა ეშმაკიც  ვერ  აწევდა.
დამუშავებული ნაკვეთების გაშრობას  ხმელარობამაც  შეუწყო ხელი. წვიმა დეკემბრის ბოლომდე არ მოსულა. მშრალი ზღვაური ქროდა დასავლეთის მხრიდან. დღვაბელების ოდებიც გამოილანდნენ ნაჭაობარზე. გაზაფხულზე  კი თეთრიკოს  დედას აუჩქარებლად  შეეძლო გაევლო ოდესღაც  გაუვალ ადგილებში, მისულიყო დღვაბამდე და დარწმუნებულიყო, რომ იმ სასიკვდილეთში სიცოცხლე-სავარდეთი დაემკვიდრებიათ.
ვინ გამოთქვამს, როგორ უხაროდა დედას, რომ ადგილის ამ ფერისცვალებაში მისი ქალიშვილიც ერია.
ჯერ კიდევ თებერვლის დამდეგს ალფეზ ლატარიამ თეთრიკო ბუკიას  ბრიგადირობა  მიულოცა. მერე იმ დღესვე მიწის მზომელის თანხლებით  მხარდახარ გაჰყვა ქალს კი არა, ჯერ ისევ გოგონას.  ოცდახუთი ჰეკტარი ნაჭაობარი, ნატბეური, ნაისირონალი ნაგუბრები, ახლა მთლად სფერული კვლებით დამშვენებული, ნაყოფის მომცემი მშრალი მიწა ჩააბარა. ახალგაზრდა ქალმა თეთრიკო ბუკიამ უკვე იცოდე რა და რა უნდა გაეშენებინა ახალ მიწაზე.
საბჭოთა მეურნეობა განთიადი  თბილის-სოხუმის გზატკეცილის მარცხნივ  არის ხობსა და ზუგდიდს შორის. ის  ახლა  გვერდზე მიხედვითაც  ადვილი საცნობია, თავისი თეთრი შენობებით, მოქვიშულ-გუდრონირებული გზებით, კოხტა პლანტაციებით, ევკალიპტის ქარსაცავი ხეივნებით ერთ პატარა საკურორტო ქალაქისებურად ბრდღვიალებს  კოლხიდის  დაბლობში.
ვთქვათ, სულმა წაგძლიათ გადაუხვიეთ მეურნეობა განთიადში, არა, არავის დაუჯერებთ, რომ იმ ადგილას ოდესმე გაუვალი რამ უბედურება იყო. მაშინ მაინც გადაწყვიტეთ ნახოთ და შეისწავლოთ ის, რომ იტყვიან, „ღმერთმა  ხელი მოგიმართოთ“,  ოღონდ  თეთრიკო ბუკია, მართლაც თეთრი და მშვენიერი ქალიშვილი, თქვენს  თავს სხვას არავის ჩაუგდებს ხელში.
სანამ თავის ნაკვეთებამდე მიგიყვანდეთ, თეთრიკო რამდენიმე წუთით გატარებთ  მეურნეობაში შესასვლელი,   სულ ათასნაირი ყვავილებით მორთული გზებით,  მერე, როცა  სანიმუშოდ მოვლილ  პლანტაციებში შეხვალთ, გეტყვით:
აი, ეს არის ! (აქ არ გაგმხელთ, რომ  ეს ნაკვეთები  მისია)
მოსავალი ჯერ რომელმა კულტურამ  მოგცათ ? - ვთქვათ ამგვარ  რასმე შეეკითხეთ.
სიმინდმა - მოგიგებთ თეთრიკო ბუკია და ამას განმარტებას  დაურთავს  - მაშინვე, სანამ ახალგამშრალ მიწებზე  რამე  კულტურას  დავნერგავდეთ,  ჯერ იქ პირველ მოსავლად ,სიმინდს ვთესავთ. სიმინდი თავისთავად მარადიული ჭირნახულია, მისი თესვა საპლანტაციე მიწაზე  აუცილებელია, სიმინდი ნიადაგს წმენდს.
ჩაი რამდენი გაქვს?
მარტო მე, ჩემთავად ხუთი ჰექტარი ახალშენი მიდგას.
კიდევ?
 კიდევ მაქვს -ცოტა იბნევა ქალი გამოკითხვებით, - ათი ჰექტარი დაფნა. ხუთი-ქარსაცავი, ორი-ფეიხოა, ბოსტანი,  ქართულად მოწყობილი  ხეხილის ვეება ბაღი, ვაშლის სანერგე, ლიუფა და...
მართალია, ჩაი ძნელი მოსაყვანი და საკრეფიო ?
თქვენ დღევანდელ ყოიფა-ცხოვრებაზე რას გვეტყვით ? დასასრულს ერთხელ კიდევ შევეკითხებით თეთრიკოს.
 ასეთ კითხვაზე მას პასუხის გაცემა, ჩანს არ უყვარს, ამიტომ  ყურს ოსტატურად  იყრუებს, მაგრამ აბა რა დალევს ქვეყანაზე ენის მიმტანს და განა არა მარტო ცუდი ამბებისთვის?
 ჰო ნანატრად წამოეზარდა დედას ეს ქალი-გეუბნებათ ენის მიმტანი- თეთრიკოს ზრდაში კარგად ეწევიან მისი უმცროსებიც მათმა დედამაც სიფრთხილე და სარჯელიც  გაიათკეცა
ბალღები გამეზარდნენ, საზრუნავს ხომ არ მოვუკლებო.
 -და... -და აბა ახლა უნდა ნახოთ იმისი  იხვ-ღორღონჯი  ხელწამოსაკრავ სახარჯოდ  ძველებურად  ქათამი ყავს.განდიათზე კვლავ ამაყად  უყივის ქანდარაზე ალისფერბუმბულიანი მამალი. თვითონაც თავის უმცროსებით,,ქმრით,ნამეტნავად ზაფხულზე, როცა  ფურცლის კრეფის  და პლანტაციების მოვლის მოჭერილი ალოებია, თეთრიკო ბუკიას ბრიგადაში მუშაობს.
-მეურნეობის დირექტორი ლატარია რაღას იქმს?
აბა, ის ადევნებს თვალს ალექსანდრე ბუკიას ბუდეს, აცა, აქიდან თეთრიკოს მსგავსი ბარტყი იქნებ კიდევ გადმოფრინდესო.

წყარო: ჟურნალი „საქართველოს ქალი“, 1970 წელი






Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.