ცნობილი ფაქტია,
რომ მხატვრულ ლიტერატურას საზოგადოების მცირე ნაწილი კითხულობს; ხოლო, ფილოსოფოსთა
შრომების მკითხველთა რიცხვი უმნიშვნელოა.
ხობის ცენტრალურ
ბიბლიოთეკას მშვენიერი წიგნადი ფონდი გააჩნია და ეს, იქ მომუშავე ადამიანების დიდი
შრომის ნაყოფია. ბიბლიოთეკაში რამდენიმე თაროზე განლაგებულია პლატონის, არისტოტელეს,
დემოკრიტეს, ფროიდის, კაკაბაძის და სხვათა შრომები, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს მკითხველის
„ხელი“ დიდი ხანია არ შეჰხებია.
ხშირად, ფილოსოფიასა
და ლიტერატურაზე საუბარი რამდენიმე ფრაზისა და ავტორის დასახელების იქით არ მიდის
(საბედნიეროდ ხობში არიან ადამიანები, რომლებთანაც ლიტერატურაზე საუბარი არ მოგწყინდებათ).
არაერთხელ მომიკრავს ყური ასეთი საუბრებისთვის: მ. მამარდაშვილი ის არ არის ჭეშმარიტება
სამშობლოზე მაღლა დგასო რომ თქვა; კანტი როგორ არ ვიცი, წმინდა გონების კრიტიკა რომ
დაწერა; ან ნიცშე, უღმერთო, რომ თქვა ღმერთი მკვდარიაო.
დიახ, ნიცშემ
დაწერა „ღმერთი მკვდარია“. ამ სიტყვებზე „მორწმუნეებს“ აკანკალებთ, ეშინიათ, მკრეხელობად
თვლიან. არადა, ეს ფრაზა სულაც არაა ასეთი საშინელი, პირიქით თუ მას გავიაზრებთ ალექსანდრიული
ეგზეგეტიკის მეთოდებით, შესაძლებელია ღრმა ქრისტიანული სწავლებაც აღმოვაჩინოთ.
ნიცშეს ცნობილი
სიტყვების მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს, მაგრამ მათ შორის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია,
ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსის, მარტინ ჰაიდეგერის შრომა „ნიცშეს სიტყვა ღმერთი მკვდარია“.
ჰაიდეგერის ეს ტექსტი, მაგალითად „ყოფიერება და დროისგან“ რადიკალურად განსხვავდება
და მოკვდავთათვის გასაგები ენითაა დაწერილი. სამწუხაროდ ეს წიგნი ხობის ბიბლიოთეკას
არ გააჩნია.
ჰაიდეგერი პირველივე აბზაცში განსაზღვრავს ნიცშეს მეტაფიზიკის
საზღვრებს და მნიშვნელობას: „ქვემოთ მოყვანილი
ახსნა-განმარტება ცდილობს იმაზე მიუთითოს, საიდანაც გამომდინარე, ალბათ ოდესმე, შეიძლება
დასმულ იქნას შეკითხვა ნიჰილიზმის არსის შესახებ. ეს განხილვა წარმოსდგება აზროვნებიდან,
რომელიც იწყებს, თავდაპირველად დასავლური მეტაფიზიკის ისტორიის შიგნით ნიცშეს ძირეული
პოზიციის შესახებ სიცხადის მოპოვებას“ (აქ და ქვემოთ შავად მონიშნული ტექსტი მყვანილია
ჰაიდეგერის დასახელებული შრომიდან. ლ.ღ).
ნიცშეს ფილოსოფიაში ცენტრალური ადგილი უჭირავს ნიჰილიზმის,
ადამიანის დაცემის, ახალი ადამიანის დაბადების და ღირებულებების გაუფასურების საკითხებს.
„თვითონ ნიცშე
მეტაფიზიკურად განმარტავს დასავლური ისტორიის მსვლელობას, სახელდობრ, როგორც ნიჰილიზმის
წინა პლანზე გამოსვლისა და გაშლის ისტორიას. ნიცშეს მეტაფიზიკის გააზრება იქცევა თანამედროვე
ადამიანის ადგილისა და მდგომარეობის განაზრებად, რომლის ხვედრი თავის ჭეშმარიტებასთან
მიმართებაში ჯერ კიდევ მცირედ არის გააზრებული.
ნიცშეს მეტაფიზიკა
ნიჰილიზმის ნიშნითაა დაღდასმული. ეს არის ნიცშეს მიერ შეცნობილი ისტორიული მოძრაობის
სახელი. ნიცშე ამ მოძრაობის განმარტებას მოკლე დებულებაში შეაჯამებს - ღმერთი მკვდარია“.
კითხვაზე: რა არის ნიჰილიზმი? ნიცშე პასუხობს: „უმაღლესი
ღირებულებები გაუფასურებულია“.
ამ პასუხით ნიცშე ჩასწვდა ნიჰილიზმს, როგორც ისტორიულ
მოვლენას, რომელსაც ის განმარტავს როგორც აქამდე არსებული უმაღლესი ღირებულებების გაუფასურებას.
ღმერთი, ზეგრძნობადი სამყარო, როგორც ჭეშმარიტად არსებული და ყველაფრის საფუძველდამდები,
იდეები და საფუძვლები რომლებიც განსაზღვრავენ არსებულს დაკარგეს თავიანთი პირველადობა.
დაიწყო ღირებულებათა გადაფასება და ჩანაცვლება. წინა პლანზე წამოიწია ახალმა ურთიერთობებმა.
ასეთ დროს გაიბზარა ადამიანის შინაგანი სამყარო და დაისვა სრულიად ლოგიკური კითხვა:
რისთვისაა საჭირო ეს უმაღლესი ღირებულებები, თუ კი ისინი ამავე დროს არ იძლევიან გარანტიას,
გზას მათ მიერ დასახული მიზნების განხორციელებისათვის.
ქვემოთ მოვიყვან ნიცშეს „მხიარული მეცნიერებიდან“ ვრცელ
პასაჟს, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ საუკეთესო ტექსტად სიმბოლური ფილოსოფიიდან.
შეშლილი ადამიანი ფარანით ხელში დარბის ბაზარში და ყვირის “მე ვეძებ ღმერთს!“ „სად
არის ღმერთი“ მაგრამ პასუხი არ არის. ამ დროს შეშლილი ადამიანი თვითონ პასუხობს: თქვენ,
ჩვენ მოვკალით იგი!“ დიახ, როცა ადამიანი უარს ამბობს უმთავრეს ღირებულებებზე, დამძიმებულია მკვდარი აზრებით,
ასეთ დროს ზეცასთან კავშირი წყდება და სიმბოლურად თუ ვიტყვით - „ღმერთი მკვდარია“.
„არაფერი გსმენიათ
შეშლილი ადამიანის შესახებ, რომელიც ნათელ დილით ფარანს აღანთებს, ბაზარში დარბის და
საზარელი ხმით ყვირის: „მე ვეძებ ღმერთს“!
„მე ვეძებ ღმერთს“! სწორედ აქ, მრავალი მის გარშემო ერთად დგანან, რომლებსაც
არ სწამთ ღმერთი, ასე იწვევს იგი დიდ მხიარულებას. ხომ არ არის იგი დაკარგული? - ამბობს
ერთი, ხომ არ დაიკარგა როგორც ბავშვი? - ამბობს მეორე. იგი ხომ არ იმალება? მას ხომ
არ ეშინია ჩვენი? იგი გემიდან ხომ არ არის გადმოხვეწილი? (აქ ბევრი სახე-სიმბოლოა:
გემიდან გადმოხვეწილი-იონა, დაკარგული ბავშვი - ქრისტე და სხვა) ასე უყვიროდნენ და შესცინოდნენ ისინი ერთმანეთს. შეშლილი ადამიანი
კი ხტის მათ შორის და გამსჭვალავს მათ თავისი მზერით: „სად არის ღმერთი“? - ყვირის
იგი. მე მსურს გითხრათ თქვენ, ჩვენ მოვკალით იგი - თქვენ და მე! ყველანი, ჩვენ ვართ
მისი მკვლელები. მაგრამ გოგორ გავაკეთეთ ჩვენ
ეს? როგორ შევძელით ზღვის ბოლომდე შესმა. ვინ მოგვცა ჩვენ ღრუბელი მთელი თვალსაწიერის
წასაშლელად? რა ვქენით ჩვენ, როცა ჩვენ ეს დედამიწა თავის მზესთან მიჯაჭვულობისაგან
გავათავისუფლეთ? საით მიფრინავს იგი? საით მივდივართ ჩვენ ეხლა? ... ხომ არ დავბორიალობთ
ჩვენ უსასრულო არარაობაში? ხომ არ გვაკრავს ჩვენ ცარიელი სივრცე? ხომ არ აცივდა კიდევ
უფრო? ხომ არ მოდის ღამე? ხომ არ
უნდა ავანთოთ ნათურები დილით? ჯერ არაფერი გვესმის ჩვენ მესაფლავის ხმაურის შესახებ,
რომელმაც ღმერთი დამარხა?...აქ დადუმდა შეშლილი ადამიანი და შეხედა თავის მსმენელებს.
ისინიც აგრეთვე დუმდნენ და უცხოსავით აკვირდებოდნენ მას. მან ბოლოს დააგდო თავისი ნათურა
მიწაზე. იგი ნაწილ-ნაწილ დაიმსხვა და ჩაქრა. „მე ძალიან ადრე მოვედი“ თქვა მან, რადგან
„მე ჯერ კიდევ არ ვარ დროზე მოსული“. ეს საშინელი ხდომილება ჯერ კიდევ გზაშია და მოგზაურობს.
მას ჯერ კიდევ არ მიღწევია ადამიანის ყურებამდე...“
(ნიცშე, მხიარული მეცნიერება)
ღმერთის გამქრალი ავტორიტეტისა და ეკლესიის მოძღვრის
ადგილს იკავებს სინდისის ავტორიტეტი, გვავიწროვებს გონების ავტორიტეტი. მათ წინააღმდეგ
წამოიმართა სოციალური ინსტიქტი. ამქვეყნიურიდან ზეგრძნობადში გაქცევა ჩანაცვლებულია
ისტორიული პროგრესით. მარადიული ნეტარების მიღმური მიზანი გარდაიქმნა უმრავლესობის
ამქვეყნიურ ბედნიერებად.
ჰაიდეგერი სხვადასხვა
მხრიდან უდგება ნიცშეს ფრაზას და მას განმარტავს, ხან მეტაფიზიკურად, ხან მორალური
ან სიმბოლური თვალსაზრისით. ერთ-ერთი განმარტება ჰაიდეგერისა; „გამოთქმა, ღმერთი მკვდარია, ნიშნავს: ზეგრძნობადი სამყარო ქმედით ძალას მოკლებულია.
იგი არ გვიბოძებს სიცოცხლეს. ნიცშესთვის მეტაფიზიკა, მაშასადამე დასავლური ფილოსოფია,
გაგებული როგორც პლატონიზმი, დასრულდა. ნიცშე თავის საკუთარ ფილოსოფიას გაიგებს როგორც
მეტაფიზიკის საწინააღმდეგო მოძრაობას, მისთვის ეს ნიშნავს პლატონიზმის წინააღმდეგ მოძრაობას“.
ჰაიდეგერის ეს
ნაშრომი მრავალ საგულისხმო საკითხს ეხება, საკითხებს, რომლებიც თავიანთ აქტუალობას
არასდროს დაკარგავენ. წერილის მიზანდასახულობიდან გამომდინარე სტატია, მხოლოდ ზედაპირულად
ეხება უღრმეს ფილოსოფიურ საკითხებს და თემის ამოწურვის პრეტენზია არ გააჩნია
დავსვათ ასეთი
კითხვა: რა არის ადამიანისთვის ყველაზე ძნელი ან ძალიან ძნელი? ამ კითხვაზე ძალიან
ბევრი მოაზროვნე იძლევა ერთმნიშვნელოვან პასუხს - აზროვნება. აზროვნება, შინაგანი აქტი,
ნებისმიერ საკითხზე გააზრებულად და არა ბრმად და მიმბაძველობით საკუთარი შეხედულების
ჩამოყალიბება არის ურთულესი. ჩვენ ხშირად სხვისი აზრებით ვმოქმედებთ, ასეთ დროს ადამიანში
იბადება მკვდარი აზრები, რომლებიც ამძიმებენ მას და ექაჩებიან ქვემოთ. შენ კი არ აზროვნებ,
არამედ სხვა აზროვნებს შენით. ამის ნათელი დადასტირებაა ფეისბუკზე მიმდინარე ამბები;
მაგალითად, პატრიარქის, ლინკოლნის ან სხვა ცნობილი ადამიანის მოკლე ფრაზას ან მღვდლის
სურათს აქვს ასეულობით, ხშირად კი ათასეულობით მოწონება, ხოლო დიდი ლიტერატურული ღირებულების
მქონე ნაშრომებს ან სტატიებს რამდენიმე ათეული. რატომ ხდება ეს - იმიტომ რომ სურათის
მოწონებას ან სხარტულა აზრის წაკითხვას გონების დიდი დაძაბვა არ სჭირდება.
ჰაიდეგერი ამბობს,
რომ აზროვნებაზე უარის თქმა (აზროვნებას შრომა და იძულება უნდა, ეს თავისთავად არ ხდება)
პირდაპირ კავშირშია ღმერთის სიკვდილთან. არიან ადამიანები რომლებიც წლებია ცხოვრობენ
„ქრისტიანულად“ მაგრამ აზროვნებენ არაქრისტიანულად. მაგალითად, ჰგონიათ რომ ადამიანის
აღდგომა არაქრისტიანულია; რომ მთავარანგელოზობას ჯოჯოხეთიდან ცოდვილები ამოყავთ ანგელოზებს,
რომ კვირას მუშაობა არ შეიძლება; ადამიანი მადლით ღმერთი რომ უნდა გახდეს მკრეხელობაა;
პატრიარქებიც რომ ცდებიან და არც თუ ისე იშვიათად სიცრუეა (მაგალითად კონსტანტინეპოლის
არაერთი პატრიარქი იყო ერესიარქი)... ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება...
„ამიტომ შეშლილ ადამიანს არაფერი აქვს საერთო მოედანზე
უსაქმურად მოყიალე აბეზარების მანერებთან, „რომლებსაც არ სწამთ ღმერთის“. რადგან ისინი
არა იმიტომ არიან ურწმუნონი, რომ ღმერთი, როგორც ღმერთი, მათთვის საეჭვო გახდა, არამედ
რადგან თვითონ მათ რწმენის შესაძლებლობაზე თქვეს უარი, იმ ზომით, რომ მათ მეტად აღარ
შეუძლიათ ეძიონ ღმერთი, რადგან თავი დაანებეს
აზროვნებას, იგი შეცვალეს ლაყბობით ...“
p.S. ჰაიდეგერის ამ
შრომისა და დოსტოევსკის იდიოტის პარალელურად წაკითხვა ბევრად საინტერესოა, რადგან ლევ
ნიკალაევიჩ მიშკინი და შეშლილი ადამიანი ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.