„ჭეშმარიტი ხელოვნება არის ჯანყი, ამბოხი არსებულისადმი“
ბორის გროისი
დიდი ქართველი
მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ილიკო სუხიშვილის „მოგონებები“ მრავალმხრივ საყურადღებო
წიგნია. ავტორი ცოცხალი ენით გვიხატავს „სუხიშვილების“ დაბადებას, ქართული ხალხური
ცეკვის მოდერნიზაციას, საბჭოთა ცენზურის გავლენას კულტურაზე, შეხვედრებს ცნობილ პოლიტიკოსებთან
და ხელოვანებთან.
„მკითხველთა ახალი
თაობისათვის მნიშვნელოვანი იქნება იმის გაგება,
თუ რატომ აღმოჩნდა კულტურა ერთადერთი სფერო, სადაც კიდევ შესაძლებელი იყო ეროვნული
შემოქმედებითი პოტენციალის აკუმულირება, განვითარება
და მსოფლიოსათვის იმის შეტყობინება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვარსებობთ, გვაქვს საკუთარი
ენა, ტრადიციები, ფასეულობები და ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა საკაცობრიო მასშტაბის შედევრების
შექმნისა“ (ა. ჭაბაშვილი).
ტექსტი გამოსაცემად
კოტე ჯანდიერმა მოამზადა, ხოლო რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი ანა ჭაბაშვილია
წინამდებარე ტექსტი
„მოგონებების“ იმ პასაჟებს ეხება, სადაც ილიკო სუხიშვილი ქართული ცეკვის განახლებასა
და ახალი ცეკვების შექმნაზე საუბრობს.
1928 წელს, თბილისში
ავღანეთის მეფე და დედოფალი ჩამოსულან. საქართველოს საბჭოთა მთავრობას სტუმრების საპატივცემლოდ
დარბაზობა და მეჯლისი გაუმართავს. ილიკო სუხიშვილი ფილმ „ელისოს“ გადასაღები მოედნიდან
წაუყვანიათ - სტუმრებისთვის დუდუკების თანხლებით „ქართული“ უნდა ეცეკვა.
„მეჯლისზე მისულმა
ვნახე, რომ იქ უკვე გახურებული ქეიფი იყო. ქართული მეჯლისი მაშინ არ ჰგავდა დიპლომატიურ
დარბაზობას. მივხვდი, ზედმეტად აკადემიური ან ნაღდი ხალხური ცეკვა აქ ნაკლებად ივარგებდა. ამიტომ, „მთიულურის“
მოტივებზე აგებული და ჩემებური ილეთებით
გამდიდრებული ქორეოგრაფიული ნომერი შევასრულე.
ეს იყო ხალხური ცეკვის საესტრადო სცენაზე გადატანის პირველი ცდა“.
მოყვანილი ნაწყვეტიდან
ნათლად ჩანს, რომ ილიკოს „წმინდა“ ქართული ცეკვა კი არ შეუსრულებია, არამედ ის მისეული
ილეთებით გაუმდიდრებია. ეს იდეა ძალზედ მოსწონებიათ ილიკოს და ნინოს (რამიშვილი) და
ამის შემდეგ მრავალი ქორეოგრაფიული ნომერი შეუსრულებიათ ხალხურ ცეკვაზე დაყრდნობით.
ილიკო სუხიშვილი
და ნინო რამიშვილი ქართული კულტურის წიაღში იღწვოდნენ და ქმნიდნენ უკვდავ ღირებულებებს.
მათ, ახალი სიცოცხლე შთაბერეს ქართულ ხალხურ ცეკვას და იმპროვიზებული ნომრებით წარსდგნენ
მაყურებლის წინაშე - „მეც და მოისეევიც ახალ ქორეოგრაფიულ ენას ვეძებდით. მაგრამ საცეკვაო
ხელოვნებაში ჩვენთვის მთავარი იყო, არის და დარჩება ეროვნული ნიადაგი. ჩვენთან ერთად
ამ პრინციპს ნინოც იზიარებდა“.
1942 წელს, თბილისში
შექმნილა ჯაზ-ორკესტრი, რომელთან ერთადაც ილიკო და ნინო ასრულებდნენ გაქართულებულ ლათინო-ამერიკულ
ცეკვებს.
„მე და ნინო ჯაზ-ორკესტრთან
ერთად გამოვდიოდით ესტრადაზე და ვასრულებდით „ქართულ“ ტანგოს და „ქართულ“ რუმბას, რომელიც
დადგა გამოჩენილმა ბალეტმაისტერმა ვახტანგ ჭაბუკიანმა“.
მაესტროს ერთი
აზრი არ ასვენებდა: დაეარსებინა სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი.
„მაგრამ მე არ
მასვენებდა საქართველოში ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლის შექმნის იდეა. ეს აზრი
იმ დღიდან მქონდა, რაც 1935 წელს ლონდონში მსოფლიო ფესტივალზე ყოფნისას ძალიან ბევრი
ანსამბლი ვნახე - რუმინეთის, ესპანეთის, ბულგარეთის და სხვ. მაშინ ვიფიქრე, თუკი ამ
სახელმწიფოებს თავიანთი ეროვნული ცეკვის ანსამბლები ჰყავთ, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია,
იგივე გავაკეთოთ, როდესაც ასეთი მდიდარი ქორეოგრაფიული ფოლკლორი გვაქვს. უკვე ცხადად
ვხედავდი ხალხური ცეკვებიდან ამოზრდილი, დახვეწილი ქორეოგრაფიული ნახაზის მქონე მინიატურებს,
ცალკეულ ილეთებს და მომავალი პროგრამის მთავარ კონტურებს“.
ქართული ცეკვების
მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მაესტროს მიერ არის შექმნილი. განსაკუთრებით საინტერესოა
„სამაიას“ შექმნის ისტორია. მოგონებების ამ ნაწილში ყველაზე კარგად ჩანს თუ რა დიდი
შრომა და სიყვარულია ჩადებული ლეგენდარული ანსამბლის რეპერტუარის შექმნაში.
„მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ
რამდენიმე ცეკვა თავიდან უნდა შეგვექმნა. ეს ცეკვები გახლდათ: „მხედრული“, „ყარაჩოხელი“,
„ჯეირანი“, „ხაბარდა“, „ლელო“, მასობრივი ფარიკაობა, რომელსაც საქართველოში მხოლოდ
ორი წყვილი ცეკვავდა, ჩვენთან კი 10 წყვილს უნდა შეესრულებინა. ამ ცეკვებს საქართველოში
არც ცეკვავდნენ, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობდა. ქართულ ფოლკლორზე დაყრდნობით,
საკუთარი ფანტაზიით ვქმნიდით ახალ ქორეოგრაფიულ სურათებს.
მახსოვს, პროგრამაში
რაიმე ქალთა ცეკვის შეტანა გახდა საჭირო, რათა მამაკაცებს კონცერტის დროს კოსტიუმების
გამოცვლა მოესწროთ. ბევრი ვიფიქრე და სვეტიცხოვლის ტაძრის ფრესკები გამახსენდა. მე,
ნინო და სოლიკო ვირსალაძე დილაადრიან მატარებელში ჩავსხედით და მცხეთაში გავემგზავრეთ.
სვეტიცხოველში რომ შევედით და ფრესკებს დავუკვირდით, ვნახეთ, რომ ერთგან სამი ერთად
მდგარი ქალია გამოსახული. მერე გამახსენდა დავიწყებული ცეკვის სახელწოდება - „სამაია“,
რომელიც ივანე ჯავახიშვილს აქვს ნახსენები, თუმცა როგორ ცეკვავდნენ, კაცმა არ იცოდა.
ვიფიქრე, იმ ფრესკების მიხედვით გამეკეთებინა პატარა ქორეოგრაფიული მინიატურა... თბილისში
დავბრუნდით და იმავე დღეს ზაქარია ფალიაშვილის
მუსიკაზე „აბესალომ და ეთერიდან“, სულ რაღაც ნახევარ საათში დავდგი ჩონჩხი. 2-3 დღეში
ცეკვა უკვე მზად იყო“.
წიგნი 1962 წლის
ერთ-ერთი საგასტროლო ტურნეს აღწერით მთავრდება - „ახლა, როცა ამდენი წელი გავიდა, ვფიქრობ,
რომ ჩემს ცხოვრებაში, ასევე, როგორც ჩვენი ანსამბლის თავგადასავალში, კაცმა ყველაფერი
შეიძლება დაინახოს: აღმაფრენაც და იმედგაცრუებაც, კატორღული შრომაც და ლხინიც... მაგრამ
ჩემთვის და ნინოსთვის ყოველთვის მთავარი თითონ ცეკვა იყო. ცეკვა კი სხვა არაფერია,
თუ არა მუსიკის რიტმში მოძრაობის თანდაყოლილი სურვილი, რომელიც ყველა ადამიანს აქვს.“
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.