08.04.2026

ყაჩაღობა ქვალონში

 სადგ. ქვალონი. 25 ნოემბერს ფოთის რკინის გზის მეორე ნაწილის უფროსმა ჯამაგირი დაურიგა ქვალონის სადგურის მუშებს. მორჩა თუ არა ჯამაგირის დარიგებას და მატარებელი დაიძრა, ამ დროს რვა შეიარაღებული კაცი გამოედევნა მატარებელს. მაგრამ ზედ შეხტომა ვეღარ მოასწრეს. დაბრუნდნენ უკან და საწყალ მუშებს დაუწყეს ჩხრეკა — ფულს ეძებდნენ. ამ დროს შეეტყოთ „სტრაჟნიკებს“, მოცვივდნენ და ავაზაკებიც მიიმალნენ ტყეში.

"ცნობის ფურცელი" N2698, 1904 წ.



ნინო ნორაკიძე

 ს. ქვალონი (სამეგრელო).

1898 წლის 21 იანვარს ს. ქვალონში უეცრად გარდაიცვალა თავისს სახლში ნინო ნორაკიძისა, ასული აზნაურის ჯოლიასი. ნინო ნორაკიძისა 58 წლის მანდილოსანი იყო და შეხედვით ჯერ მოხუცებულობა არც იმდენად ეტყობოდა. განსვენებული მეტად ღვთისმოყვარე რამ იყო: ქვალონის წმ. გიორგის ეკლესიის აშენებაზე დიდი შრომა მიუძღოდა. დაასაფლავეს 26 იანვარს, რაზედაც დიდძალი თავად-აზნაურობა და ხალხი დაესწრო.


"ცნობის ფურცელი" N448, 1898 წ.