17.05.2021

სოფელი ხიბულა პრესის ფურცლებზე

გთავაზობთ ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ (XIX საუკუნე და მეოცე საუკუნის 20-იან წლებამდე) მასალებს ხიბულის შესახებ.

ე. ზუგდიდის მაზრისა.

დადიანისა, კონსტანტინე ლევანის-ძის, გენერალ-მაიორის, უბრწყინვალესის თდისა: სოფელსა ხიბულას სახნავ-სათესი და ტყე, 2050 დესიატ. 1920 კვადრ. საჟ.

შენიშვნა: ქუთაისის საადგილმამულო ბანკში ყოფილა ჩადებული და ბანკმა გამოიტანა გასაყიდად.

„დროება“ N229, 1882 წელი

ზუგდიდის უეზდში - გამიჯვნა: აბასთუმნისა, ყულის-კარის, აბუჯა, ხიბულა, ზენი, ზანა, ხორში, ბია, ცაიში, დარჩენი, ახუთი, ნაჯიხევი, ხორგა და ხეთა.

„დროება“ N88, 1879 წელი

ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრის სოფელ ხიბულის მცხოვრებთ უთხოვნიათ კავკავის საიმპერატორო სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებისათვის კანაფის თესლი. მცხოვრებთ აზრად აქვთ დასთესონ კანაფი და სცადონ როგორ იხეირებს.

„ივერია“ N42, 1900 წელი

 

ს. ხიბულა (სამეგრელო): ამას წინად ჩვენს სოფელში ერთი სამწუხარო ამბავი მოხდა: ერთი ამ სოფლის მცხოვრები კაცი ცოფიანმა ძაღლმა დაჰკბინა. საწყალი რამდენისამე დღის შემდეგ გაცოფიანდა და დიდის ტანჯვით დალია სული. დარჩა საბრალოს ყოვლად უნუგეშოდ წვრილ-შვილი.

ნუ თუ მთელს სოფელში ისეთი კაცი არ მოიძებნება, რომ ამისთანა უბედურს სამკურნალოს გზა უჩვენოს?

„ივერია“ N186, 1893 წელი

 

სოფ. ხიბულა.

ქვრივ მატრონა ყუბაშვილს ამას წინად დაეცნენ და 70 მანეთი წაართვეს, თავდასხმელი ერთი აქაური მცხოვრებია.

„საქართველო“ N133, 1915 წელი

 

სად. ჩაქვა. 26 ნოემბერს, როდესაც საქონლის მატარებელი №417 სადგურში შედიოდა, ზუგდიდის მაზრის სოფელ ხიბულას მცხოვრები ლევან ნებია გადმოხტა და მარცხენა ფეხი ჩაუვარდა ვაგონებ ქვეშ. დაშავებული ბათუმის საავადმყოფოში გაგზავნეს. 

„ცნობის ფურცელი“ N2684, 1904 წელი

 

სოფელი ხიბულა. როგორც  გვატყობინებენ სოფელ ხიბულაში თავად დადიანის ოჯახში აღმოუჩენიათ ერთი შესანიშნავი ხელთნაწერი (კალოუბანში 1765 წელს გადაწერილი), რომელშიაც საბა-სულხან ორბელიანის იგავ-არაკებია მოცემულია. უმეტესი ნაწილი ხელთნაწერისა შეიცავს აგრეთვე ჯერეთ უცნობ ლექსებს ჩვენის ცნობილი მემატიანის პაპუნა ორბელიანისას, წიგნში მოქცეულია პაპუნასივე ჯერეთ უცნობი პოემა ლექსად, რომელშიაც აღწერილი ვახტანგ მეექვსის თავგადასავალი და ისტორიული გარემოებანი 1724-1725 წლებისა.

 „ივერია“ N110, 1901 წელი

 

   . ხიბულა  (ზუგდიდის მაზრა). ... არსებული ერთ-კლასიანი სახალხო სკოლის ორკლასიანათ გადაკეთების განაჩენი უკვე დიდი ხანია შეაყენეს; სამოსწალო უწყებამ შენობის ხარჯის 1/3-დის დაპირება უკვე მისცა.  მიუხედავად ზედმეტი სიღარიბისა აღმშენებელი კომისია უკვე აირჩიეს, მიანდვეს პლანის შედგენა-სმეტის შეყენება და მოსალოდნელ ხარჯების გაწერაც. უკანასკნელნიც მოქმედებას შეუდგნენ და საქმე მტკიცე ხასიათს ღებულობს.

  ... ამასთან უფრო საყურადღებოა ის გარემოება, რომ სოფლის გლეხობამ თავისით იგრძნო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს და საკვირაო შკოლების საჭიროება. პირველი როგორც მასაზრდოებელი იმ მოზარდ თაობისა, ვინც შკოლის გათავებისას უწიგნოთ რჩებოდნენ, ხოლო მეორე თვით მათ მოხუცებულობაში მყოფთა, რომელთ არ მისცემია საშვალება დროზე მიეღოთ საჭირო უბრალო ცოდნა მაინც; უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოსათვის მიმართეს ზუგდიდის . . . . .  საზ განყოფილების გამგეობას ნებართვის ასაღებათ და პასუხისმგებელ პირებად ადგილობრივი სასწავლებლის მასწავლებელნი და ორი ადგილობრივი მცხოვრებნი წარუდგინეს. სასურველია უფ. . . . საზ გამგეობა დაჩქარებით მიიღებდეს საჭირო ზომებს, რომ მოქმედება დროზე დაიწყოს...

ამგვარი გამოფხიზლება ხიბულის საზოგადოებისა მისაბაძი მაგალითი უნდა იქნეს სხვა სოფლებისათვისაც...

აზრი“ N39, 1914 წელი.

  ხიბულა. ჩვენ მისი (იგულისხმება აკაკი წერეთელი) კალმის გავლენით აღზრდილნი მუხლს ვიდრეკთ მისი ცხედრის წინაშე და ვიხდით პანაშვიდს.

 „ახალი აზრი“ N143, 1915 წელი.

 

შუამდგომლობა აღძრულია სამგან გაიხსნას უფასო წიგნთ საცავ-სამკითხველო. ერთი სოფელ ხიბულაში...

 ‘საქართველო“ 1916 წელი

 

პროვინციაში

ტელეგრაფ-ტელეფონის კავშირის მდგომარეობა ზუგდიდის მაზრაში.

დღიდან საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა, მაზრის რევკომი და მერე კი აღმასკომის მიერ იყო ყოველგვარი ზომები მიღებული ტელეფონ-ტელეგრაფის კავშირის საქმის გასაფართოვებლად ზუგდიდის მაზრაში.

ზუგდიდის მაზრაში, გარდა იმ 27 სოფლისა არის აგრეთვე მოზრდილი სოფლები, სადაც ტელეფონ ტელეგრაფით დამოკიდებულება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. მაგალითად: ახალი ხიბულა, ყულევი.

„კომუნისტი“ N209, 1922 წელი

 

როგორ ვასაღებთ აბრეშუმს

(დაბა ახალ-ხიბულა, სამეგრ.)

თუ არ მივიღებთ მხედველობაში ზოგიერთ შემთხვევას, აბრეშუმის პარკის მოსავალი ჩვენს მხარეში კარგი შეიქმნა. თუ გავლილ წლებში პარკის საფასურს თავის დროზე არ ვღებულობდით, დღეს ეს არ ითქმის, რადგან პარკის გაყიდვა და ნაღდი ფულის აღება ერთია.

ამხანაგობა „აბრეშუმმა“ მიანდო ახალ-ხიბულის რაიონში პარკის შესყიდვა ადგილობრივ კოოპერატივს. პარკის მიღება ხდება წესიერათ, მხოლოდ არ შეგვიძლია არ ავღნიშნოთ კოოპ. გამგეობის წევრი ბ. ღ-ს მეაბრეშუმეებისადმი არა შესაფერისათ მოპყრობა.

უკმეხი სიტყვების წამოსროლა, პრანჭვა-გრეხვა ქალებთან და თავის ამაღლება გლეხების წინაშე. ასეთი მოპყრობა და საქციელი საბჭოთა მოსამსახურეს არ შეშვენის.

„კომუნისტი“ N157, 1925 წელი











 


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.