06.04.2019

ეთნოგრაფიული მასალა - XIX საუკუნის ხობი
ნაწილი მეორე

1935 წელს, აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში (სოფელში), მათ შორის ხობის რაიონის სოფლებში შეიკრიბა ეთნოგრაფიული მასალა.
მოთხრობელი: ოლღა ძაგულის ასული კუტალია, 55 წლის სოფელი კორცხო, ხობის რაიონი
ქსოვა.
ქსოვილებს ვამზადებთ აბრეშუმის, მატყლისა და ბამბისაგან. აბრეშუმის პარკებიდან ძაფს მე თვითონ ვიღებ, ავადუღებ ქვაბით წყალს, ამ ადუღებულ წყალში ჩავყრი პარკს და გადავდგამ, მერე ვიღებ ფიცხს და ამით ვეძებ ძაფის თავებს, ჯერ ამოდის მსხვილი ძაფი, რომელსაც ნადუღარს ვეძახით (ნათავარს), ამ ძაფს ცალკე ვახვევ სამთითზე, ბოლოს მოდის ნაბოლარა ძაფი, ამასაც მესამე სამთითზე ვახვევ, ხანდახან ნადუღარს და ნაბოლარს ერთ სამთითზე ვახვევ,ამოღებულ ძაფს დავართავ ცალ-ცალკე, ასე ვამზადებ აბრეშუმის ძაფს საქსოვად.
ბამბა,ჩვენ თვითონ მოგვყავს, მოვკრეფ ბამბას გავშლით ჰაერზე ათ დღეს, რომ ნამმა დაჰკრას, ნამი ბამბას ათეთრებს, ამის შემდეგ ჩიჩიხით ამოვაცლით თესლს, დარჩეულ ბამბას დავწეწავთ და დავართავთ. ქსელისათვის ვართავთ უფრო წმინდა ძაფს, საქსოვად კი უფრო მსხვილს, საქსელო ძაფს ორშუალს ვეძახით, საქსოვს-კი ომოშირს.

მატყლს წინათ ვყიდულობდით მეჯოგეებისგან, ნაყიდ მატყლს გავრეცხავდით გავაშრობდით და დავწეწავდით,მერე საჩეჩელზე დავჩეჩავდით, საჩეჩელის  ნაწილებია კუჩხიში გილადგუმალი (ფეხის დასადგმელს) კიბირეფი (კბილები), მურგუტარი. საჩეჩელზე პირველად აღებული ძაფი ორშუალისათვის იყო დანარჩენი კი ომოშირისთვის, ასე ხდებოდა დახარისხება ჩეჩვის  დროს, მატყლს თითისტარზე დავართავდით, ორშუალისთვის ვართავდით უფრო წმინდა ძაფს, საქსოვისთვის კი უფრო მსხვილ ძაფს. თითისტარზე დახვეულ ძაფს, ამოვავლებდით ალში, რომ ბეწვები დასლოდა, ძაფს დავძახავდით მხოლოდ მაშინ, როდესაც სქელი ქსოვილი უნდა მოგვექსოვა.
როგორც ო.კუტალია გადმოგვცემს, აბრეშუმის მატყლისა და ბამბის ქსოვილების დამზადების ტექნიკა ერთნაირია, განსხვავება მხოლოდ ზინგშია, აბრეშუმის ქსოვილებისთვის ზინგი უფრო ხშირია მატყლს ქსოვილისთვის კი თხელი,ვიწყებთ ქსოვას (ასე) მიწაში წყვილ-წყვილად ჩავარჭობთ ოთხ ბარჯგს, (სარს) მანძილი ამ სარებს შორის  იმდენია, რა სიგრძისაც ქსოვილი გვინდა, ამ სარებზე გავჭიმავთ ძაფს შემდეგ ჯაჭვით ამოვიღებთ (დობციხუნთ) და დავამაგრებთ ზინგში ოთხი ძაფი ითვლება ერთ სათვალავად, თუ ავიღეთ ასი სათვალავი, გამოდის ერთი არსინი სიგანის ქსოვილი.
ზინგებში დამაგრების დროს, გავუყრით ორ თითს, და გამოვიღებთ ძაფს. მეორე კაცი ,რომელიც
გვეხმარება, გაჭრის ამ თავს. ზინგებში დამაგრებულ ძაფებს ჩავუყრით აბხაში  (სავარცხელში). მერე ვიღებთ, ათ-ათ სათვალავს, ვკრავთ და ამ შეკრულებში გავუყრით ჯოხს, ჯოხს მივამაგრებთ რულეს. რულე დაზგას მარქვს წინ ნაქსოვის დასახვევად.
ზევით დაზგაზე გადებულია ჯოხი, რომელზედაც თოკებით, ჩამოკიდებულია ზიგნები  და სავარცხელი.
ქსელის მეორე ბოლო დამაგრებულია ხინტკირზე. საქსოვი ძაფი დახვეულია მასრაზე, რომელიც მაქოში  დევს. ზინგების ასამოძრავებლად ორი თოკია. როდესაც ფეხს დავაჭერთ მარცხენა თოკს, ზინგი დაიწევა და მასთან ერთად {დაიწევა} ერთი წყება ძაფებისა , მეორე წყება კი აწეულია.
ამ დროს მაქოს მარცხნიდან მარჯვნივ და აბხათი დავტკეპნით.  შემდეგ (ფეხს) დავაჭერთ მარჯვენა თოკს. ახლა მეორე ზინგი დაიწევა და მასთან ერთად {დაიწევს} ძაფების მეორე წყება. ამ დროს მაქოს გავატარებთ მარჯვნიდან მარცხნივ და ისევ აბხათი დავტკეპნით. მზა ქსოვილს ვახვევთ რულეზე.
საორშუალო (დაზგა) შედგება 4 ბოძისაგან, რომელიც შეკრულია 4 დანით. დაზგას წინ გადებული აქვს  მრგვალი ჯოხი, რომელზედაც ეხვევა ქსოვილი. უკან გადებული აქვს ოკუდალე,რომელზედაც დამაგრებულია ქსელის ბოლოები.
 მთხრობელი: მინადორა გოგიას ასული ესებუა, 57 წლის, სოფელი ხობი
ჩვენ ვქსოვდით ბამბანარევ საჩოხეს, მატყლისგან - საღართე (საჩოხე) შალს და აბრეშუმისგან - დარაიას.
საჩოხე სალისთვის მატყლს ვახარისხებდით ჩეჩვის დროს, პირველად ამოღებული მატყლისაგან ვამზადებდით ძაფს ქსელისათვის, დანარჩენი მატყლისაგან კი საქსოვ ძაფს, ორშუალო (ქსელის) ძაფი უნდა იყოს კუმოხილი (მაგრად დართული). ომოშირი (საქსოვი) ძაფი უნდა იყოს ლექინ{ად} დართული, შველია თუხილი (სუსტად დართული).
საჩოხე სალისათვის კრავის მატყლს ვიღებდით. ძაფის დასამზადებლად გვჭირდებოდა ოფეთაში (საჩეჩელი), ჩერია (თითისტარი), წყურიში (თითისტარის თავი), ელართაშე (სამთითა) და ფირფიტა. საქსოვად გვჭირდებოდა საორშუალო, ზინგი, აბხა, სარსიოლი, მარქვი (მაქო) და მარსა (მასრა).
 დავდგამდით საორშუალოს, ჩავუყრიდით ზინგის თითო თვალში ძილა (წყვილ) ძაფს. შეიძლებოდა კაკა (თითო) ძაფის გაყრაც. მაშინ ქსოვილი უფრო თხელი გამოდიოდა. ძაფებს შემდეგ სავარცხელში გავუყრიდით. ზინგს და სავარცხელს ცამოვკიდებდით საორშუალოზე. მარსაზე (მასრაზე) სარსიოლის საშუალებით დავახვევდით ძაფს და ჩავდებდით მაქოში. ამის შემდეგ ვიწყებდით ქსოვას.
 ქსოვილებს ვამზადებდით სადას და სახიანსაც. სახეები შემდეგი იყო: კუბოს, ზოლებიანი, მარგალიტური და ჭინური. როდესაც გვინდოდა ზოლებიანი ქსოვილის დამზადება, ზოგ ძაფს წინდაწინვე ვღებავდით. ქსელის გაბმის დროს იმდენ სათვალ ფერად ძაფს გავაბამდით, რა სიფართისაც ზოლი გვინდოდა კუბოს სახე, ვიღებდით რამდენიმე მაქოს სხვადასხვაფერი ძაფებით. ქსოვის დროს მაქოებს ვცვლიდით. ჭანური სახის გამოსაყვანად იქსოვებოდა ორი სათვალი თეთრი ძაფი, მერე - ორი სათვალი შავი ძაფი, კიდევ - ორი სათვალი თეთრი ძაფი და ა. შ. მერე ვქსოვდით თეთრ{ი} ძაფით.
მთხრობელი: შაშნიკა ალექსანდრეს ასული დემანია, 58 წლის, სოფელი ხობი.
ვქსოვდით ბამბის, მატყლის, აბრეშუმისა და სელისგან. ბამბა, სელი და აბრეშუმი ჩვენ თვითონ მოგვყავდა, მატყლი ქალაქიდან მოგვქონდა. ყიდვის დროს ვარჩევდით წვრილბეყვა მატყლს, გრძელბეწვა დასართავად არ ვარგა. საჩეჩელზე ვახარისხებდით მატყლს.
დარაია იქსოვებოდა აბრეშუმისგან, საჩოხე შალი - მატყლისგან. მატყლგარეული აბრეშუმისგან ვქსოვდით ყაბალახს და საზაფხულო საჩოხეს. სუსგან ვქსოვდით კორჩას.
ქსოვისათვის საჭირო იყო საორშუალო, ზინგი, სავარცხელი, მარქვი (მაქო), სარსიოლი, მარსა (მასრა). სარსიოლოს ანუ ფარფალიას  საშუალებით ვახვევდით მასრაზე ძაფს. სარსიოლს ჰქონდა პეპელას სახე, ამიტომაც ვეძახდით ფარფალიას.

საქსოვი დაზგა
მოუხარშავი აბრეშუმის ძაფს დავქსელავდით (მოუხარშავ ძაფს ვეძახდით ურცხულ ძაფს). სუს ჯერ გავახამებდით მოხარშული მარცვლებით. გახამებულს დავწნავდით. ჩავუყრიდით  ორ ზინგში და აბხაში. ჩამოვიდებდით თოკით საორშუალოზე. ქვევით იყო ჩამოკიდებული ჯოხი რომელსაც საფეხეშს ვეძახდით. ზინგში და აბხაში გაყრილ ძაფებს ლურეზე ვამაგრებდით. ქსოვის დროს ერთი ზინგი ზევით აიწეოდა, მეორე ქვევითდაიწეოდა. ძაფები აღებენ პორს და შიგ მაქო გადიოდა. რომაგულ ნაქსოვებს სჭირდებოდა დაგრეხილი ძაფი.
ჭილოფის ქსოვა
მთხრობელი: ნატალია სვიმონის ასული კვირკველია, 65 წლის, სოფელი გვიმარონი.
მასალა მოგვაქვს ჭაობიანი ადგილებიდან. ჭილს ვგლეჯთ ხელით, მოგვაქვს სახლში და ვყრით მზეზე. მზეზე გამოშრება და გათეთრდება. გამოშრობას სჭირდება თხუთმეტი დღე.
სამუშაოდ გვჭირდება ორცხონჯი (სავარცხელი). ორცხონჯი წარმოადგენს ლატანს, რომელსაც სიგრძე არშინ-ნახევარი აქვს და განი ორი ვერშოკი. ლატანში ამომწვარია თვლები. ამ იარაღს ვხმარობთ ჭილოფის განის გასასწორებლად. ქსოვის დროს ნაქსოვი იწელება და, როდესაც ორცხონჯს ჩამოვწევთ, სწორდება.
ჯერ დავაბამთ ქსელს დაგრეხილი სუს (სელის) ძაფისას. ქსელში მოვაქცევთ ორცხონჯს ისე, რომ მის თითო თვალში გადიოდეს თითო ძაფი. ქსელს ასე ვაბამთ: ზევით დამაგრებულია ორი ჯოხი, ქვევითაც დამაგრებულია ჯოხი, რომელზედაც რიგზე დაჭედილია კურსმნები. ზევითა ორ ჯოხზე გადაგდებულია ქსელის ძაფი, ქვევით კი ძაფი ლურსმნებზეა მოდებული. შემდეგ ვიღებთ რამდენიმე ჭილს და ვიწყებთ ქსოვას. ამ ჭილს ვუყრით ძაფგამოშვებით. როდესაც ერთ წყებას გავივლით, ჩამოვწევთ ორცხონჯს, რომელიც მას ამჭიდროვებს და განსაც ასწორებს. როდესაც ქსოვას დავამთავრებთ, გავუმაგრებთ თავებს და ვჭრით დარჩენილ წვერებს.
ჩვენთან ჭილოფის დამზადებას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჭილოფებს ბევრს ვქსოვდით, რადგანაც დაფნის გადასაგზავნად ვხმარობდით. ჭილოფებს შევკერავდით ტომარასავით , ჩავყრიდით შიგ დაფნას, შევკრავდით და ისე ვგზავნიდით.
კალათისათვის ვქსოვთ პატარა, ვიწრო განის ჭილოფებს. მას ორად მოვკეცავთ, გავუკეთებთ თავებს და დავამაგრებთ დაგრეხილ სახელურს.

წყარო: მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისთვის, ტომი მეორე, 1981 წელი.





Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.