14.12.2023

საინტერესო ცნობები სოფელ ხეთის თეატრის ისტორიიდან

საინტერესო ცნობები სოფელ ხეთის თეატრის ისტორიიდან

სოფელ ხეთაში თეატრალური წარმოდგენები 1895 წლიდან იმართებოდა.  



1919 წლის 10 აგვისტოს ხეთაში, ცნობილი საზოგადო მოღვაწის ვლადიმერ ნაჭყებიას თაოსნობით ჩამოყალიბდა ხეთის სცენის მოყვარეთა დასი.

პირველი წარმოდგენა გაიმართა თ. კობახიძის სახლში. დაიდგა რაფიელ ერისთავის „ძუნწი“. წარმოდგენას დაესწრო 30-40 კაცი.
სოფელ ხეთაში 1919 წლის 21 ნოემბერს ადგილობრივ სცენის მოყვარეთა მიერ წარმოდგენილ იქნა დრამატული პიესა ვ. გუნიასი „და-ძმა“ ვლადიმერ ნაჭყებიას თაოსნობით. წარმოდგენა გამართული იყო ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებას“ სასარგებლოდ, რომელზედაც იყო მოწვეული ხსენებული ჟურნალის რედაქტორი იოსებ იმედაშვილი, რომლის ჩამოსვლას დიდი აღტაცებით შეხვდნენ სცენის მოყვარენი.
ს. ხეთა (ზუგდიდის მაზრა)
ხეთაში დიდი ხნიდან არსებობს დრამატიული წრე, რომელიც დღეს იწოდება კულტურული წრის სექციად. ხსენებულ სექციაში შედიან პროვინციის კვალობაზე თვალსაჩინო ამხანაგები, რომლებიც მტკიცედ ემსახურებიან სცენას, არამგონია პროვინციის რომელიმე თემში იყოს სცენის საკითხი დაყენებული ისეთ სიმაღლეზე, როგორზედაც არის ეს აქ. წარმოდგენები იმართება საქველმოქმედო მიზნით თითქმის ყოველ კვირა და ხალხიც ბლომად ესწრება, ხოლო სამწუხარო ის არის, რომ სექციას არა აქვს საკუთარი სცენა და ასეთი დროებით მოთავსებულია ტეხნიკუმის დარბაზში, სადაც ამ უკანასკნელად, გამგის მიერ მიღებულ განათლების კომისარიატის ცირკულიარული მოწერილობის თანახმად, ნებას არ იძლევიან წარმოდგენების მართვისას. ადგილობრივ აღმასკომს სამხედრო უწყებამ დაუტოვა ვეებერთელა ფარდული თეატრისათვის,რომელიც 1921 წლის უკანასკნელ თვეებში, იმ დროს აღმასკომის თავმჯდომარე, ხოლო დღეს კი განსვენებული ვასილი ბუკიამ შემოჭედა ირგვლივ და სცდილობდა ასეთი დანიშნულებისათვის დაჩქარებით მოთავსებას, მაგრამ დაუნდობელმა სიკვდილმა არ დააცალა და დაწყებუილი საქმე შუა გზაზე მირჩა.
დღეს სექციის სიხარულს საზღვარი არა აქვს, როდესაც ის აღმასკომის სათავეში ხედავს ამხანაგ ლევან გოგიას, იმ ლევანს, რომელსაც საქმე უყვარს და დუქნებში ქეიფობა არ სჩვევია, სწორედ იმ ლევანს რომელმაც ერთი თვის სამსახურით თემს დააჩინა მუშაობის კვალი და სექციას ამის შემდეგ თამამად შეუძლია იფიქროს, რომ ლევანი თეატრს არ დაივიწყებს და შესძლებს დააგვირგვინოს განსვენებულ ამხანაგ ბუკიას მიერ დაწყებული კეთილი საქმე.
„კომუნისტი“ N47, 1923 წ.
ხეთის თეატრის შესახებ ვრცელი მასალა იხილეთ ბმულზე: https://gnostikosi.blogspot.com/2020/02/blog-post_22.html

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.