14.12.2023

დ. ხობი (სამეგრელო) - ექიმობა სოფლად

 დ. ხობი (სამეგრელო) ექიმობა სოფლად.

„ცნობის ფურცელი“ 1898 წ.
ხობის გარშემო სოფლებში ძლიერ გავრცელებულია ცრუ მორწმუნეობა. უბრალო რამ სენით რომ გახდეს ადამიანი ავად, ავადმყოფის ჭირისუფალმა იმის მაგიერ, რომ ფერშალს და აფთიაქს მიმართოს, იგი მიდის თუ სადმე მკითხავი (მარჩიელი) ეგულება და თითო-ოროლა აბაზები უნდა შესწიროს სამკითხავო (თუ განთქმული მკითავი არის, მანეთსაც იღებს). მკითხავის დარიგებას და მისგან მიცემულ სხვადასხვა ქვებით და წითელი მიწით წყალში გალესილ წამალს უყურებს სამი-ოთხი და მანამდის ავადმყოფს უწამლოდ სენი თანდათან უძნელდება და გადადის სხვა-და-სხვა ავადმყოფობაზე.
მერმე მიმართავს ყვავილის-ამცრელს, რომელსაც ყვავილის-აცრის მეტი არა გაეგება რამ. (ისინი-კი იმას გაიძახიან უსწავლელ ხალხში-ყველაფერი სენით წამლობა ვიცითო) მათგანაც რომ კმაყოფილებას ვერ მიიღებს გაჭირვებულ ავადმყოფის პატრონი, მერმე მიმართავს ფერშალს და აფთექას, მაგრამ გვიანღა არის მაშინ ავადმყოფის განკურნვა სენისაგან. ჯერ ერთი-რაც ებადა ღარიბ გლეხს გაჭირვების დღისათვის, ის მკითხავებმა და ყვავილის-ამცრელებმა გამოცინცლეს ხელიდან და ან ფერშალი რით გაისტუმროს და ან წამალი რით იყიდოს? მეორე-მათს ყურებაში ავადმყოფს ყოველივე ორგანო უფუჭდება, დამწვარი ხდება სიცხისაგან და აბა ექიმი და წამლობა რაღას უშველის მაშინ?
ახლად დანიშნულმა რედუტ-კალის ნაწილის ბოქაულმა ბ-ნმა მ. ავალიანმა, რომ შეიტყო ამნაირი გარემოება, რომელიც მეტის-მეტად სჩაგრავდა ისედაც გაღატაკებულ ხალხს, მაშინვე დაიბარა ყველა საზოგადოების მამასახლისები და გამოუცხადა, რომ აღუკრძალონ იმისთანა მატყუარა მკითხავ ექიმბაშებს წამლობა და თუ არ დაუშლიათ, წარმოედგინათ მისთვის. დიდი მადლობისა და ქების ღირსია ბ-ნი ავალიანი, რომ ყოველივე გარემოებას ყურადღებას აქცევს და ხალხს სწორე გზას უჩვენებს. იმედია, ჩვენი სულიერი მამები მიბაძავენ ბ-ნ ავალიანს და თავიანთ სამრევლოში უქადაგებენ ხალხს და მით შთააგონებენ, თუ რა ზიანი მოაქვთ მათთვის მკითხავ-ექიმბაშებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.