14.12.2023

ვგუსტ ჰაქსტჰაუზენის ცნობები რედუტ-კალეს შესახებ

 გერმანელი მოგზაურისა და მეცნიერის, ავგუსტ ჰაქსტჰაუზენის ცნობები რედუტ-კალეს შესახებ

4 აგვისტოს ჩვენ დავდექით რეიდზე რედუტ-კალესთან. მშვენიერმა ამინდმა ხელი შეგვიწყო მოგზაურობაში. ზღვა წყნარი იყო; ჩვენ გემს ირგვლივ დელფინები ეთამაშებოდნენ; ნაპირი, რომლიდანაც 400-600 ნაბიჯის დაშორებით მივცურავდით, თვალწარმტაც სანახაობას წარმოადგენდა. ბევრჯერ დავინახეთ სანაპიროს გასწვრივ გზებზე ან მთებზე მიმავალი თითო-ოროლა ჩერქეზი მთელი თავისი გარეგნული ბრწყინვალებით (ლამაზად ჩაცმული) ცხენზე ამხედრებული. ბოლო ორ საღამოს გვესმოდა ტურების კივილი, რაც ძალზე წააგავს ბავშვის ტირილს.

რედუტ-კალეს საკმაოდ კარგ ნავსადგურში ჩვენ გადმოვედით ხმელეთზე. ადგილის სანახაობა ძალზე თავისებურია. ის მდებარეობს სანაოსნოდ გამოყენებული მდინარე ხოფის ნაპირზე, შესართავთან. სახლების ერთი წყება თავისი უკანა მხარით დგას წყალში ჩასმულ ბოძებზე და მიცურვა შეიძლება ხის აივნებამდე, რომლებიც ამ მხარეზე სახლების გაყოლებაზეა ჩამწკრივებული. სახლებს შორის ხშირია ხეები და ბუჩქები; ადგილის გარეგნული სახე ქმნის ჰოლანდიური სოფლის შთაბეჭდილებას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შიგნით აკლია ამ უკანასკნელთა დამახასიათებელი მოხდენილობა და სისუფთავე.
მეორე დღეს განვაგრძეთ ცურვა რიონზე და სადილობისას პატარა სოფელთან გადმოვედით ნაპირზე. ღარიბმა მცხოვრებლებმა ყველაფერი მოგვიტანეს, რაც ჰქონდათ და მადლიერებით მიიღეს ჩვენგან საფასი; ჩვენ დავანთეთ ცეცხლი და თვითონ მოვამზადეთ საჭმელი, მეზობელი კოშკიდან მოგვესმა საყვირის ხმები. გვითხრეს, რომ ამ სიგნალებით (შვეიცარულის მსგავსია) ხალხს უხმობენ ღვთისმსახურებაზე. ომიანობის დროს ესაა ნიშანი, რათა ყველა მცხოვრები შეიკრიბოს სასაფლაოზე, რომელიც გარშემორტყმულია ქვის კედლით, სადაც, ჩვეულებრივ, შეუპოვრად და გულადად იცავენ თავს. აქ ჩვენ დავემშვიდობეთ თავად გრიგოლს და გვიან საღამოს ჩავედით მცირე სიმაგრე ფოთში. ჩვენ არ მოვისურვეთ ბინის მოძებნა და ზაფხულის მშვენიერი ღამე გავატარეთ ნავზე; მეორე დილით ცხენებით გავიარეთ 15 ვერსი ზღვის ნაპირით რედუტ-კალემდე .
რედუტ-კალესა და ფოთში სახლები ნაგებია ერთმანეთზე დაწყობილი ძელებით. მოკლე ხანში ზე, თუნდაც მუხა, ლპება თბილი სინესტისგან; ხის მღრღნელი ხოჭო საოცრად მრავლდება და ღამით მათი ხმა ისმის როგორც შორიდან ჩაქუჩის ცემა. უძლებს მხოლოდ წაბლის ხე.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.