10.11.2022

ხობის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და განვითარების გენერალური გეგმის მასალები

  1981 წლის აგვისტოში, ქალაქ ხობში შედგა ხობის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და განვითარების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა. გენერალური გეგმა მომზადდა „სახმშენის“ მიერ.  განხილვაში მონაწილეობდნენ „სახმშენის“ უფროსი გ. მირიანაშვილი, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამმართველოს უფროსი ი. ციციშვილი„სახმშენის“ მთავარი არქიტექტორი ნ. მიქაძე,  განაშენიანების პროექტის ავტორი, „სახმშენის“ საპროექტო ინსტიტუტის არქიტექტორი დ. დონჯაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები.

გენერალური გეგმის შედგენისას გათვალისწინებულ იქნა ის მთავარი მომენტები, რომ ხობის ცენტრში გადის სახელმწიფო-საავტომობილო გზა და საკავშირო მნიშვნელობის რკინიგზა, დაბის ცენტრში არსებული სატრანსპორტო ქსელი, საინჟინრო, ენერგეტიკული აღჭურვილობა და მათი გათვალისწინებით რაიონული ცენტრის საპროექტო ტერიტორია დაყოფილ იქნა შემდეგ ზონებად:

დასახლების ზონა, რომელიც მოიცავს როგორც ამჟამად არსებულს, ისე პროექტით გათვალისწინებულ საცხოვრებელი შენობების განაშენიანების ტერიტორიას ადმინისტრაციული კულტურულ-საყოფაცხოვრებო ცენტრს, სატრანსპორტო-საავტომობილო კვანძს, საქალაქო პარკს, აგრეთვე ამჟამად არსებულ საწარმოდ. დანიშნულების ნაგებობებს, რომლებიც ჩართულია დასახლების ზონაში, გეგმა ითვალისწინებს ამ საწარმოთა პირველ ზონაში შენარჩუნებას იმის გამო, რომ თავისი ხასიათით ისინი ხელს არ უშლიან ფუნქციონირებდნენ საცხოვრებელ ზონაში.

რაიონული ცენტრის საპროექტო ტერიტორიის მე-2 ზონაა სამრეწველო ობიექტების განაშენიანების ზონა, რომელიც განთავსებულია ქალაქის სამხრეთ ნაწილში.

ეს ტერიტორია მდებარეობს  ნოჯიხევის უბანში, ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზის გასწვრივ, მდინარე ხობის წყლის მარცხენა სანაპიროზე გურიფულის მიმართულებით. გენერალური გეგმით გათვალისწინებულია როგორც არსებული სამრეწველო და სამშენებლო ობიექტების შენარჩუნება-გაფართოება, ისე ახალი ობიექტების მშენებლობანი.

ქალაქი 1985-2000 წლებში

1985-1990 წლებისთვის გათვალისწინებულია გაშენდეს ახალი განსაზოგადოებული საცხოვრებელი მასივები 3-4 სართულიანი სახლებით, რადგან არქიტექტურული თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი 2 სართულიანი საცხოვრებელი სახლების გვერდით 9-10 სართულიანი სახლების წამოჭიმვა. ქუჩების დასახლებისაგან და ცენტრალური ქუჩების ტრანსპორტით ინტენსიური მოძრაობისაგან განტვირთვის მიზნით განხორციელდება სახელმწიფო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის გადატანა ქალაქის სამხრეთ ნაწილში. შემოვლითი ახალი ავტომაგისტრალი შეადგენს 7 კილომეტრიან რკალს, რომელიც დაიწყება ნოჯიხევის N30 პროფტექნიკური სასწავლებლის ტერიტორიაზე, გაუხვევს სამხრეთისკენ, ირგვლივ შემოუვლის და ჩრდილოეთით დატოვებს მეცხოველეობის სანაშენო გაერთიანების ტერიტორიას, გადაკვეთს მე-2 გურიფულის დასახლებას, სამხრეთიდან შემოუვლის საბჭოთა მეურნეობა „კოლხეთის“ ცენტრს და სოფელ პირველი მაისის აღმოსავლეთ საზღვართან შეუერთდება ცენტრალურ ტრასას. შემოვლითი გზა გაატარებს სატრანზიტო, სატვირთო და სატრანსპორტო ნაკადს და ტრასაზე მიმავალი ტრანსპორტი ჰაერის გამონაბოლქვით არ გააჭუჭყიანებს ქალაქის ცენტრს. ამასთან შემოვლით გზის გასწვრივ გაშენდება განსაზოგადოებული ახალი საცხოვრებელი მასივები და ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინები.

1985 წლამდე ნოჯიხევის მიკროუბანში გაშენდება განსაზოგადოებული საცხოვრებელი კვარტალი 1100 მცხოვრებისათვის, 1990 წლისთვის მცხოვრებთა რაოდენობა ახალ განსაზოგადოებულ სახლებში გაიზრდება 2700 სულამდე, აქვე გაშენდება სკოლა 440 მოსწავლეზე, საბავშვო ბაგა-ბაღი 140 ბავშვზე, გაშენდება სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, N1 ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე გაშენდება 200 ადგილიანი საუწყებო საცხოვრებელი ბინები.

1985-1990 წლებისათვის განსაზოგადოებელი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გათვალისწინებულია ქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც დაიკავებს 31 ჰექტარ ფართობს. ცენტრში გათვალისწინებულია საზოგადოებრივ-ადმინისტრაციული კომპლექსის და სავაჭრო-საყოფაცხოვრებო ცენტრის მშენებლობა და არსებულის რეკონსტრუქცია. ქალაქის სამედიცინო დაწესებულებათა კომპლექსის მშენებლობა (რაიონული საავადმყოფოს მშენებარე ობიექტის ჩაუთვლელად) და ამჟამად არსებულის მთლიანი რეკონსტრუქცია.

შეიქმნა ორი სატრანსპორტო კვანძი, რომელთაგან ერთი ჩამოყალიბდება ქალაქის ცენტრში, ხოლო მეორე ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ ხობის ტერიტორიაზე, იგი მიიღებს როგორც სარკინიგზო ისე საავტომობილო ტრანსპორტს. სარკინიგზო კვანძის ირგვლივ გაშენდება სავაჭრო-საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ამავე კვანძში გათვალისწინებულია საკოლმეურნეო ბაზრის მშენებლობა, ბაზარში როგორც სარკინიგზო ტრანსპორტით, ასევე საავტომობილო ტრანსპორტით ჩამოსულ გამყიდველს და მყიდველს შეექმნება ვაჭრობისათვის ხელსაყრელი პირობა. განვითარდება შემხვედრი ვაჭრობა, რათა კოლმეურნეს ზედმეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გაყიდვის შემდეგ შესაძლებლობა მიეცეს იქვე შეიძინოს მისთვის სასურველი სამრეწველო საქონელი თუ სასურველი პროდუქტი.

ქალაქის ცენტრში შექმნილი სატრანსპორტო კვანძი გაიყოფა ორ ნაწილად - საქალაქო და რაიონულ მაგისტრალებად. საქალაქო მაგისტრალის არასატრანსპორტო საშუალება ქალაქის მოსახლეობას გადაიყვანს სამრეწველო ობიექტამდე, წარმოება-დაწესებულებებამდე და სარკინიგზო კვანძამდე, ხოლო რაიონული მაგისტრალი, საქალაქო მაგისტრალთან ერთად უზრუნველყოფს რეგულარული სამგზავრო მარშრუტებით მგზავრთა გადაყვანას სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში.

 

ქალაქი მწვანეში

განაშენიანების გეგმით დიდი ყურადღება ეთმობა  „მწვანე არქიტექტურას“. 63 ჰექტარ ფართობს დაიკავებს ტყე-პარკი, რომლის მშენებლობა დაიწყება ხობის მონასტრის და ურთის მთის ტერიტორიიდან, გაგრძელდება მდინარე ხობის წყლის ორივე სანაპიროს გასწვრივ საავტომობილო ტრანსპორტის ხიდამდე, მწვანე ზოლი იქნება ქალაქის მოსახლეობის ძირითადი დასასვენებელი ადგილი. საქალაქო პარკში გაივლის ქვეითად სასიარულო გზა, რომელიც ქალაქს დააკავშირებს სარკინიგზო კვანძიან და ნოჯიხევის საცხოვრებელ მასივთან. ამავე გზით შეიძლება აგრეთვე ხობის მონასტრისაკენ გასეირნება. პარკში გათვალისწინებულია გაშენდეს რაიონის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ეროვნული კერძების დამამზადებელი საზკვების ობიექტი და სხვა. ტყე-პარკი,მეტ შნოსა და ლაზათს მისცემს ქალაქის ტერიტორიას, უფრო გააგრილებს. ხობის წყლიდან მონაბერ ნიავს,იგი კულტურული დასვენების ობიექტთან ერთად გადაიქცევა მშრომელთა ჯანმრთელობის დაცვის  მძლავრ  საშუალებად. უკვე დაიწყო და მიმდინარეობს მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელიც დააჩქარებს გაამწვანების სამუშაოებსაც, ქალაქის ტყე-პარკთან იქნება დაკავშირებული აგრეთვე ხანმოკლე დასვენების   მწვანე ზოლი, რომელიც გაიშლება  ურთის და ბიის ქედების კალთებზე, მართლაც თვალწარმტაცი სანახაობა გადაიშლება სულ რაღაც ათიოდე წლის მანძილზე მნახველის წინაშე, როცა იგი ჭიხუს პლატოდან ან სხვა სიმაღლიდან გადმოხედავს მწვანეში ჩაფლულ ქალაქ ხობსა და  მის შემოგარენს.

 

ქალაქის მრეწველობის მერმისი

სახმშენის“ ქალაქდაგეგმარების განყოფილების უფროსი კახა ჯავახიშვილი:

გენერალური გეგმის განსახილველად წარმოდგენამდე სკკპ ცენტრალურმა კომიტეტმა და მინისტრთა საბჭომ მიმდინარე წლის 18 ივნისს მიიღეს ერთობლივი დადგენილება, რომლითაც მომავალში იკრძალება მსხვილ ქალაქებში სამრეწველო  ობიექტების მშენებლობა. მომავალში მათი მშენებლობა უნდა განხორციელდეს საშუალო ზომის დასახლებულ პუნქტებში. ამ დადგენილების მოთხოვნათა გასატარებლად ქალაქ ხობის განაშენიანების გეგმაში ბევრი კორექტივების შეტანა არ დაგვჭირვებია, რადგანაც ხობი არ წარმოადგენს ისეთ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს, რომელსაც სამრეწველო ობიექტების მშენებლობანი ხელს შეუშლიდა, ამიტომ გეგმით გათვალისწინებული სამრეწველო ობიექტების მშენებლობანი პროექტში ისევ უცვლელად დარჩა.

საშენმასალათა მრეწველობის დარგში 1985 წლისთვის ნოჯიხევის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია გაშენდეს სადრენაჟო არხების გაყვანისთვის საჭირო კერამიკული მილების დასამზადებელი ქარხანა, სადაც 1985 წელს იმუშავებს 100 კაცი, ხოლო 2000 წლისთვის ქარხანაში მომუშავე პერსონალი 150კაცამდე გაიზრდება.

კვების მრეწველობის ხაზით ქალაქში შენდება ჩაის მეორე ფაბრიკა, რომლის სიმძლავრე 2000 წლისთვის მიაღწევს 1650 ტონას. ფაბრიკას მოემსახურება 60 სამრეწველო პერსონალი. ქალაქის მოსახლეობის  გამომცხვარი პურით და პურფუნთუშეულით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია ახალი პურკომბინატის მშენებლობა, რომლის დღიური წარმადობა 30-40 ტონამდე იქნება. ამჟამად ხობის საკონსერვო ქარხანა წლიურად უშვებს 5-6 მილიონ პირობით  ქილა კონსერვს, მისი გაფართოების შემდეგ 2000 წლისთვის ქარხნის წლიური სიმძლავრე 18 მილიონ ქილა კონსერვის გამოშვებაზეა დაგეგმილი.

საგრძნობლად გაიზრდება ლიმონათის ქარხნის სიმძლავრე დაამჟამად თუ წელიწადში უშვებს 89 ათას დეკალიტრ ლიმონათს, 2000 წლისთვის წლიურად გამოუშვებს 275 000 დეკალიტრ უალკოჰოლო სასმელებს.

მსუბუქი მრეწველობის დარგში გათვალისწინებულია ქალაქში გაშენდეს სამკერვალო ფაბრიკა, რომელიც საექსპლოატაციოდ გადაეცემა 1990 წელს. აქ დასაქმებული 320 პერსონალი წლიურად გამოუშვებს 18 მილიონი მანეთის სამრეწველო პროდუქციას, ხოლო 200 წლისთვის პროდუქციის გამოშვება  28 მილიონამდე გაიზრდება.

 

 

ქალაქის ტერიტორია, საზღვრები და მოსახლეობა

თუ ამჟამად ქალაქს უჭირავს სულ რაღაც 450 ჰექტარი ფართობი, 2000 წლისთვის იგი 1700 ჰექტარამდე გაიზრდება, აქედან ტყე-პარკი დაიკავებს 63 ჰექტარ ფართობს, კომუნალური-სასაწყობო ზონა ნოჯიხევის ტერიტორიაზე რკინიგზის გასწვრივ დაიკავებს 53.4 ჰექტარს, სამრეწველო ზონა პერსპექტივაში დაიკავებს 100 ჰექტარამდე ფართობს (სარეზერვო ტერიტორიის ჩათვლით). ამას გარდა ქალაქის საზღვრებში მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები 638.7 ჰექტარის რაოდენობით, დარჩება ქალაქის შემოგარენში არსებულ სოფლისმეურნეობრივ საწარმოთა გამგებლობაში.

თუ ამჟამად ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა განისაზღვრება 5000 მცხოვრებით 2000 წლისათვის ქალაქში მცხოვრებთა რაოდენობა გაიზრდება 8000 კაცამდე. აქედან 5350 კაცი იცხოვრებს განსაზოგადოებულ შენობებში, ხოლო 2650 კაცი კერძო საცხოვრებელ ბინებში.

 

საქალაქო მეურნეობის განვითარების პერსპექტივები

ქალაქის განაშენიანება ითვალისწინებს წყალმომარაგების, კანალიზაციის, ცენტრალური გათბობის, გზების კეთილმოწყობის და საქალაქო მეურნეობის სხვა ძირითადი საკითხების დადებითად გადაწყვეტას.

გენერალური გეგმის განხილვისას აღინიშნა რომ დიდძალი რეზერვების არსებობის გამო შედარებით ადვილად გადაწყდება ქალაქის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი, რადგან მდინარე ხობის წყლის ბასეინში ყველგან შეიძლება ჭაბურღილების მოწყობა და მისი დაქსელვა ქალაქის ნებისმიერ კვარტლამდე. პროექტით გათვალისწინებულია წყალმომარაგების ამჟამად არსებული სისტემის შენარჩუნება და მისი შემდგომი გაფართოება. ამჟამად ნოჯიხევის ქედზე მიმდინარეოს 1000 კუბური მეტრი ტევადობის წყალსაცავი ბასეინის პირველი რიგის სამუშაოები, რომელიც 1985 წლამდე მთლიანად უზრუნველყოფს  მდინარის მარცხენა სანაპიროს საწარმოებს და მოსახლეობას სასმელი წყლით.

საზოგადოებრივი ობიექტების, ქალაქის წარმოება-დაწესებულების ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფის მიზნით მდინარე ხობის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე დაიდგმება ორი საქვაბე მოწყობილობა, ეს სამუშაოები ფაქტიურად დაწყებულია და ახლო მომავალში გადაეცემა საექსპლოატაციოდ. ქალაქს ამჟამად არ გააჩნია ცენტრალიზებული საკანალიზაციო სისტემა. გეგმით კი მდინარის ორივე სანაპიროზე მოეწყობა საკანალიზაციო სისტემა ცალ-ცალკე, ხოლო მდინარის მარცხენა სანაპიროზე აიგება გამწმენდი ნაგებობანი (ამ სამუშაოთა პირველი რიგი უკვე მიმდინარეობს).

1981 წელს ექსპლუატაციაში შევიდა: კულტურის სასახლე, ჰიგიენის სახლი, სპორტული კომპლექს „იმედის“ პირველი რიგი, დაიწყო შემოვლითი სანაპირო გზის მშენებლობა და გამწვანების სამუშაოები.

გაივლის კიდევ ცოტა დრო და რაიონის ცენტრს დაამშვენებს კოლხიდის ათვისების ისტორიის შემსწავლელი მუზეუმის, რაიონული საავადმყოფოს, N1 საშუალო სკოლის, ბაგა-ბაღის, N2 ჩაის ფაბრიკის, კინოთეატრის შენობები, ალიო მირცხულავას და პიერ კობახიძის სახლ-მუზეუმები, გაშენდება საზოგადოებრივი საცხოვრებელი სახლები, სკოლები, ადმინისტრაციული და სამეურნეო-კულტურული დანიშნულების ობიექტები.

 გაზეთი "კომუნიზმის მშენებელი", 1981 წლის აგვისტო.

 

 

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.