გვერდები

25.04.2019

თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი - გზა ხობის მონასტრიდან ხელოვნების მუზეუმამდე


 ხობის მონასტრის სიწმინდეებს შორის გამორჩეულია თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი. 

1913 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა სამეგრელოში იმოგზაურა, როგორც თავად აღნიშნავს, „არხეოლოგიური მიზნით”, აღწერა მხარის სიძველენი, ეკლესია-მონასტრები. მეცნიერს ხობის მონასტერში ყოფნისას დახმარებას უწევდა მონასტრის ბერ-მონაზონი ანდრია. ე. თაყაიშვილი ხობის მონასტრის სიწმინდეების აღწერისას ასახელებს მაცხოვრის ხატს, რომელშიც ინახებოდა თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი - „დასაკეცი ხატი მაცხოვრისა ოქროსი, რომელშიაც ინახება ქართველთათვის სათაყვანებელი განძი, ყელის ჯვარი თამარ მეფისა, 15,3 x 10.8 სანტიმეტრზე. ზედა პირზე წარმოდგენილია მაცხოვარი ყოველთა მპყრობელი მაკურთხევლის მარჯვენით, მარცხენა ხელში სახარება აქვს,ოქრო,რომლითაც შეჭედილია ეს ხატი,სევდიანია ,ლამაზად მოჩუქურთმებული და შემკობილი  ოცდაერთი ძვირფასი ქვით, სარდიონებით, ამიტვისტოებით, ფირუზებით, საფირონებით, და იაგუნდებით, მეორე მხარე ხატისა უფრო შესანიშნავი ხელობის არის და კიდევ უფრო შესანიშნავი ყოფილა ძველად და ეხლა სანახევროდ გაფუჭებულია,სევდიანი ოქროს ზურგი ამ ნაწილსა შემკობილი ყოფილა ხუთი დიდი და ოთხი პატარა მილანქრიანი მედალონით, ,დიდი მედალიონები სულ გაფუჭებულია  და ეხლა მათ ადგილზ ე წაშლით დახატული სურათებია იმავე წმინდანებისა,  ხოლო პატარა  მედალიონები დაცულია,საუცხოო ტექნიკის და ხელობის არის და შეიცავენ გამოხატულებას მეოხი ღვთისმშობლისა ზემოთ, ნიკოლოზ საკვირველმოქმედისა მარცხნივ, წმინდა გიორგისა მარჯვნივ წმინდა  და წმინდა  დიმიტრისა ქვემოთ,წარწერები ბერძნულია,დიდი მედალიონებით წარწერები  ასომთავრულია.

შინა ნაწილში ამ დასაკეცი ხატისა თამარის ჯვარია, ჩასვენებული განგებ ჯვარის სახედ ჩაღრმავებულს უჯრაში, აქეთ-იქით ჯვარს იცვენ ანგელოზები სევადით გამოხატული და ქვემოთ წინამდგომნი არიან წარმოდგენილნი: დედა ღვთისა წარწერით ...და იოანე მახარობელი წარწერით;          წრეებითავისა ამთ და ანგელოზებს  შემკობილი აქვთ წერილი მარგალიტებით, მეორე პირზე შიგნით გამოხატული ყოფილა მაცხოვარი წელს-ზემოთ ანგელოზებითურთ, მაგრამ სურათები ეხლა სულ გაფუჭებულია და მარტო შარავანდედი მოჩანს.

თვით ჯვარი თამარისა 7X4 სანტ. შესდგება ძვირფასი ქვებისგან. ოთხი მოგრძო ზურმუხტისაგან, რომელნიც შედგენენ ჯვარის სახეს, ხუთი სარდიონისაგან, ამათში ერთი შუაშია და ოთხი ფრთებზე; ექვსი დიდრონი მსხლის მსგავსი მარგალიტისაგან, რომელთა შორის ოთხი ჯვრის კუთხეებშია,ორი ზემოთ; ესენი შარნირით უერთდებიან. საბმულის ლამაზ მძივს,შიგ ჯვარში როგორც ჩანს ,ჩატანებული უნდა იყოს  ნაწილი ძველი ჭეშმარიტისა , მეორე გვერდზე ჯვარისა სევადით ასომთავრული წარწერაა;
უქარგმოთ.
„ძელო ჭეშმარიტო, ძალო ჯვარისაო, შენითა წინძღომითა ყოველივე  შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარს“
შიგნით მაცხოვრისა ხატისა, რომელშიაც ჯვარია ჩასვენებული, ზემო ქვემო და მარცხენა აშიაზე  სევადიანი წარწერა არის, მაგრამ ძლიერ გაფუჭებული, ამიტომ სრულად არ იკითხება  სამწუხაროდ;
 „ქ ძელო ჭეშმარიტო, ძალო ჯუარისაო, შენითა წინაძღომითა ყოველადვე შემწე მეყავ“...
სისქეზე ხატს გარედან აწერია:
„ქ. ჰოი ხატო არსებისაო, უცვალებელო, მეოხ და მფარველ მექმენით აქა და საუკუნესა ერისთავთ ერისთავი დადიანი შერგირ და მეუღლე ჩემით დეოფალ დეოფალი ნათელით, ძითურთ ჩემი ცოტნეთურთ“ (ე. თაყაიშვილი, თხზულებანი, ტომი IV, გვ. 142-144).
თუ როგორი მნიშვნელოვანი სიწმინდე იყო ქართველთათვის მეფის გულსაკიდი ჯვარი, კარგად ჩანს ე. თაყაიშვილის შემდეგი სიტყვებიდან: „ზემო აღნიშნული მაცხოვრის ხატი, რომელშიაც ინახება თამარის ჯვარი, უნდა იყოს გაკეთებული შერგილ დადიანის თაოსნობით. ამ წარჩინებულს მეცამეტე საუკუნის მოღვაწეს კარგად ჰქონია გათვალისწინებული, თუ რა ძვირფას განძს წარმოადგენს ქართველთათვის თამარ მეფის ჯვარი და მიუღია ღონე მისი ჯეროვანად დაცვისათვის. ვინაითგან თამარ მეფის ჯვარს, ძელი ჭეშმარიტის ნაწილიანს, აუარებელი მოწიწებით მავედრებელი და მლოცველი ეყოლებოდა, ამიტომ  ხატი ხშირად უნდა გაეხსნათ მნახველთა და მლოცველთათვის. ამის გამო თვით ხატი დაზიანებულად არის მოღწეული ჩვენამდის. სამაგიეროდ საუცხოვოთ არის დაცული თვით ჯვარი და ამის მადლობელი უნდა ვიყვეთ შერგილ დადიანისა, რომელიც, როგორც მოვიხსენიეთ, დახატულია ხობის ეკლესიის კედელზე“.

1921 წელს საქართველოდან საფრანგეთში გატანილ იქნა 248 ყუთი და ერთი კალათა, რომლებშიც იდო მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები. ხობის მონასტრის ნივთები - ერთი პატარა ყუთი ჯერ ახალსენაკში, ხოლო იქიდან ბათუმში წაუღიათ.
ე. თაყაიშვილის მოგონებებში არაერთგზისაა აღნიშნული, ხობის მონასტრიდან ნივთების გატანის შესახებ, რაც ამ ნივთების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
„კონსტანტინეპოლში მოვიტანეთ სულ, ბორჯომის ნივთებიანად, 236 ყუთი, ერთი დიდი კალათი და 12 ტომარა. მერმე გადავაწყვეთ ტომრის ნივთები ყუთებში და მარსელში მოვიტანეთ 248 ყუთი და ერთი კალათა, სულ 249. ამათში ქუთაისიდან წამოღებული იყო 175 ყუთი და 12 ტომარა, ბორჯომიდან ბათუმში ჩამოიტანეს 61 ყუთი, ხოლო ხობის მონასტრის ნივთები - ერთი პატარა ყუთი - იქვე ჩამოიტანეს ახალსენაკიდან“ (ე. თაყაიშვილი, რჩეული შრომები, ტომი I, 1968წ. გვ.403).
  1927 წელს მთავრობის სპეციალურმა კომისიამ ეს ჯვარი თავისი სასვენებლით ორ მილიონ ოქროს მანეთად შეაფასა.
საქართველოდან განძის გატანას და 1945 წელს მის დაბრუნებას ნაშრომი მიუძღვნა გივი ჟორდანიამ. გ. ჟორდანია თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ ხობის მონასტრიდან წაღებულ პატარა ყუთში სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად იდო თამარ მეფის ჯვარი - „ მაგრამ მარტო ბორჯომისა და ლიკანის სასახლეების ქონება არ დამატებია თბილისიდან და ქუთაისიდან გატანილ განძეულობას. ბათუმშივე ჩაუტანიათ ერთი პატარა ყუთი, დატვირთული ხობის მონასტრის ნივთებით, რომელიც მანამდე ინახებოდა ახალსენაკის (დღევ. ცხაკაია) ხაზინაში. ხობის მონასტრის განძეულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იქ იყო თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, თავისი ოქროს ორკარედი კიდობნითურთ“ (გ. ჟორდანია „დაბრუნებული საუნჯე“ 1983წ.).
1946 წელს თბილისში მოეწყო საფრანგეთიდან ჩამოტანილი საგანძურის გამოფენა, სადაც სხვა მრავალ უძვირფასეს ექსპონანტს შორის იყო თამარ მეფის ჯვარი.
„თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი. ხობის მონასტრიდან გამოტანილი ბაჯაღლო ოქროს ჯვარი (6,7 X 4.1 სმ). შედგება ოთხი თლილი ზურმუხტისაგან, რომელთა კიდეებზე და ცენტრში ჩასმულია ხუთი მსხვილი ლალი; ჯვრის მკლავებს შორის დამაგრებულია ოთხი მსხლისებრი მსხვილი მარგალიტი; ორი ასეთივე მარგალიტი განლაგებულია აქეთ და იქით იმ სახსრისა, რომელიც აერთებს ჯვარს აჟურულ მძივთან. ჯვრის ზურგზე სევადითაა შესრულებული ასომთავრული წარწერა: „ძელო ჭეშმარიტო, ძალო ჯვარისაო, შენითა წინ[წარ]ძღომითა ყოვლადვე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარსა“.
 იქვე ესვენა ოქროს ორკარედი კიდობანი (14 X 11სმ), შემკული ძვირფასი თვლებით (ფირუზი, საფირონი, ამეთვისტი), რომელშიც ჯვრის სახედ ჩაჭრილ ბუდეში ინახებოდა თამარის ჯვარი. ეს კიდობანი დაუმზადებიათ თამარ მეფის შეკვეთით“  ((გ. ჟორდანია „დაბრუნებული საუნჯე“ 1983წ.).
  გულსაკიდი სანაწილე ჯვარი მეფეთა მეფე თამარისა დაბრძანებულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. (http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=216&info_id=12451&fbclid=IwAR0WrhYYGtEQb_w3tHghG00IRN_gfNGMS_mGb-eDjUtpH91hrYaJG-1EhGg).


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.