გვერდები

18.04.2019

რეცენზია გოგიტა ჩიტაიას წიგნზე - „ხობის სიძველენი“


ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ლერი ჯიბლაძის რეცენზია გოგიტა ჩიტაიას ნაშრომზე „ხობის სიძველენი“ (ხობის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები).

2017 წელს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ფინანსური მხარდაჭერით სტამბა "საარმა" გამოსცა გოგიტა ჩიტაიას მონოგრაფია "ხობის სიძველენი" (192 გვ., რედაქტორი ანზორ სიჭინავა, რეცენზენტები - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები ეპიფანე გვენეტაძე და რევაზ პაპუაშვილი). ნაშრომი შედგება წინათქმის, რვა თავისა, ინგლისურ და რუსულენოვანი რეზიუმებისაგან. წიგნს ერთვის დანართები, შენიშვნები, გამოყენებული წყაროები და ლიტერატურის სია. ნაშრომი როგორც კვლევითი, ასევე საცნობარო ხასიათისაა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ გოგიტა ჩიტაია ხობის რაიონის მკვიდრია და არაერთი წელია მუშაობს ხობის მერიის კულტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტად. პარალელურად ეწევა საქმიანობას ფოთისა და ხობის ეპარქიის სიწმინდეთა მოძიებისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში, სადაც უკავია დირექტორის თანამდეობა. ბუნებრივია, თავის სამსახურიდან გამომდინარე ზედმიწევნით კარგად ფლობს მონაცემებს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. ამიტომ წინმდებარე ნაშრომის მომზადება ყველაზე უფრო მას ხელეწიფებოდა და ლოგიკურია, კარგადაც გაართვა თავი.
წინათქმაში აღნიშნულია, რომ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოვლენილია სხვადასხვა კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელთაგან 16 - განეკუთვნება ეკლესიას, 31-ნაეკლესიარს, 21-ციხე -კოშკსა და სხვა ხასიათის ნაგებობებს. 207-კი არქეოლოგიური ობიექტია. მთლიანობაში დაფიქსირებული და აღრიცხულია პრეისტორიული და ისტორიული ხანის 275 ძეგლი. მოცემულია თითოეული მათგანის კოორდინატები სატელიტური ხელსაწყოთი (GPS), UTM-ის საკორდინაციო ბადის გამოყენებით. ავტორი მადლიერების გრძნობით იხსენიებს იმ სასულიერო პირებსა და მეცნიერებს, რომლებიც წიგნზე მუშაობის პროცესში გარკვეულ რჩევა-დარიგებებს აძლევდენ.
მონოგრაფიის I თავში განხილულია ხობის მონასტრის ისტორია, მისი ეტიმოლოგიური მნიშვნელობა, დეტალურადაა გადმოცემული ხობის მონასტრის არქიტექტორული კომპლექსის დახასიათება (ტაძარი, სამრეკლო, გალავანი, საკათალიკოსო-სასახლისა და სხვა ნაგებობათა ნაშთები). ავტორი ამ საკითხებზე მსჯელობისას წყაროებთან ერთად უხვად იყენებს ხალხურ თქმულებებს, გადმოცემებს, მოგვიანო პერიოდის ჩანაწერებს, პერიოდულ გამოცემებში არსებულ მონაცემებს, სხვადასხვა ავტორთა ცნობებს და სხვ. იგი აქვე ეხება არაერთი ავტორის მოსაზრებას ხობის მონასტრის ტაძარში მოხატული ფრესკების დათარიღებაზე და ყურადღებას ამახვილებს ამ მონასტერთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე.
ნაშრომში საუბარია 2008-2016 წწ ხობის მონასტრის ეზოში ეტაპობრივად მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებსა და მის შედეგებზე, რომელმაც განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიიღო 2016 წელს, რა დროსაც სამუშაოები მიმდინარეობდა ხუთ უბანზე. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიღებული იქნა მნიშვნელოვანი შედეგები: გაირკვა, რომ ხობის მონასტრის ტერიტორიაზე ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო ცხოვრება იწყება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში, ხობის თანამედროვე ტაძარი, გაცილებით დიდი ტაძარზე ყოფილა დაშენებული, ხობის მონასტერი წარმოადგენდა სამეგრელოს მთავართა_დადიანების საგვარეულო საძვლეს და ა.შ. ასევე არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა, რომ ხობის მონასტრის ეზოში განვითარებული შუასაუკუნეების ხანაში და შესაძლოა უფროა ადრეც, უნდა არსებულიყო ციხე-ქალაქის ტიპის დასახლება, რომელიც როგორც გალავნის გარეთ, ისე შიდა მხარეს მოიცავდა საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას.
წიგნის I თავში საუბარია ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში არსებულ მარიამობა-მარაშანობის დღესასწაულზე, რა დროსაც ავტორი უხვად იყენებს XVII-XX ს-ის საწყისი პერიოდის სხვადასხა ხასიათის წყაროებს, პერიოდულ გამოცემებში არსებულ მონაცემებს. უძველესი პერიოდიდან მოყოლებული აქვე განხილულია ხობის მონასტრის ქრონიკები.
წიგნის მომდევნო II და III თავებში აღწერილია ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიები, ციხე-კოშკები და სხვა ნაგებობები. 
IV თავი ეხება ნაეკლესიარებს, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში განადგურდა ანტირელიგიური კომპანიის დროს; მომდევნო V და VI თავები კი ეძღვნება ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საფლავის ქვებს (ძირითადად XIX და XX საუკუნის საწყისი პერიოდის), მუზეუმებსა და სახლ-მუზეუმებს.
პირადად ჩემთვის როგორც არქეოლოგისათვის განსაკუთრებით საყურადღებო გამოდგა მონოგრაფიის VII თავი, სადაც განხილულია ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ობიექტები. ავტორს თავმოყრილი აქვს პრეისტორიული და ისტორიული ხანის შემთხვევითი აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები და ძეგლები, მოცემულია დახასიათება, კოორდინატები,რაც არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში მათ იოლად მისაგნებს ხდის. უნდა აღინიშნოს, რომ გოგიტა ჩიტაიამ ამ მონაცემების შეგროვებისათვის საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩაატარა. თითქმის ყველა არქეოლოგიური ობიექტი მოიარა, გაგვაცო მათ შესახებ არსებული ადგილობრივი ტოპონიმები და ზედაპირულად შეაგროვა არქეოლოგიური მასალა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მას რჩება ერთგვარი უკმარისობის გრძნობა, რადგან ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მდინარეების რიონსა და ხობისწყალს შორის მოქცეულ ჭაობიან ტერიტორიაზე, განსაკუთრებით რთული გამოდგა არქეოლოგიური ობიექტების შესწავლა და სრულყოფილი სურათის გადმოცემა.
ავტორი არქეოლოგიური ობიექტების ჩამონათვალში ასახელებს სპეციალისტების ფართო წრისათვის ნაკლებად ცნობილ არაერთ საინტერესო პუნქტს, მათ შორის კოლხეთის ბარისათვის დამახასიათებელ ხელოვნურად გამართულ ბორცვ-ნამოსახლარებს, სადაც ზედაპირულად მოძიებული არტეფაქტების მიხედვით, წინასწარული მონაცემებით შესაძლებელი გახდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის, კლასიკურისა და უფრო მოგვიანო პერიოდების დადგენა. გამოვყოფდით ცალკეული არტეფაქტებისა და ზოგიერთი ძეგლების აღმოჩენების პუნქტებს: ბრინჯაოს სატევრები და ყუამილიანი ცულები ხობისწყლიდან.ყურადღებას იპყრობს ამ ნივთების წყალში აღმოჩენის ფაქტი; სოფ.ნოჯიხევი `ციცას გორას~ მიმდებარე ტერიტორია _ ძვ.წ. IV-III სს-ები; სოფ. ჭიხუს პლატო _ წინანტიკური ხანის მასალა და რომაული ხანის დანგრეული სამარხები; სოფ. გურიფული, მდ. ხობისწყლის მარჯვენა სანაპირო _ იმპორტული ბერძნული კერამიკის ცალკეული აღმოჩენები და ელინისტური ხანის ინვეტარიანი ქვევრსამარხი; `ოტორონჯე~; სოფ. პირველი მაისი, ჯახუთის ციხის მიმდებარე ტერიტორია _ კლასიკური ხანა; ხეთა ურთის მთის მიდამოები; ხეთა-წინაგოლა, კოლხური თეთრის გამოვლენის ფაქტები; სოფ.ხამისკური _ `მისარონფერდის ოხვამეს~ ბორცვი _ ძვ.წ. V-III არტეფაქტები;სოფ.დღვაბას `ტაბუჩას~ დიხა-გუძუბა _ ადრეანტიკური ხანის მასალა და ა.შ.
მონოგრაფია გამოცემულია საკმაოდ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე. ავტორის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ დაწერილია გამართული ქართული ენითა და იკითხება კარგად. ნაშრომში უხვადაა ჩართული ილუსტრაციები ხობის მონასტერზე, აქ დაცულ ღვთისმშობლის კვართზე, ცალკეულ ფრესკებზე, საკურთხევლის კარნიზის ჩუქურთმებზე. მოცემულია სხვადასხვა ეტაპზე უძველესი ტაძრის განვითარების გეგმა, რაც არქეოლოგიური გათხრების მიხედვით გახდა შესაძლებელი. ილუსტრირებულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ძველი სასახლის ნაშთებიც, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. ნაშრომი ასევე გამდიდრებულია ეკლესიების, ციხეების, ხელოვნურად გამართული ბორცვ-ნამოსახლარის და ცალკეული არტეფაქტების ფერადი ფოტოებით.

დასასრულს აღვნიშნავთ, რომ გოგიტა ჩიტაიას ნაშრომი "ხობის სიძველენი" კარგი შენაძენია ქართული საისტორიო მეცნიერებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული მკითხველთათვის. ამ წიგნის გამოცემით ჩვენი ცოდნა ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პრეისტორიული და ისტორიული ხანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ უფრო სრულყოფილი გახდა. აშკარაა, რომ წინამდებარე ნაშრომი სამაგიდო წიგნად იქცევა სიძველეებზე მომუშავე სპეციალისტებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის.

წყარო: იბერია-კოლხეთი N14, 2018 წელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.