გვერდები

04.04.2019

ნოე დაფნარელის საბავშვო პოეზია


მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა საბავშვო პოეტი ნოე დაფნარელი (ნოე კობახიძე. ხობის რაიონის სოფელ პირველი მაისის მკვიდრი). 
ნოე დაფნარელი (მარცხნიდან პირველი, პირველ რიგში)
ლიტერატურულ გაზეთებსა და ჟურნალებში იბეჭდებოდა პოეტის ლექსები. 1933 და 1951 წლებში გამოიცა ნ. დაფნარელის საბავშვო ლექსების კრებული. ნ. დაფნარელი მეგობრობდა ქართველ მწერლებთან, მათ შორის ახლო მეგობრობა აკავშირებდა ტერენტი გრანელთან.
ნოე დაფნარელი და ტერენტი გრანელი
ნოე კობახიძე (დაფნარელი, ტერენტის ძველი მეგობარი) იხსენებს გრანელთან შეხვედრას: - 1928 წლის აგვისტო იდგა. ჩემი ავადმყოფი ბიძაშვილი თბილისში, კამოს ქუჩაზე, საავადმყოფოში მივიყვანე. ის იყო, უკვე მოვეწყეთ და პალატაში ბიძაშვილის საწოლთან ვდგავართ. უცებ ვიღაცამ ჩემი სახელი დაიძახა. მივიხედე, კარგა მოშორებით, კედლის გასწვრივ, ვხედავ, ტერენტი წევს. ძალიან გაეხარდა ჩემი დანახვა... -ახლა არა მიშავს, მალე გამოვალ აქედან. - მეუბნება. მეორე დღესაც ვინახულე, რაღაც-რაღაცეები მივუტანე, მადლობა მითხრა. კარგ გუნებაზე იყო, საავადმყოფოზეც მესაუბრა:
-კარგია საავადმყოფო! აქ სიჩუმეა და მყუდროება სუფევს. - ერთხანს სდუმდა მერე უცბად წამოენთო...
-საშინელებაა საავადმყოფო! აქ ყველგან სიკვდილი დგას! სიკვდილი გიყურებს თვალებში! აქ ყოფნა არ შემიძლია!..
მესამედ რომ მივედი, ტერენტი იქ არ იყო. არ ვიცი, გაწერეს, თუ გაიქცა.
 დაფნარელის ლექსების ნაწილს საბჭოთა სისტემის „ბეჭედი“ აზის. მაგრამ, მის შემოქმედებაში არის შესანიშნავი საბავშვო ლექსები, რომლებიც დაწერილია თავანკარა ქართულით და გამოირჩევა კეთილხმოვანებით.
                                                                          ზამთარი
გათენდა, და ფანჯარაში
შემონათდა თეთრად დილა.
გაძარცვული არემარე
რა ლამაზად დათოვლილა!

მთელ მიდამოს როგორ ჩქარა
შეუცვალა ფერი სრულად,
სახლის კართან ბეღურები
საცოდავად მობუზულან!

თოვლი მოდის, პეპლებივით
ცვივა ფიფქი წარამარა,
სახლებს თოვლი გადაჰკვრია,
თითქოს ბამბით დაუფარავთ!

შეხე ხეებს, თეთრ მანდილით!
რომ მოურთავთ კოხტად თავი!
მაგრამ ცივა, და უთუოდ
დაგვჭირდება ხელთათმანი!


              გაკვეთილი
გოგო, თინა, რატომა ხარ
ეგრე სასოწარკვეთილი?
რა ვქნა, გოგო! ვერ ვისწავლე
ეს ოხერი გაკვეთილი.
მე გასწავლი, ყური მიგდე,
წაგიკითხავ, მოგიყვები.
გენაცვალე, დამეხმარე,
ლია, მე ნუ მოგიკვდები!
აქეთ მომე შენ ეგ წიგნი,
წავიკითხო... უგდე ყური!
დამაცადე, მომშივნია...
ახლა ცოტა ვჭამოთ პური!
უჰ, რას ამბობ, მე გასწავლი,
შენ კი პური გაგონდება?
ვინც არ სწავლობს, ან ზარმაცობს
ბოლოს სწორედ დაღონდება.
..............................................



სწავლას ვიწყებთ

ჰა, აგვისტოც მიიწურა,
ახლა ისე აღარ გვცხელა,
ჩანს, ზაფხული-მზე თაკარა,
გაგვეპარა ნელა-ნელა!

საღამოთი ხის ტოტებში
ცელქი სიო მიფუსფუსებს
და შრიალი გააქვთ ოდნავ
შეყვითლებულ დიდრონ ფურცლებს;
რა ბარტყები დაუზრდიათ,
უჰ, ჭირიმე, ნაცნობ შაშვებს!
ხილიც მოდის... ოჰ, სულ მალე
ლოყაწითელ ვაშლებს დავკბეჩთ!
რა კარგია ჩვენი სკოლა,
და რა კარგად მოუწყვიათ,
ჩვენ მოვდივართ... სკოლის ზარიც
საამურად იწყებს წკრიალს,
რა გაუძლებს ჩვენს ჟრიამულს,
თავაწყვეტილ ტრიალ-ტკრციალს,
სიცილ-კისკისს, ჟივილ-ხივილს,
აღტაცებას, თვალთა ციალს!
ქუხს, გუგუნებს სკოლის ეზო,
ბიჭო, სწავლას ვიწყებთ ისევ!
კარგი არის თამაშობა,
სიხარული, სიხალისე!
და თან შრომა: სწავლა, სწავლა,
სიბეჯითე, სიხალისე!
სწავლას ვიწყებთ... რა კარგია
ყოველ დილით კლასში მოსვლა!
სიზარმაცე რას გვარგია
გადავიქცეთ ფრიადოსნად!

პირველი თოვლი

ცივა! ცივა! მინდორ-ველად
ცივი ქარის ხმაურია.
წვიმს საზარლად! და წვიმაში,
ხედავ, თოვლიც გაურია!

მოუხშირა! ნაფლეთებად
ცვივა ფიფქი ფართო-ფართო,
ყველაფერი გათეთრდება,
თუ ამაღამ ასე დათოვს.
გენაცვალე, ჩამო კარგო,
ცაო, ცაო, ნისლიანო,
თოვლი უხვად ჩამოფანტე,
რომ ხვალ ციგით ვისრიალოთ!



მელა
1
კეკლოს დედას ვარიები
ჭრელა-ჭრული ჰყავს იმდენი,
რომ ვერც დავთვლი, გულდადებით
თვალო, თვალო მთელი დღენი!
ზოგი ძალზე ლამაზია,
გულთეთრა და მაღალყელა,
რა კარგია, როცა დილით
გარს ეხვევა კეკლოს ყველა!
კაკანებენ საამურად:
„გვშია, გვშია! გენაცვალე,
დაგვიყარე ეგ საკენკი
აბა, ჩქარა, აბა მალე!“

2
ახლოს, ხევში, მოწითალო
ბეწვიანი სქელი ქურქით,
მოკლე ფეხით, ბასრი კბილით,
ლამაზი და გრძელი კუდით
ცხოვრობს მელა არხეინად,
დაცუნცულებს ნელა-ნელა,
ქათმებს იჭერს... წიწილებიც
ბევრი ჩაიგემრიელა,
ჩვენი კარგი ვარიებიც
დაინახა... შეუყვარდა,
ვარიკელებს ელდა ეცათ,
აქეთ ეცნენ, იქეთ ეცნენ,
ერთ ვარიას, გულყვითელას,
მელა ნელა მიაცოცებს.

3
ერთი რაა! ერთ ვარიას
სამი-ოთხი დააყოლა,
დაეჩვია და ოჯახი
დაადარდა, დააღონა,
ბოლოს კეკლოს უფროსმა ძმამ,
პიონერმა მკვირცხლმა ტარამ
საიდანღაც უცნაური
დიდი მახე მოიტანა,
და საღამოს, ის ღობესთან,
ბუჩქნარებში დადგეს ნელა,
იქით უკვე ფეხაკრეფით
და ცუნცულით მოდის მელა.

4
ნაჩვევ ბილიკს შეჰყვა მელა,
მიცუნცულებს ნელა... ნელა...
ელანდება ვარიკელა...
ხანაც დიდი მურიკელა...
და ხან, თითქოს ეშინია,
შეჩერდება... წავა ისევ,
ისევ შედგა, რაღაც ესმის...
გაიქროლა წამმა ისევ,
წადგა ბიჯი... „ჩხაკ“, ორივე
ფეხით იგი დაიჭირა
რაღაც რკინამ უცნაურმა,
მელა შეკრთა... დაიყვირა...

5
ტაშისცემით მორბის ტარა,
კეკლო მოსდევს, კიდევ დედაც
უხარიათ ცუნცულიას
დაჭერა და დამარცხება.










Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.