10.10.2022

ბლიც-ინტერვიუ ლუიზა ცანავასთან

 ქალბატონი ლუიზა 44 წელია ჩვეული რუდუნებითა და სიყვარულით მუშაობს საბიბლიოთეკო სფეროში. მისთვის ბიბლიოთეკა მეორე ოჯახია, სადაც მკითხველებს დიდი სიყვარულით ელიან...

ბიოგრაფიული შტრიხები

- ლუიზა ცანავა დაიბადა 1954 წელს ხობის რაიონ სოფელ ხამისკურში. 1970 წელს წარჩინებით დაამთავრა ხამისკურის საშუალო სკოლა, ხოლო 1976 წელს თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი ბიბლიოთეკამცოდნე-ბიბლიოგრაფის სპეციალობით. სწავლის პარალელურად მუშაობდა ქ. თბილისში სხვადასხვა ორგანიზაციაში. 1978 წლიდან მუშაობს ხობის  ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ძირითადი ფონდის განყოფილების გამგედ. 1985 წლიდან 2007 წლამდე იყო ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი, ხოლო 2007 წლიდან დღემდე საბიბლიოთეკო ქსელის მენეჯერია.

- ხობის ბიბლიოთეკა

- ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მუშაობს შვიდი თანამშრომელი, აქედან ორი ტექპერსონალია, დანარჩენი ხუთი ჩემი ჩათვლით თითქმის ყველა პოზიციაზე ერთმანეთს ვენაცვლებით. ყველა ორიენტირებული ვართ მკითხველზე, რათა ბიბლიოთეკის მკითხველმა მიიღოს მაქსიმალური ხარისხიანი მომსახურება. ბიბლიოთეკის  წიგნადი ფონდი შეადგენს 47000 ეგზემპლარს. შევსება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით.  წელიწადში დაახლოებით შემოდის 300-350 ერთეული სხვადასხვა დასახელების  სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შევიძინეთ 2200 ლარის 141 ცალი წიგნი.  7 ოქტომბერს ვაუჩერიზაციის პროექტით, ფონდ ,,არველაძეების“ დაფინანსებით და გამომცემელთა ასოციაციის ორგანიზებით მივიღეთ 900 ლარის 86 სხვადასხვა დასახელების ლიტერატურა. ბიბლიოთეკაში ყველა წიგნი შემოდის მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინებით.

- მკითხველი

- ცხრა თვის მონაცემებით ბიბლიოთეკის მკითხველთა რაოდენობა 586 შეადგენს. მათზე გაცემულია 5200 - მდე სხვადასხვა ლიტერატურა. დღეს ბიბლიოთეკის ფუნქცია წარმომიდგენია, როგორც სასკოლო პროცესის არაფორმალური განათლების კუთხით მხარდაჭერის პროცესი, ამდენად მკითხველთა 85% სკოლის მოსწავლეებია -  მოზარდი თაობა.

- ახალგაზრდები

- ბიბლიოთეკა მთლიანად ორიენტირებულია ახალგაზრდობაზე. ბიბლიოთეკის წიგნადი  ფონდის განახლება ხდება მათი ინტერესების გათვალისწინებით. კულტურულ-მასობრივი ღონისძიებები დაგეგმილია მათი ინტერესებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ახალგაზრდები მუშაობენ სხვადასხვა პროექტებზე, მართავენ დისკუსიებს, მსჯელობენ ლიტერატურაზე, თანამედროვე აქტუალურ საკითხებზე, ყოველივე ამისათვის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში არის მდიდარი საცნობარო ხასიათის თანამედროვე ლიტერატურა, ინტერნეტთან წვდომა და მშვიდი გარემო.

- წიგნი თუ კომპიუტერი?

- როცა ისმება ასეთი კითხვა, ჩემი მოკლე პასუხია - წიგნი და კომპიუტერი, ორივე ერთმანეთს ავსებს .  ერთი არ გამორიცხავს მეორეს. ახალგაზრდები ინტერნეტში  ეცნობიან სიახლეებს ლიტერატურის სფეროში და ახალი ინფორმაციით მოდიან ბიბლიოთეკაში, რათა დაიკმაყოფილონ მოთხოვნა ამა თუ იმ  გამოცემაზე. ასევე ბიბლიოთეკის თანამშრომლები აქტიურად ვიყენებთ ინტერნეტ სივრცეს, აქ ვეძებთ სიახლეებს საგამომცემლო სივრცეში. თვალყურს ვადევნებთ ჩვენს დარგში  ახალ ტენდენციებს.

- ერთი დღე ბიბლიოთეკაში

- ჩემი დილა სამსახურში იწყება თანამშრომლებთან ხუთწუთიანი შეხვედრით. მოკლედ ვაანალიზებთ წინა დღეს, ვანაწილებ დავალებას, კოლეგიალობის პრინციპის გათვალისწინებით, ვეცნობი ახალ პრესას, ინტერნეტ სივრცეში ვათვალიერებ ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდს, საბიბლიოთეკო ასოციაციის გვერდს, მათთან აქტიურად ვთანამშრომლობ, რომ არ ჩამოვრჩე თანამედროვე ტენდენციებს. 

ვეცნობი საგამომცემლო ბაზრის სიახლეებს, ვინიშნავ ჩემთვის საჭირო მასალას.ვეკონტაქტები ბიბლიოთეკაში შემოსულ მკითხველებს, განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობას, ვაანალიზებ მათ ინტერესებს. დღის ბოლოს აუცილებლად ვაჯამებ თუ რამდენი მკითხველი შემოვიდა, მათ შორის ახალი რამდენია. რა ლიტერატურა გაიცა და რამდენი უარი აღირიცხა, რათა შემდეგში ვიმუშაო ამ უარების მაქსიმალურად აღმოფხვრაზე.  ვცდილობ ასევე სულ მქონდეს ცოცხალი ურთიერთობა მომსახურების არეალში მყოფ სკოლის პედკოლექტივთან, რათა მათთან ერთად მეც შევიტანო ჩემი წვლილი მოსწავლე-ახალგაზრდობის წიგნიერებაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.