მწერალი და პედაგოგი ლემზარ გაბელია 1950 წლის 28 დეკემბერს, ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში (ზუბში) დაიბადა.
ლ. გაბელიამ 1967 წელს დაამთავრა ზუბის საშუალო სკოლა. 1967-1972 წლებში სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ისტორიისა და ფილოლოგიის მასწავლებლის კვალიფიკაცია.ლ. გაბელია 1974 წლამდე მუშაობდა ხამისკურის (საქირიოს) სკოლაში, 1975-1976 წლებში - ზუბის საშუალო სკოლაში,
1977-1981 წ.წ. - ნოჯიხევის პროფესიულ სასწავლებელში, ხოლო 1981-2019 წლებში ქალაქ ხობის N1 საშუალო სკოლაში.
ლ. გაბელია სტუდენტობის წლებში ქუთაისის მწერალთა კავშირის, ახალგაზრდა მწერალთა სექციის წევრი იყო.
2021 წელს გამოიცა ლემზარ გაბელიას პოეტური კრებული - „უნაპირობა ნაპირად“.
მათოვარია
მათოვარია, მამაჩემო, დიდი ზამთარი!
ფრთხილად გამოდის უღიმღამო
ძველი სახლიდან,
ამაღამ შენი მოწყენილი,
ცივი საფლავი,
შეიმოსება თეთრი ბატკანის
თბილი მატყლითა.
მათოვარია, მამაჩემო,
სხვა რა გახარო?
ძველი ურემი დავშალოთ და
ახალს შევებით,
სხვა სიხარული დავრგეთ,
მაგრამ ვერ გაიხარა,
კვლავ ძველებურად
გართულნი ვართ გადარჩენებით.
თურმე, ჭირიდან ათასია გამოსავალი,
ვიღაც მჯდარა და ჩვენს მაგივრად ფიქრებს მიჰქონდა,
მათოვარია, მამაჩემო!
თეთრი ცა არი,
სხვა არაფერი არც მე მსურს და
არც შენ გინდოდა!..
Комментариев нет:
Отправить комментарий
Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.