30.07.2021

ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებში თამაშია - რუმინეთის ორგზის ჩემპიონი მორაგბე ხობიდან

 მორაგბე ხვიჩა ჯგერენაიამ სპორტული კარიერა ხობიდან დაიწყო, თითქმის არარსებული ინფრასტრუქტურის პირობებში. დღეს ის კარიერას ევროპაში აგრძელებს. რა გზა გაიარა ქართველმა რაგბისტმა რუმინეთის ჩემპიონობამდე და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ამ ყველაფერზე ის "ლაივპრესთან" ინტერვიუში საუბრობს.

ლაივპრესი: პირველ რიგში გაეცანით ჩვენს მკითხველს, ვინ ხართ და როდიდან იწყება იწყება თქვენი სარაგბო კარიერა?
ხვიჩა ჯგერენაია: მე ვარ ხვიჩა ჯგერენაია, რაგბისტი. ჩემი სარაგბო კარიერა დაიწყო 2011 წელს, ქალაქ ხობში. მაშინ 15 წლის ვიყავი. მახსოვს, ძალიან ცუდ პირობებში გვიხდებოდა ვარჯიში. სტადიონზე კი ვვარჯიშობდით, მაგრამ ისეთი გაპარტახებული იყო, სტადიონს ვერც დავარქმევ. არც გასახდელი გვქონდა. იყო ისეთი დღეეები, როცა მარტო 4-5 ბიჭი მოსულა, მაგრამ მაინც ჩაგვიტარებია ვარჯიში.
ლაივპრესი: რატომ გადაწყვიტეთ რაგბის თამაში? ოჯახში ვინმე მისდევდა სპორტის ამ სახეობას?
ხვიჩა ჯგერენაია: რაგბის თამაში გადავწყვიტე იმიტომ, რომ ბავშვობიდან მიზიდავდა სპორტის ეს სახეობა.
ლაივპრესი: უკრაინაში წასვლა რატომ არჩიეთ და არა რომელიმე სხვა ქვეყანაში, სადაც ბევრად განვითარებულია რაგბი?

ხვიჩა ჯგერენაია: უკრაინაში მამაჩემი ცხოვრობდა რამდენიმე წლის განმავლობაში და შემომთავაზა ამ ქვეყანაში ჩასვლა. იმ პერიოდში უკრაინაში უფრო განვითარებული იყო რაგბი, ვიდრე აქ ჩვენთან, ხობში.
ლაივპრესი: თუ ყოფილა თქვენი სარაგბო კარიერის რომელიმე ეტაპზე შემოთავაზება, რომ საქართველოს ნაკრებში გეთამაშათ? ან თუ გაქვთ ამის სურვილი?
ხვიჩა ჯგერენაია: ჯერჯერობით არ ყოფილა შემოთავაზება საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან. როგორც ყველა ქართველი სპორტსმენის ოცნებაა საქართველოს ნაკრებში თამაში, ასევე არის ჩემთვისაც.
ლაივპრესი: რამდენი წელი დაჰყავით უკრაინაში და რომელ გუნდში თამაშობდით ამ ხნის განმავლობაში? როგორ მოხვდით ამ გუნდში?
ხვიჩა ჯგერენაია: უკრაინაში დაახლოებით 8 წელი ვვარჯიშობდი და ვთამაშობდი ადგილობრივ კლუბში "კრედო 63". უკრაინიდან გადავწყვიტე წავსულიყავი ევროპაში და მეცადა ჩემი სარაგბო კარიერის იქ გაგრძელება.

ლაივპრესი: როგორ აღმოჩნდით რუმინეთში და როგორ განვითარდა თქვენი სარაგბო კარიერა ამ ქვეყანაში?

ხვიჩა ჯგერენაია: უკრაინიდან ჩამოვედი რუმინეთში სინჯებზე, ადგილობრივ კლუბ "ბაია მარიში" და ერთი კვირის შემდეგ მოვაწერე ხელი სამწლიან კონტრაქტს. ორჯერ გავხდი რუმინეთის ჩემპიონი, ერთხელ კი რუმინეთის თასი მოვიგე. ამომეწურა კონტრაქტი და გადავწყვიტე წინ წავსულიყავი და ამიტომ შევიცვალე გუნდი. ერთი კვირის წინ ხელი მოვაწერე ახალ, წელიწად-ნახევრიან კონტრაქტს "ტიმოშარას" კლუბთან.

ლაივპრესი: არის თუ არა დიდი კონკურენცია რუმინეთში მორაგბეებს შორის და ამ გამოწვევას როგორ უმკლავდებით?

ხვიჩა ჯგერენაია: კონკურენცია რა თქმა უნდა არის და მე მაქსიმალურად ვცდილობ, შევინარჩუნო აქ ჩემი ადგილი.

ლაივპრესი: ხომ არ ყოფილა შემოთავაზება რუმინეთის ეროვნული ნაკრებიდან და თუ კი, რას ფიქრობთ ამ წინადადებაზე?

ხვიჩა ჯგერენაია: რუმინეთის ნაკრებიდან არის შემოთავაზება, მაგრამ კონტრაქტის თანახმად, ერთი წელი კიდევ უნდა ვითამაშო რუმინეთის ჩემპიონატში. იმისთვის, რომ აქ ნაკრებში მოხვდე, რუმინეთის ჩემპიონატში ხუთი წელი თამაშია საჭირო. მე წინ კიდევ მაქვს წელიწად-ნახევარი.

ლაივპრესი: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ახალ გუნდთან ერთად?

ხვიჩა ჯგერენაია: ჩემი სამომავლო გეგმებია ვარჯიში, ბევრ თამაშში მონაწილეობა და რა თქმა უნდა გამარჯვება.

ლაივპრესი: ახერხებთ საქართველოში ხშირად ჩამოსვლას? რა გენატრებათ აქ ყველაზე მეტად?

ხვიჩა ჯგერენაია: საქართველოში სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ხშირად ჩამოსვლას. აქ ყველაზე მეტად სამეგობრო და ნათესავები მენატრებიან.

ლაივპრესი: ხობში ალბათ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ოცნებობენ რაგბის თამაშზე დიდ გუნდებში. რას ურჩევდით მათ და თქვენ პირადად რა თვისებები დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?

ხვიჩა ჯგერენაია: რა თქმა უნდა, ბევრია ასეთი მოთამაშე, მაგრამ სამწუხაროდ მათ არ აქვთ ქალაქ ხობში ისეთი პირობები, რომ ჩამოყალიბდნენ ნამდვილ რაგბისტებად. პატარებს ვუსურვებდი, რომ უფრო მოინდომონ და დაისახონ მიზნად წარმატება. თუ ასე მოიქცევიან, ყველაფერი გამოუვათ. მთავარია არასდროს არ დანებდნენ. მეც წარმატების მიღწევაში მიზანდასახულობა, მონდომება და დაუზარებლობა დამეხმარა.
https://www.livepress.ge/ka/sporti/article/40283-chemi-ocneba-saqarthvelos-nakrebshi-thamashia-ruminethis-orgzis-chempioni-moragbe-khobidan-foto-.html?fbclid=IwAR2tfgmNLIre1zcOhvZVAq30-pM-P3fRtqg7RgIFuFKobPwx-EeRIY_KUJc

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.