22.07.2021

ძველ ხიბულაში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიში (2018 წ.)

 სოფელი ძველი ხიბულა ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა ნაპირზე, რაიონული ცენტრიდან 24 კმ. მანძილზე მდებარეობს. „ხიბულა“ ძველი და ახალი ხიბულის საერთო სახელი იყო (ახალი ხიბულა, რომელიც საჭოთა პერიოდში რამდენიმე სოფლის გაერთიანებით შეიქმნა, ძველი ხიბულის მოსაზღვრედ, ჭანისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს).

ტოპონიმი „ხიბულა“ მე-17 საუკუნიდან არაერთგზისაა ნახსენები ისტორიულ დოკუმენტებში: 1621 წლის აფხაზეთის საკათალიკოსოს მოსაკრებელთა დავთარში, აფხაზეთის კათალიკოს მალაქია გურიელის მიერ 1619-1621 წ.წ. შედგენილ „მოლაშქრე კაცთა“ ნუსხაში და სხვ.

სოფელში არაერთი ისტორიული ძეგლია: შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე („ჯიხა“), ე.წ. „ნამონასტრალი“, მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია, რომელიც ქრისტოფორო კასტელს ჩაუხატავს (ამჟამად მისი კვალი არ ჩანს), „საქარცხიოს“ ნაეკლესიარი („ნაოხვამუ“) და სხვა.

საქველმოქმედო ფონდ „ხიბულას“, რომლის დამფუძნებელია ბ-ნი ჯამბულ ქავთარაძე, გადაწყვეტლი აქვს ე.წ. „საქანთარიოს უბანში“, სასაფლაოს ტერიტორიაზე ააგოს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. იმ ადგილას, სადაც ეკლესიის მშენებლობა იგეგმება, მიწის ზედაპირზე შეინიშნებოდა ქვის კედლის ნაწილი, რომელიც მიჩნეული იყო ნაეკლესიარად (მეგრულად „ნაოხვამუდ“). სოფლის მკვიდთ მამა-პაპისაგან სმენია ამ ადგილას ოდესღაც ეკლესიის არსებობის შესახებ.

ისტორიულ წყაროებში და საარქივო დოკუმენტებში კი ამ ადგილას ეკლესიის არსებობა არ დასტურდება.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის თანახმად მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა. ამ მიზნით საქველმოქმედო ფონდ „ხიბულას“ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეს ჯამბულ ქავთარაძესა და ჩვენს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლთაც აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა ჩაგვეტარებინა არქეოლოგიური კვლევა და გაგვეცა სათანადო დასკვნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც ველზე მუშაობდა 2018 წლის 30 ოქტომბრიდან 14 ნოემბრანდე.

ადგილი, რომელსაც „საქანთარიოს ნაოხვამუს“ეძახიან, მდებარეობს ე.წ. „საქანთარიოს უბანში“ იქ, სადაც დღეს ქავთარაძე-ქანთარიების საგვარეულო სასაფლაოა. ის არის პატარა ბორცვი, ბრტყელი თხემით, რომლის ფართობი დაახლოებით 200 კვ. მ-ია (ფოტო 1). გათხრების დაწყებამდე მთელი ეს ტერიტორია ხშირი მცენარეული საფარით, მარავალწლიანი ხეებით, ბუჩქნარითა და ბალახით იყო დაფარული (ფოტო 2,3). ამდენად პირველ რიგში საჭირო იყო მათგან სამუშაო ფართობის განთავისუფელება, რისთვისაც საჭირო შეიქნა ბუჩქნარისა და ძეძვების გაკაფვა, ხეების მოჭრა და ამოძირკვა. მხოლოდ რამდენიმე ხის ამოძირკვა ჩავთვალეთ მიზანშეუწონლად, ვინაიდან ეს ნაგებობას დააზიანებდა.

მცენარეული საფარისაგან ველის განთავისუფლების შემდეგ უფრო მაკაფიოდ გამოიკვეთა დაუმუშავებელი, საშუალო ზომის, კირხსნარიანი ქვების წყობა, რომელიც პირველადი დათვალიერებისასაც ჩანდა (ფოტო 4). ის დამხრობილი იყო დასავლეთიდან აღმისავლეთით (მცირე გადახრით ჩრ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმისავლეთისაკენ), 9,3 მ. მანძილზე, აღმოსავლეთ მხარეს კედელი მორკალულად უხვევდა სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 2, 3 მ. მანძილზე, რამაც გავაფიქრებინა, რომ ეს შესაძლოა ეკლესიის აფსიდა ყოფილიყო.

თვდაპირველად გადაწყვეტილი გვქონდა მხოლოდ ბორცვის თხემის, ანუ იმ ადგილის გათხრა სადაც კედლები ფიქსირდებოდა და სავარაუდოდ ნაეკლესიარი შეიძლება ყოფილიყო. ამ მიზნით აღნიშნული ფართობი დავყავით 2X2 მ. ზომის კვადრატებად და დავნომრეთ „ჭადრაკის დაფის“ პრინციპით ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. სულ მივიღეთ 42 კვადრატი. მოინიშნა მუდვი ნული წერტილი. თუმცა შემდეგ გარემოებათა გამო გასათხრელი ფართობი 896 კვ.მ-მდე, ხოლო თავდაპირველი ბადე 242 კვ.მ-მდე გაიზარდა (ტაბ. I).

კედლის სრულად გამოჩენის მიზნით, მის გაყოლებაზე, ჩრდილოეთით, 1 მ. მანძილზე დავიწყეთ მიწის აღება. გამოჩნდა რიყის ქვების წყობა, რომელიც ვერტიკალურად 4-5 რიგად იყო დაწყობილი და კირხსნარით შედუღაბებული. ეს წყობა ჩრდილოეთის მხრიდან თავიდან ბოლომდე გასდევს კედელს. მისი სიმაღლე 0,5-0,7 მ-მდე მერყეობს. ზოგ ადგილას ეტყობა, რომ ქვები გადმოცვენილია (ტაბ.II; ფოტო 5,6).

ამგვარივე რიყის ქვით არის გამაგრებული ნაგებობის აღმოსავლეთი (აფსიდად მიჩნეული) მხარის ფასადიც (ფოტო 7-9).

ჩვენ მიზანშეუწონლად ჩავთვალეთ კედლისათვის ამ ქვების მოცილება, ვინაიდან იქ ტაძრის მშენებლობა იგეგმება და ძველი კედელი ალბათ მაქსიმალურად უნდა იყოს შენარჩუნებული in situ მდგომარეობაში.

კედლის შიდაპირს შემოვაცალეთ ჩამოცვენილი, ნაყარი ქვები და გამოვაჩინეთ საამშენებლო წყობა. ის შექმნილია დაუმუშავებელი საშუალო ზომის ქვებისაგან და კირხსნარითაა შედუღაბებული ( ტაბ. III, ფოტო 10).

სამწუხაროთ ზემოთაღნიშნული ფესვების გამო, ვერ მოხერხდა კედლის შიდაპირის მთელ სიგრძეზე სრულად გამოჩენა და ეს მხოლოდ მის გარკვეულ მონაკვეთზე იქნა შესაძლებელი. შემორჩენილი კედლის სიმაღლეც და სისქეც 0, 5- დან 0, 7 მ-მდეა (ფოტო 11) .

შემორჩენილია ნაგებობის მხოლოდ ჩრდილოეთის კედელი და აღმოსავლეთი კედელის ნაწილი (ტაბ. I). სამხრეთი და დასვლეთის კედლების კავალი არ დაფიქსირდა. არ ჩანს არავითარი ნიშანი მათი არსებობისა, რაც ორი რამით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული: ან ეს კედლები საერთოდ არ არსებობდა (დაწყებული მშენებლობა ვერ დასრულდა), ან ის მთლიანად, საძირკვლიანადაა დარღვეული, ქვები კი გატანილი. მხოლოდ რამდენიმე ქვა დაფიქსირდა K-3 და N-5,6 კვადრატებში (ტაბ. I).

ჩრდილოეთის კედლის გაყოლებაზე, დასვლეთ მხარეს, კედლის ქვედა დონიდან 0,30-0,35 მ.-ით დაბლა, K-3 – J-3 კვადრატებში დაფიქსირდა ერთ რიგად დაწყობილი, დაუმუშავებელი ქვების წყობა, რომლის სიგრძე 2,5 მ-ს უდრიდა (ტაბ. I; ფოტო 12). კედლიდან სამხრეთით, M-6 –M-9 კვადრატებში დაფიქსირდა ასევე ერთ რიგად და სწორ ხაზად დალაგებული, დაუმუშავებელი ქვების წყობა, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ იყო დამხრობილი და რომლის სიგრძე 3,5, ხოლო სიგანე 0,6-0,7 მ-ს უდრიდა. რა მიზნით დააწყვეს ისინი ძნელი სათქმელია.

ამ წყობის ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოლოში აღმოჩნდა ქაოტურად მიმობნეული ადამიანის ძვლები და რკინის ნივთები - ლურსმნები, დანისპირი, ისრისპირი და სხვ (ტაბ. I; ფოტო 13).

ადამიანის და ცხოველთა ძველები კედლის სამხრეთით კიდევ რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა: I-6 კვადრატში 0 წერილიდან -0,23 მ. დონეზე აღმოჩნდა ადამიანის თავის ქალის ფრაგმენტები, რკინის ოთხკუთხაგანივკვეთიან ლურსმნებთან ერთდ (ტაბ I; ფოტო 14); M-4 –M-5 კვადრატებში 0 წერტილიდან -0,6 მ. დონეზე ქაოტურად მიმობნეული ადამიანის ძველბი (თავის ქალის ფრაგმენტები, ლულოვანი ძველბი და სხვ). დაკრძალვის პოზისა და მიცვალებულთა რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. ინვენტარი უშუალოდ მათ სიახლვეს არ დაფიქსირებულა. ეს დანგრეული სამარხის (ან სამარხების) ნაშთი უნდა იყოს (ტაბ I; ფოტო 15).

ერთადერთი, შედარებით კარგად შენარჩუნებილი ორმოსამარხი (სამარხი №1) აღმოჩნდა ჩრდილოეთის კედლის გარეთ, K-3 კვარატში კედლის ძირიდან -0,5 მ, ხოლო 0 წერტილიდან -1,25 მ. სიღრმეზე. მიცვალებული დამხრობილი იყო დასავლეთოდან (თავით) აღმოსავლეთისაკენ და როგორც ჩანს ქრისტიანული წესით უნდა ყოფილიყო დაკრძალული, თუმცა ძვლების ცუდი დაცულობის გამო პოზის ზუსტი განსაზღვრა ვერ მოხერხდა. სამარხეული ინვენტარი მასში არ აღმოჩენილა (ტაბ I; ფოტო 16).

ადამიანისა და ცხოველის ძვლების ცალკეული ფრაგნენტები ფიქსირდებოდა გასათხრელი ფართობის მთელს ტერიტორიაზე, რაც აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ იქ სამაროვანი უნდა ყოფილიყო.

კედლის სამხრეთ-აღმოსავლეთით D-3 – I-3 კვადრატებში დაფიქსირდა 0,6-0,9 მ. სიგანის, ერთ ფენად დაწყობილი ქვების წყობა, რომლის სიგრძე 9,5 მ-ია (ტაბ I; ფოტო 17).

ასეთივე წყობა დაფიქსირდა კედლის სამხრეთით, D-10, E-11, F-11, H-11 კვადრატებში მისი სიგანეც 0,6-დან 1 მ-მდე მერყეობს ხოლო სიგრძე 8,5 მ-ს უდრის. (ტაბ I; ფოტო 18). ეს წყობა ალბათ რაღაც ტერიტორიის (ეკლესიის ან სასმაროვნის ?) შემოსაზღუდად გააკეთეს, ხოლო დასავლეთის მხარის ღიობი შესაძლოა ტერიტორიაზე შესასვლელი ყოფილიყო.

იმის გასარკვევად იყო თუ არა შემორჩენილი ნაგებობის კედლის ნაშთი სამხრეთით, გავლებულ იქნა 1X2 მ. ზომის ორი საკონტროლო თხრილი K-7,8-L-7-8 და N-7-8 კვადრატებში. მათი სიღმე 0, 5 – 0,7 მ-ია (ტაბ I; ფოტო 19,20), მაგრამ მათში კედლის წყობა არ დაფიქსირებულა, აღმოჩნდა მხოლოდ ადამიანის ძვლები, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და ლურსმნები.

მასალა, რომელიც არქეოლოგიურ ობიექტზე იქნა მოპოვებული, ძირითადად შედგება თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებისაგან, და რკინის კოროზირებული ნივთებისაგან. ვიძლევით რამდენიმე მთგანის აღწერილობას, რომელთა მეშვეობითაც ძეგლის დათარიღებაა შესაძლებელი.

1. ჭურჭლის (სასმისის?) ძირ-გვედის ფრაგმენტი. თიხის, ღია აგურისფერი ზედაპირით, შიდაპირითა და თხელი კეცით. ბრტყელი ძირი ოდნავ გამოყოფილია გვერდისაგან. ძალზე ნატიფადაა ნაკეთები (ტაბ. VII-1; ფოტო 23).

მაქსიმალური h- 3 სმ; ძირის შეორჩენილი d -2,5 სმ; კეცის სისქე - 3 მმ.

2. ჭურჭლის გვერდის ფრაგმენტი. ღია აგურისფერი ზედაპირით, მოყავისფრო შიდაპირითა და ასეთივე ფერის მსხვილმარცვლოვანი, სქელი კეცით. შემოუყვება რელიეფური ზოლი, ნათითურებით დატანილი ორნამენტით. როგორც ჩანს, დიდი დერგის, ან პატარა ქვევრის ფრაგმენტია.

მაქსიმალური h – 8,2 სმ; სიგანე - 5,5 სმ; კეცის სისქე - 1- 1,3 სმ (ტაბ. VII-2; ფოტო 24).

3. ჭურჭლის გვერდის ფრაგმენტი. თიხის, ყავისფერი ზედაპირით, შიდაპირითა და კეცით. ზედა ნაწილი შემკულია რელიეფურ ზოლზე ნათითურებით დატანილი ორნამენტით. როგორც ჩანს დიდი დერგის ან პატარა ქვევრის ფრაგმენტია.

მაქსიმალური h -9 სმ; სიგანე - 11 სმ; კეცის სისქე - 1,5 სმ (ტაბ. VII-3; ფოტო 24).

4. ჭურჭლის (ქოთნის) პირ-ყელის ფრაგმენტი. თიხის, ყავისფერი ზედაპირით, შიდაპირითა და თხელი კეცით. პირი მკვეთრად გადაშლილია, ყელი შეზნექილი.

h- 4 სმ; მაქსიმალური სიგანე - 6 სმ; კეცის სისქე - 0,3 სმ (ფოტო 23).

5. ჭურჭლის ყურის ფრაგმენტი. თიხის, ვარდისფრად გამომწვარი, ასეთივე ფერის მსხვილმარცვლოვანი კეცით, ოთხკუთხაგანივკვეთიანი. დაღარული, ოდნავ მორკალული. როგორც ჩანს დიდი ჭურჭლის (კოკის?) ყური უნდა ყოფილიყო.

h- 10 სმ; d – 2 სმ (ტაბ. VIII-1; ფოტო 23).

6. ჭურჭლის ყურის ფრაგმენტი. ყავისფერი ზედაპირით, შიდაპირითა და კეცით. ოთხკუთხაგანივკვეთიანი. როგორც ჩანს დიდი ჭურჭლის ყური უნდა ყოფილიყო.

h – 10 სმ; სიგანე 2,3 სმ; d – 2 სმ (ტაბ. VIII-2; ფოტო 23).

7. დანისპირი. რკინის, ოდნავ მოხრილი, ცალპირლესული, დაჟანგული.

სიგრძე - 10 სმ; სიფართე - 2 – 2,5 სმ (ტაბ. IX-7; ფოტო 25).

8. ისრისწვერი. რკინის, ოთხკუთხაგანივკვეთიანი, ნაკლული ყუნწით, რომბისებური თავით, დაჟანგული.

h – 5,5 სმ; თავის h -3,5 სმ; თავის სიგანე (ქვედა ნაწილში) – 2,3 სმ (ტაბ. IX-8; ფოტო 25).

9. ლურსმნები (73 ც). ყველა ოთხკუთხაგანივკვეთიანი. მრგავლი და ოთხკუთხედი თავებით.

სხვადასხვა ზომის (17, 15, 12, 8,5, 8, 7, 6,5, 5, 4 სმ) (ტაბ. IX-1-6; ფოტო 26).

ნაგებობის დანიშნულების ზუსტი განსაზღვრა ძალზე ძნელია. მხოლოდ ორი და ისიც ნაწილობრივ შემორჩენილი კედელი (ტაბ. II,IV,V,VI; ფოტო 21,22) ამის საშუალებას არ იძლევა. ის, რომ ერთი (ჩრდილოეთის) კედელი დამხრობილია დასველთიდან აღმოსავლეთისაკენ, ხოლო აღმოსავლეთის კედელი ნაგებია არა სწორად, არამედ მორკალულად, იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ნაგებობა შესაძლოა განვითარებულ და გვიან შუა საუკუნეებში (XII-XVIII სს.) გავრცელებული დარბაზული ტიპის, აბსიდიანი ტაძარი ყოფილიყო. ამავე დროს, სამხრეთისა და დასავლეთის კედლების, საკურთხევლისა და დარბაზის გამყოფი კედლის წყობის, საპერანგე ქვების, კრამიტის ან გადასახური ფილების არარსებობა, ამის გადაჭრით მტკიცების საშუალებას არ იძლევა.

შესაძლოა ეს კედლები რაღაც ტერიტორიის, სავარაუდოდ სამაროვნის (შესაძლოა საგვარეულო საძვლის) შემოსაზღუდი გალავნის ნაწილი ყოფილიყო. იქ აღმჩენილი ადამიანის ძვლები და არქეოლოგიური მასალა ამის ვარაუდის საშუალებას იძლევა. დიდი რაოდენობით აღმოჩენილი ლურსმნები (მათ შორის ე.წ. „საკოჭე“ ლურსმნები) იმაზე მიუთითებს, რომ გალავნის შიგნით ხის ნაგებობა (იქნებ ხის ეკლესიაც) უნდა მდაგრიყო. ის, რომ მიცვალებულთა ძვლები არეულია, ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ სამაროვანიც ნაგებობის თანადროულადაა განადგურებული.

ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს მცირე ზომის საფორთიფიკაცო ნაგებობა ყოფილიყო, კედლის სისქე ამის თქმის საშუალებას არ იძლევა. ამასთანავე ამ ადგილს „ნაოხვამუ“ ჰქვია და არა „ჯიხა“ ან „ნაჯიხუ“. „ოხვამე“ კი მეგრულად ეკლესიას ან სასაფლაოს აღნიშნავს. შუა საუკუნეებში კი სასაფლაოები ძირითადად ეკლესიის მახლობლად იყო.

„საქანთარიოს ნაოხვამუზე“ აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (კერამიკა და რკინის ნივთები) პარალელური მასლის გათვალისწინებით განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეებით (XII-XVI სს.) თარიღება. ამავე პერიოდით უნდა დათარიღდეს ნაგებობაც და მთლიანად არქეოლოგიური ობიექტი.

პროფესორი, არქეოლოგი რევაზ კვირკვაია.

2018 წელი.
















Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.