26.04.2021

ჩემი სოფელი-ხობი

 ჩემი სოფელი-ხობი

ისტორიკოსმა გოგიტა ჩიტაიამ ხობის წარსულის, მისი ისტორიული ძეგლების შესახებ ამჯერადაც საგულისხმო მასალა მოგვაწოდა. მისი თქმით, ხობს კოლხეთის ზღვისპირა ზოლის ბარის ცენტრალური ნაწილი უკავია. ამ რეგიონში კოლხური კულტურის ჩასახვა-განვითარება მიმდინარეობდა. ამავე რეგიონში მოიაზრება საქართველოს უძველესი ურბანისტული ცენტრი ფაზისიც. აქ მთავრდებოდა აღმოსავლეთიდან მომავალი ცნობილი აბრეშუმის გზა და აღმოსავლური და დასავლური კულტურების შეხვედრისა და დიალოგის ადგილი იყო. 


ხობის მონასტერი (ფოტო: ირაკლი შონია)

ლეგენდის მიხედვით, ძველად, შავ ზღვამდე გადაბმით ხარობდა მაღლარი ვენახები, ადამიანს შეეძლო, შავ ზღვამდე მიწაზე ფეხდაუბიჯებლად, ვენახ-ვენახ ჩასულიყო. ამ ლეგენდას ამართლებს ყულევის არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები, სადაც ღვინის კულტურასთან დაკავშირებული ათასობით ჭურჭელი აღმოჩნდა. ხობის მუნიციპალიტეტში 22 ადმინისტრაციული ერთეულია _ ერთი ქალაქი, 16 თემი (მათში შემავალი 52 სოფლით) და ხუთი სოფელი. განსახლების ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 200 მეტრამდე, მოსახლეობა ძირითადად ვაკედაბლობზე ცხოვრობს, მცირე ნაწილი _ გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში. რაიონის ტერიტორიას ჰკვეთს მდინარეები: რიონი, ხობი, ცივი, ჭურია, ზანა, ცია და მათი შენაკადები, რომელთა შორის აღსანიშნავია დღვაბა, ოჩხომური, მუნჩია (ჭურიის აუზი), ჭანისწყალი (ხობის აუზი). მუნიციპალიტეტს სამხრეთით ჩამოუდის მდინარე ფიჩორი. მდინარეები საზრდოობენ წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით, პატარა მდინარეები კი ჭაობებითაც. ურთის მთის კალთებზე მდებარეობს კარსტული ტბები _ პაპანწყვირე და ნაზმახუ, ხოლო ფოთთან _ პალიასტომის ტბა. მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი სამკურნალო თერმული წყლებით (ბევრგან ამოდის გოგირდის შემცველი მინერალური წყლები, რომლებიც ქიმიური თვისებებით ცაიშის მინერალური წყლების მსგავსია); ნაწილი გამოკვლეულია მეცნიერთა მიერ, ნაწილი კი საჭიროებს კვლევას. მათ შორის არის უნიკალური ჰიპერთერმული წყლები. გოგირდოვანი წყლის რესურსი ძირითადად განლაგებულია სოფლების გამოღმა _ პირველი ხორგის, ქვემო ქვალონისა და ბიის ტერიტორიებზე. ასევე მრავლადაა მცირე ტბა. წყალდიდობა იცის შემოდგომაზე. წყალმცირობა _ გაზაფხულსა და ზამთარში. მუნიციპალიტეტის ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ ნაწილში, აგრეთვე შავი ზღვის სანაპირო ზოლში დიდი ფართობი უკავია ჭაობებს.  მათი განაპირა კოლხური ტყეები კოლხური ხოხობის ერთადერთი და საყვარელი საბუდარია. აქ შემორჩენილია ულამაზესი ფრაგმენტები ველური ბუნებისა, რომელიც მდიდარია კოლხეთის ფლორის სელექციური და ენდემური სახეობებით. ამჟამად ეს ადგილები კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაა.

ხობის წმინდა სოფიოს ეკლესია. ეს ეკლესია ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში, მდინარე მუნჩიის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ხალხი ამ ტაძარს `აია-სოფიასაც~ ეძახის, იგი არქიტექტურული კომპლექსია. მის ეზოში მიმოფანტულია X-XI საუკუნეების ჩუქურთმიანი ლოდები და ადრექრისტიანული ხანისათვის დამახასიათებელი აგურკრამიტი, ანტიკური ხანისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რაც მიუთითებს, რომ შესაბამის პერიოდებში აქ სიცოცხლე დუღდა. ტაძრის ქვეშ გამოქვაბულია. გადმოცემით, ბერძნებს აქედან მოუპარავთ წმინდა სოფიოს ხატი. როცა შინ, საბერძნეთში ბრუნდებოდნენ, ზღვაზე საშინელი ქარიშხალი ამოვარდნილა, შეშინებულებს ღმერთისთვის დაუ- ჩოქიათ და უთხოვიათ, _ ოღონდ მშვიდობიანად ჩაგვიყვანე და უკან დავბრუნდებით და წმინდა სოფიოს ტაძარს ვაზისგან დამზადებულ კარს დავკიდებთო, ასეც მოქცეულან, მაგრამ წმინდა სოფიოს ხატი უკან არ დაუბრუნებიათ. `ჯეგეთის~ წმინდა გიორგი მდებარეობს ურთის მთის ყველაზე მაღალ მწვერვალზე, აქედან ხელისგულივით ჩანს შავი ზღვა, კავკასიონის დაბლობი, 5 ჰა-ზე მეტი ტერიტორია. აქ განსაკუთრებულად 23 აპრილს აღინიშნება გიორგობის დღესასწაული. აქვეა რამდენიმე მღვიმე და ერთი ხელოვნური გამოქვაბული. ხეთის ჯიხა (ციხე) სენაკი-ზუგდიდის საავტომობილო გზის პირას, სოფელ ხამისკურის დასაწყისში მდებარეობს შუა საუკუნეების ხეთის ჯიხა. ეს დიდი ციხე და მასთან მდებარე წყარო რაფიელ ერისთავმა აღწერა. ხიბულის ჯიხა მდებარეობს სოფელ ძველი ხიბულის ცენტრში არსებულ მაღალ ბორცვზე, მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა ნაპირზე. აშენებულია შუა საუკუნეებში. მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის აფხაზეთის კათალიკოსის, მალაქია გურიელის საბუთის მიხედვით, იგი “ციხე-სალაროდ” ითვლებოდა, შესაძლოა შიშიანობის დროს ახლომდებარე ეკლესიების საგანძურს აქ ინახავდნენ. ამ სოფელში დგას სახლი, სადაც სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა ზვიად გამსახურდიამ.

ისტორიკოს გიორგი კალანდიას გადმოცემით, პირველად ხობის მონასტერი გვხვდება ჯვრის სამონასტრო მატიანეში შეტანილ აღაპში, სადაც მოხსენიებულნი არიან ცოტნე დადიანის ოჯახის წევრები და ახლობლები. საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე. აქ დაცული იყო: დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, თამარ მეფის დედის, ბორდოხან დედოფლის კუთვნილი ხატი; აქვეა ხატები, რომლებიც მოიხსენიებენ დავით ნარინს, მანდატურთუხუცეს ბედან დადიანს, აფხაზეთის მეფეს ლეონ II-სა და სხვ. მართალია, დღემდე უცნობია, როდის და როგორ მოხვდა ეს ნივთები ხობის ტაძარში.

ხობის ტაძრის XIV-XV საუკუნეების ფრესკების წარწერებში მოიხსენიება ხობელი ეპისკოპოსი, ალექსანდრე I დიდის (1412-1442) მიერ გაცემულ თოფურიძეთა სიგელში ასევე დაფიქსირებულია ხობელი ეპისკოპოსის სახელი, რაც მეტყველებს, რომ ხობი XIV-XV საუკუნეებში საეპისკოპოსო კათედრა იყო. პირველი ხობელი ეპისკოპოსია ილარიონი, იგი გამოსახულია ტაძრის ჩრდილოეთ სვეტზე, სავედრებლად ხელებაღმართული, რომელსაც გადმობრუნებული ხუცური ასოებით აწერია: `ხობელი ილარიონ~. ილარიონის ფრესკული გამოსახულება XIV საუკუნეშია შექმნილი. ხოლო მისი ეპისკოპოსობა დაახლოებით ამ პერიოდს უკავშრდება. ჯვრის მონასტრის დაუთარიღებელ აღაპებში მოიხსენიება `თადეოზ ხოპელი~, რომელიც ხელნაწერის სავარაუდო დათარიღების მიხედვით, შესაძლოა, XIV საუკუნის დამდეგს მოღვაწეობდა. თოფურიძეთა სიგელში მოხსენიებულია ხობელი ეპისკოპოსი საბა ხობელი. თოფურიძეთა სიგელი ერთიანი საქართველოს მეფის, ალექსანდრე I-ის დროს გაცემულად უნდა ჩაითვალოს, ამიტომაც აქ მოხსენიებული საბა ხობელი დაახლოებით XV საუკუნის I ნახევარში მოღვაწეობდა. XV საუკუნეში ოდიშის ერისთავს, შამადავლა დადიან-გურიელს ტაძრის მფლობელობის გასაძლიერებლად გარკვეული ზომები მიუღია, რომლის დასტურადაც მისი სიგელია შემორჩენილი, სიგელი 1470-1474 წლებს შორის არის შედგენილი. XVI საუკუნეში ხობის კათედრა ოსმალებს აუოხრებიათ, რაზეც მეტყველებს ხობელ ნიკოლოზ წულუკიძის შეწირულობის წიგნი. მას მოუწესრიგებია ტაძრის სასულიერო და სამეურნეო ცხოვრება, შეუწირავს როგორც მამული, ასევე “ვერცხლის ბარძიმი’, ფეშხუმი და კამარა. ამ დოკუმენტს ისიდორე დოლიძე 1569 წლით ათარიღებს, ამიტომაც ცხადია, რომ ნიკოლოზ წულუკიძეს XVI საუკუნეში, 1569 წელთან ახლო დროში უმოღვაწია. საინტერესოა ხობში მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის ბიოგრაფია. ისტორიულ წყაროებში იგი ჯერ წინამძღვრად, შემდეგ კი ეპისკოპოსად იხსენიება, რაც, ჩვენი აზრით, შემთხვევითი არ არის. მისი ეპისკოპოსად კურთხევა სწორედ ლევან II დადიანის რეფორმის შემდეგ უნდა მომხდარიყო. ნიკოლოზი სხვადასხვა დროს იყო მეტეხის ეკლესიის წინამძღვარი, კახეთის მოძღვართმოძღვარი, კორცხელის მონასტრის გამგებელი, იერუსალიმში ჯვარისმამისა და გოლგოთის არქიმანდრიტი. ცოტა ხნით დასავლეთ საქარ- თველოში კათოლიკოს-პატრიარქის ტახტსაც განაგებს. ამ წყაროების მიხედვით ჩანს, რომ ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი ერთხანს ხობის მონასტრის წინამძღვარი ყოფილა, ხოლო შემდეგ კი ეპისკოპოსად უკურთხებიათ. XVII საუკუნეში მოღვაწეობდა ეპისკოპოსი ქვთიმე ფაღავა. ლევან III დადიანის 1660-1680 წლების შეწირულობის წიგნში ნათქვამია: `მობრძანდით თქვენ კათალიკოზი ბატონი და ბატონი დავით, დაგველაპარაკენით და ძველადგანცა ხობი ბიჭვინთისა ღვთისმშობლის შეწირული ყოფილიყო და ჟამთა ვითარებისგან გამოხდომოდა... შეიწირე მცირე ესე შესაწირავი შენ შიდ ცათ უმაღლესი და ქერაბინთა უზესშთაესო, ბიჭვინთისა ღვთისმშობელო, ასე რომე კათალიკოზს ოდიშის ერთი საყდარი ასეთი არ ჰქონდა, რომე დღესასწაული გარდაეხადა, ხან ერთ ეპისკოპოსს ჩაუდგებოდა შინ და ხან მეორეს, ეპისკოპოზები მწეთ გარჯით იყვნენდა ამისთვის შეუსწირეთ, რომე როდესაც კათალიკოზი ოდიშს მობრძანდებოდეს, ხატსა, ჯვარსა და ომფორსა იქ დაასვენებდეს და სასაფლაოდაც ის შეგვიწირავს~ (1675 წელი). კათალიკოსს, დავით ნემსაძეს (1673-1693), ლევან დადიანი გადასცემს საკათალიკოსოს საყდარს ხობს იმ მიზეზით, რომ ოდიშში ამ უმაღლეს იერარქს არ ჰქონდა საკუთარი ტაძარი. მთავარი თავის გადაწყვეტილებას არგუმენტითაც ამაგრებს _ თურმე ხობი ადრეც ბიჭვინთას შეწირული ყოფილა. ჩვენთვის დღემდე უცნობი იყო, რის საფუძველზე აცხადებს ამას მთავარი და რა პერიოდით ეკუთვნოდა ხობი აფხაზეთის კათალიკოსს.

ხობი მონასტრად რჩებოდა XIX საუკუნის განმავლობაში, სანამ გაუქმდებოდა. ხობი ნამდვილი მონასტერია, რომელშიც წმინდა ბასილის ორდენის რამდენიმე ქართველბერძენი ბერი ცხოვრობს, მათი წინამძღვარი არქიმანდრიტის წოდებას ატარებს. XIX საუკუნეში ხობის პირველ წინამძღვრად მოიხსენიება გრიგოლ მიქელაძე. დოკუმენტში ნათქვამია: `უღირსი ხოპის მონასტრის არხიმანდრიტს გრიგოლ მიქელაძეს მერწმუნა, მისი მაღალ უგანათლებულესობას ღენერალ ლეიტენანტის და სხვათა კავალერთა მქონებელს დადიანის გრიგოლის ძისა ლევანის მიერ და დედის მისისა, დედოფლის ნინოს საქართველოს მეფის გიორგის ასულის მიერ 1806 წელში, თვინიერ ბიჭვინტისა უწარჩინებულესი საკათალიკოზო ხოპის მონასტერი~. 1840 წელს ხობის არქიმანდრიტად ინიშნება ბესარიონ ჭყონია. მას დიდი შრომა-ღვაწლი მიუძღვის ხობის მონასტრის მამულების დაცვაში. 1857 წლიდან ხობელი წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი ბესარიონ ჩიჩუა. მას აქ აუშენებია ‘ზღუდის შუა” ორსართულიანი სახლი ოთხი ოთახითა და დარბაზით ზემო სართულში. იგი გარდაიცვალა 1865 წელს. საწინამძღვრო ტახტზე ალბათ, სიმონ აფაქიძე ავიდა. სიმონ აფაქიძის შესახებ ისტორიული წყაროები ისევე მწირია, როგორც მომდევნო წინამძღვრის შესახებ.ორივე მათგანი მოიხსენიება საფლავის ქვის წარწერაში: `აქ განისვენებს არხიმანდრიტი შიო ქვილითაია~. მეორე საფლავის ქვის ეპიტაფიაში კი ნათქვამია: `აქ განისვენებს არხიმანდრიტი მონასტრის გამგებელი მამა ალექსი მირცხულავა~. არქიმანდრიტი ალექსი ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის საფლავის ქვის ეპიტაფიაში ვკითხულობთ: `აქ განისვენებს არქიმანდრიტი მონასტრის გამგებელი მამა ალექსი მირცხულავა~. მამა ალექსის წინამძღვრობა ხობის მონასტრეში საქართველოსთვის ყველაზე ურთულეს პერიოდს უკავშირდება. მაშინ სასტიკად უსწორდებოდნენ ეკლესიის მსახურებს, ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს, ჩვენი ღირსეული წინაპრები მაინც პოულობდნენ შინაგან ძალას და ტაძრებში აგრძელებდნენ ღვთისმსახურებას. მამა ალექსი განათლებული, ღვთის მოშიში მოძღვარი იყო. იგი 1917 წელს თბილისში გამართულ საქართველოს ბერმონაზონთა კრებას ხობის მონასტრის სახელით ესწრებოდა. მან უამრავ განსაცდელს გაუძლო, იგი მონასტრიდან გააძევეს, აუკრძალეს წირვა-ლოცვა, დააპატიმრეს და სასტიკად აწამეს. ციხიდან ცოცხალი მხოლოდ ღვთის წყალობით გამოვიდა. გადაუსახლეს ვაჟიშვილი, რომელიც იქვე გარდაიცვალა, მან, დევნის მიუხედავად, უამრავი ადამიანი მონათლა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ტაძარს არ შორდებოდა და ატარებდა საეკლესიო ღვთისმსახურებას. უვლიდა ტაძარში დავანებულ სიწმინდეებს. მამა ალექსისთვის ალბათ ყველაზე ტრაგიკული იყო ის დღე, როცა ხობის მონასტრიდან სიწმინდეები გაიტანეს. სამწუხაროდ, მხოლოდ მცირე ნაწილია შემონახული იმ წერილებისა, რომლებსაც იგი საქართველოს სხვადასხვა მუზეუმის ხელმძღვანელებს უგზავნიდა და მათ ხობის მონასტრიდან “დროებით დასაცავად” გატანილი სიწმინდეების, საეკლესიო ნივთებისა და გამოცდილების დაცვას სთხოვდა. მრავალტანჯული, ტაძრიდან გაძევებული მღვდელი გულმხურვალედ ლოცულობდა და ელოდა იმ დღეს, როცა ტაძარში კვლავ აღდგებოდა საეკლესიო წირვალოცვა. იგი ღრმად მოხუცი 1962 წელს გარდაიცვალა. ხალხი მას ხობის ტაძრამდე ანთებული სანთლებით მიაცილებდა. არქიმანდრიტის ოცნება შესრულებულია, რადგანაც დღეს ხობის ტაძარში ღვთისმსახურება სრულდება, ტაძარში მოღვაწე ყველა ღვთისმსახურის სურვილი კი მაშინ ახდება, როცა ხობის ტაძრიდან გატანილი ყველა სიწმინდე ისევ ტაძარს დაუბრუნდება. აქვე ვბეჭდავთ მამა ალექსის წერილს, რომელიც მან სამეგრელოს მუზეუმის დირექტორს, აკაკი ჭანტურიას გაუგზავნა. “აკაკი ბატონო, გისურვებთ ყოველივე სიკეთეს. გარდა ამისა, აკაკი, შამომითვალეთ ამის მიმტანი გიორგი ყურაშვილის პირით და ან წერილით, რაშია მონასტრის საქმე და ჩემიც გეტყოდა ჩემი შვილი მე რა მიყვეს. ამის მიმტანს ნუ ეტყვით მაგნებმა რა მიყვეს მე. სხვა რა პასუხი მიიღეთ თფილისიდან გამაგებინეთ, უპატრონოთ მხედვენ მე ყოველი კაცი და ამას ნუ იზამთ თუ არ ეპატრონებით მონასტერს და მის მცველს მითხარით, და კლიტეს რა ვყოთ. ჩემი აზრით კლიტეს მე წავიღებ, ამისთვის რომ მთვარობას კლიტე რომ ჩააბარო, შიგნით ეკლესიაში ვერაფერი ვერ დარჩება და ან თქვენ ხელში იყოს კლიტე. მეორე _ ახლათ გაკეთებულ ჩემ ოთახში როცა მე გადავალ,კანტორათ უნდათ _ ასე გავიგე. რავა ჯობია?! დარღვევა შეუძლებელია. სხვა, ეზოში რაც არის, პატრონობს დაფი და სხვა. აწი შამომითვალეთ სინამდვილეთ რაშია საქმე. ჩემი შვილი მისული უნდა ყოფილიყო, მარა გიორგი გეტყვის, დაიჭირეს, რა იქნება, არ ვიცი. სხვა ტაძარს წვიმა რეცხს მხატვრობას ფუჭდება აწი მეტი რაღა გაწყენიოთ თქენი კეთილის მსურველი ალექსი. 1933 წ.

ჟურნალი „კარიბჭე“, N11, 2014 წელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.