გვერდები

31.05.2024

პლატონ ჯიშკარიანი - მეცნიერი და არქეოლოგი

 

  • 1952 წელს პლატონ ჯიშკარიანი დაინიშნა ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორად. 25 წელი იღვაწა ამ თანამდებობაზე ღირსეულად და პატიოსნად. კულტურის დამსახურებული მუშაკი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. მეცნიერი და პედაგოგი, სამუზეუმო საქმის ჩინებული სპეციალისტი და რაც მთავარია კეთილშობილი და ჰუმანური პიროვნება.
პლატონ ჯიშკარიანი დაიბადა 1913 წლის 1 აგვისტოს ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. 1918 წელს მამა გარდაეცვალა. ხუთი წლის ასაკში დაობლდა. ორი შვილი დედამ გაზარდა, ძმა ომში დაეღუპა. 1935-40 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. 1940 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში. იყო ლეიტენანტი-ასეულის მეთაური. 1945 წელს დემობილიზებული, საბრძოლო ჯილდოებით დაბრუნდა სამშობლოში. 1945 წლიდან 1952 წლის მაისამდე და შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა სკოლაში, მასწავლებელთა და ხელოვნების ინსტიტუტში.

პლატონ ჯიშკარიანის მუზეუმში მუშაობის წლები, ეს იყო მისი აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდი. მუზეუმში ფუნქციონირებდა სამეცნიერო საბჭო, თითოეულ თანამშრომელს წელიწადში ორ-სამჯერ უნდა წარმოედგინა ნაშრომი მუზეუმში დაცულ მასალაზე, ეთანამშრომლა პრესასთან. კვირაში ორჯერ ტარდებოდა საექსპედიციო სამუშაოები. გეგმა წინასწარ იყო შემუშავებული. ექსპედიციის შემდეგ საბჭოს ბარდებოდა ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ. ამგვარად მდიდრდებოდა მუზეუმი ახალი მასალით. მუშაობდა შემძენ-შემფასებელი კომისია. შემოდიოდა ღირებული ნივთები, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად აფასებდა მოწვეული სპეციალისტი. შესწავლილი ნივთი ადგილს იკავებდა სათანადო ფონდში. ტარდებოდა ექსკურსიები. რამოდენიმე წელიწადში ერთხელ თანამშრომლები მიდიოდნენ სტაჟირებაზე საბჭოთა კავშირის საუკეთესო მუზეუმებში გამოცდილების გაზიარების მიზნით. რეგიონის უკეთ გაცნობის მიზნით ტარდებოდა გასვლითი ექსკურსიები. ბატონი პლატონი ხშირად იცლიდა თანამშრომლებისთვის. ახალგაზრდებთან ჰქონდა მამა-შვილური ურთიერთობა. უფროსი თაობის თანამშრომლები თავიანთ გამოცდილებას, სამუზეუმო დებულებებს, კანონებს აცნობდნენ ახალ თანამშრომლებს.

25 წლის მანძილზე პლატონ ჯიშკარიანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა 25-ზე მეტი სამეცნიერო სესია. აქედან 16 სესიის მასალები გამოიცა ბროშურების სახით. სესიებში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ: აკადემიკოსი მირიან ძველაია, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი შოთა მესხია, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია, აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე. მუზეუმის თანამშრომლები: ციალა ქირია, ელეონორა ცხაკაიათამარ ფირალიშვილი, კალისტრატე სამუშიამამანტი პაჭკორია. სესიებში მოწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ: ბეგლარ გობეჩია, შოთა ხუბულავა, მირიან ნარმანია, ისაკ ქორთუა, კარლო მიქაია, შალვა შენგელი, ალექსანდრე ეგუტია და სხვები.

მუზეუმმა პირველმა რესპუბლიკაში ჩაატარა გამსვლელი სესიები: სალხინოში, სენაკში, ლიაში და ცაიშში. დირექტორად მუშაობის პერიოდში მის სამეცნიერო მოღვაწეობას მაღალ შეფასებას აძლევდნენ სამუზეუმო საქმის სპეციალისტები, კოლეგები, მეცნიერები.

1967 წელს გამოიცა პლატონ ჯიშკარიანის ფუნდამენტური ნაშრომი “ზუგდიდის რაიონის მშრომელები სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებისა და სოციალიზმის მშენებლობისათვის ბრძოლის პერიოდში “. ნაშრომი წარმოადგენს ზუგდიდის რაიონის მონოგრფიულად შესწავლის პირველ ცდას. მიმოხილულია ზუგდიდის მაზრის სოციალურ-ეკონომიური და კულტურული ვითარება მე XlX საუკუნის დამლევსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. წიგნი იმითაცაა საინტერესო, რომ სამეგრელოს ისტორიით დაინტერესებული მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის ამ ნაშრომს. გარდა ამისა ის არის 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: https://zugdidelebi.ge/%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98/


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.