გვერდები

27.05.2024

ქ ვ ა ლ ო ნ ი (1920 წ.)

    წრეულს  ქვალონმა დიდი შიმშილი გადაიტანა, დამშეულს ხალხს მთავრობამ  საგრძნობი დახმარება აღმოუჩინა. თუმცა შიმშილობამ  არა ერთი და ორი სიცოცხლე  იმსხვერპლა,  თუმცა  შექმნილმა მდგომარეობამ  არა ერთი და ორი ოჯახი დაღუპვის  უფრსკულამდე მიიყვანა, მაგრამ ყოველივე ამას,

  ადგილობრივ თვითმმართველობის გამგეობის და მილიციის უფროსის მეტად ნაყოფიერ მუშაობის მეოხებით,  ქვალონში არ მიუღია შედეგად დამნაშავეთა და დანაშაულთა ზრდა.  პირიქით  მიუხედავად  იმისა,  რომ   წრეულს  ქვალონში შიმშილობის  გამო  ცხოვრების  ჯოჯოხეთური  პირობები დამყარდა, ავკაცობა:  ავაზაკობა,  ქურდობა,  მკვლელობა, თავდასხმა და სხ. შედარებით წინაწლებთან, საგრძნობლად  შემცირდა.

   წრეულს ახალი მოსავალი ქვალონში მეტად კარგი იმედს იძლევა. ქვალონელები წრეულა მართლა ერთსულოვნად  და  მუყაითად შეუდგნენ მიწის დამუშავებას,  ვფიქრობთ,  ამ გარემოებამ უფრო უნდა შეუწყოს  ხელი  ნამუშევარს,  ვიდერე   „გვალვამ“   რომელიც ასე საჭიროა ქვალონისთანა  ჭაობიან  ადგილებისათვის.

ზემო სამეგრელოში მოსავალს წრეულს არ უჩანს კარგი პირი, „დობერამ“ აჯობა „ლაკადას“.

ეს არის ქვალონელები თავს ახწევენ შიმშილობის გაჭირვებას, მაგრამ წარმოიდგინეთ განგებას ასევე არ ნდომებია კვლავ ახალი გაჭირვება ეწვია თემს, მიმდინარე წლის 5 ენკენისთვეს ნაშუადღევს, ავაზაკები 6 კაცი დაესხნენ ქვალონის „საჭირბოროტო ბაქანზე“ ხეთიდან სენაკისკენ მიმავალ სამგზავრო მატარებელს. ბოროტმოქმედებმა ატეხეს საშინელი სროლა, მატარებელი შეაჩერეს, ყველა მგზავრები გადმოყარეს, მემანქანე სცემეს და ბოლოს დაუწყეს მგზავრებს ძარცვა. ართმევდნენ ფულებს და ოქრო-ვერცხლის ნივთებს. წართმეული ფულების და ნივთების ანგარიში გამოურკვეულია. ბოროტმოქმედთადმი არცერთ მგზავრს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუ არ აღვნიშნეთ მატარებლის „მორიგ ფოსტალიონისმიერ“ რევოლვერის ზევით გასროლა, მიუხედავად მგზავრების ასეთი საქციელისა, ავაზაკებმა მაინც ბევრი მგზავრებს სცემეს და თან აბარებდნენ მათ: „გადაეცით მთავრობას მალე, რომ განგვათავისუფლონ ჩვენ დანაშაულებათაგან, თორემ მთლად ავიკლებთ ქვეყანასაო“, ბოლოს ავაზაკებმა თავისი გვარები განუცხადეს ხალხს და „დიდი ალაფით“ გაუდგნენ სროლით გზას. თემი სამმართველო, სადაც იყვენენ ამ დროს ადგილობრივი მილიციელები, კარგა მანძილით დაშორებულია ამ „საჭირბოროტო ბაქანიდა“ (მათ შუა მანძილი სამი ვერსია) სანამ მილიციელები კარგად გაარკვევდნენ სროლის ადგილს და „ბაქანთან“ გაჩნდებოდნენ, ავაზაკები უკვე მიმალულიყვნენ, მაგრამ მილიციამ მაინც სცადა ავაზაკების ძებნა და დაედევნა...

ბოროტმოქმედების ადგილზე აღმოჩნდა ერთი (ქვალონელი) მოკლული რკინის გზის მუშა კონდრატე ჭანტურია და სამი მგზავრი მძიმედ დაჭრილი (ერთი კაცი და ორი ბოვში), ერთი დაჭრილთაგანი გზაში გარდაიცვალა. მკვდარი და დაჭრილები ყველა ქალაქ ახალ სენაკში წამოიღეს იმავე მატარებლით. ასეთია 5 ენკენისთვეს ქვალონში დატრიალებული ტრაგედია. ზუგდიდის მაზრის მდგომარეობა მეტად უნუგეშოა.

გაზეთი „საქართველო“ N99 1920 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.