გვერდები

20.01.2022

მიხეილ კალანდია - ხალხური სიმღერის მოამაგე და მომღერალი

 ხალხური სიმღერის მოამაგე და მომღერალი მიხეილ კალანდია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. მიხეილის ოჯახში ყველა მღეროდა - ბებია, ბაბუა, დედ-მამა და დები. 


                                                             ფოტო: ირაკლი შონია

ოჯახში შექმნილმა გარემომ დიდი როლი ითამაშა მიხეილ კალანდიას მომღერლად ჩამოყალიბების საქმეში. „რა თქმა უნდა პირველ რიგში, ჩემს ოჯახს, რომელმაც შემაყვარა მეგრული ჰანგები, ხოლო შემდეგ ჩემს პედაგოგებს: ვენერა ვეკუას და ციცინო ჯაბურიას. სკოლის არცერთი ღონისძიება არ ჩატარდებოდა ჩემი სიმღერის გარეშე“ (მ. კალანდია).

1972 წელს, ახალი ხიბულის კულტურის სახლთან ჩამოყალიბდა ხალხური სიმღერის ანსამბლი ამირან კაკაშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლში მიხეილთან ერთად, გოგონა ჭავჭანიძე, ქეთინო კაკაშვილი, კოტე ქავთარაძე, შოთა შენგელია და ჯუმბერ კვარაცხელია მღეროდნენ. ანსამბლი კონცერტებს ატარებდა როგორც ხობში, ასევე რესპუბლიკის სხვა ქალაქებში.

მიხეილ კალანდია 1980 წლიდან ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „კოლხეთის“ წევრია - „ხობში ჩვენი გუნდი ფუნქციონირებს 1980 წლიდან. მისი ხელმძღვანელი იყო ბატონი ვახტანგ მიმინოშვილი. წარმატებებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ხშირად გვიწვევდნენ ქართული კულტურის დღეებზე საზღვარგარეთ. ანსამბლმა კონცერტები გამართა უკრაინაში, პოლონეთსა და ვიეტნამში“ - იხსენებდა ბატონი მიხეილი.

  მ. კალანდია ოთხი ათეული წელი ემსახურა თავის საყვარელ საქმეს. ანსამბლს მისი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი კონცერტი ჩაუტარებია, ყოფილან  საგასტროლოდ, მონაწილეობდნენ ფესტივალებსა და ოლიმპიადებში. მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული ბატონი მიხეილი. გარდა სიმღერისა, მის მიერ შესრულებული როლებიც ახსოვთ ხობელ მაყურებელს. ის აქტიურად მონაწილეობდა სახალხო თეატრის სპექტაკლებსა და სახალხო დღესასწაულებში.


მიხეილ კალანდია გარდაიცვალა 2015 წელს. დაკრძალულია სოფელ ზუბის სასაფლაოზე.















 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.