გვერდები

18.01.2022

თამუნა ლატარია - ხობელი ხელოვანი

 თამუნა ლატარია ერთი მათგანია, ვინც ბავშვობის გატაცება დიდობაში გაიხსენა და საქმიანობად აქციადღეს ხისგან დამზადებული მისი თოჯინები მათ ახალ მფლობელებს უცხოეთშიც ახარებს. თავის თოჯინურ ხაზს ბავშვურად კიკი ლატარი დაარქვა. თოჯინურ ასლებს თამუნა შემკვეთების თხოვნით, ფოტოების მიხედვითაც აკეთებს. მისი ნაკეთობები მცირე ზომისაა, ამდენად, უფრო რთული დასამზადებელია. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ფაქტი სრულებით არ აფრთხობს. მთავარია, რომ მისი თოჯინური სამყარო სიხარულის ტირაჟირებას უკვე უცხოეთშიც ახდენს.


- თამუნა, თავიდან საკუთარ თავზე მოგვიყევით...

- დავიბადე ხობის რაიონის სოფელ თორსაში, რომლის საჯარო სკოლაც დავამთავრე. რადგან ტექნიკური სფერო უფრო მომწონდა, ჩავაბარე თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე. უმაღლესის მერე სკოლაში პედაგოგად ვმუშაობდი. როცა ოჯახი შევქმენი, ქუთაისში გადმოვცხოვრდი. ამის მერე ბავშვის გამო საქმიანობაში პაუზა მქონდა.

- ინფორმატიკის სპეციალისტმა თოჯინების გაკეთება რატომ დაიწყეთ?

- თოჯინების გაკეთება ბავშვობიდან დავიწყე. ეს უფრო მაშინ არსებულმა სიტუაციამ განაპირობა, რადგან იმ დროს არ იყო სათამაშო, არც ტელევიზორი, გართობის არანაირი საშუალება არ არსებობდა. ოთხი წლის წინ ამ გატაცებას სერიოზული სახე მივეცი რეალიზაციისთვის დავიწყე თოჯინების კეთება, ტანსაცმელსაც თავად ვუკერავდი. მას მერე არ გავჩერებულვარ. რაც შეეხება სახელწოდებას, პირველ თოჯინას, რომელიც შევქმენი, კიკინები ჰქონდა და თანაც დასახელებაში ჩემი გვარის ხსენებაც მინდოდა, ამიტომ ნამუშევრებს სახელიც კიკი-ლატარი აქედან გამომდინარე შევურჩიე.


- რისგან ამზადებთ მათ?

- მათ დასამზადებლად ძირითადად ხეს და ქსოვილებს ვიყენებ. მათზე მუშაობა ძალიან ხალისიანი პროცესია. ჯერ ფანტაზიით წარმოვიდგენ ხოლმე, შემდეგ ხეში ვაცოცხლებ და ბოლოს სამოსით ვალამაზებ. ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა სიმაღლის არიან: ყველაზე პატარა 25 სანტიმეტრია, დიდი - 43 სანტიმეტრამდე. სხვათა შორის, ამ ზომის ნამუშევრების შექმნა გაცილებით რთულია.

- ახლობლების თოჯინურ ორეულებსაც გიკვეთავენ?

- დიახ, უნდათ, რომ ამ გზით მათ მხიარული საჩუქარი გაუკეთონ. ასეთ თოჯინებს ხშირად ფოტოების მიხედვითაც ვამზადებ. ზუსტად იგივე სამოსს ვუკერავ, რაც ფოტოებზე აცვია. როცა ფოტოებზე მეგობრებთან ერთად არიან, ზუსტად ასეთივე კომბინაციას ითხოვენ.

- ალბათ უცნაური და სახალისო შეკვეთებიც გქონდათ...

- უცნაური იყო, როცა შემიკვეთეს ცნობილი ანიმაციური ფილმის Hotel Transylvania- პერსონაჟის, ბაბუა დრაკის თოჯინის გაკეთება. ამ შეკვეთაზე მთელი კვირა ვფიქრობდით, რადგან თოჯინური ასლის თარგი იყო მოსაფიქრებელი. ცოტა ვიწვალეთ, მაგრამ ბოლოს გამოგვივიდა მე და ჩემს მეუღლეს, რომელიც პროფესიით მოქანდაკეა. ამ თოჯინის პერანგი ხელითაა მოხატული. მოკლედ, ეს მხიარული პერსონაჟი ერთობლივად შევქმენით და მან დიდი მოწონება დაიმსახურა.

- საკუთარი თავი თუ გაათოჯინეთ?

- საკუთარი თავის გათოჯინებას ვერ ვახერხებ. ისე, მიფიქრია, რომ ოჯახის წევრების თოჯინები გამეკეთებინა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ამას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ.

- ერთად თუ მოუყარეთ თავი თქვენს ნამუშევრებს რომელიმე გამოფენაზე?

- გამოფენებზე ვერ ვახერხებ მონაწილეობის მიღებას, მიზეზი აქაც იგივეა - დროის სიმცირე. თანაც, წინასწარ უნდა მქონდეს დამზადებული ბევრი თოჯინა, რომ მათი გამოფენა შევძლო. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ზუგდიდში ვიყავი გამოფენაზე, საიდანაც ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი.

- უცხოეთის რომელ ქვეყნებში არიან ისინი?

- ჩემი თოჯინები ხშირად მოგზაურობენ: ისრაელში, კანადაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მჯერა, რომ იქ მყოფ ხალხს ისინი სიხარულს და დადებით ემოციას გადასცემენ. მიხარია, რომ ამ თოჯინებს ქართველი ემიგრატები ხშირად თავის უცხოელ მეგობრებს ჩუქნიან. მოკლედ, გამოდის, რომ მე და ჩემი ფერადი სამყარო მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობთ და ყველას ვახარებთ. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ყოველი მომდევნო თოჯინა ჩემთვის აღმაფრენაა...

წყარო:https://sputnik-georgia.com/20211108/tamuna-lataria-261880890.html


 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.