გვერდები

28.01.2022

დავით კობახიძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და რეჟისორი

 ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი და რეჟისორი დავით კობახიძე დაიბადა 1935 წლის 3 იანვარს, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში. 1953 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.

1957-1962 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორის ასისტენტად.

1962-1967 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე.

1967-1969 წ.წ. - ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორი.

1970-1973 წ.წ. - საქართველოს ტელევიზიის რეჟისორი.

1973-1976 წ.წ. - სოხუმის ქართული თეატრის მთავარი რეჟისორი.

1976-1980 წ.წ. - ვასო აბაშიძის მუსიკალური კომედიის თეატრის რეჟისორი.

1980-1992 წ.წ. - რუსთავის სახელმწიფო თეატრის რეჟისორი.

2002-2004 წ.წ. - ცხინვალის ქართული თეატრის რეჟისორი.

2005-2010 წ.წ. - სოხუმის მოზარდმაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი.

1976-2010 წ.წ. - თეატრალური ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, დოცენტი, პროფესორი.

1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1987-2004 წ.წ. - თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო და სამსახიობო ფაკულტეტის დეკანი.

1996 წლიდან თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი.



21.01.2022

ამაგდარი - ხალხური სიმღერის მოამაგე რეზო თოდუა

 ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, კულტურის მოამაგე და ხობის საპატიო მოქალაქე, რეზო თოდუა დაიბადა 1939 წლის 28 ივნისს ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში. ბატონი რეზოს ოჯახის ყველა წევრი ქართული ხალხური სიმღერის დიდი მოყვარული ყოფილა.

ბატონმა რეზომ:

1955 წ. დაამთავრა პირველი მაისის სკოლის 8 კლასი და სწავლა განაგრძო ქ. ზუგდიდის ი.ქ.კ. მუშა ახალგაზრდობის საღამოს საშუალო სკოლაში.

1958 წელს ქ. თბილისში გაიარა დახელოვნების კურსები.

1958 წელს ჩაირიცხა ქ. ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო ტეკნიკუმში საგუნდო- სადირიჟორო განყოფილებაზე.

1961 წელს დაინიშნა ქ. ქუთაისის მე-16 საშუალო სკოლის საგუნდო ხელმძღვანელად.

1964 წელს მუშაობა დაიწყო ხობის სარაიონო კულტურის სახლში მსახიობად.

1966 წელს შოთა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ მხატვრულ-თვითშემოქმედებით რესპუბლიკურ ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსზე I ხარისხის დიპლომი მიენიჭა.

1968 წელს დაინიშნა კულტურის სახლის ინსტრუქტორად.

1971 წელს მიენიჭა მშრომელთა მხატვრულ თვითმოქმედების რესპუბლიკური ფესტივალის  I  ხარისხის დიპლომი.

1972 წელს გადაიყვანეს ხობის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად.

1977 წელს მიენიჭა საკავშირო ფესტივალის ლაურეატის წოდება.

1979 წელს დაინიშნა კულტურის სახლის დირექტორად.

1991 წ. - სარაიონო კულტურის სახლის ლოტბარი.

1993 წ. - სარაიონო კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი.

რ. თოდუა სხვადასხვა წლებში პირველი მაისის საშუალო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად და თოჯინების თეატრის ხელმძღვანელად მუშაობდა.

2015 წელს „ცოტნეობის“ სახალხო დღესასწაულზე კულტურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

რეზო თოდუა ფოლკლორული ანსამბლ ,,კოლხეთის" წევრია.

20.01.2022

მიხეილ კალანდია - ხალხური სიმღერის მოამაგე და მომღერალი

 ხალხური სიმღერის მოამაგე და მომღერალი მიხეილ კალანდია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. მიხეილის ოჯახში ყველა მღეროდა - ბებია, ბაბუა, დედ-მამა და დები. 


                                                             ფოტო: ირაკლი შონია

ოჯახში შექმნილმა გარემომ დიდი როლი ითამაშა მიხეილ კალანდიას მომღერლად ჩამოყალიბების საქმეში. „რა თქმა უნდა პირველ რიგში, ჩემს ოჯახს, რომელმაც შემაყვარა მეგრული ჰანგები, ხოლო შემდეგ ჩემს პედაგოგებს: ვენერა ვეკუას და ციცინო ჯაბურიას. სკოლის არცერთი ღონისძიება არ ჩატარდებოდა ჩემი სიმღერის გარეშე“ (მ. კალანდია).

1972 წელს, ახალი ხიბულის კულტურის სახლთან ჩამოყალიბდა ხალხური სიმღერის ანსამბლი ამირან კაკაშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლში მიხეილთან ერთად, გოგონა ჭავჭანიძე, ქეთინო კაკაშვილი, კოტე ქავთარაძე, შოთა შენგელია და ჯუმბერ კვარაცხელია მღეროდნენ. ანსამბლი კონცერტებს ატარებდა როგორც ხობში, ასევე რესპუბლიკის სხვა ქალაქებში.

მიხეილ კალანდია 1980 წლიდან ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „კოლხეთის“ წევრია - „ხობში ჩვენი გუნდი ფუნქციონირებს 1980 წლიდან. მისი ხელმძღვანელი იყო ბატონი ვახტანგ მიმინოშვილი. წარმატებებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩვენ ხშირად გვიწვევდნენ ქართული კულტურის დღეებზე საზღვარგარეთ. ანსამბლმა კონცერტები გამართა უკრაინაში, პოლონეთსა და ვიეტნამში“ - იხსენებდა ბატონი მიხეილი.

  მ. კალანდია ოთხი ათეული წელი ემსახურა თავის საყვარელ საქმეს. ანსამბლს მისი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი კონცერტი ჩაუტარებია, ყოფილან  საგასტროლოდ, მონაწილეობდნენ ფესტივალებსა და ოლიმპიადებში. მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული ბატონი მიხეილი. გარდა სიმღერისა, მის მიერ შესრულებული როლებიც ახსოვთ ხობელ მაყურებელს. ის აქტიურად მონაწილეობდა სახალხო თეატრის სპექტაკლებსა და სახალხო დღესასწაულებში.


მიხეილ კალანდია გარდაიცვალა 2015 წელს. დაკრძალულია სოფელ ზუბის სასაფლაოზე.















 

18.01.2022

თამუნა ლატარია - ხობელი ხელოვანი

 თამუნა ლატარია ერთი მათგანია, ვინც ბავშვობის გატაცება დიდობაში გაიხსენა და საქმიანობად აქციადღეს ხისგან დამზადებული მისი თოჯინები მათ ახალ მფლობელებს უცხოეთშიც ახარებს. თავის თოჯინურ ხაზს ბავშვურად კიკი ლატარი დაარქვა. თოჯინურ ასლებს თამუნა შემკვეთების თხოვნით, ფოტოების მიხედვითაც აკეთებს. მისი ნაკეთობები მცირე ზომისაა, ამდენად, უფრო რთული დასამზადებელია. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ფაქტი სრულებით არ აფრთხობს. მთავარია, რომ მისი თოჯინური სამყარო სიხარულის ტირაჟირებას უკვე უცხოეთშიც ახდენს.


- თამუნა, თავიდან საკუთარ თავზე მოგვიყევით...

- დავიბადე ხობის რაიონის სოფელ თორსაში, რომლის საჯარო სკოლაც დავამთავრე. რადგან ტექნიკური სფერო უფრო მომწონდა, ჩავაბარე თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე. უმაღლესის მერე სკოლაში პედაგოგად ვმუშაობდი. როცა ოჯახი შევქმენი, ქუთაისში გადმოვცხოვრდი. ამის მერე ბავშვის გამო საქმიანობაში პაუზა მქონდა.

- ინფორმატიკის სპეციალისტმა თოჯინების გაკეთება რატომ დაიწყეთ?

- თოჯინების გაკეთება ბავშვობიდან დავიწყე. ეს უფრო მაშინ არსებულმა სიტუაციამ განაპირობა, რადგან იმ დროს არ იყო სათამაშო, არც ტელევიზორი, გართობის არანაირი საშუალება არ არსებობდა. ოთხი წლის წინ ამ გატაცებას სერიოზული სახე მივეცი რეალიზაციისთვის დავიწყე თოჯინების კეთება, ტანსაცმელსაც თავად ვუკერავდი. მას მერე არ გავჩერებულვარ. რაც შეეხება სახელწოდებას, პირველ თოჯინას, რომელიც შევქმენი, კიკინები ჰქონდა და თანაც დასახელებაში ჩემი გვარის ხსენებაც მინდოდა, ამიტომ ნამუშევრებს სახელიც კიკი-ლატარი აქედან გამომდინარე შევურჩიე.


- რისგან ამზადებთ მათ?

- მათ დასამზადებლად ძირითადად ხეს და ქსოვილებს ვიყენებ. მათზე მუშაობა ძალიან ხალისიანი პროცესია. ჯერ ფანტაზიით წარმოვიდგენ ხოლმე, შემდეგ ხეში ვაცოცხლებ და ბოლოს სამოსით ვალამაზებ. ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა სიმაღლის არიან: ყველაზე პატარა 25 სანტიმეტრია, დიდი - 43 სანტიმეტრამდე. სხვათა შორის, ამ ზომის ნამუშევრების შექმნა გაცილებით რთულია.

- ახლობლების თოჯინურ ორეულებსაც გიკვეთავენ?

- დიახ, უნდათ, რომ ამ გზით მათ მხიარული საჩუქარი გაუკეთონ. ასეთ თოჯინებს ხშირად ფოტოების მიხედვითაც ვამზადებ. ზუსტად იგივე სამოსს ვუკერავ, რაც ფოტოებზე აცვია. როცა ფოტოებზე მეგობრებთან ერთად არიან, ზუსტად ასეთივე კომბინაციას ითხოვენ.

- ალბათ უცნაური და სახალისო შეკვეთებიც გქონდათ...

- უცნაური იყო, როცა შემიკვეთეს ცნობილი ანიმაციური ფილმის Hotel Transylvania- პერსონაჟის, ბაბუა დრაკის თოჯინის გაკეთება. ამ შეკვეთაზე მთელი კვირა ვფიქრობდით, რადგან თოჯინური ასლის თარგი იყო მოსაფიქრებელი. ცოტა ვიწვალეთ, მაგრამ ბოლოს გამოგვივიდა მე და ჩემს მეუღლეს, რომელიც პროფესიით მოქანდაკეა. ამ თოჯინის პერანგი ხელითაა მოხატული. მოკლედ, ეს მხიარული პერსონაჟი ერთობლივად შევქმენით და მან დიდი მოწონება დაიმსახურა.

- საკუთარი თავი თუ გაათოჯინეთ?

- საკუთარი თავის გათოჯინებას ვერ ვახერხებ. ისე, მიფიქრია, რომ ოჯახის წევრების თოჯინები გამეკეთებინა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ამას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ.

- ერთად თუ მოუყარეთ თავი თქვენს ნამუშევრებს რომელიმე გამოფენაზე?

- გამოფენებზე ვერ ვახერხებ მონაწილეობის მიღებას, მიზეზი აქაც იგივეა - დროის სიმცირე. თანაც, წინასწარ უნდა მქონდეს დამზადებული ბევრი თოჯინა, რომ მათი გამოფენა შევძლო. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ზუგდიდში ვიყავი გამოფენაზე, საიდანაც ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი.

- უცხოეთის რომელ ქვეყნებში არიან ისინი?

- ჩემი თოჯინები ხშირად მოგზაურობენ: ისრაელში, კანადაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მჯერა, რომ იქ მყოფ ხალხს ისინი სიხარულს და დადებით ემოციას გადასცემენ. მიხარია, რომ ამ თოჯინებს ქართველი ემიგრატები ხშირად თავის უცხოელ მეგობრებს ჩუქნიან. მოკლედ, გამოდის, რომ მე და ჩემი ფერადი სამყარო მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობთ და ყველას ვახარებთ. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ყოველი მომდევნო თოჯინა ჩემთვის აღმაფრენაა...

წყარო:https://sputnik-georgia.com/20211108/tamuna-lataria-261880890.html