გვერდები

15.04.2021

რუბრიკა ამაგდარი - გოგიტა ჩიტაია

 გოგიტა ჩიტაია - „ხობელი ექვთიმე“, როგორც მას უწოდებენ მისი მეგობრები, ხობის ისტორიის დიდი მოამაგე და მკვლევარია. გ. ჩიტაიას კალამს ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევები ხობის მონასტრის ისტორიის, კულტურის, განათლების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. რომ არა გ. ჩიტაიას დიდი შრომა და რუდუნება ჩვენი ცოდნა და წარმოდგენა ხობის ისტორიაზე ძალიან მწირი იქნებოდა.

 გოგიტა ჩიტაია დაიბადა 1960 წლის 13 იანვარს, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში. გ. ჩიტაიამ დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ისტორიკოსის სპეციალობით. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა ხობის ,,სოფლტექნიკის’’ სარემონტო სახელოსნოში ამწყობ ზეინკლად, ისტორიის მასწავლებლად, ხობის (ხეთის) საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად, ფოთის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორად და ფოთისა და ხობის ეპარქიის მემატიანედ.

გოგიტა ჩიტაია 1984-1989 წლებში ამბროლაურის რაიონის სოფელ ველევის სკოლაში ისტორია-გეოგრაფიის პედაგოგად მუშაობდა. „იგი ველევის სკოლაში მუშაობდა 1984-1989 წლებში მასწავლებლად. თემის რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ( რაიონის ცენტრს 19 კმ-ით არის დაშორებული, მახლობელ სოფელს -  9 კმ-ით, რაჭის  ქედის ჩრდილო ფერდობზეა შეფენილი, მთას იქით იმერეთია) კადრები ყოველთვის ჭირდა. ხშირი იყო მასწავლებელთა დენადობა. ჭირდა ინსტიტუტდამთავრებულთა  და სკოლაში სამუშაოდ  განაწილებით მოსულთა დამაგრება. რა გასაკვირია, სხვა რაიონებიდან მოსულებს რომ გაუჭირდეთ გაჩერება, როცა ადგილობრივებს უძნელდებათ აქ ცხოვრება. თითქმის საქართველოს  ყველა კუთხის წარმომადგენელს უმუშავია აქ: ... სამეგრელოდან - გოგიტა ჩიტაიას... იმ რთულ პერიოდში, როცა მიწისძვრამ იავარქმნა ჩვენი სკოლა, გოგიტა ჩიტაიამ, რომელსაც 5 წელი აქვს გატარებული ჩვენს სოფელში და რომელიც ყველა ველეველს ძალიან კარგად მოაგონდება, ხობში დაბრუნების შემდეგ  შუა ხორგის საშუალო სკოლაში განაგრძო მუშაობა, სკოლის დირექტორ გულნარა ტაბაღუასა და პედაგოგებთან ერთად ჩვენი გასაჭირი გაიზიარა. მათ როგორც მატერიალური, ისევე მორალური დახმარება აღმოგვიჩინეს. დღეს დროის გადასახედიდან უფრო მეტად ვაფასებ მათ თანადგომას“ („ველევის სკოლის ისტორია“, ეკატერინე ჭიჭინაძე, ველევის სკოლის დირექტორი, ჟურნალი „რაჭველები“ N8, 2011 წელი.).

 გ. ჩიტაია წლების განმავლობაში მონაწილეობდა გაგრაში, ყულევში, ხობის მონასტერში, ჭალადიდში და მაჩხომერზე ჩატარებულ არქეოლოგიურ სამუშაოებში.

2015 წელს, გოგიტა ჩიტაიას, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

გოგიტა ჩიტაიას და ირაკლი შონიას ერთობლივი საქმიანობის შედეგად შეიქმნა შესანიშნავი დოკუმენტური ფილმები ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ისტორიაზე: „ბია“ და „კოლხური აიასოფია“.

 წიგნები:

 

1.      „წარსულის ფურცლები“ (პერიოდული გამოცემების მასალები ხობის მუნიციპალიტეტის წარსულზე), 2015 წელი.

2.      „ხობის სიძველენი“ (ხობის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები), 2017 წელი.

3.      „ფოთს ღვთისმშობელი იცავს“, 2002 წელი.

4.      „ხობის მუნიციპალიტეტი“ (ტურისტული გზამკვლევი), 2019 წ.

5.      „ფოთისა და ხობის ეპარქია: ისტორიული ძეგლები, 2007 წ.

6.      ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი, 2000 წ.

7.      „ყულევი“, გოგიტა ჩიტაია, რევაზ პაპუაშვილი, იოსებ პაპუაშვილი.

 

 სამეცნიერო პუბლიკაციები

 1.      ჯარალუა - "ფუთიშ მესობა", ჟურნალი სქანი : კულტურაშ, მენცარალაშ დო ჭარალუაშ ჟურნალი / მარგალურ ნინაშ ასოციაცია. თბილისი, 2020. N2. გვ. 48-50.

2.      „ხობის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“

3.      ივერიელნი / საზოგადოებრივი ჟურნალი. თბილისი, 2018. N 17. გვ. 124-125.

4.      „ხობის ღვთისმშობელი : დღესასწაული ღვთისმშობლის კვართისა“, ცოტნეიდელი / ფაზისის საერო აკადემია. თბილისი–ფაზისი, 2015–2016. ტომი IX (ნაწილი II). გვ. 64–66.

5.      მცირეოდენი ცნობები პალიასტომის ღვთისმშობლის ხატის შესახებ (თამაზ ბერაძე, გოგიტა ჩიტაია). ცოტნეიდელი / ფაზისის საერო აკადემია. თბილისი–ფაზისი, 2015–2016. ტომი IX (ნაწილი II). გვ. 280-281.

6.      წმ. სოფიოს ეკლესია, ცოტნეიდელი / ფაზისის საერო აკადემია. თბილისი–ფაზისი, 2015–2016. ტომი IX (ნაწილი II). გვ. 330–331.

7.      კოლხეთიშ კინოხიშ დოგურაფაშ კუნტა ისტორია დო ჭუმანერიშ პერსპექტივეფი. სქანი: კულტურაშ, მენცარალაშ დო ჭარალუაშ ჟურნალი / მარგალურ ნინაშ ასოციაცია. თბილისი, 2020. N 1. გვ. 26-28.

8.      ხობის მონასტერი : [ხობის (ნოჯიხევის) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიის ისტორია და მასში დაცული სიწმინდეები], საპატრიარქოს უწყებანი. 2003. N27(235), გვ.15-16.

9.      ხობის ღვთისმშობელი. დღესასწაული ღვთისმშობლის კვართისა
ცოტნეიდელი / ფაზისის საერო აკადემია. თბილისი-ფაზისი, 1996-2005. ტ. I, ფაზისის საერო აკადემიის სამეცნიერო სესიების მასალები, გვ.117-119

10.  ხობის სიძველეების შესახებ. ცოტნეიდელი / ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემია. თბილისი-ფასიზი, 2014-2015. ტომი VII, ფაზისის აკადემიის სამეცნიერო სესიების მასალები, გვ.350-351.

 

შენიშვნა: (პუბლიკაციების ჩამონათვალი არასრულია)

 გოგიტა ჩიტაია-60

(დაგვიანებული მოლოცვა)
არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი პიროვნული ხიბლით ურთიერთობებით, მამულიშვილობით, პროფესიონალიზმით სამაგალითონი არიან, ასეთი პიროვნებები, ცხადია, იშვიათობას წარმოადგენენ, ამიტომაც მათ განსაკუთრებული გაფრთხილება და დაფასება სჭირდებათ.
გოგიტა ჩიტაია ყველა ხობელისთვის მოსაფერებელი კაცია. სტუდენტობიდან დღემდე კალამი ხელიდან არ გაუგდია, თავისი შესანიშნავი წიგნებითა და ნაშრომებით ხობსა და ხობელებს დიდი განძი შესძინა. ხობელებმა კი მის თავდადებას და ერის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხეს და ,,ხობის საპატიო მოქალაქედ" აირჩიეს. უხმაურო და უპრეტენზიო კაცის იუბილე ვიწრო წრეში აღინიშნა, ბევრმა აკი უსაყვედურა, მაგრამ რას იზამ, ,,ჯასტაგანი" კაცია.
დიდხანს იცოცხლე ,,ბაბაგე"

ბეჟან ნადარაია 2 მარტი, 2020 წლი

 გოგიტა არის უნიკალური ადამიანი. პიროვნება, რომლის მოღვაწეობა სცდება რაიონის და სამეგრელოს მასშტაბებს. მისი მრავალმხრივი ნაშრომები გზამკვლევია ჩვენი კუთხის და ხობის ისტორიით, არქეოლოგიით, ეთნოგრაფიით, ფოლკლორით, ტოპონიმიკით დაინტერესებულ პირთათვის. განსაკუთრებულია მისი ღვაწლი ხობის მონასტრის, „მაჩხომერის“ და სხვა უთვალავი ძეგლის ისტორიის შესწავლის და წარმოჩენის საქმეში. ბედნიერებაა იცნობდე გოგიტა ჩიტაიას და მის შემოქმედებას. ამავე დროს, გამომდინარე მისი ადამიანური თვისებებიდან, ის არის ხობის რაიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის ძალიან ახლო მეგობარი და პირიქით, მთელი ხობის რაიონია ამ დიდებული მამულიშვილის მეგობარი. ჩვენ მას ვაფასებთ, გვიყვარს გოგიტა როგორც ჩვენი ოჯახის წევრი. ის არის უპირველესი ხობარი და საერთო-სახალხო საგანძური. დიდი მადლობა შენი შრომისა და ღვაწლისთვის.

ხვიჩა შონია

 საინტერესო წიგნები ხობის შესახებ

(,,ხობის სიძველენის" და ,,ყულევის" გამო)
დიდი საჩუქარი მიიღეს ხობელებმა წინასაახალწლოდ.
ისტორიკოსმა და მკვლევარმა გოგიტა ჩიტაიამ შესანიშნავი წიგნი გამოსცა ''ხობის სიძველენი". ხობის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები: წიგნი დააფინანსა ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ, ამისთვის დიდი მადლობა მათ. თუ არ ვცდები ეს ბატონ გოგიტას მეექვსე წიგნია (მას რომ ჰკითხო, სწორ პასუხს მაინც ვერ მიიღებ, არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი).
წიგნის რედქტორია ანზორ სიჭინავა, რეცენზენტები ედიშერ გვენეტაძე-ისტორიის დოქტორი, პროფესორი. რევაზ პაპუაშვილი-ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი. წიგნი დაიბეჭდა სტამბა ,,საარში".
წიგნი შედგება შემდეგი თავებისგან: ხობის მონასტერი; ეკლესიები; ციხე კოშკები და სხვა ნაგებობები; ნაეკლესიარები; საფლავის ქვები; მუზეუმები; არქეოლოგიური ობიექტები; აფხაზეთის კათოლიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის ,,წყალობის წიგნი" შუშანიებისადმი და გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა.
წიგნის წინათქმაში ვკითხულობთ: ,,ხობის ,,წინაპრების მიერ შექმნილ კულტურულ მემკვიდრეობას მოვლა-პატრონობა და დაცვა სჭირდება, სხვანაირად ის ვერ იქნება ხელმისაწვდომი შთამომავლობისთვის. წარსულში ბევრი ტაძარი, ციხე-კოშკი და სასახლე დაინგრა, განადგურდა. სიძველეებს საფრთხე დღესაც ემუქრება. ჩვენი ვალდებულებაა მათი დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა".
შემდეგ ავტორი ძალიან საინტერესო მონაცემებს გვაწვდის. ,,რამდენიმე წლის მუშაობის შედეგად აღვრიცხეთ კულტურული მემკვიდრეობის 275 ობიექტი, აქედან ეკლესია-16, ნაეკლესიარი-31, ციხე-კოშკი და სხვა ნაგებობა 21, არქეოლოგიური ობიექტი 207, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი აღრიცხულია" გეთანხმებით ბატონო გოგიტა, მაგრამ ჩვენ გვჯერა თქვენს მიერ დაწყებულ საქმეს გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ ვიხილავთ კიდევ ერთ საინტერესო წიგნად.
წიგნში ასევე საინტერესოდ იკვეთება თავი ,,ხობის მონასტრის შესახებ". მონასტრის ისტორია ავტორს ბევრი ახალი მონაცემით შეუვსია. თემა ,,ხობის მონასტერი" ძველთაგანვე იზიდავდა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ მომლოცველებს, მეცნიერებს, მოგზაურებს. არ ცდება ავტორი, რომელმაც 1899 წლის 3 სექტემბერს გაზეთ ,,ცნობის ფუირცელში" ხობის სალოცავს ,,სამეგრელოს ძველთა-ძველი საიმაყე მონასტერი უწოდა". ბევრ სადავო საკითხს დაესვა წერტილი. ერთ საგაზეთო წერილში გოგიტა ჩიტაია ,,ხობის შლიმანად" მოვნათლე, ჩვენი უფროსი მეგობრები დემურ ბუკია და დათო ჭოჭუა შემეცილნენ და ის ხობის ,,ექვთიმე თაყაიშვილად'' გამოაცხადეს. ბოლო პერიოდში ბატონმა გოგიტამ წვერი მოუშვა და დიდ ერისკაცს ,,პავლე ინგოროყვას'' მივამსგავსე (ისე ძალიან უხდებოდა).
ყველა დამეთანხმება, რომ ამ ეპითეტებს ბატონი გოგიტა ჩიტაია ნამდვილად იმსახურებს. ხოლო ვინც ეს დიდებული წიგნი წაიკითხა მათთვის ნათელია, რომ ხობსა და ხობელებს, მომავალ თაობებს ავტორმა დიდი საგანძური შეგვიქმნა.
და ბოლოს ისტორიკოსები, არქეოლოგები და დარგის სპეციალისტები მომავალში კიდევ ერთხელ სათანადო სიტყვას იტყვიან-ამ დიდებული ნაშრომის შესახებ.
აქვე ვიტყვი, რომ ამ სტატიას არა აქვს წიგნის რეცენზიის პრეტენზია, ეს უბრალოდ სამადლობელი წერილია ბატონ გოგიტა ჩიტაიას მიმართ.
ვიდრე გაზეთის პერიოდულობის გამო ეს სამადლობელი წერილი დღის შუქს იხილავს სულ ახლახან ქართველმა მკითხველმა და ისტორიით დაინტერესებულმა მკითხველმა დიდი საჩუქარი მიიღო. განსაკუთრებით ხობელმა საზოგადოებამ. გამოვიდა ავტორთა ჯგუფის რევაზ პაპუაშვილის, გოგიტა ჩიტაიას, იოსებ პაპუაშვილის ,,ყულევი". ისევე როგორც გოგიტა ჩიტაიას წიგნი ,,ხობის სიძველენი" ამ მონოგრაფიაშიც სოფელ ყულევის მატერიალური კულტურის ის ძეგლებია თავმოყრილი, რომელთა ფიქსაცია და შესწავლა საუკუნის ბოლოდან დაიწყო. განხილულია გეოგრაფიული გარემო, საინტრერესო წყაროები და არქეოლოგიური კვლევის ისტორია.
წიგნის რედაქტორია ლერი ჯიბლაძე-ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. რეცენზენტი გურამ ჩიქოვანი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დიმიტრი ახვლედიანი- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი.
ნაშრომი დაიბეჭდა ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მორალური და ფინანსური მხარდაჭერით.
ნაშრომი კოლხეთის ისტორიით, არქეოლოგიით და ზოგადად, ამ მხარის წარსულით დაინტერესებული საზოგადოებისთვისაა გათვალისწინებული და როგორც ყველა წინამდებარე ნაშრომი დიდ მოწონებას იმსახურებს.
დიდი სიყვარულით ბეჟან ნადარაია.

 რამდენი პოეზია უნდა იყოს ადამიანში, ჭურჭლის ნატეხსაც სული რომ შთაბეროს და თავისებურად ,,აამეტყველოს"...დიდი სიამოვნებით შევიძენ ამ წიგნებს და როგორც დარგის სპეციალისტი, მზად ვარ, რეცენზიითაც გამოვეხმაურო...უღრმესი მადლობა ავტორებს...

იგორ კეკელია (მეცნიერი)

 ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ლერი ჯიბლაძის რეცენზია გოგიტა ჩიტაიას ნაშრომზე „ხობის სიძველენი“ (ხობის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები).

 2017 წელს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ფინანსური მხარდაჭერით სტამბა "საარმა" გამოსცა გოგიტა ჩიტაიას მონოგრაფია "ხობის სიძველენი" (192 გვ., რედაქტორი ანზორ სიჭინავა, რეცენზენტები - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები ეპიფანე გვენეტაძე და რევაზ პაპუაშვილი). ნაშრომი შედგება წინათქმის, რვა თავისა, ინგლისურ და რუსულენოვანი რეზიუმებისაგან. წიგნს ერთვის დანართები, შენიშვნები, გამოყენებული წყაროები და ლიტერატურის სია. ნაშრომი როგორც კვლევითი, ასევე საცნობარო ხასიათისაა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ გოგიტა ჩიტაია ხობის რაიონის მკვიდრია და არაერთი წელია მუშაობს ხობის მერიის კულტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტად. პარალელურად ეწევა საქმიანობას ფოთისა და ხობის ეპარქიის სიწმინდეთა მოძიებისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში, სადაც უკავია დირექტორის თანამდეობა. ბუნებრივია, თავის სამსახურიდან გამომდინარე ზედმიწევნით კარგად ფლობს მონაცემებს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. ამიტომ წინმდებარე ნაშრომის მომზადება ყველაზე უფრო მას ხელეწიფებოდა და ლოგიკურია, კარგადაც გაართვა თავი.

წინათქმაში აღნიშნულია, რომ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოვლენილია სხვადასხვა კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელთაგან 16 - განეკუთვნება ეკლესიას, 31-ნაეკლესიარს, 21-ციხე -კოშკსა და სხვა ხასიათის ნაგებობებს. 207-კი არქეოლოგიური ობიექტია. მთლიანობაში დაფიქსირებული და აღრიცხულია პრეისტორიული და ისტორიული ხანის 275 ძეგლი. მოცემულია თითოეული მათგანის კოორდინატები სატელიტური ხელსაწყოთი (GPS), UTM-ის საკორდინაციო ბადის გამოყენებით. ავტორი მადლიერების გრძნობით იხსენიებს იმ სასულიერო პირებსა და მეცნიერებს, რომლებიც წიგნზე მუშაობის პროცესში გარკვეულ რჩევა-დარიგებებს აძლევდენ.

მონოგრაფიის I თავში განხილულია ხობის მონასტრის ისტორია, მისი ეტიმოლოგიური მნიშვნელობა, დეტალურადაა გადმოცემული ხობის მონასტრის არქიტექტორული კომპლექსის დახასიათება (ტაძარი, სამრეკლო, გალავანი, საკათალიკოსო-სასახლისა და სხვა ნაგებობათა ნაშთები). ავტორი ამ საკითხებზე მსჯელობისას წყაროებთან ერთად უხვად იყენებს ხალხურ თქმულებებს, გადმოცემებს, მოგვიანო პერიოდის ჩანაწერებს, პერიოდულ გამოცემებში არსებულ მონაცემებს, სხვადასხვა ავტორთა ცნობებს და სხვ. იგი აქვე ეხება არაერთი ავტორის მოსაზრებას ხობის მონასტრის ტაძარში მოხატული ფრესკების დათარიღებაზე და ყურადღებას ამახვილებს ამ მონასტერთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე.

ნაშრომში საუბარია 2008-2016 წწ ხობის მონასტრის ეზოში ეტაპობრივად მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებსა და მის შედეგებზე, რომელმაც განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიიღო 2016 წელს, რა დროსაც სამუშაოები მიმდინარეობდა ხუთ უბანზე. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიღებული იქნა მნიშვნელოვანი შედეგები: გაირკვა, რომ ხობის მონასტრის ტერიტორიაზე ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო ცხოვრება იწყება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში, ხობის თანამედროვე ტაძარი, გაცილებით დიდი ტაძარზე ყოფილა დაშენებული, ხობის მონასტერი წარმოადგენდა სამეგრელოს მთავართა_დადიანების საგვარეულო საძვლეს და ა.შ. ასევე არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა, რომ ხობის მონასტრის ეზოში განვითარებული შუასაუკუნეების ხანაში და შესაძლოა უფროა ადრეც, უნდა არსებულიყო ციხე-ქალაქის ტიპის დასახლება, რომელიც როგორც გალავნის გარეთ, ისე შიდა მხარეს მოიცავდა საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას.

წიგნის I თავში საუბარია ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში არსებულ მარიამობა-მარაშანობის დღესასწაულზე, რა დროსაც ავტორი უხვად იყენებს XVII-XX ს-ის საწყისი პერიოდის სხვადასხა ხასიათის წყაროებს, პერიოდულ გამოცემებში არსებულ მონაცემებს. უძველესი პერიოდიდან მოყოლებული აქვე განხილულია ხობის მონასტრის ქრონიკები.

წიგნის მომდევნო II და III თავებში აღწერილია ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიები, ციხე-კოშკები და სხვა ნაგებობები. 
IV თავი ეხება ნაეკლესიარებს, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში განადგურდა ანტირელიგიური კომპანიის დროს; მომდევნო V და VI თავები კი ეძღვნება ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საფლავის ქვებს (ძირითადად XIX და XX საუკუნის საწყისი პერიოდის), მუზეუმებსა და სახლ-მუზეუმებს.

პირადად ჩემთვის როგორც არქეოლოგისათვის განსაკუთრებით საყურადღებო გამოდგა მონოგრაფიის VII თავი, სადაც განხილულია ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ობიექტები. ავტორს თავმოყრილი აქვს პრეისტორიული და ისტორიული ხანის შემთხვევითი აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები და ძეგლები, მოცემულია დახასიათება, კოორდინატები,რაც არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში მათ იოლად მისაგნებს ხდის. უნდა აღინიშნოს, რომ გოგიტა ჩიტაიამ ამ მონაცემების შეგროვებისათვის საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩაატარა. თითქმის ყველა არქეოლოგიური ობიექტი მოიარა, გაგვაცო მათ შესახებ არსებული ადგილობრივი ტოპონიმები და ზედაპირულად შეაგროვა არქეოლოგიური მასალა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მას რჩება ერთგვარი უკმარისობის გრძნობა, რადგან ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მდინარეების რიონსა და ხობისწყალს შორის მოქცეულ ჭაობიან ტერიტორიაზე, განსაკუთრებით რთული გამოდგა არქეოლოგიური ობიექტების შესწავლა და სრულყოფილი სურათის გადმოცემა.

ავტორი არქეოლოგიური ობიექტების ჩამონათვალში ასახელებს სპეციალისტების ფართო წრისათვის ნაკლებად ცნობილ არაერთ საინტერესო პუნქტს, მათ შორის კოლხეთის ბარისათვის დამახასიათებელ ხელოვნურად გამართულ ბორცვ-ნამოსახლარებს, სადაც ზედაპირულად მოძიებული არტეფაქტების მიხედვით, წინასწარული მონაცემებით შესაძლებელი გახდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის, კლასიკურისა და უფრო მოგვიანო პერიოდების დადგენა. გამოვყოფდით ცალკეული არტეფაქტებისა და ზოგიერთი ძეგლების აღმოჩენების პუნქტებს: ბრინჯაოს სატევრები და ყუამილიანი ცულები ხობისწყლიდან.ყურადღებას იპყრობს ამ ნივთების წყალში აღმოჩენის ფაქტი; სოფ.ნოჯიხევი `ციცას გორას~ მიმდებარე ტერიტორია _ ძვ.წ. IV-III სს-ები; სოფ. ჭიხუს პლატო _ წინანტიკური ხანის მასალა და რომაული ხანის დანგრეული სამარხები; სოფ. გურიფული, მდ. ხობისწყლის მარჯვენა სანაპირო _ იმპორტული ბერძნული კერამიკის ცალკეული აღმოჩენები და ელინისტური ხანის ინვეტარიანი ქვევრსამარხი; `ოტორონჯე~; სოფ. პირველი მაისი, ჯახუთის ციხის მიმდებარე ტერიტორია _ კლასიკური ხანა; ხეთა ურთის მთის მიდამოები; ხეთა-წინაგოლა, კოლხური თეთრის გამოვლენის ფაქტები; სოფ.ხამისკური _ `მისარონფერდის ოხვამეს~ ბორცვი _ ძვ.წ. V-III არტეფაქტები;სოფ.დღვაბას `ტაბუჩას~ დიხა-გუძუბა _ ადრეანტიკური ხანის მასალა და ა.შ.

მონოგრაფია გამოცემულია საკმაოდ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე. ავტორის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ დაწერილია გამართული ქართული ენითა და იკითხება კარგად. ნაშრომში უხვადაა ჩართული ილუსტრაციები ხობის მონასტერზე, აქ დაცულ ღვთისმშობლის კვართზე, ცალკეულ ფრესკებზე, საკურთხევლის კარნიზის ჩუქურთმებზე. მოცემულია სხვადასხვა ეტაპზე უძველესი ტაძრის განვითარების გეგმა, რაც არქეოლოგიური გათხრების მიხედვით გახდა შესაძლებელი. ილუსტრირებულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ძველი სასახლის ნაშთებიც, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. ნაშრომი ასევე გამდიდრებულია ეკლესიების, ციხეების, ხელოვნურად გამართული ბორცვ-ნამოსახლარის და ცალკეული არტეფაქტების ფერადი ფოტოებით.

დასასრულს აღვნიშნავთ, რომ გოგიტა ჩიტაიას ნაშრომი "ხობის სიძველენი" კარგი შენაძენია ქართული საისტორიო მეცნიერებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული მკითხველთათვის. ამ წიგნის გამოცემით ჩვენი ცოდნა ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პრეისტორიული და ისტორიული ხანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ უფრო სრულყოფილი გახდა. აშკარაა, რომ წინამდებარე ნაშრომი სამაგიდო წიგნად იქცევა სიძველეებზე მომუშავე სპეციალისტებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის.

-------------------------------------------------------------------------------------------

 იმისათვის, რომ რეალობაში  რეალურად  აღვიქვათ გოგიტას ღვაწლი-   მის თანამედროვეებში   უდიდეს პიროვნულ პატივისცემასთან შერწყმული  აღიარება  უკვე აქვს , თუმცა  როცა მას ვხედავ ქუჩაში  მიმავალს-  მომავლის ხობის ჭრილიდან აღვიქვამ ხშირად.. ასე მოკრძალებით ცხოვრება  მხოლოდ  ჭეშმარიტი ღირებულებისთვის  ღვაწლში მყოფებს შეუძლიათ , საკუთარი კუთხის სიყვარულით გაჯერებული  ამგვარი შეუდრეკლობა  მხოლოდ  უერთგულეს შთამომავალს წინაპართა . ხობის საპატიო მოქალაქის სტატუსი, ოფიციალური დოკუმენტის მიღმა  მდგარი საზოგადო თანხმობაა, რომ საპატიოდ მიაჩნდეს კაცი, რომელიც შინაგანი  ბუნებით  და რწმენით  ასე უანგაროდ იხარჯება.

 წარმომიდგენია   როგორი სიმაყით შემეძლება ვუთხრა ჩემს შვილიშვილებს და მის თანატოლებს , თუ როგორი ბედნიერება მერგო წლებით, რომ იმავე სივრცეში მემუშავა, სადაც  თავისი დიდი ნებისყოფისა და შრომის შედეგს ჯერ ფურცლებს ანდობდა და ასე  იმ დროისათვის ერთ ჩვეულებრივ, არცთუ კეთილმოწყობილ , თუმცა საინტერესო სივრცეში   იქმნებოდნენ  გოგიტა ჩიტაიას ავტორობით წიგნები- ხობის წარსულით დაწყებული   და ხობზე .  ალბათ  ასეთი კითხვაც დაიბადება  ,,ხობს რომ გოგიტა ჩიტაია არ ჰყოლოდა, ვინ  შექმნიდა, ვინ შეგვინარჩუნებდა  ამდენ ისტორიულ, ეთნოგრაფიულ , პუბლიცისტურ ნაშრომებს ? მეც ალბათ, ასე ვუპასუხებ - არ შეძლებოდა ხობს   ,,ხობის ექვთიმე“ გოგიტას სახით არ ჰყოლოდა .

მადლობა  უფალს , რომ  ასეთად  გვეგულება ხობს და ხობელებს  .  

როზეტა შულაია

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.