გვერდები

05.03.2020

ხიბულელი პედაგოგი, რომელიც კუნძულ ტექსელზე აჯანყების დროს დაიღუპა


მეორე მსოფლიო ომმა დიდი დაღი დაასვა ახალი ხიბულის სკოლას. საბჭოთა არმიის რიგებში გაიწვიეს, როგორც სკოლის მოსწავლეთა მშობლები და ოჯახის სხვა წევრები, ასევე პედაგოგები. ომის დროს მკვეთრად გაუარესდა მასწავლებელთა მატერიალური პირობები. მოსწავლეთა დიდი ნაწილი დარჩა მამის მზრუნველობის გარეშე.
ახალი ხიბულა - მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი

მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს ახალი ხიბულის სკოლის დირექტორი გიორგი ლაშხია და სკოლის პედაგოგები: დომენტი ლაშხია, ბიქტორ ქუჩულორია, ვარლამ თირქია, ლავრენტი ჭილაია, შალვა შამათავა, იოაკიმე ჯანჯღავა. ამათგან მშობლიურ კუთხეს და სკოლას ვერ დაუბრუნდნენ: გიორგი ლაშხია (მისი თანამედროვენი მას ახასიათებენ, როგორც უმაღლესი განათლების მქონე ღირსეულ ვაჟკაცს), ბიქტორ ქუჩულორია (სასწავლო ნაწილის გამგე), ვარლამ თირქია, ლავრენტი ჭილაია და იოაკიმე ჯანჯღავა.
განსაკუთრებით საინტერესოა იოაკიმე (იაკიმე) ჯანჯღავას ისტორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული ინფორმაციით იოაკიმე ჯანჯღავა ჰოლანდიაში, კუნძულ ტექსელზე აჯანყების დროს დაღუპულა. ახალ ხიბულელი პედაგოგი ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონის წევრი და ტექსელზე შექმნილი ანტიფაშისტური კომიტეტის წევრი ყოფილა. კომიტეტს აჯანყების მომზადება ევალებოდა. ხიბულელი პედაგოგი აჯანყებულთა ასეულს ხელმძღვანელობდა.
ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე დისლოცირებულმა  ქართულმა ბატალიონმა 1945 წლის აპრილში აჯანყება მოაწყო. მოკავშირეთა მხარე დაიჭირა და კუნძულზე განლაგებული გერმანელების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. 800 ქართველი ლეგიონერი კაპიტან ლოლაძის მეთაურობით ორი კვირის განმავლობაში ებრძოდა რიცხვმრავალ მტერს, რომლის დროსაც მებრძოლთა ორი მესამედი დაკარგა, ბოლოს კი კუნძულის გასათავისუფლებლად გადმოსროლილ კანადურ სამხედრო ფორმირებებს ჩაბარდა ტყვედ. ომის დამთავრების შემდეგ საბჭოეთის ქვეყნების ყველა ყოფილი მოქალაქე ტყვე, მათ შორის ქართველი ტექსელელებიც, მოკავშირეებმა საბჭოთა ხელისუფლებას გადმოსცეს.

ყოველი წლის 4 მაისს, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები პატივს მიაგებენ კუნძულ ტექსელზე აჯანყებულთა ხსოვნას და ყვავილებით ამკობენ მათ საფლავებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.