გვერდები

04.03.2020

ბალნეოლოგიური კურორტი ბია


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი „ბია“. იქ არსებული წყლით მკურნალობდნენ სახსრების ქრონიკულ და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს. აღნიშნული ადგილის საკურორტო პოტენციალის შესწავლა მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაუწყიათ.
გთავაზობთ ორ სტატიას ბიის ბალნეოლოგიური კურორტის შესახებ.


კურორტი ბია
ბალნეოლოგიური კურორტი ბია ხობის რაიონშია და დაშორებულია რაიონის ცენტრს 6 კილომეტრით. კურორტი ზღვის დონიდან 50 მეტრზე მდებარეობს.
ადგილმდებარეობა აქ ოდნავ ბორცვიანია და დაფარულია მდიდარი მცენარეულობით. ჰავა ტენიანი სუბტროპიკული ზომიერად ცხელი ზაფხულით და თბილი ზამთრით გამოირჩევა, ზღვის ბრიზები ანელებენ ზაფხულის სიცხეს, ზამთარში ყინვა იშვიათია.
ბიაში გამოვლინებულია მინერალური წყლის ორი გამოსავალი - ორივე წყაროს მინერალური წყალი ერთი და იმავე ტიპისაა - სუსტი გოგირდწყალბადიან (0,003 გ/ლ) ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმ-კალციუმიანი.
ბიაში არსებობს პატარა სააბაზანო შენობა 4 ინდივიდუალური კაბინით და საერთო საცხოვრებელი, რომელიც აშენდა კოლმეურნეობის სახსრებით. აბაზანები მუშაობს წლის თბილ პერიოდში.
ავადმყოფებს ენიშნებათ  დღეში თითო აბაზანა 15 წუთის ხანგრძლივობით. მკურნალობის კურსი განსაზღვრულია 15-18 აბაზანით.
ბიაში მკურნალობისთვის ნაჩვენებია სახსრების ქრონიკული და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.
სამკურნალო სეზონად ითვლება მაისი-ნოემბერი.
მ. ნოდია, საქართველოს კურორტები და საკურორტო რესურსები. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1976 წელი.


იშვიათი სამკურნალო წყარო

ხობის რაიონში სოფელ ბიაში შავი ზღვის რკინიგზის ხობის სადგურიდან 3 ვერსის მოშორებით, არის ბიის სამკურნალო გოგირდოვანი წყარო, რომელიც სპეციალისტ კუპცისის გამოკვლევით, წარმატებით არჩენს რევმატიზმს. უნდა აღინიშნოს, რომ წყაროს მიდამოები მოუწყობელია. წყაროსთან დადგმულია მხოლოდ ხის ბარაკი პრიმიტიული აბაზანით. მიუხედავად აბაზანის მოუწყობლობისა, აქ ყოველწლიურად ჩამოდის საშუალოდ 1000-მდე კაცი. ძალიან ბევრია იმის მაგალითი, რომ აქ ჩამოსულან რევმატიზმისგან ფეხებ დახუთული ავადმყოფები და მკურნალობის შემდეგ სავსებით გაჯანსაღებულნი დაბრუნებულან უკან. კუპცისის საანალიზო დასკვნაში ჩვენ ვკითხულობთ: „წყლის სამკურნალო ღირსება, ჯანსაღი ჰავა, ლამაზი ბუნება და მიმოსვლის კარგი პირობები ცხადყოფენ, რომ აქ უნდა იქნეს გაშენებული ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი“; გაითვალისწინა რა ეს გარემოება, ხობის რაიკომმა მიიღო გადაწყვეტილება ბიის აბანოს
მშენებლობის გაშლის შესახებ; უკვე გამოყოფილია კომისია აბანოს კეთილმოწყობისა და მიმდინარე წლის სეზონის მომსახურეობისათვის პრაქტიკული ღონისძიებების გასატარებლად. უმაღლესი ორგანოების წინაშე დასმულია საკითხი ბიის აბანოს მშენებლობის დაწყებისათვის საჭირო სახსრების გაღების შესახებ, რის შედეგად სახკომსაბჭომ გამოიტანა დადგენილება 5000 მანეთის გადადების შესახებ ბიის აბანოს მშენებლობის პროექტის შესადგენად და საგამოკვლევო მუშაობის დასამთავრებლად. აღძრულია შუამდგომლობა ჯანსახკომის წინაშე, რათა ბიის აბანოში დაინიშნოს ექიმი, ხოლო წითელი ჯვრის ცენტრალურმა კომიტეტმა კი აბანოს მახლობლად ააშენოს დასასვენებელი სახლი.
დღემდე ჯანსახკომს, სოცდაზღვევის კომიტეტს და კურორტთა სამმართველოს არ გადაუდგამს პრაქტიკული ნაბიჯები მშენებლობის დასაწყებად. საჭიროა სათანადო ცენტრალურმა ორგანიზაციებმა დააჩქარონ ბიის აბანოს მშენებლობა და კურორტის კეთილმოწყობა.
გაზეთი „კომუნისტი“, 22 აგვისტო, 1932 წელი.

აღნიშნულ ადგილას ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში ხობს მნიშვნელოვანი სამკურნალო ობიექტი შეემატება.




Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.