გვერდები

25.03.2020

ვერიკო ანჯაფარიძის იუბილე ხობში

1985 წლის 7 ოქტომბერს დაბადების 85 წლისთავი ხობის რაიონის მშრომელთა შორის აღნიშნა სსრკ სახალხო არტისტმა, სოციალისტური შრომის გმირმა, სახელმწიფო, შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატმა ვერიკო ანჯაფარიძემ.
ყვავილებით სავსე, საზეიმოდ მორთული ეტლი, რომელშიც ვერიკო ანჯაფარიძე ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილ ორი გოგონასა და ორი ყმაწვილის თანხლებით იჯდა, სოფელ ხეთიდან რაიონული ცენტრისაკენ დაიძრა. მთელი რვა კილომეტრის მანძილზე, გზის ორივე  მხარეს ჩამწკრივებული ხალხი ყვავილებითა და საშემოდგომო ნობათით ესალმებოდა დიდ ხელოვანს. მეეტლე არაერთხელ გახდა იძულებული ეტლი შეეჩერებინა, ვერიკო გულთბილი სიტყვებით მიმართავდა ხალხს, მადლობას უხდიდა მათ სიყვარულის ასეთი გამოხატვისთვის. ეტლი  ტაშის  გრიალში განაგრძობდა სვლას. რადიორეპროდუქტორებთან ისმოდა ვერიკო ანჯაფარიძის მიერ წაკითხული მონოლოგები, სცენები სპექტაკლებიდან მისი მონაწილეობით და გამოჩენილ თეატრალურ მოღვაწეთა გამონათქვამები ვერიკოზე.

   ეტლი რაიონის კულტურის სასახლეს მიუახლოვდა, ,,მრავალჟამიერის“ თანხლებით ვერიკო ეტლიდან გადმოდის და ცოცხალი ყვავილებით მოფენილი ბილიკით შედის შენობაში.
  აქ მას ხვდებიან საქართველოს კპ ხობის რაიკომის პირველი მდივანი ნუგზარ ნადარაია, რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ვალერი ასათიანი, რაიკომის ბიუროს წევრები, რაიონის ინტელიგენცია, მოსწავლე-ახალგაზრდობა, სტუმრად ჩამოსული თვალსაჩინო თეატრალური მოღვაწენი.
საზეიმო საღამო მიჰყავდა საქართველოს სსრ თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბადრი კობახიძეს. ვერიკო ანჯაფარიძეს ესალმებიან პედაგოგი აბდულ ლუკავა, რობერტ სტურუა, გივი ბერიკაშვილი, კოტე მახარაძე, ფოთის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი ბაკურ გულუა, ხობის რაიონის კულტურის განყოფილების გამგე მედეა ნაჭყებია, რაიონის ახალგაზრდობა.

რაიკომის პირველი მდივანი ნუგზარ ნადარაია აქვეყნებს აღმასკომის დადგენილებას ვერიკო ანჯაფარიძის ხობის საპატიო მოქალაქედ არჩევის თაობაზე და გადასცემს მას სიგელსა და საპატიო მოქალაქის მედალიონს. ვერიკო ანჯაფარიძე გულითად მადლობას უხდის დამსწრეთ მისი შემოქმედების ასერიგად დაფასებისთვის.
კულტურის მინისტრი ვალერი ასათიანი რაიონის ხელმძღვანელობას გადასცემს საკავშირო გარდამავალ დროშას კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობაში მიღწეული წარმატებებისათვის.

მეორე დღეს ვერიკო ანჯაფარიძემ დაათვალიერა პიერ კობახიძისა და ალიო მირცხულავას სახლ-მუზეუმები, თეატრონი, კოლხეთის ათვისების მუზეუმი, შინმოუსვლელის მემორიალი, სპორტული კომპლექსი და რაიონის სხვა ღირსშესანიშნაობანი.

წყარო: „თეატრალური მოამბე“ N5, 1985 წელი.
ფოტოები: ირაკლი შონიას არქივი


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.