გვერდები

31.03.2020

ხორგელი ფიზიკოსი იონა მირცხულავა


 ცნობილი ფიზიკოსი იონა მირცხულავა, 1912 წლის 2 თებერვალს დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ხორგაში. ი. მირცხულავამ 1935 წელს დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 
ფოტო: ირაკლი შონია
 სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი ფიზიკის კათედრაზე ასისტენტად, აგრეთვე თბილისის სამედიცინო ინსტიტუში. ის იყო ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის პირველი გამგე (1937-1952წწ). ხოლო, 1954 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მყარი სხეულის ფიზიკის კათედრის გამგე. მისი ძირითადი შრომები ეხება მყარი სხეულის ფიზიკასა და ნახევრად გამტარების ფიზიკას. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1950). ი. მირცხულავას 1975 წელს საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

  იონა მირცხულავა 1983 წლის 2 ივნისს,  71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
 2012 წელს გამოიცა საიუბილეო კრებული-წერილები და მოგონებები, რომელიც მეცნიერის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა.

ბიბლიოგრაფია
·ნახევარგამტართა ფიზიკა: დამხმარე სახელმძღვანელო ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის (ავტორი) 1979.
·ზოგადი ფიზიკის სახელმძღვანელო : მექანიკა და მოლეკულური ფიზიკა (ავტორი)1960.
·სტატისტიკური ფიზიკა და თერმოდინამიკა (ავტორი) 1957
·ზოგადი ფიზიკა : მოკლე სახელმძღვანელო (ავტორი)1946.
თუ მოგეპოვებათ იონა მირცხულავას ფოტო გთხოვთ მოგვაწოდოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: levanigvinjilia@gmail.com

 წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონი.

ილია კუჭუხიძის დოკუმენტური მოთხრობა ხობზე


ნიუ იორკში გამომავალ გაზეთ „ქართული აზრის“ 1962 წლის დეკემბრის ნომერში დაიბეჭდა ილია კუჭუხიძის (დაიბადა ხობის რაიონში, სწავლობდა ხობის სკოლაში. მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ იხილეთ ჩემი ბლოგიდან სტატია: უცნობი ხობელები-ილია კუჭუხიძე http://gnostikosi.blogspot.com/2019/07/blog-post_18.html) მეტად საინტერესო წერილი, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით - დოკუმენტური მოთხრობა „ბევრი იარა თუ ცოტა იარა...“. ამ მოთხრობის პროტაგონისტი ხობელი დოროთეა, რომლის ცხოვრების გზა ზუსტად ემთხვევა ავტორის ბიოგრაფიულ შტრიხებს. მოთხრობაში, ამბების მნიშვნელოვანი ნაწილი ვითარდება ხობში (მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლები). აქ აღწერილია დუქნები, ხალხის ყოფა, მდინარე ხობის ადიდება, მონასტერი, ვაჭრობა, ღვინის ყიდვა-გაყიდვა, სამიკიტნოები და ა.შ.
წყალდიდობა ხობში ("ცნობის ფურცელის" სურათებიანი დამატება, N59, 1915წ.)
ვფიქრობ, ეს დოკუმენტი საინტერესო წყაროა 10-20 წლების ხობის შესასწავლად, მითუმეტეს, რომ, ის დაწერილია ხობში დაბადებული და გაზრდილი მეცნიერის მიერ.
„ბევრი იარა თუ ცოტა იარა...“
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, დოროთემ ლამის მთელი დედამიწა შემოიარა... სასიკეთო ვერა ნახა რა, მაგრამ რადგან იარა, მთელი უკრაინა შემოიარა. რუსეთიც ზედ დააყოლა... ბელორუსიას გვერდი აუარა, პოლონეთი გადაიარა, ქერჩში ბაყაყივით მოუსვა და გერმანიაში თავი ამოჰყო...
იტალიაშიც იყო, საფრანგეთიც მოიარა და კვლავ იარა, თუ ცოტა იარა. სასიარულოდ ესეც არ ეყოფოდა? მხოლოდ რისთვის იარა, სად იარა, რად იარა, მაგრამ ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ლამის ნახევარი დედამიწა შემოიარა...
ისე კი ხობს არ გასცილებია დოროთე. ხობი და ხობისწყალი იყო მისი სარბიელი... ხობისწყლის პირზე გაჭიმული სამჭედლოები და დუქნები: ბახვა ხვიჩიას საწვრილმანო. დოროთე იქ მიდიოდა ნავთის საყიდლად, ნახევარი ლიტრი ბოთლი ჰქონდა. ყელზე თხელბაწარგამობმული. კვირაში ერთი ბოთლი ნავთი ყოფნიდათ, რადგან ნათურას დაწოლის წინ ანთებდნენ და დაწოლისას აქრობდნენ ხოლმე. იქვე იყო ვასილა თერძის დუქანი და ამ დუქანში ექვთიმე თოდუას „აზიაცკების“ სახელოსნო. ერთად იყვნენ ერთ ხის შენობაში ვასილა თერძი და მეწაღე ექვთიმე თოდუა. ერთად იყვნენ იმიტომ, რომ ბინის ქირას სანახევროდ იხდიდნენ.. ერთად იყვნენ და ერთმანეთში ვერ რიგდებოდნენ. ექვთიმე დაზგას შუა დუქანში დადგამდა და ვასილა თერძი თავის გულში ამის გამო ხშირად ბრაზობდა. ვასილა თერძი სიტყვიძთ შეცილებას, ერიდებოდა და როცა ექვთიმე დუქნიდან გავიდოდა, ვასილა თერძი დაზგას „საზღვრიდან“ დასძრავდა, წელში გაიმართებოდა. მაგრამ უმალ მოიკაკვებოდა ექვთიმეს გამოჩენისას. ექვთიმე კიდევ დაზგას კვლავ დაძრავდა ძველი „საზღვრისკენ“ და ასე გაუთავებლად მიდიოდა დრო და წუთები ხობისწყლის პირზე გაშლილ დაბაში, რომლის დაქალაქებაზე თვითეული ხობელი დღედაღამ ოცნებობდა. ამასვე ნატრობდა თმახუჭუჭა დოროთეც.
ხობის თავში ამ ხის დუქნებს სათავეში ედგა თენგიზ კორტავას ქვის შენობა და ფართალი იყიდებოდა იქ. პატარა გამყიდველი ყოველ წითელპარასკევობას წკრიალა ხმით მოუხმობდა მუშტრებს და ლექსად გაჰკიოდა ხოლმე:
„ჯგირი ფართალი
ვაჭარი მართალი“
ვაჭრის სიმართლე არც სხვას სჯეროდა და არც თენგიზ კორტავას, მაგრამ ეს ასე იყო საჭირო და ასეც ხდებოდა.
დაბის შუაგულში იდგა აგრეთვე პილა არჩილიას სამიკიტნო. მის წინ შეჩერდებოდნენ ზუგდიდიდან და სენაკიდან მომავალი „დელეჟნები“. ხობში ცხენებს უცვლიდნენ. ხობი მათთვის საკვანძო სადგური იყო. პილა არჩილიას დუქნის გაყოლებით იყო ზესტაფონელი მეღვინეების ღვინის საწყობობები. ამათში ყველაზე სანაქებო იყო კაჭია ბერაძეს ღვინის საწყობი.
პლატონ (პილა) არჩილია და მისი მეუღლე ლოლა შუშანია (ფოტო კობა თუთბერიძის საოჯახო ალბომიდან)
ამბობდნენ ხობელები: კაჭია ბერაძე პირიანი კაცია, სხვებივით როდი აჩანაგებს ღვინოს ხობისწყლის წყალით: და თუ წყალს ურევს ოდნავად ეს იმიტომ, რომ ძალზე შედედებულ ღვინოს დათხელება ეჭირვებაო.
პირიანი კაცი იყო კაჭია და პირიან რიგიანად გამოთვრებოდნენ ხოლმე მის საწყობში საქმიანი და უსაქმური და დილიდან საღამომდე გაისმოდა ღიალი და სიმღერა:
ზესტაფონო, ზესტაფონო მშვიდობით,
შორს მივდივარ, შორს მივდივარ, მშვიდობით,
ვაიმე ჩემო, ვაიმე ჩემო ვენახო,
ოთხწელიწადს, ოთხწელიწადს ვერ გნახო!“
ხობით ამაყობდა დოროთე... ხობი ყველაფერი იყო მისთვის. ხობი იყო მისთვის მთელი საქართველო და საღამოობით სახლის ლაფაროში, რომ ჩაჯდებოდა ხოლმე თავის ტოლმეგობრებში, მის წკრიალა ხმა შორს გაისმოდა:
„ვოდელია დელია,
საქორთუო ჩვენია“.
საქორთუო სამეგრელოში ვერ ერკვეოდა ჩვენი ბიჭუნა. როცა ხობიდან სააღდგომოდ იმერეთში წაიყვანდნენ და ქართულს ძლივს ამტვრევდა, იმერელი ბიჭები „მარგალს“ ეძახდნენ და ხობში კი „ქორთუს“.
-         დედა, ვინ ვარ მე? - ეტყოდა დედას და თან დაუმატებდა: იქ „მარგალს“ მეძახიან, აქ „ქორთუს“. დოროთეს დედაც მიუხმატკბილებდა თავის ჩიტუნიას და ეტყოდა: „შენ მარგალიც ხარ და ქორთუც“.
როგორც ვთქვი, ხობი იყო მისთვის მთელი საქართველო. დოროთე მთელს ქვეყანაზე ხელს აიღებდა, შეელეოდა ყველაფერს, მაგრამ ხობს კი ვერა! თუ გინდ მთელი დედამიწა დაქცეულიყო, მეორედ მოსვლა მოჰყოლოდა მას, ოღონდ ხობს კი არა ჰკლებოდა რა!
ჰოდა, ოცნებობდა, როგორც ყველა ხობელი: ხობი მალე ქალაქი გახდება, შემდეგ ქალაქში რკინიგზას შუაქუჩაში გაიყვანენ და „პოვეზი“ კისრის ტეხით ჩაიქროლებს დუქნებს შორის, და ვინ იცის სად წავა... მარჯვნივ წავა თუ მარცხნივ. გარეთ თუ შიგნით; იქნება ტრაპიზონიც კი მოიაროს და მთელი დუნიაც.
...ჩემ ხობში, განა ხობი მთელი დუნია არ არის? ხობი ხომ იყო გაშენებული ხობისწყალზე, ხობისწყალი კიდევ ვერცხლის ფერად ბზინავდა. ხობისწყლის გაღმა კიდევ მონასტერი იდგა გვირგვინივით. მარიამობას, თუ როგორც ხობელები ამბობდნენ „მარაშინობას“ ზღვა ხალხი გადაჰყავდა და გადმოჰყავდა უზარმაზარ დინჯად მავალ გაბრტყელებულ ნავს. ბევრჯერ ცოდო მადლი დატრიალებულა. მომეტებული მგზავრებით დამძიმებული ნავი ხშირად განზე გაწოლილა. ხშირად ხობისწყლის ფსკერზე მონატრებია გასეირნება და წაიწეოდა ხოლმე სიღრმეში. წყალი კიდევ ლამობდა შიგ შეჭრას და მაშინ უნდა გენახათ, რა ყოფა დატრიალდებოდა... ატყდებოდა  ბავშვების ტირილი. ქალების წივილ-კივილი, თმების გაშლა-გაწეწვა. მაგრამ ნავი დინჯად მიარღვევდა წყალს. მენიჩბეებიც ნიჩბებს მარჯვედ უსობდნენ და წივილი წივილად რჩებოდა და ნავი კიდევ ნავად.
ხობი ხომ იყო გაშენებული ხობისწყალზე. ხობისწყალი კიდევ წელიწადში ერთხელ ფაფარს აიყრიდა, რაღაც ავსულები დაპატრონებიაო, ადიდდებოდა ხოლმე  და მთელს დაბას ჩანთქმას უპირებდა. მაშინ გენახათ ხობელები, როცა ხობისწყალი სიმინდის ყანებს მოედებოდა, ზოგიერთს სახლში შეუვარდებოდა, შეიღრიალებდა, ვიღაცას ტვინ აუფორიაქებდა. შიშს აჭმევდა, ოჩანფეხებზე შესკუპულ ოდის ბურჯებს ხეთქით ეხეთქებოდა... მაშინ ქუდმოგლეჯილი გარბოდა ვინ სად, ვინ რით. ფეხით, ცურვით, გატოპვით, ნავით...
შემდეგ ღელვაც დაცხრებოდა. ხობისწყალი მოთვინიერდებოდა, მოშუშდებოდა და ისევ კალაპოტისკენ პირს იზამდა. შიგ ჩაწვებოდა. ჭალეში კი დატოვებდა შლამს და ულვაშებიან ღლავებს, პირდაღებულ კობრებს, ფოთქვიდან ამოვარდნილ ღორჯოებს და ხობელების ზეიმი ულეველი იყო... პოულობდნენ ხრამებში თუ ორღობებში ჩარჩენილ თევზებს. რომლებსაც ვერ გაესწროთ ტალღასთან ერთად.. დაერეოდნენ და ჰკრეფდნენ. შემდეგ ჯოხებზე აცმევდნენ, ახმობდნენ, ტარანათ გამოყავდათ, მაგრამ უხეიროთ.
დოროთეც მათთან იყო, რატომ იქ არ უნდა ყოფილიყო? ეს ამბავი მის ხობში ხდებოდა და ამ სანახაობას მისი საყვარელი ხობისწყალი ახდენდა...
ტექსტის სრული ვერსია:





30.03.2020

საქართველოს დამსახურებული ინჟინერი ალექსანდრე დათუაშვილი


საქართველოს დამსახურებული ინჟინერი ალექსანდრე დათუაშვილი დაიბადა ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი სამთო-გეოლოგიური სპეციალობით 1931 წელს. სწავლობდა დნეპროპეტროვსკის სამთო ინსტიტუტის ასპირანტურაში.

1933 წელს სსრ კავშირის სახალხო კომისარიატმა სამუშაოდ მიავლინა ციმბირში, ხაკასიის ავტონომიურ ოლქში, შახტის მთავარი ინჟინრის თანაშემწედ, მოგვიანებით კი დონბასში - კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად; მუშაობდა დონბასის ერთ-ერთი შახტის მთავარ ინჟინრად; იყო სამთო საწარმოო ტრესტების - "ტყვარჩელნახშირის", "ლენინგრადნახშირისა" და "ლვოვნახშირის" მმართველი; 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ინერტული მასალების კომბინატის დირექტორად, საიდანაც 1970 წელს გადაიყვანეს საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროში არამადნეული მასალების საწარმოს ხელმძღვანელად; უდიდესი წვლილი შეიტანა მარნეულის არამადნეული მასალების ქარხნის აღდგენა-გაფართოებაში; იყო ახალშექმნილი სამრეწველო გაერთიანება "საქარამადნეულის" უფროსი; მისი ხელმძღვანელობით დამონტაჟდა და ამოქმედდა დარკვეთის კვარცის ქვიშის გამამდიდრებელი, წყურგილის ინერტული მასალებისა და იმირის სამსხვრევ-დამხარისხებელი ქარხნები; ასევე, მუღანლოსა და ლეჟბადინის ანალოგიური ქარხნები; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით.
წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. თბილისი  2017 წელი.


25.03.2020

ვერიკო ანჯაფარიძის იუბილე ხობში

1985 წლის 7 ოქტომბერს დაბადების 85 წლისთავი ხობის რაიონის მშრომელთა შორის აღნიშნა სსრკ სახალხო არტისტმა, სოციალისტური შრომის გმირმა, სახელმწიფო, შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატმა ვერიკო ანჯაფარიძემ.
ყვავილებით სავსე, საზეიმოდ მორთული ეტლი, რომელშიც ვერიკო ანჯაფარიძე ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილ ორი გოგონასა და ორი ყმაწვილის თანხლებით იჯდა, სოფელ ხეთიდან რაიონული ცენტრისაკენ დაიძრა. მთელი რვა კილომეტრის მანძილზე, გზის ორივე  მხარეს ჩამწკრივებული ხალხი ყვავილებითა და საშემოდგომო ნობათით ესალმებოდა დიდ ხელოვანს. მეეტლე არაერთხელ გახდა იძულებული ეტლი შეეჩერებინა, ვერიკო გულთბილი სიტყვებით მიმართავდა ხალხს, მადლობას უხდიდა მათ სიყვარულის ასეთი გამოხატვისთვის. ეტლი  ტაშის  გრიალში განაგრძობდა სვლას. რადიორეპროდუქტორებთან ისმოდა ვერიკო ანჯაფარიძის მიერ წაკითხული მონოლოგები, სცენები სპექტაკლებიდან მისი მონაწილეობით და გამოჩენილ თეატრალურ მოღვაწეთა გამონათქვამები ვერიკოზე.

   ეტლი რაიონის კულტურის სასახლეს მიუახლოვდა, ,,მრავალჟამიერის“ თანხლებით ვერიკო ეტლიდან გადმოდის და ცოცხალი ყვავილებით მოფენილი ბილიკით შედის შენობაში.
  აქ მას ხვდებიან საქართველოს კპ ხობის რაიკომის პირველი მდივანი ნუგზარ ნადარაია, რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ვალერი ასათიანი, რაიკომის ბიუროს წევრები, რაიონის ინტელიგენცია, მოსწავლე-ახალგაზრდობა, სტუმრად ჩამოსული თვალსაჩინო თეატრალური მოღვაწენი.
საზეიმო საღამო მიჰყავდა საქართველოს სსრ თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბადრი კობახიძეს. ვერიკო ანჯაფარიძეს ესალმებიან პედაგოგი აბდულ ლუკავა, რობერტ სტურუა, გივი ბერიკაშვილი, კოტე მახარაძე, ფოთის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი ბაკურ გულუა, ხობის რაიონის კულტურის განყოფილების გამგე მედეა ნაჭყებია, რაიონის ახალგაზრდობა.

რაიკომის პირველი მდივანი ნუგზარ ნადარაია აქვეყნებს აღმასკომის დადგენილებას ვერიკო ანჯაფარიძის ხობის საპატიო მოქალაქედ არჩევის თაობაზე და გადასცემს მას სიგელსა და საპატიო მოქალაქის მედალიონს. ვერიკო ანჯაფარიძე გულითად მადლობას უხდის დამსწრეთ მისი შემოქმედების ასერიგად დაფასებისთვის.
კულტურის მინისტრი ვალერი ასათიანი რაიონის ხელმძღვანელობას გადასცემს საკავშირო გარდამავალ დროშას კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობაში მიღწეული წარმატებებისათვის.

მეორე დღეს ვერიკო ანჯაფარიძემ დაათვალიერა პიერ კობახიძისა და ალიო მირცხულავას სახლ-მუზეუმები, თეატრონი, კოლხეთის ათვისების მუზეუმი, შინმოუსვლელის მემორიალი, სპორტული კომპლექსი და რაიონის სხვა ღირსშესანიშნაობანი.

წყარო: „თეატრალური მოამბე“ N5, 1985 წელი.
ფოტოები: ირაკლი შონიას არქივი


21.03.2020

ფრანგი მოგზაურის ჟიულ-შარლ ტეიულის ცნობები ყულევისა და ხორგას შესახებ


 ფრანგი მოგზაურისა და ექიმი ჟიულ-შარლ ტეიული (1802-1869) თხზულებაში, მეტად საინტერესო ცნობებია მოცემული რედუტ-ყალეს (ყულევი) შესახებ. მოგზაური სოფელ ხორგას მაგალითზე აღწერს მეგრელების ყოფა-ცხოვრებას, საკვებს, საქმიანობას, სამოსს, შეიარაღებას, მათ მეტად პრიმიტიულ ცხოვრების წესს, ამ რეგიონის ბუნებრივ სიმდიდრესტყეს. ფრანგი ექიმი ობიეტქურად აღნიშნავს, რომ ამ სანაპიროს მოსახლეობის ცხოვრების შესაფასებლად საჭირო იყო ევროპელების უზრუნველყოფილი ცხოვრებიდან აბსტრაგირება და იდენტიფიცირება მათ დუხჭირ სოციალურ მდგომარეობასთან. აღნიშნავს რომ ადრე ამ სანაპიროს მთელ გაყოლებაზე, განსაკუთრებით კი ფოთში, მიმდინარობდა იყო ორივე სქესის ადამიანებით ვაჭრობა, რაც რუსების იქ დამკვიდრების შემდეგ შეწყვეტილი იყო.

ყულევი და ხორგა
მალე რიონის სწრაფ დინებას გადავეკვეთეთ და ვიდრე ღამე ჩამოწვებოდა, პატარა მდინარე ხობის შესართავში შევედით, სადაც ერთბაშად გადაგვყლაპა რედუტ-ყალეს საშინელი კარანტინის პუნქტის მყრალმა და ღია ხახამ. ამგვარად, გრძელი თოთხმეტი დღის განმავლობაში მოწყენილი და ციებიანი პლაჟის პატარა ნაგლეჯზე ვეგდე. ზღვის ლურჯი თუ შავი ჰორიზონტის, უძრავი პლაჟისა და მუდამ მუქი მწვანე ტყესაკაფის გარდა, სხვა ნაკლებად სასიამოვნო არჩევანი დაცვის მუდამ მთვრალი ჯარისკაცების ან ღარიბი ბერძენი მეზღვაურების, სომხებისა და თურქების ყურება იყო, რომლებიც ჩემთან ერთად იზიარებდნენ ამ შერისხვას. საჭირო იყო სანიტარული რეჟიმის მოწესრიგება და გარკვეული ეფექტურობის მიღწევა შავი ჭირის ინფექციის შეტანის წინააღმდეგ: მომსვლელები თუ გამსვლელები, შესამოწმებელი თუ შემოწმებული და ორი კვირის განმავლობაში მოსული ყველა მოგზაური უყურადღებოდ ირეოდა ერთმნაეთში; სინამდვილეში, სხვაგვარად ვერც იქნებოდა. მაგრამ ეს კარანტინი უფრო პოლიტიკური ბარიერია, თავისუფალ დროს უცხოელებს უთვალთვალებენ, სანამ მათ მიმართ გადაწყვეტილებას მიიღებენ. გავიგე ერთი ინგლისელის ამბავი, რომელმაც კარანტინიდან ჩუმად გასასვლელად რამდენიმე რუბლი გადაიხადა, მოსალოდნელზე უფრო ადრე ჩავიდა ტიფლისში და თავისი სარეკომენდაციო წერილებით პოლიციის ერთ-ერთ უმაღლეს პირს წარუდგა; მან კი, გაოცებულმა უცხოელის ამ სიმარდით და უკმაყოფილომ ამ შეხვედრით, მაშინვე ბრძნა მისი, როგორც საეჭვო პირის, ქვეყნიდან გაძევება. ეს უშენი ადგილი კენჭებთან შერეული მოძრავი ქვიშა იყო. ამ ნიადაგის თვისების წყალობით შესაძლებელი იყო ვიწრო ფართობზე სეირნობა, რაც ადვილად მღლიდა. ამ ასპარეზს გარს გამხმარი ტოტების დაბალი ცხაური ერტყა. კარანტინში მყოფთა მეთვალყურეობას შიგნით და გარეთ ჯოხებით შეიარაღებული პოლიციის რამდენიმე გუშაგი ასრულებდა: თოფით და ხიშტებით დარაჯობის პატივი არ დაგვდეს. ამ შეურაცხყოფისთვის აღარაფერი იყო დასამატებელი; კარანტინისთვის უფრო სანდო რეჟიმს ვერც მოიფიქრებდი: აქ არ არის ისეთი მაღალი კედლები, რომელსაც ჩვენი ლაზარეთის ამბოხებულებიშეუშინდებიან და არც მალტის პორტში აღმართული ისეთი საშინელი სახრჩობელები, რაც ყველაზე შეუპოვარ დეზერტირებსაც კი დააფრთხობს. კარანტინის სადგომი შესანიშნავი მორით კარკასულად აწყობილი ერთმანეთისგან დაცილებული ხუთი ბარაკისგან შედგებოდა. კარანტინში მყოფთათვის მხოლოდ ორი ბარაკი იყო გამოყოფილი, რომლებიც ადრე მოსულებს ჰქონდათ დაკავებული, სხვა ორი შიდა დაცვის ნაწილისთვის იყო განსაზღვრული, მეხუთესანიტარული პუნქტისთვის. მრავალი ახალმოსული დროებით ნაპირზე გამწკრივებულ ნავებშივე რჩებოდა. ჩემი ტყვეობის პირველი დღეებიც ასე უნდა გამეტარებინა და მთელი ჩემი თავშესაფარი კაიკის ერთი მხრიდან მეორეზე გადაგდებული ცხენის ძუის შავი გადასაფარებელი იყო, რომელიც სამგლოვიარო ქსოვილგადაფარებულ კუბოს ჰგავდა. ბოლოს გამოვედი ამ დასასაფლევებელი ყუთიდან, სადაც ჩაჭედილი ვიყავი და კარანტინის ერთ-ერთ ქოხში შევსახლდი: ჩემს ახალ საცხოვრებელს ორ მეზღვაურთან და ახალგაზრდა მერცხლების ოთხ წყვილთან ერთად ვიყოფდი და ამ სწორედ ლამაზი ფრინველების მადლობელი ვარ, ამგვარ საპატიმროში ჩემი გულის ცემას კიდევ რომ ვგრძნობ. დღეს აქ, ერთმანეთზე მიდგმულ ჩემ სამგზავრო სკივრებზე, მტვერში და ღარიბული სამზარეულოს კვამლში დავწვები; სწორედ აქ და ახლა გამომყავს ეს სტრიქონები, ამოვისუნთქე კარანტინის დასრულების გამო და გულის გადასაყოლებლად რჩევას ჩემ წიგნებში, მოგონებებსა და მომავალში ვეძებ. ამასობაში ცოტა გავერთე მოულოდნელად გამოჩენილი საზოგადოებითცხაურს მიღმა საუბრით ორ ევროპელთან, რომლებიც შემთხვევას სავაჭრო საქმეების გამო მოეყვანა რედუტ-ყალეში: ერთი, -ნი S-, ახალგაზრდა ფრანგი იყო და კარგად იცოდა რუსული; მან, როგორც არაოფიციალურმა თარჯიმანმა, გარკვეული სამსახური გამიწია საბაჟოს უფროსთან; მეორე ინგლისელი იყო, კოსმოპოლიტი გემოვნებით და ვითარებით. – ხშირად შემიმჩნევია, რომ ფრანგებს მსოფლიოში მიმდინარე უსაშინელესი ამბების მხიარულად მოყოლა შეუძლიათ, ჩვენი ზღვის იქითა მეზობლები კი, როგორც წესი, ხშირად ყველაფერს უკუღმა აკეთებენ. მაგრამ დიდი ბრიტანეთიდან წამოყოლილი მთელი ღვარძლი მას ხანგრძლივი მოგზაურობის განმავლობაში დაეხარჯა. – რაც ნაკლები იყო სასაცილო ამბავი, მას უფრო მეტად ეცინებოდა; სამივე დაახლოებით ერთნაირ მდგომარეობაში ვიყავით საიმისოდ, რომ გიჟურად არ გვემხიარულა და ერთად ყოფნის დროს ამ მდგომარეობის გასახალისებლად ერთმანეთს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ახალ ამბებს ვუყვებოდით. კითხვებმა, რომლებსაც ერთმანეთს ვაძლევდით, ძალიან გამაკვირვა; ერთი მხრივ იმ ამბავმა გამაოცა, რომ ევროპაში ასე ცუდად ვიყავით ინფორმირებული აზიაში მიმდინარე ამბების შესახებ, მეორე მხრივ კი თითქმის არაფერი არ ვიცოდით აქაურ პროვინციებში მიმდინარე დიდი ამბების შესახებ. ჩვენი საუბრის თემა ზოგჯერ ჩერქეზებთან რუსების ამჟამინდელი ომი იყო; მაგრამ ეს მოვლენები ყოველთვის კარგად არ იყო ცნობილი, თუმცა ამ ომის ერთ-ერთი ასპარეზი, აფხაზეთი, ჩვენგან ძალიან ახლოს იყო. მხოლოდ ის გავიგე, რომ სიმამაცე არც მეალყეებს აკლდათ და არც ალყაში მოქცეულებს, ორივე მხარეს ბევრი მოკლული იყო, მაგრამ გადამწყვეტი შედეგის გარეშე.ჩვენი კარანტინში ყოფნის დროს სისხლი დაიღვარა მთიელებსა და გურიის მილიციას შორის, რომლებსაც ადგილობრივი თავადები და კეთილშობილები მეთაურობდნენ. მთიელებმა დროებით დაკარგეს ტერიტორიის მცირე ნაწილი, მაგრამ რუსეთის ჯარს გამარჯვება უფრო ძვირად დაუჯდა, ვიდრე მათ მტრებს დამარცხება. ამას გარდა, ეს არის დაპირისპირების ჩვეულებრივი შედეგი, რაც ორი მხარის ძალების განსხვავებით აიხსნება. სავარაუდოა, რომ მებრძოლთა არათანაბარი რაოდენობისა და იმ არასაკმარისი რესურსების გათვალისწინებით, რაც მთებშია, ასე ხანგრძლივი და დამღუპველი შეჯახებები რუსეთის წარმატებით და უკანასკნელი ჩერქეზის განადგურებით დასრულდება. უეჭველია, კავკასიის ამ ამაყი ხალხის
ჰეროიზმი სხვა ბედის ღირსი უნდა ყოფილიყო: თავიანთი სიმამაცე მათ საკუთარი ეროვნებისა და ქონების დასაცავად რომ გამოეყენებინათ, ისინი აღტაცებისა და სიბრალულის ღირსები იქნებოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ დავივიწყებთ, როგორი თავხედობით ესხმოდნენ მიწათმოქმედების ოჯახებს და საშინელი ბარბაროსობით როგორ სიღარიბეში აგდებდნენ ამ ხეობების მოსახლეობას. ნუ დავბრმავდებით მათი შეუპოვარი წინააღმდეგობით და ყაჩაღების რამდენიმე ტომის მიხედვით ნუ შევქმნით მათგან გმირ ხალხს. ჩემთვის, რომელმაც მოვიარე ოქროს საწმისის მდიდარი მხარეები და გადავკვეთე კავკასიონის ველური მთები, სამართლიანობა და მოვალეობა მოითხოვს გამოვტყდე, რომ ამ ამბიციური გეგმის წინ წაწევის თვალსაზრისით რუსებს აქვთ ბედნიერება დაიცვან ცივილიზაცია და კაცობრიობა. დაე, ეს ხშირად მოხდეს; დაე, მათი დაპყრობების ამბიცია ჩვენი ლამაზი სოფლების ნაცვლად ბარბაროსული აღმოსავლეთისკენ წარიმართოს და მათი ასე ქებული დაჟინებულობა მომთაბარეების დასამოჩილებლად და ცენტრალური აზიის უდაბნოების გარდასაქმნელად წარიმართოს! კარანტინის დირექტორი ერთი ლოთი, უღირსი და უსინდისო კაცი იყო. მე გაფრთხილებული ვიყავი და ჭოჭმანის გარეშე შევთავაზე თავისი სინდისის შესაფერისი ფასი. ჩემი შეთავაზება ბედნიერად დასრულდა და კარანტინის კარის გახსნას ველოდებოდი, როდესაც დირექტორსა და საჯარისო ნაწილების მეთაურს შორის გაუგებრობის გამო წარმოშობილმა სირთულემ, ორივე აიძულა, რომ თავიანთ ქმედებებში მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ. კარანტინის დირექტორი ერთი ლოთი, უღირსი და უსინდისო კაცი იყო. მე გაფრთხილებული ვიყავი და ჭოჭმანის გარეშე შევთავაზე თავისი სინდისის შესაფერისი ფასი. ჩემი შეთავაზება ბედნიერად დასრულდა და კარანტინის კარის გახსნას ველოდებოდი, როდესაც დირექტორსა და საჯარისო ნაწილების მეთაურს შორის გაუგებრობის გამო წარმოშობილმა სირთულემ, ორივე აიძულა, რომ თავიანთ ქმედებებში მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ.
კარანტინის მთავარი პირების გვერდით ტრიალებს ერთი გაიძვერა, რომელიც თურქებს თარჯიმნად ემსახურება და მწერლის მოვალეობასაც ასრულებს; თავისი საქმიანობის მიხედვით მას მხოლოდ მჯღაბნელს თუ ვუწოდებ. არ არის ისეთი ხერხი, რომელსაც ეს გაიძვერა არ მოიგონებსკარანტინის ფარგლებში შემოტანილ საქონელს თავის მოგებისთვის იყენებს: ზოგს ეპირფერება, ზოგს აშინებს, ვიღაცას ტყუილ დაპირებას აძლევს, სხვას ნაღდი ფულის სანაცვლოდ თავის სასაცილო მფარველობაში არწმუნებს; პირველ შემხვედრს პატიოსან კაცად აჩვენებს თავს და გარკვეული გასამრჯელოს ფასად თავისი უფროსის სახელითაც კი ვაჭრობს. კარანტინის მოსამსახურეთა სიის დასასრულებლად, უნდა ვახსენო ის, ვისაც ხალხი მიჰყავს კარანტინში; ეს არის არამზადა, რომელიც როგორც მოესურვება ისე სძალავს ფულს საცოდავ მეზღვაურებს. ეს მაწანწალა, რომელმაც არ იცის რა არის ერთგულება, ხოლო თურქეთში სინანულის გარეშე მიატოვა ცოლ-შვილი, მხოლოდ იმას ელოდება, რომ ახალი დოყლაპიები შეაცდინოს. კარანტინის ამ აღწერიდან კარგად ჩანს, რომ რედუტ-ყალეს მორალური ასპექტი მის ფიზიკურ მდგომარეობაზე უკეთესი არ არის. ბოლოს, ჩემი განთავისუფლების დღეს მზემ დილიდან გამოანათა. იძულებული ვიყავი ნება მიმეცა, რომ ჩემი სამგზავრო სკივრებიდან სამოსი ორთქლში გასატარებლად წაეღოთ. ამ კრიტიკულ მომენტში, სიშიშვლის დასაფარად, ჩვეულებადაა ქცეული ჯარისკაცის ნაცრისფერ ფარაჯაში გახვევა, რომელიც კარანტინში შესვლისას ერთიდან მეორეზე გადადის; მე კი მზეზე ვარჩიე განწმენდის ეფექტის დალოდება, რათა სიტყვის სრული მნიშვნელობით მესარგებლა ამ შესანიშნავი ახალი ვითარებით, სადაც სრულიად მოკლებული ვიყავი ყოველგვარ სიკეთეს და სიტუაციის სრული ცოდნით გამერკვია ცნობილი შეკითხვა ამქვეყნიური ამაოების შესახებ. შედეგი კი ის იყო, რომ დაბრუნებული ტანსაცმლის აღება ვიჩქარე. შემდეგ ლაზარეთის დირექტორმა და მისმა მწერალმა ჩემი ბარგის დათვალიერება მოისურვეს. რადგან ზუსტად არ ვიცოდი, რა ზომამდე ჰქონდათ კონტროლისა და ცენზურის უფლება, დავთანხმდი. მაგრამ ძლივს დავაღწიე თავი მათ ძარცვასა და ინსინუაციებს ჩემი პირადი რამდენიმე პატარა ნივთის გამო, როგორიცაა ჯაყვა, სავარცხლები და ყოველივე ის, რაც მათ თავისთვის მოეწონათ. ყველა უსიამოვნებამ ჩაიარა და უკანმოუხედავად გავიქეცი; ერთ ნავს მივუახლოვდი, რომელიც მდინარე ხობს ზევით უნდა აჰყოლოდა და აქედან მეოთხედ ლიეზე, დაბა რედუტ-ყალეში, საბაჟოს შენობასთან ჩამოვედი. აქ ჩემთვის მოულოდნელი სერიოზული გართულებადაიწყო, რის მოგვარებაში დიდი დახმარება -ნმა S- გამიწია. ბევრი კამათისა და განმარტების შემდეგ, მხოლოდ ჩემ ბარგში შერეული წიგნები ჩამომართვეს და თავიდან მათი რუსეთში, ცენზურის კომიტეტში გაგზავნით დამემუქრნენ, მაგრამ შემდეგ დამიბრუნეს, ჩემი სკივრები შეკრეს, დალუქეს და ნებაყოფლობით მოვაწერე ხელი, რომ ტიფლისში ჩასვლისთანავე, ქალაქის დიდ საბაჟოზე, ეს ლუქები ხელუხლებელი იქნებოდა. გონივრულად მივიჩნიე, რომ ჩემი ბარგის არც ერთ ნივთს არ მოვცილებოდი, დავთანხმდი დალუქვის ხარჯების გადახდას და რამდენიმე დღის განმავლობაში იმ გაჭირვებისა  დაშეზღუდვის ატანასაც, რასაც ეს თვითიზოლაცია განმაცდევინებდა. ჩემს მიმართ სიფრთხილის ეს ზომები მებაჟეებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა: ისიც უნდა განმეცხადებინა, რომ ჩემი წიგნები არ იყო პოლიტიკური ხასიათის. ეს განცხადება ორ ეგზემპლარად უნდა დამეწერა, რაც ტიფლისსა და სანკტ-პეტერბურგში გაიგზავნებოდა და ჩემს პასპორტშიც აღინიშნებოდა. ამ პატარა დეტალებს იმის საჩვენებლად ვუსვამ ხაზს, რომ დიდი სისასტიკით და მოხერხებულად რუსებს დემოკრატიული იდეების დევნა უფრო შეუძლიათ, ვიდრე შავი ჭირისა. მას შემდეგ, რაც ბევრი დრო დავუთმე ამ მომაბეზრებელ ამბებს, ვირების გამრეკის მოძებნას ვეცადე, რომელიც ტიფლისში ჩამიყვანდა. ერთი ასეთი კაცი მომიყვანეს და მას მეორე დღეს გამგზავრებაზე მოველაპარაკე. ცხრამეტი ვერცხლის რუბლის საფასურად მან სამი ცხენი მომიყვანა; ორი კაცი ქვეითად გაუძღვებოდა ცხენებს, ისინი ჩემი გამყოლებიც იქნებოდნენ და მომემსახურებოდნენ კიდეც. დაბა რედუტ-ყალე აშენებულია ხობის მარცხენა ნაპირზე, იქ, სადაც მდინარე დიდი ძალით მიედინება, ხშირად გადმოდის ნაპირებიდან და შლამიან წყალს მეზობელ ჭაობებს ჰფენს; დაბა შედგება ხის სახლების რამდენიმე თითქმის სწორი რიგისგან; ნოტიო ნიადაგისგან დასაცავად ყოველი სახლი რამდენიმე ფუტის სიმაღლის ბოძებზეა შემდგარი. სახლებს შორის მათი ერთმანეთისაგან გამომყოფი სივრცეა, რაც რეკომენდირებული წინდახედულებაა ხანძრის შემთხვევაში და რაც ყველგან უნდა იყოს დაცული, სადაც სამშენებლო მასალა საწვავია. ამას გარდა, ხანძრის შემთხვევაში, რადგან ქუჩები ფართოა, მსუბუქი ხის სახლები კი პატარა, შესაძლებელია მათი გადატანა და დაწვას თავიდან ასაცილებლად ისინი მაშინვე სწრაფად გადააქვთ რკინის კაუჭებით, ხოლო თუ შესაძლებელია, სახლებს ქუჩის შუა ნაწილში თავისივე საყრდენებით აცურებენ. როგორც წესი, სახლები დაბალი და ერთსართულიანია, ანუ სახლებს მხოლოდ rez-de chaussée6 აქვს. ტყეებში ძლიერი მცენარეულობაა. არის ისეთი მონაკვეთებიც, სადაც არასოდეს არავის არ დაუდგამს ფეხი და რომელშიც ნაჯახისა და ცეცხლის გარეშე ვერ შეაღწევ. თუთა იქ თავისით ხარობოს და სხვა ხეებსაც აჭარბებს. გულდაწყვეტილი ვუყურებდი ტყის ყოველწლიური ფოთოლცვენის დროს დაკარგულ მის ძვირფას ფოთლებს, მისივე ნაყოფით დაფარულ უკვე ასე მდიდარ და გამოუსადეგარ ნიადაგს და იმას, თუ როგორ შთანთქავდნენ თუთას ღორების მრავალრიცხოვანი კოლტები. ეს ცხოველები პატარა და უსიამოვნო შესახედია. – სამეგრელოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს არ არის ძალიან ცხელი მხარე, ხშირად წვიმს და ქარიც ხმელეთის შიგნით უფრო ხშირად უბერავს, ვიდრე ზღვაზე. ამ პროვინციის ფიზიკური აგებულება და ჰავა ციებას იწვევს. ამ თვალსაზრისით, უკვე დიდი ხანია რაც კოლხეთი მედიცინის მისანმა გახადა ცნობილი7. ადრე ამ სამეფოს სახელწოდება მოიცავდა სამეგრელოსა და გურიის მთელ დაბლობს8, რომელზეც რიონი და მისი შენაკადები მიედინება; ის წარმოქმნილია ამავე მდინარის ნატანით, რომელიც თავისი პირველქმნილების გასაფართოვებლად დღესაც მოქმედებს ასე ქებული ხალხის ქვეყანაში ჩასულს, ყველაფერზე მეტად ცისფერი თვალების, სწორი და გრძელი წაბლისფერი თმისა და ჯანმრთელი სახეების დანახვა გამიკვირდა; ძირითადად ასეთია გურულების სახის ნაკვთები, რომლებიც მეზობელი ბორცვებიდან აქ საქმეების გამო ჩამოდიან. ამ კაცების ქუდები პროვანსალელი გლეხებისას მაგონებს, მაგრამ ბევრად უფრო პატარა, ძალიან პატარაც კი არის იმისთვის, რომ ნაციონალურ სამკაულად მიიჩნიო, ეს უფრო სამოსის აუცილებელი დამატებაა. მეგრელებს, ქართველებს და კავკასიის სხვა ხალხებს თავისი გემოვნების შესაფერისი ფერის მრგვალი ქუდი აქვთ, რომელსაც კიდეზე კრაველის ბეწვი დაჰყვება. ერთნიც და მეორენიც ატარებენ მეტ-ნაკლებად მდიდრულად მოსირმულ მოკლე სერთუკს, გულმკერდის ორივე მხარეს ნახევარი დუჟინი პატრონით. ამ მხარეში მცხოვრებ სომხებს ახურავთ სპარსელებისთვის დამახასიათებელი კრაველის წვეტიანი ქუდი, წელში ქამრით შემოჭერილი. მუქი ფერის დრაფის მუხლამდე გრძელსახელოებიანი სერთუკი. ადგილობრივების სამოსი არის განიერი შარვალი, წინდის ნაცვლად ფეხებზე შემოხვეული აქვთ ტილოს ან დრაფის ზოლები, ხოლო ფეხსაცმელ ტყავის ნაჭერი ცვლის, რომელიც ფარავს ტერფს და თოკებით მაგრდება. მხოლოდ ამის მიხედვით შეიძლება მიხვდე, რამდენადაა ჩამორჩენილი აქ ყველაზე უფრო მარტივი საჭირო ხელობა, ხოლო ისეთიც კი, როგორიც ხარაზია, სოფლებში მხოლოდ ახლა ჩნდება. სხვა აღმოსავლელების მსგავსად, კავკასიის მოსახლეობის ჩვეულებაა იყოს მუდამ შეიარაღებული, რაც იმას მოწმობს, რომ საომარი მდგომარეობა მათთვის ჩვეულებრივი ამბავია. მათი სრული აღჭურვილობაა ხანჯლიფართო და ორპირიანი ჯაყვის მაგვარი იარაღი, რაც საკმაოდ ჰგავს ჩვენი მენაღმე ჯარისკაცის იარაღს, აგრეთვე კაჟიანი თოფი და ზოგჯერ პისტოლეტიც.
რედუტ-ყალეში რამდენიმე თავზე დოლბანდმოხვეული თურქი დასახლდა; აქ იონიის კუნძულებიდან10 მოსულ ბერძნებსაც ნახავ. ერთსაც და მეორესაც ცუდი ვაჭრობა აქვს: ბაზარი დიდია, მაგრამ მოწყენილი და ცუდად მომარაგებული.  მეგრელი ქალების განთქმული სილამაზის ამბავი უფლებას იძლევა, რომ მათ მიმართ მომთხოვნიც იყო. ამ დაბაში ქალები დღისით საერთოდ არ ჩანან; ის ერთადერთი, ვინც ვნახე, არ იყო ლამაზი და ამან მაფიქრებინა, რომ მეგრელი ქალების სილამაზე იშვიათი და საეჭვოა, მაგრამ თავს შევიკავებ მათი განსჯისგან.
ძველად, ამ სანაპიროს მთელ გაყოლებაზე, განსაკუთრებით კი ფოთში, რომელიც რიონზე მდებარეობს, დიდი ვაჭრობა იყო ორივე სქესის მონებით. მეგრელები, ქართველები და კავკასიის სხვა ხალხები თავიანთი ოჯახის წევრებით ვაჭრობდნენ, გასაყიდად თავიანთი ქალიშვილები ან დები მიჰყავდათ; ამ ვაჭრობაში აღებული ფულით უკან დაბრუნებული მამაკაცები ბედნიერები იყვნენ იმაზე ფიქრით, რომ ამ საცოდავ ობლებს საშუალება ეძლეოდათ გამხდარიყვნენ რჩეულები ძლიერთა ამა ქვეყნისა, რომლებიც მათ კარგად გამოკვებავდნენ და ძვირფას სამოსს ჩააცმევდნენ, ნაცვლად განუწყვეტლივ მიმდინარე ომების გამო მთელი ცხოვრების განმავლობაში ტყეებში თავის შეფარებისა. ეს არის მეტად მდაბალი გრძნობა, რომელიც თავისი თვისტომის გაყიდვას შთააგონებს და მოწმობს ზნეობრივი აღზრდის არქონას; სამართლიანად რომ შევაფასოთ მეგრელების საქციელი, საჭირო იქნება ჩვენი უზრუნველყოფილი ცხოვრებიდან აბსტრაგირება და იდენტიფიცირება იმ დუხჭირ სოციალურ მდგომარეობასთან, რაც უფრო ხალხის ასოციალურობას ჰგავს და ჯამში ინდივიდუალურ არსებობას იწვევს. რაც შეეხებათ მეგრელ და ქართველ კაცებს, რომლებსაც ადრე მონებად ჰყიდნენ ბაზრებში და ძირითადად ახალწვეულებად მიჰყავდათ ეგვიპტის მამლუქთა რაზმებში, მათი და მათი ლამაზი თვისტომების გაყიდვა ახლა იშვიათია და ისჯება მას შემდეგ, რაც რუსებმა სამხედრო ძალით დაიკავეს შავი ზღვისა და არაქსის პირები. რედუტ-ყალეში დუქნის მსგავსიც კი არაფერი არ არის; მიუხედავად ამისა, ფიცარნაგზე მაინც იყო კაფე, სადაც ღამის გატარება მოვახერხე; პატრონმა იზრუნა და საჭმელიც მომცა; მაგრამ ეს ყურადღებიანი კაცი, რომლის შესანიშნავი ბერძნული ყურს სიამოვნებდა, საჭმლის მომზადების თვალსაზრისით ამაზრზენი მომწამვლელი და უმოწყალო ქურდი აღმოჩნდა. მისი პატარა, ცუდი ოთახი, უგემური კერძები და ღამის გათევა 15 ფრანკი დამიჯდა! ამ მეფური ხარჯის გამო კამათისა და მისი გადახდის შემდეგ, გზას გავუდექ.

ავტორის შესახებ: ჟიულ-შარლ ტეიული (1802-1869) – ფრანგი ექიმისრული მარშრუტი: საფრანგეთი, კონსტანტინოპოლი, ტრაპიზონი, ბათუმი, რედუტ-ყალე, სოფელი ხორგა (სამეგრელო, ხობის მუნიციპალიტეტი), ქუთაისი, გორი, თბილისი, ბაქო, დერბენდი, ასტრახანი, მაკარიევი (ნიჟნი ნოვგოროდი), მოზდოკი, ვლადიკავკაზი, ყაზბეგი, კობი, კაიშაურში ანანური, დუშეთი, წიწამური, თბილისი, აღსტაფა, ნახჭევანი, ერევანი, თავრიზი, თეირანი, ისფაჰანი, ქერმანშაჰი, არზრუმი, ტრაპიზონი, კონსტანტინოპოლი, ევროპა.
თხზულებაში არ არის აღნიშნული მოგზაურობის წლები, ზოგიერთი ცნობა მიანიშნებს, რომ ექიმმა ტეიულმა საქართველოში ევგენი გოლოვინის მმართველობის დროს, სავარაუდოდ 1837-1841 წლებში, იმოგზაურა.
წყარო: ფრანგი ავტორების ცნობები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ. (მოამზადა ირინე ნაჭყებიამ)