გვერდები

19.02.2019


განმანათლებელი - ვლადიმერ ნაჭყებია

ვლადიმერ ნაჭყებია
   
 ვლადიმერ ნაჭყებიას მისწრაფება და სულიერი განწყობილება, ეროვნული შეგნება, ხალხის სამსახურით გატაცება და მუდამ საქველმოქმედოდ განწყობილი სურვილები მისი არსების ძირითადი თვისება იყო. მისი გარეგნობაც კი ამჟღავნებდა ზოგიერთ ამ თვისებას: მარად მომღიმარი, თავაზიანი, ზრდილობიანი, მხიარული, მუდამ მის საყვარელ ტანისამოსში - ჩოხაში სადად ჩაცმული. იგი ყოველთვის სიმპათიასა და პატივისცემას იმსახურებდა.
    ვლადიმერ ბეჟანის ძე ნაჭყებია დაიბადა 1873 წელს სოფელ ხეთაში, ხელმოკლე აზნაურის ოჯახში. პირველდაწყებითი სწავლა მიიღო თავის სოფელში. 1885-89 წლებში სწავლობდა ძველი სენაკის ქართულ სკოლაში, რომელიც მაშინ ერთადერთი ახალი ტიპის სკოლა იყო სამეგრელოში.
ვლ. ნაჭყებიას ოჯახი

    ამ სკოლის სრული კურსის დასრულების შემდეგ ვლადიმერ ნაჭყებია ქუთაისის ქართულ სკოლაში ჩაირიცხა. ნიჭიერი ვლადიმერი დაეწაფა სწავლას, მაგრამ მას ამ გიმნაზიის კურსის დასრულება არ დასცალდა - მამა გარდაეცვალა და მრავალწევრიანი ოჯახი უმწეოდ დარჩა. მისი სიყრმის მეგობრის, ცნობილი მწერლისა და პედაგოგის იპოლიტე ვართაგავას გადმოცემით, ვლადიმერს, როგორც ქართული ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების მოტრფიალეს, კარგა მოზრდილი ბიბლიოთეკა  ჰქონდა, ყველა ჟურნალისა და გაზეთის ნომერს უკლებლივ კინძავდა, ინახავდა და მისთვის ერთი ოთახიც კი ჰქონდა მიჩენილი.
   ქუთაისიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდამ თან ქართული სცენის დიდი სიყვარული ჩამოიტანა, მოიწადინა ხეთაშიც გაემართა წარმოდგენები.
    ვლადიმერი ენერგიულად შეუდგა დრამატული წრის ჩამოყალიბებას.   მან ამ საქმეში,  გარდა მასწავლებლებისა, სოფლის მთელი კულტურული ძალები ჩააბა, მათ შორის ქალებიც, რომელთა სცენაზე გამოსვლა მაშინ დიდ აუგად ითვლებოდა. ამ წრემ 1894 წელს გამართა პირველი წარმოდგენა სოფელ ხეთაში. წარმოდგენამ მეტად დიდი შთაბეჭდილება დატოვა. საზოგადოების მოწინავე ნაწილმა ვლადიმერის ამგვარ მუშაობას მაღალი შეფასება მისცა. ისიც გამხნევდა და სისტემურად მართავდა სპექტაკლებს არა მარტო ხეთაში, არამედ სამაზრო ქალაქ ზუგდიდსა და მეზობელ სოფლებშიც (ცაიში, ხობი, ხორგა, ანაკლია და სხვა).
ვლ. ნაჭყებია სპექტაკლების გარდა კონცერტებსაც ხშირად მართავდა. იგი ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი ლოტბარის ძუკუ ლოლუას მიერ გაწვრთნილი, საუკეთესო ოსტატი იყო ხალხური სიმღერებისა. თვითონაც ადგენდა მომღერალთა გუნდებს და საღამოებს მართავდა ახლომახლო სოფლებში.
ვლ. ნაჭყებიას მომღერალთა გუნდი

ვლ. ნაჭყებიას მიერ დაარსებული დრამატულიწრე გაძლიერდა, გახშირდა დადგმები. იგი უკვე თეატრისთვის საკუთარი შენობის აგებაზე ოცნებობდა. ვლადიმერმა ეს ოცნება სინამდვილედ აქცია. 1926 წელს საძირკველი ჩაეყარა საშა გეგეჭკორის სახელობის ხეთის თეატრის საკმაოდ მოზრდილ შენობას. თეატრი სოფლის მშვენება და კულტურის კერა იყო.
ვლ. ნაჭყებია საუკეთესო პედაგოგი იყო. ის ასწავლიდა მხოლოდ დაწყებით კლასებში, სადაც მუდამ სამაგალითოდ ჰქონდა დაენებული დისციპლინა და სწავლის საქმე.
1922-1923 წლებში ვლადიმერ განიზრახავს ხეთაში საშუალო სკოლის გახსნა. ამ საქმეში სკეპტიკურად განწყობილი ინტელიგენციის ნაწილი და მოსახლეობაც დაუყოლიებია, თუ შესაფერის შენობას ავაგებთ და ისიც, რაც შეიძლება ჩქარა, მაშინ ცხრაწლედს მოგვცემენო. სიტყვა საქმედ აქცია - 1928-1929 სასწავლო წლისთვის შენობა მზად იყო. საჭირო გახდა შესაფერი გამგის გამონახვა. მან ხეთის საზოგადოების საუკეთესო წევრთაგან შეადგინა დელეგაცია და მისი ხელმძღვანელობით იპოლიტე ვართაგავასთან მივიდა თხოვნით - ცოტა ხნით ემუშავა ხეთის სკოლის გამგედ და დედაქალაქიდან საცხოვრებლად ხეთაში გადასულიყო. იპოლიტე დათანხმდა და სათავეში ჩაუდგა ხეთის საშუალო სკოლას.
1938 წელს ვლადიმერმა ხეთაში ჩამოაყალიბა მომღერალთა რაიონული გუნდი, რომელიც გასვლით კონცერტებს მართავდა სოფლებში.
ვლადიმერ ნაჭყებია გარდაიცვალა 1950 წლის 21 თებერვალს.

1973 წლის 24 მარტს, თბილისში, ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ვლადიმერ ნაჭყებიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები (1968წ. კრებული მესამე).
ფოტოები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციიდან.





Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.