გვერდები

16.11.2018

ხორგა გერმანელი მოგზაურის ედუარდ აიხვალდის ცნობების მიხედვით

ჩვენი კუთხის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული XIX საუკუნის გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის ედუარდ აიხვალდის წიგნში „მოგზაურობა კავკასიაში“. აიხვალდი კავკასიაში 1825-1826 წლებში იმყოფებოდა. მან თითქმის მთელი საქართველო შემოიარა და დაწვრილებითი აღწერა დაგვიტოვა. მისი ცნობები შეიცავს ყურადსაღებ მასალას ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის, ეკონომიკური განვითარების, ტრადიციების, ვაჭრობის, რელიგიის შესახებ; ახასიათებს ადგილობრივთა წეს-ჩვეულებებს, აღწერს ქალაქებს, სოფლებს და ეკლესიებს.
ედ. აიხვალდი საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის სოფელ ხორგას შესახებ, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში მნიშვნელოვანი დასახლება ყოფილა, რასაც ადასტურებს სხვა მოგზაურთა ცნობები.

აიხვალდიც ცნობები დავყავი თემებად, რათა ერთიანობაში წარმოდგენა შეგვქმნოდა თუ როგორი იყო მეცხრამეტე საუკუნის ოციანი წლების ხორგა.
ოჯახი
„მხოლოდ საღამოს 6 საათზე მივაღწიე სოფელ ხორგას, სადაც ერთ აზნაურთან გავათიეთ, რადგან გზის გაგრძელება უგზოობისა და ცხენების დაღლილობის გამო აღარ შეიძლებოდა. ქათმები და გოჭები თავადურად იქნა ჩამორთმეული, რათა კარგი ვახშამი მოემზადებინათ დამქანცველი მგზავრობის შემდეგ. ღვინო არ იყო განსაკუთრებული, ასევე საწოლიც ცოტა ხმელი, თუმცა ამ სახლში ბალიშების შოვნაც შეიძლებოდა“. (აქ და ქვემოთ ბრჭალებში ჩასმული ტექსტი მოყვანილია წიგნიდან  ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ).

ეკონომიკა
 „მთლიანად აღებული აქ, სამხრეთ სამეგრელოში, რედუტისკენ, სადაც მეტი მოძრაობაა, უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე ზუგდიდის იქითა მხარეს. ამიტომ გლეხებს აქ უფრო მეტი პირუტყვი ჰყავთ, აქვთ უკეთესი სახლები, უკეთესად აცვიათ და ა.შ.“

ვაჭრობა და შემოსავალი
 „მათ მდინარე ხობის საშუალებით, რომელზეც ძევს თვით სოფელი და რომლის ნაპირის გასწვრივ 6 ვერსი ვიარე, ჩააქვთ რედუტში ხე-ტყე, მორები, ყოველგვარი სურსათ-სანოვაგე და ამგვარად შოულობენ ცოტა ფულს, რითიც მათ უფრო მეტად შეუძლიათ უკეთეს პირობებში ცხოვრება“

მშვენიერი ძველი მონასტერი
„როცა მე პირველად მივუახლოვდი მდინარე ხობს, მის მეორე ნაპირზე დავინახე მშვენიერი ძველი მონასტერი (ხობის მონასტერი. ლ.ღ.), რომელშიც სამეგრელოს მთავარეპისკოპოსი ცხოვრობს. მისი ბერები აქ მისდევენ მეთევზეობას, რადგან ისინი ხორცის საკვებს არ ჭამენ“

ხორგელი თავადი ჯაიანი
„სოფელი ხორგა საკმაოდ ვრცლადაა გადაჭიმული და რამდენიმე ვერსი უნდა იარო მასში, სანამ ბოლოში გახვალ. სოფლის ერთი ნახევარი ეკუთვნის  დადიანს, მეორე ნახევარი კი თავად ჯაიანს, რომელმაც მდინარის ნაპირზე, დაახლოებით 6 ვერსზე ჩვენი ღამის სადგომიდან, ძალზე მშვენიერი სახლებიც აიგო“

თავადის ეზო-კარი
„საცხოვრებელი შენობა მუხისგან მთლად ახლად და საკმაოდ მშვენივრად ნაგები, ვიდრე დადიანისა; ირგვლივ იყო ხეხილის მთელი ტყე, სახლის წინ კი მშვენიერი, დიდი ბაღი ვარდებისა, რომლებიც ყვაოდნენ და შესანიშნავი სურნელი იდგა“

ხორგელთა სტუმართმოყვარეობა
„ყურადღებიანმა და მეგობრულად განწყობილმა თავადმა მოსვენება არ მომცა; ჯერ ჩაი დამალევინა, შემდეგ შემწვარი ქათამი და ბოლოს ბატი მაჭამა, რომელზეც კარგი ღვინო დამაყოლებინა. საერთოდ მეგობრობა და სტუმართმოყვარეობა მეგრელების მთავარი ნიშანია“



Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.