გვერდები

18.11.2018


ხობის თეატრის სათავეებთან
(პირველი ნაწილი)

თეატრს საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ქალაქი, სადაც თეატრი ფუნქციონირებს, ძველი და ახალი სპექტაკლები იდგმება სხვანაირად „სუნთქავს“.
მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ჟურნალ-გაზეთების კითხვისას საინტერესო ცნობებს გადავაწყდი ხობში სახელმწიფო თეატრის დაარსებაზე, იქ მომუშავე რეჟისორებზე, მასახიობებზე და თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლებზე.
რაიკომის მდივნის, ათანასი ჯიქიას ინიციატივით 1936 წელს, ხობში, სახელმწიფო (საკოლმეურნეო) თეატრი გაიხსნა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკო წითლიშვილი გახლდათ, ხოლო მხატვარი - ვ. ლაშხი.
ხობის თეატრი - 1941 წელი
ხობის თეატრის სცენაზე იდგმებოდა, როგორც ყველასათვის ნაცნობი („ხანუმა“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“) ისე იდეოლოგიური (კომუნისტური) ნიშნით შერჩეული სპექტაკლები.
დასის რეპერტუარში შედიოდა შემდეგი სპექტაკლები: „ხანუმა“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“,  „ვინ არის დამნაშავე“, „არსენა“, „ძალად ექიმი“, „სტუმარ-მასპინძელი“, „შუქურა“, „ბრმა მუსიკოსი“, „მათი ამბავი“, „გმირთა თაობა“, „კოლმეურნის ქორწინება“, „კვალითელი დალაქი“, „ბედნიერება“, „ჩაძირული ოქრო“, „გეგეჭკორი“, „ჩემი მეგობარი“, „ჩვენი მიწა“, „შემშარი“.
ხობის თეატრი - 1941 წელი
თეატრის რეჟისორები იყვნენ: ნიკო წითლიშვილი, შ. კოპალაძე, ვასო ცხადაია.
დასში შედიოდნენ შემდეგი მსახიობები: თინა ფიფია (როლები: ელინა-ბრმა მუსიკოსი, არინუშკა-ბედნიერება, ჟორჟეტა-ჩემი მეგობარი), თინა ხუციშვილი (როლები: გაიუშა-ბრმა მუსიკოსი, სიდუ-გეგეჭკორი, ნატა-ბედნიერება, მარინე-ჩვენი მიწა), ვალია ელიავა (როლები: გვირისტინე-კოლმეურნის ქორწინება, მზეხა-ჩაძირული ოქრო), ნათელა ბობოხიძე, შურა კოპალაძე, გოგი აღლაძე, ბორის სერგია, შოთა ლოლუა, ვადიკო ვახტანგაძე, ვლადიმერ შონია, ვასო ცხადაია.

უფროსებისგან გამიგია და გაზეთ „კომუნიზმის მშენებელის“ ფურცლებზე წამიკითხავს, ხობში ცნობილი თეატრალური დასების გასტროლების შესახებ. მაგრამ, ამ მხრივ პირველობა 1936 წელს დაარსებულ თეატრს ეკუთვნის, რადგან ხობს მაშინაც სტუმრობდნენ სახალხო არტისტები. მაგალითად ელისაბედ ჩერქეზიშვილი და ნიკო გოცირიძე, რომლებმაც ადგილობრივ დასთან ერთად მაყურებელს ლეგენდარული სპექტაკლი „ხანუმა“ წარუდგინეს.

დასი გასვლით წარმოდგენებს მართავდა ხობის რაიონის სოფლებშიც. გარდა ამისა საგაზაფხულო თესვის პერიოდისთვის თეატრის ხელმძღვანელობას ადგილობრივთათვის მოუმზადებია სკეტჩები.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.