გვერდები

06.01.2014

დოსტოევსკი – მწერალი რომელიც არ უყვართ ხობში

დღეიდან ვიწყებთ რუბრიკას – “წიგნები თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკიდან”. ეს რუბრიკა ემსახურება საპატიო მიზანს, მოგაწოდოთ ინფორმაცია ქ. ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დაცულ წიგნებსა და ავტორებზე (წიგნების ისტორია, ავტორი, შემოქმედების ძირითადი მახასიათებლები, ლიტერატურული და ფილოსოფიური მიმდინარეობისადმი კუთვნილება და სხვა) მხატვრული ლიტერატურის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ისტორიის, ხელოვნების სფეროდან.
თეოდორ დოსტოევსკი, რომლის შემოქმედებაც ჩვენს მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრს არ უყვარს. ავტორი რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებზე ( თ. მანი, ფ. ნიცშე, ფროიდი, კამიუ, სარტრი და სხვები.).
წერილში (მოკლე მიმოხილვა) საუბარი გვექნება თეოდორ დოსტოევსკის ნაკლებად ცნობილ და შესაბამისად ნაკლებად პოპულარულ ნაწარმოებზე: “მკვდარი სახლის ჩანაწერები”, რომლის კითხვისას თვით იმპერატორიც ატირებულა. სანამ ნაწარმოების მიმოხილვას შევუდგებოდეთ, მცირე ინფორმაცია დოსტოევსკის ბიოგრაფიიდან, რაც უფრო გააადვილებს ნაწარმოების გაგებას.
თ. დოსტოევსკის 1847 წელს იატაკქვეშა ორგანიზაციის წევრობის გამო მიესაჯა დახვრეტა.. სიკვდილმისჯილები განაჩენის სისრულეში მოსაყვანად მოედანზე გაიყვანეს. სიკვდილის მოლოდინში მყოფთ (ყველა მსჯავრდებულმა თვალებში ჩახედა სიკვდილს, რაზედაც დოსტოევსკი ამბობს, რომ ყველაზე ძნელი სიკვდილით დასჯის წინა დროის პერიოდია საშინელი და შემზარავი.) ბოლო წუთებზე იმპერატორ ნიკოლოზ პირველის გადაწყვეტილებამ მოუსწროთ – სიკვდილმისჯილებს დახვრეტა ციმბირში გადასახლებით – კატორღით შეუცვალეს.
“ციმბირის მივარდნილ მხარეებში, ტრამალებში, მთებსა თუ გაუვალ ტყეებს შორის, აქა იქ შეგხვდებათ პატარა ქალაქები, სადაც არის ერთი, ან ორიოდე ათასი მცხოვრები, ხის უშნო სახლები და ორი ეკლესია – ერთი ქალაქში რომ დგას, მეორე სასაფლაოზე” ამ სიტყვებით იწყება მეტად საინტერესო ნაწარმოები “მკვდარი სახლის ჩანაწერები”, სადაც მოთხრობილია “მკვდარ სახლში” (საკატორღო ციხეში) მყოფთა უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის, არაადამიანური მოპყრობის, როზგის, სიკვდილის, გაქცევის, ტირანიის არსის, თავისუფლების, სიხარულის, სინანულის, მეგობრობის და ა.შ. შესახებ.
ასე აღგვიწერს ავტორი, კატორღაში არსებულ სიტუაციას (ფიზიკურ და მორალურ გარემოს): “ოთხი საათი მაინც უნდა გეცადა, სანამ ყველა დაიძინებდა მანმადე კი – ხმაური, ღრიანცელი, გინება, ჯაჭვების ჩხარუნი, ბოლი და ჭვარტლი, დაღდასმული სახეები, ჩამოხეული სამოსა. ყველაფერი – გალანძღული …. . . დიახაც, გამძლეა ადამიანი! ადამიანი ისეთი არსებაა, რომელიც ყველაფერს ეჩვევა, ვფიქრობ, ესაა მისი ყველაზე უკეთესი განსაზღვრება”.
ციხე, საპყრობილე ვერ ასწორებს პატიმრის უკუღმართ ხასიათს, ჩვევებს, ვერ ხდის ადამიანს უმჯობესს, ვიდრე იყო თავისუფლების შეძღუდვამდე. ციხის უმთავრესი ფუნქცია საზოგადოების სიმშვიდის უზრუნველყოფაა. – “რასაკვირველია, საპყრობილეები და იძულებითი მუშაობის სისტემა არ ასწორებს დამნაშავეს; მხოლოდ სჯიან მას და უზრუნველყოფენ საზოგადოების სიმშვიდეს, იცავენ რა ბოროტმოქმედთა შემდგომი თავდასხმისაგან. დამნაშავეს კი საპყრობილე და ყველაზე გაძლიერებული კატორღული მუშაობა უვითარებს მხოლოდ სიძულვილს, აკრძალული სიამოვნების წყურვილს და საშინელ თავქარიანობას.
რამ შეიძლება ადამიანი მიიყვანოს სასოწარკვეთილებამდე და მის უკიდურეს ფორმამდე – თვითმკვლელობამდე. ამ კითხვაზე დოსტოევსკი გვპასუხობს – ცხოვრების საზრისის არ ცოდნამ ანუ უმიზნო ცხოვრებამ. “. . . სამუშაო სულაც არ მომჩვენებია მძიმე, კატორღულ სამუშაოდ, და მხოლოდ კარგა ხნის მერე მივხვდი, რომ მძიმეა ეს სამუშაო არა იმდენად სიძნელისა და განუწყვეტლობის მხრივ, რამდენადაც იმის გამო, – რომ – იძულებითია სავალდებულო, ჯოხის შიშზე დამყარებული. ერთხელ აზრიც დამებადა, თუ უნდათ სავსებით მოსპონ და გაანადგურონ ადამიანი, დასაჯონ ყველაზე საშინელი სასჯელით, ისე რომ უდიდესი ავაზაკი შეძრწუნდეს ამ სასჯელისგან და წინასწარ უფრთხოდეს მას, საკმაოა მისცენ მუშაობის, აშკარა უსარგებლობისა და უაზრობის ხასიათი.თუ ახლანდელი საკატორღო მუშაობა უინტერესო და მოსაწყენისა პატიმრისათვის, სამაგიეროდ თავისთავად, როგორც სამუშაო, იგი გონივრულია. . . მაგრამ ის რომ აიძულონ ნაყოს ქვიშა, გადაიტანოს მიწა ერთი ადგილიდან მეორეზე და უკან – მე მგონი, ტუსაღი მალე თავს ჩამოიხრჩობდა. . .”.
მეორე უბედურება ( თავისუფლების აღკვეთასთან და იძულებით შრომასთან ერთად), რომელიც ადამიანს გაუსაძლის პირობებში ამყოფებს არის იძულებით ერთად ცხოვრება. ორივე შემთხვევაში იძულება ახდენს ადამიანის სრულ დისკრედიტაციას. “ მე მივხვდი, რომ თავისუფლების აღკვეთისა და იძულებითი შრომის გარდა, კატორღულ ყოფაში არის კიდევ ერთი სატანჯველი, შესაძლოა უფრო ძლიერიც, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი – იძულებით ერთად ცხოვრება”.
დოსტოევსკი ამბობს, რომ რაც არ უნდა ჩაძირული იყოს ადამიანი ამაოების ჭაობში მისი სული მაინც ესწრაფვის თავისუფლებას. დოსტოევსკიმ კატორღელის მიერ თავისუფლებისადმი ლტოლვა გვიჩვენა მეტად უცნაურ გარემოში: “ტუსაღი ფულის ხარბია გაგიჟებამდე, გონების დაკარგვამდე და თუ ქეიფისას მართლაც ბზესავით ჰფანტავს, იმის გულისათვის სჩადის, რასაც ფულზე ერთი საფეხურით მაღლა აყენებს. კი მაგრამ რა უნდა იყოს ასეთი, რასაც ფულს ანაცვალებს? თავისუფლება, ან რაღაც ოცნება თავისუფლებაზე”.
ჩემო მკითხველო ჩემსავით შენ იცნობ ბევრ ადამიანს, თანამდებობის ყოფილ პირებს, რომლებსაც მბრძანებლობა სისხლში აქვთ გამჯდარი, მათ ქცევაში, გამარჯობაში ყოველთვის იგრძნობა დამღუპველი სენის კვალი – მე ხომ ადრე მაღალი თანამდებობის პირი ვიყავი. ასსეტ ხალხს დოსტოევსკი თავისივე შეგრძნების მონას უწოდებს. “არიან ადამიანები, ავაზასავით სისხლზე დაგეშილნი. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია ეგ უფლება, ეს ეს განუსაზღვრელი ბატონობა სხეულზე, სისხლსა და სულზე თავისივე მსგავსი ადამიანისა, . . . ის უკვე როგორღაც ნება-უნებლიედ ხდება თავისივე შეგრძნების მონა”.
ეს არის ძალიან მცირე, უმცირესი რისი გაგებაც გულისხმიერ მკითხველს ამ შესანიშნავი წიგნიდან – “მკვდარი სახლის ჩანაწერები” შეუძლია.
და ბოლოს თავისუფლებას მოწყურებული ადამიანის სულის მდგომარეობის ამაღელვებელი სურათი: “ აგურების თრევასხვათა შორის, მარტო იმიტომ კი არ მიყვარდა, რომ სხეულს მიმაგრებდა, არამედ იმადაც რომ მუშაობა ირტიშის ნაპირას წარმოებდა. ამ ნაპირის გამო თუ ამდენს ვლაპარაკობ, მარტო იმიტომ, მხოლოდ და მხოლოდ იქიდან ჩანდა ქვეყნიერება, ნათელი, გამჭვირვალე შორეთი, დაუსახლებელი, თავისუფალი ველები, თავისი უკაცრიელობით ისე უცნაურ შთაბეჭდილებას რომ ახდენდნენ ჩემზე. მხოლოდ ნაპირზე შეგვეძლო ციხისათვის ზურგი შეგვექცია და აღარ დაგვენახა”.
რჩეული ციტატები:
”ადამიანი და მოქალაქე სამუდამოდ იღუპება ტირანში, ხოლო შემობრუნება ადამიანური ღირსებისაკენ , მონანიებისა და აღდგომისაკენ თითქმის შეუძლებელი ხდება”
ტირანობა – ჩვეულება გახლავთ, მას განვითარება ახასიათებს; ვითარდება, ბოლოს და ბოლოს ავადმყოფობამდე”;
საზოგადოება, რომელიც გულგრილად შესცქერის მსგავს მოვლენას (ტირანიას ლ.ღ.) თვითონვე ძირში დასნეულებულია”;
შეიგნო დანაშაული და წინაპართა ცოდვა, ჯერ კიდევ ცოტას ნიშნავს; საჭიროა სავსებით გადაეჭვიო მათ. ეს კი როდი ხდება უცბად”.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.