გვერდები

06.01.2014

“დავწვათ” თუ არა წიგნები

კაცობრიობის განვითარების თანმდევი პროცესია ლიტერატურის ცენზურა. წიგნების აკრძალვამ და მწერლების დევნამ განსაკუთრებულ და არნახულ მასშტაბს საბჭოთა კავშირში მიაღწია. “საბჭოთა ცენზურა ყველაფერს აკონტროლებდა – მწერლობას, მეცნიერებას, კინოს, თეატრს, ტელევიზიას. “გლავლიტს” ნებისმიერი დაბეჭდილი სიტყვის ცენზურა ევალებოდა. მაგალითად, ასანთის კოლოფზე ან მარკაზე წარწერებიც კი გადიოდა ცენზურას (ლ. ბაქრაძე)”.
საბჭოთა კავშირში ლიტერატურის გასაიდუმლოების რამდენიმე საფეხური არსებობდა. წიგნების გარკვეულ ნაწილზე ხელი მხოლოდ ცეკას წევრებსა და კგბ-ს მაღალჩინოსნებს მიუწვდებოდათ. მხოლოდ სტალინისა და მისი გარემოცვისათვის დასავლეთში გამოსული წიგნები სპეციალურად ითარგმნებოდა. მაგალითად აკრძალული იყო ან გარკვეული შეზღუდვები ვრცელდებოდა ქვემოთ ჩამოთვლილი მწერლების ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე – ორუელი, პრუსტი, დონ პასოსი, ბერჯესი, ჯოისი, ფროიდი, ნიცშე, ბულგაკოვი, ცვეტაევა, ახმატოვა, მანდელშტამი, ბროდსკი, პასტერნაკი, სოლჟენიცინი, ლოტმანი, ბახტინი, გრ. რობაქიძე, მიხ. ჯავახიშვილი, გრ. ფერაძე და მრავალი სხვა.
1922 წელს, ერთ ღამეში ჩეკამ დააპატიმრა, პასპორტები და მოქალაქეობა ჩამოართვა, რიგაში უცხოურ გემზე აიყვანა და სამშობლოდან სამუდამოდ გააძევა რუსული რელიგიური ფილოსოფიის წარმომადგენლები. მათ ცხოვრება და შემოქმედება საფრანგეთში განაგრძეს. მათი წიგნები სსრკ-ში 70 წლის განმავლობაში აკრძალული იყო.
იოსიფ ბროდსკი, დიდი პოეტი, ნობელის პრემიის ლაურეატი დაიჭირეს, წელიწადნახევრის შემდეგ გაასამართლეს და წელიწადნახევარი არხანგელსკის მხარეში გადაასახლეს. ეს არ აკმარეს და 1972 წელს გაასახლეს საბჭოთა კავშირიდან.
ბორის პასტერნაკს შვედეთის აკადემიამ 1958 წელს მიანიჭა ნობელის პრემია “თანამედროვე ლირიკულ პოეზიასა და დიდი რუსული პროზის დარგში თვალსაჩინო დამსახურებისათვის”. ნობელის კომიტეტის მდივანს პასტერნაკმა ასეთი პასუხი მისწერა: “მადლობელი ვარ, მიხარია, მეამაყება, დარცხვენილი ვარ”. ამის შემდეგ ამოქმედდა საბჭოთა პროპაგანდისა და რეპრესიების მანქანა. კომუნისტური ხელისუფლების ზეწოლის გამო პასტერნაკი იძულებული გახდა პრემიაზე უარი ეთქვა; ხოლო ნობელის კომიტეტს შემდეგი ტელეგრამა გაუგზავნა – “ იმ მნიშვნელობის გამო, რაც ჩემთვის მონიჭებულმა ჯილდომ შეიძინა საზოგადოებაში, რომელსაც მე ვეკუთვნი, ვალდებული ვარ უარი ვთქვა, შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ ჩემს ნებაყოფლობით უარს”. ისტორიული სამართლიანობა 31 წლის შემდეგ, 1989 წელს აღსდგა. გარდაცვლილი მამის კუთვნილი დიპლომა და მედალი პასტერნაკის შვილს ევგენის გადასცეს.
ალექსანდრე სოლჟენიცინს საბჭოთა სისტემა, როგორც საშიშ ელემენტს დევნიდა. 1970 წელს ნობელის პრემიის მისაღებად არ გაუშვეს. პრემია მწერალმა ემიგრაციაში ყოფნის დროს, ოთხი წლის დაგვიანებით მიიღო.
საქართველოში მრავალი მწერალი, მუსიკოსი, მხატვარი, მეცნიერი დახვრიტეს, ბევრი გადაასახლეს, დევნიდნენ, ავიწროებდნენ . . . პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვ, გაფრინდაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, გრ. რობაქიძე, გრ. ფერაძე, ივანე ჯავახიშვილი, ერეკლე ტატიშვილი, ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი, პეტრე ოცხელი . . .
ერეკლე ტატიშვილი საბჭოთა სისტემამ ჯერ შეავიწროვა, ჩამოართვა საერთაშორისო სამართლისა და საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის კურსი, ხოლო 1941 წლის 23 ივნისს დააპატიმრეს და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ნიცშეს მთარგმნელმა სასჯელი თბილისის საპატიმროში მოიხადა. ხოლო მის მიერ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მაღალ დონეზე თარგმნილი ესე იტყოდა ზარატუსტრა რაღაცნაირად გადაურჩა საბჭოთა სისტემის საცეცებს და დღის სინათლე წიგნის სახით, მხოლოდ 1993 წელს იხილა (1988 წლის 1 ნოემბრიდან იბეჭდებოდა მაცნეს “ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის” სერიაში).
დღეს, ღვთის წყალობით ლიტერატურაზე სახელმწიფო კონტროლი აღარ ხორციელდება, მაგრამ წიგნს მაინც ჰყავს ორი ძალიან ძლიერი და ძველი მტერი, არანაკლებ საშიში, ვიდრე ცენზურა.
I. არსებობს უფრო დიდი ბოროტება, ვიდრე წიგნის დაწვაა – მათი არ წაკითხვა (ბრედბერი). წიგნი ნამდვილ ცხოვრებას მკითხველთან შეხვედრისას იწყებს, ხოლო არამკითხველთა რიგები ანუ წიგნების მტერთა ყოველდღე იზრდება.
II. საზოგადოებრივი აზრი, გინდაც საზოგადოების აზრი (ისე, სხვადასხვაა ნამდვილად). საზოგადოებრივმა აზრმა გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი სოკრატეს, ეზოპეს, ქრისტეს. დღეს საზოგადოებრივი აზრი ამბობს რომ ზ. ბურჭულაძის ზოგიერთი ნაწარმოები დასაწვავია. რა ვქნათ?!, როგორ მოვიქცეთ?!. თუ ამ კრიტერიუმებით ვისარგებლებთ მაშინ მსოფლიო ლიტერატურის დიდი ნაწილი დასაწვავი გაგვიხდება – ფლობერი, ტოლსტოი, ვეფხისტყაოსანი, ბულგაკოვი, ნაბოკოვი, ბერჯესი, ჯოისი, უელბეკი, მ. ჯავახიშვილი და ძალიან ბევრი სხვა მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.
და მაინც, რა ვქნათ?!, როგორ მოვიქცეთ?! “დავწვათ” თუ არა წიგნები.

Gგამოყენებული ლიტერატურა:
1. ფრ. ნიცშე. ესე იტყოდა ზარატუსტრა.
2. ი. ბრაჭული. დოსტოევსკის მხატვრული თეოლოგია.
3. ლექციები წაკითხული ნობელის პრემიის მიღებისას ლიტერატურის დარგში. 1901-1960 წლები.
4. http://lib.ge/book.php?author=1591&book=10393 აკრძალული ლიტერატურა.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.