05.09.2022

თამარ ჩაგვავა - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი და ღირსების ორდენოსანი

 თამარ ისაკის ასული ჩაგვავა დაიბადა 1922 წლის 8 მარტს, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში.

1929 წელს შევიდა ნოჯიხევის არასრულ საშუალო სკოლაში. მერვე კლასიდან სწავლა განაგრძო ხობის საშუალო სკოლაში, რომელიც 1939 წელს დაამთავრა წარჩინებით და უგამოცდოდ ჩაირიცხა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით.


თ. ჩაგვავა 1942 წლის დეკემბერში მუშაობას იწყებს ხობის საშუალო სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად, ხოლო 1945 წლის 20 აგვისტოდან გადაჰყავთ სოფელ ბიის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობის დარგში და ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლად. მაგრამ აქ ცოტა ხანს რჩება და 1946 წელს ინიშნება ხობის რაიონის განათლების განყოფილების მეთოდური კაბინეტის გამგედ. თამარ ჩაგვავა 1951 წლიდან 1986 წლამდე მუშაობდა ხობის რაიონის განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ და განათლების მუშაკთა რაიონული პროფკავშირის თავმჯდომარედ. მთელი 57 წლის მანძილზე ქალბატონი თამარი ღირსეულად ასრულებდა მასზე დაკისრებულ არამარტო სამსახურებრივ მოვალეობას, არამედ სხვა საზოგადოებრივ დავალებებსაც.

თამარ ჩაგვავას მიღებული ქონდა მრავალი მედალი და სიგელი. კერძოდ: 1946, 1970 და 1976 წელს დაიმსახურა მედალი „შრომითი მამაცობისთვის“. 1978 წელს მას გადაეცა მედალი „შრომის ვეტერანისა“. მას ასევე მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება, „დედობის მედალი“ და „სახალხო განათლების წარჩინებულის“ სამკერდე ნიშანი.

თამარ ჩაგვავამ და მისმა მეუღლემ, ჟორჟი ქანთარიამ ხუთი შვილი აღუზარდეს სამშობლოს. ხუთივეს უმაღლესი განათლება მიაღებინეს.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 3 ივნისის განკარგულებით, მოსწავლე და სტუდენტ-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების სისტემის რეფორმის მიმდინარეობის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის თამარ ჩაგვავა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

1999 წლის 18 ნოემბერს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში სცენის ოქროსფერ ხალიჩას ორი თარიღი ამშვენებდა: 77 და 57. პირველი სახელოვანი იუბილარის წელთა სიმრავლის, ხოლო მეორე საზოგადოებრივი საქმიანობის წლების მაუწყებელი იყო. საიუბილეო საღამოზე ღვაწლმოსილ ქალბატონს გულთბილი გაცილება მოუწყვეს. საღამოზე ბევრი თბილი სიტყვა ითქვა.

თამარ ჩაგვავა გარდაიცვალა 2006 წელს.

 

წყარო: ვახტანგ სერგია „თამარ ჩაგვავა-ხობელთა სიამაყე“.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.