21.06.2022

ვახტანგ ბერიძის მოგონებები: ხობზე, ხობის მონასტერზე და ბიაზე

გთავაზობთ, ცნობილი მეცნიერის - ვახტანგ ბერიძის მოგონებებიდან ნაწყვეტს:

ომის წლებში მოწყობილი სხვა ექსპედიციებიც მკაფიოდ აღმებეჭდა მეხსიერებაში: ერთი, 1943 წლის აგვისტო-სექტემბერში, ხობის ექსპედიცია იყო.

ამ ორი ექსპედიციის ამოცანები განსახვავებული ხასიათისა იყო: პირველს საგნად ჰქონდა ერთი ძეგლი, უკვე ცნობილი და პოპულარულიც, რაკი მასთან ბევრი ისტორიული მოგონება და ბევრი ისტორიული პიროვნების სახელია დაკავშირებული. ეს ძეგლი, ხობის სახელგანთქმული მონასტრის ეკლესია და მისი სიძველეები - წარწერები, ხელნაწერები, ხატები - ისტორიულ-არქეოლოგიურ ლიტერატურაში არაერთხელ ყოფილა მოხსენებული, მაგრამ სახელოვნებათმცოდნეო ანალიზი მას არ შეხებია - საკვლევი კი ბევრი იყო, როგორც ხუროთმოძღვრების, ისე კედლის მხატვრობის თვალსაზრისით.

ხობის ექსპედიციაში ვმონაწილეობდით ნიკოლოზ სევეროვი, რენე შმერლინგი, ვახტანგ ცინცაძე, ლეო რჩეულიშვილი, თინა ვირსალაძე, ფოტოგრაფი ჟორა ბარტიშევსკი, რომელმაც კარგა ხანს იმუშავა ჩვენს ინსტიტუტში, და მე.

ბევრი გაჭირვება გადაგვხდა, განსაცდელიც კი. მატარებლით მგაზვრობა მაშინ ძნელი (ზოგჯერ საშიშიც) იყო - ვის არ შეხვდებოდით ვაგონებში, იქიდან თბილისს რომ ვბრუნდებოდით სადგურ ხეთას უნდა დავხვედროდით მატარებელს. არც დაპირებული მანქანა გამოგვიგზავნეს, არც ბილეთები გვქონდა, ჩვენი ბარგიანად ძლივს შევახტით ვაგონებს და ერთხანს საფეხურებზე ვეკიდეთ. იქ, ადგილობრივ, გადაადგილებაც გაგვიჭირდა - ხობის სადგურიდან სოფელ ნოჯიხევამდე (სადაც მონასტერი მდებარეობს) რამდენიმე კილომეტრია და ბარგის გადაზიდვისთვის აუცილებელი იყო, სხვა თუ არაფერი ურემი მაინც სოფლის საბჭოს თავმჯდომარე (ახალგაზრდა, გამჭრიახი კაცი) ძალიან დაგვეხმარა, ძეგლის მახლობლად დაგვაბინავა ორ სახლში.

რა თქმა უნდა, საყოფაცხოვრებო პირობები ექსპედიციის დროს სახარბიელო არ იყო, უფრო სწორად - საკვების მოპოვება გვიადვილდებოდა. მე როგორც ექსპედიციის ადმინისტრატორს, ხშირად მიხდებოდა სამეურნეო „ლაშქრობის“ მოწობა. ხან სოფლის საბჭოში, ხან რაიონის ცენტრშიაც, მაგრამ ამ უსიამოვნებათა საკომპენსაციოდაც ბევრი რამ გვქონდა, ჯერ ერთი იქური გარემო: მე პირველად ვიყავი სამეგრელოში და გამაოცა ბუნების უსაზღვრო სიუხვემ, მცენარეულობის სიმდიდრემ, კოლხეთის ველის შორეული ხედების სილამაზემ, თვით სოფელმა, სუფრამ, მწვანეში ჩაფლულმა, ყოველი სახლის წინ - ქათქათა კოინდარი იყო... მასპინძლები, თუნდაც ჩვენი სახლის პატრონი, ოთხი შვილის დედა, საწყალი ქვრივი ქალი, თავაზიანად გვექცეოდნენ, კეთილად იყვნენ განწყობილნი... მთავარი კი თვით ძეგლი იყო: თავსატეხი საკითხების აღმძვრელი - თავისი უცნაური, სრულიად უჩვეულო ხუროთმოძღვრული მასით, სხვადასხვადროინდელი მინაშენით, სხვადასხვადროინდელი ფრესკებით, ფრესკებზე გამოსახული ისტორიული პირებით, რომელთა ვინაობა და ცხოვრების დროც არ იყო უტყუარად დადგენილი, საინტერესო გრძელი წარწერებით... იმავე დროს, პირველი ნახვისთანავე გამოჩნდა, რომ მხატვრული თვალსაზრისითაც ეს მნიშვნელოვანი ძეგლია...

   არაჩვეულებრივად ლამაზია თვით ძეგლის ეზო-გალავანიც: საცხოვრებელი სახლის ნანგრევი, ძალიან დიდი სამრეკლო, გარედან მიშენებული კიბით... ყველაფერი სუროთი დაფარული... უჩვეულო პერსპექტივებსა და რაკურსებს ქმნის ეკლესიის ღია თაღოვანი გარშემოსასვლელი, რომელიც შენობის ორ მხარეს უვლის გარს, თაღებს შუა საინტერესო სანახაობა „ჯდება“, ერთხელ ბარტიშევსკი ფოტოაპარატატს აყენებდა იმ  გარშემოსასვლელში და უცებ მისი შეძახილი გავიგონეთ: - боже мой, боже мой! შემკრთალებმა მივიხედეთ მისკენ: - какое освещение, какой кадр! მაგრამ ჩვენში, ალბათ, არც მოიძებნება ძეგლი, რომლის ნახვამაც ასეთი გულიანი შეძახილი არ გამოიწვიოს...

    ერთ დღეს რაიონის ხელისუფლება გვეწვია მონასტერში. იმ შეხვედრას რომ ვიგონებ, არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ძეგლებისადმი ადგილობრივი ხელმძღვანელების  დამოკიდებულების მხრივ  ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული. ახლა მე არც მეგულება ჩვენი ქვეყნის რომელიმე კუთხე, რომლის მეთაურებსაც შეგნებული არ ჰქონდეთ იქაური ძეგლების კულტურული ღირებულება, მათი დაცვისა და პროპაგანდის საჭიროება. იმ ჩვენმა სტუმრებმა კი არაფერი არ იცოდნენ ისეთი პირველხარისხოვანი, მართლაც საამაყო ძეგლის შესახებ, რომელიც იქვე, ყურისძირში მდებარეობდა (ბევრად მეტი იცოდა და მეტ ინტერესს იჩენდა მათი მანქანის მძღოლი), იქნებ მანამდის არც არასოდეს ენახათ... შემოვატარე იქაურობა, ვუხსნიდი, ვუამბობდი დადიანების შესახებ (წარწერებშიაც დადიანები იხსენიებიან და პორტრეტებიც დადიანებისაა), მინდოდა ეგრძნოთ, რა ძეგლი იყო, აქეთ, იქნებ მეტად მიხედონ-მეთქი... არ ვიცი, რა შედეგი გამოიღო ჩემმა ცდამ, ეს კია, რომ ასომთავრული წარწერის წაკითხვამ მათზე თავზარდამცემი შთაბეჭდილება მოახდინა. თითქოს იეროგლიფები ამომეხსნას პირველად.

იმ მძღოლმა გვითხრა, სოფელ ბიაშიაც არის ეკლესიაო. წავედით, თექვსმეტ-ჩვიდმეტი კილომეტრი მაინც გავიარეთ იქეთ-აქეთ. ეკლესია (მთავარანგელოზი) მთის კეხზეა, საკმაოდ მაღლა. ზოგნი შემოვლით წავიდნენ, სევეროვი, რენე და მე კი პირდაპირ „ვეძგერეთ“ აღმართს. მეგონა, ტროპიკულ ჯუნგლებს მივარღვევდი: ბალახი, გვიმარა, ყვავილები, დაბურული ეკლიანი ბუჩქები მხრებამდე გვწვდებოდა, ზოგან სულ ვიფარებოდით მცენარეულობით... იქ, ზემოთ, ერთ მხარეს ერთიანად კავკასიონს ეჭირა ჰორიზონტი - წინა მთები მას თითქოს არ ფარავდა, იგი თითქოს ძირიდანვე ჩანდა, უზარმაზარი და თავბრუდამხვევი... მეორე მხარეს კი - ასეთი რამ არასოდეს მენახა - თვალუწვდენელი, უსაზღვრო ველი იყო, ლამის მთელი კოლხეთი, და იქით, სულ ბოლოს, ძალიან შორს, ბურუსში - ზღვის ზოლი, ეკლესია უინტერესო აღმოჩნდა, მაგრამ ამ სანახაობით გაბრუებულნი დავბრუნდით შინ.

 

ვ. ბერიძე: „ხობის ტაძრის ისტორიისთვის“

 https://www.scribd.com/document/383428332/732-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.