გვერდები

26.11.2025

ნოჯიხევის რკინიგზის სადგურის ისტორია - სადგური ველზე (1933 წ.)

 რამდენიმე წლის წინად აქ გაშლილი მინდორი ეგდო. აქა-იქ მხოლოდ ეკლის ბუჩქები მოსჩანდა და ამ ბუჩქებში ათასი მიმართულებით მიდიოდა საცალფეხო გზა. გზის გადაღმა ბალახ-ბულახსა და ბუჩქებში კურდღლები კვნეტდნენ კვირტებს და უშიშრად აცმაცუნებდენ ტუჩებს.

გამოხდა ხანი. აქამდე ამოატანა სენაკში _ დაგებულმა რკინის გზის ლიანდაგმა. ლიანდაგს ჩამოჰყვა მაატრებელი, ხოლო მატარებელს კიპირველი მგზავრები.

ორთქლმავალმა პირველად დაიკივლა ამ ველზე. მისი ხმა გაიშალა - ხეობას გაჰყვა, ბარს გადაეფინა და სადღაც მიწვა.

თითქოს ამ მატარებლისა და მგზავრების შესახვედრად გამოექანენ ახლო მთის კალთაში, ან ბარის სოფლის სიმწვანეში მიმოფანტული სახლები.

კურდღლები დაფრთხენ, ისინი შორს, დაიკარგენ, სადღაც... აქ აშენდა: აღმასკომი, სამანქანო-სატრაქტორო სადგური, ფოსტა, ადგილობრივი მეურნეობის ტრესტი, კოოპერატივი, სასადილო, რკინისგზელთა საცხოვრებელი სახლები, აბანო, საპნის ქარხანა .

ამისათვის იბრძოდა ორი დაუღალავი ენტუზიასტი: რაიკომის მდივანი ამხ. გ. ფირცხალაიშვილი და რაიაღმასკომის თავმჯდომარე ამხ. ტ. აბრამია.

ამრიგად ამ ველზე გაჩნდა სადგური ნოჯიხევი. ის აშკარად ეჯიბრება პირდაპირ, ხობიწყლის გაღმა ნაპირზე გაშენებულ ძველ დაბას—ხობს.

მომავალში განზრახულია ძველი დაბის გადმოტანა ნოჯიხევის სადგურზე. მართლაც ნოჯიხევს დიდი უპირატესოა აქვს წაართვას პირველობა ხობს, ვინაიდან სადგური მშვენიერ ადგილას მდებარეობს. აქედან ზღვამდე ორმოცი კილომეტრის მანძილზე. ხელის გულზეა გაშლილი მთელი კოლხეთის დაბლობი.

სწორედ ამ რამდენიმე წლის წინად, პირველ მატარებელს ჩამოჰყვა უცხო ხალხი.

ისი მოდიოდენ რაღაც უცნაური ხელსაწყოებით და ყუთებით დატვირთულები. ბაკანიდან დაბლობისაკენ გადაუხვიეს და მაღალყელიანი ჩექმებით შესტოპეს ჭაობში...

ესენი იყვნენ „კოლხიდმშენის" მიერ კოლხეთის ჭაობების დასაშრობად გამოგზავნილი საბჭოთა ინჟენერები, მიწისმზომელები და ტექნიკოსები.

ეს უცხო სტუმრები აედევნენ ხობიწყლის მარცხენა ნაპირს. ისინი სინჯავდნენ ნიადაგს ზღვის დონიდან, ზომავდენ ჭაობის სივრცეს, გზადაგზა ასობდენ პალოებს რაღაც ციფრების წარწერით, წინ იშვერდენ ხელებს, მიარღვევდენ ტალახს, ლაქაშებით დაფარულ ჭაობს, ღობეებს, სჭრიდენ კოლინდრით დაფარულ ლამაზ ეზოებს და მიემართებოდენ შავი ზღვისაკენ, ძველის-ძველი ქალაქ ყულევისაკენ, სადაც მდინარე ხობიწყალი ერთვის შავ ზღვას. სოფლელები გაოცებული შესცქეროდენ უცხო სტუმრებს. ინჟენერების განმარტებას, რომ ერთი წლის შემდეგ აქედან მდინარის ნაპირას გასწვრივ უნდა გაწოლილიყო საჟენ ნახევრიანი, ზოგან კიდევ უფრო მეტი სიმაღლის დამბა, რომელიც ხობისა და რიონის ნაპირებიდან გადმოხეთქილ წყალს არ ააოხრებინებდა ნათესებსა და მოსახლეობას — ურწმუნოდ და ხელჩაქნევით ხვდებოდენ ზოგიერთები, არ სჯეროდათ ეს სასწაული.

სად გაგონილა ბ-ნო ამხელა სივრცეზე დამბის გაყვანა, ვინ ამთხრის ამდენ მიწას?!. ამას მთელი დუნიაც რომ ჩამორეკონ აქ, ისიც არ ეყოფა, — გაიძახოდენ ზოგიერთები.

არაფერი სჯეროდათ ამ „ზღაპრის“... მხოლოდ იმაზე სწუხდენ, რომ ღობე-გაურღვიეს და კოლინდარი გადაუჯეკნეს ფეხთ...

ერთ დღეს ნოჯიხევის სადგურზე გადმოტვირთეს მანქანის ნაწილები, ავტოები, რკინის ნიჩბები, წერაქვები და ხე-ტყის სააღმშენებლო მასალა...

გაზეთი "დროშა" 1933 წ.







Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.