გვერდები

30.11.2023

უძველესი ანუ მუსტიეური ძეგლები სოფლებში: ნოჯიხევში, ჭიხუში, ხეთასა და ხამისკურში

ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დასავლეთ საქართველოს საძიებო-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რომლის ერთ-ერთ ამოცანას არქეოლოგიური ატლასის შედგენა წარმოადგენს, საანგარიშო წელს მთლიანად მოიხილა ხობის რაიონი, სადაც 100-მდე სხვადასხვა ხასიათისა და ხნოვანების ძეგლი გამოავლინა. მიკვლეული ძეგლების ქვედა ქრონოლოგიური საზღვარი ემთხვევა მუსტიეს, ხოლო ზედა გვიანფეოდალურ ხანას.


 უძველესი ანუ მუსტიეური ძეგლები მიკვლეული იქნა ოთხ პუნქტში; სოფლებში: ნოჯიხევში, ჭიხუში, ხეთასა და ხამისკურში. წინასწარულად ახალი ქვის ხანით უნდა დათარიღდეს სოფ. ჭიხუს N2 ნაბინევი, რომლის ზედაპირულ მასალებში შედის: ოვალურსამუშაოპირიანი და სწორპირიანი საფხეკები, შუალა და კიდურა საჭრისები, ზურგიანი დანები, გვერდამოღარული საფხეკები და სხვა.

 საკვლევი რაიონის ბორცვოვან ზოლში ექსპედიციამ მიაკვლია 5 მღვიმეს (სოფ. მუნჩიაში, სოფ. ხეთაში 1-4), რომელთა შორის, ისტორიული თვალსაზრისით რამდენადმე  პერსპექტიული ჩანს ხეთის N2 მღვიმე.

ასეთი ვარაუდის საფუძველს გვაძლევს მღვიმის წინა მოედნის დაფერდებაზე ნაპოვნი მარტივი, ირიბი საჭრისი კაჟისა, რომელიც მღვიმური ნაბინარის ქვედა ფენებიდან უნდა იყოს ზედაპირზე მოხვედრილი. გამოქვაბული მოგვიანო ხანაში სახიზარად უქცევიათ, რასაც უნდა მიეწეროს ქვის ხანის ფენების შენიღბვა ფეოდალური ხანის დანალექებით.

რამდენადაც ექსპედიციას მუშაობა უხდებოდა კოლხეთის დაბლობ რაიონებში, მიკვლეული ძეგლების დიდი ნაწილი უმთავრესად

ადრეანტიკურ-ელინისტური ხანისაა, თუმცა გამონაკლისის სახით აქაც შეგვხვდა წინარეანტიკური ხანის თითო-ოროლა ნამოსახლარი (სოფ. პირველი გურიფულის დიხაგუძუბა) თუ სამაროვანი (სუჯუნათის საძვლე).

აბაშის, ცხაკაიას და ხობის რაიონის ძველი ნამოსახლარები, როგორც წესი, ერთიმეორის გვერდით მდებარე ორი, სამი და მეტი ბორცვისაგან შემდგარი ჯგუფით არიან წარმოდგენილნი და გარკვეული შუალედებით ერთი რომელიმე პატარა მდინარის გასწვრივ არიან განლაგებულნი.

ამ რიგის ძეგლების ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ სამოსახლო ბორცვების ჯგუფს გარს აკრავს ერთ ჰექტარამდე ფართობის მქონე, ოდნავ შემაღლებული, თხრილშემოვლებული სამეურნეო მოედნები, რომლებიც არხებით არიან დაკავშირებული სამოსახლოებთან. რაც უფრო დიდია სამოსახლო, მით უფრო ვრცელია სამეურნეო ფართობი და მით უფრო რთულია მისი საარხო სისტემა (დღვაბა, წინაგოლა ბულიცხუ, ოტორონჯე, ოყუნე, ქვემო ქვალონი, ნამარნუ, საგვიჩიო, ნანდეუ და სხე).

 როგორც წესი, ბორცვების ჯგუფიდან ერთ-ერთი ბორცვი ყოველთვის გამოირჩევა სიმაღლით, მზღუდავე თხრილის მასშტაბებითა თუ რაოდენობით (ზოგჯერ ორი არხი ზღუდავს) და სამოსახლოში ცენტრალური ადგილი უკავია, საფიქრებელია, რომ ხსენებულ ბორცვებს კონკრეტულ დასახლებაში, სამოსახლოს გარდა, სიმაგრის დანიშნულებაც უნდა ჰქონოდათ. გამორიცხული არ არის სწორედ დასახლების ანალოგიური ტიპი იგულისხმებოდეს ურარტული წყაროების იმ ნაწილში „ სადღაც საუბარია კულხას, დიაუხის და იგანიეხის დიდ გაერთიანებათა „ციხე-სიმაგრეებზე“ და მათ გარშემო მიმოფანტულ „ქალაქებზე“.

გორანამოსახლრთა მესამე თავისებურებაა გარკვეული შუალედებით გავრცელება ერთი რომელიმე პატარა მდინარის ან მასთან დაკავშირებულ არხების გასწვრივ.

საანგარიშო და წინა წლებში დაგროვილი ფაქტიური მასალების მიხედვით, აბაშის, ცხაკაიასა და ხობის რაიონებში, სამი ძირითადი სამოსახლო მდინარეული არტერია გამოვლინდა: ფიჩორი, ყორათის წყალი და მუნჩია, ადგილობრივი მოსახლეობის მიდრეკილება შედარებით მცირე და მდორე მდინარეებისაკენ უნდა აიხსნას ამ მდინარეთა ძირითადე პრაქტიკული დანიშნულებით. როგორც ირკვევა, ყველა მათგანი ახლობელ და შორეულ მეზობლებთან დამაკავშირებელ საგზაო საშუალებას წარმოადგენდა. მომდევნო ანუ რომაული ხანის ძეგლებიდან განსაკუთრებით საინტერესოა სოფ. ჭიხუს N3 ბორცვთან გამოვლენილი ორმოსამარხი და ქ. ფოთის აეროდრომის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლი.

ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვისა თუ ზედაპირული მასალების მიხედვით ეს უკანასკნელი იგივე პუნქტი უნდა იყოს, რომელიც მოიხილა და აღწერა დიუბუა დე მონპერემ. საანგარიშო წელს ექსპედიციამ ფეოდალური ხანის. 26 ძეგლი მოიხილა, რომლებიც უმთავრესად ნაეკლესიარ, ნაციხვარ, ნასახლარების სახით არიან წარმოდგენილნი.

 

წყარო: არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში 1969 წელს.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.