გვერდები

29.11.2022

XIX საუკუნის პრესის მასალები ხობის ბორანის შესახებ

 გთავაზობთ, მეცხრამეტე საუკუნის ქართულენოვანი პრესიდან მასალებს ხობის ბორანის შესახებ. 

„ივერია“ N196, 1893 წელი.

ხობი (ზუგდიდის მაზრა): ორი წელიწადი იქმნება მას აქედ, რაც ორმა აქაურმა მცხოვრებმა ბორანი გააკეთეს ხობის წყალზედ. უწინ-კი აქ მაგარი და უშიშარი ხიდი იყო რკინის ბურჯებიანი, ამ ბორნით მუმოსვლა ხალხს ძვირად უჯდება, ამიტომ აქაურებმა გადაწყვიტეს მოეგროვებინათ ფიცრები ხიდის ზემო ნაწილის გასაკეთებლად. შეუდგნენ კიდეც საქმეს და ამ დროს მოვიდნენ ბორნის პატრონები და აღუთქვეს აქაურ საზოგადოებას უფასოდ გაყვან-გამოყვანა და ამით დაშალეს დაწყებული საქმე. თუმცა აქაურები უფასოდ გაჰყავთ მაგრამ სხვებს კი მეტად აწუხებენ: მოთავე რომ იყოს, ყველა აქაურები დიდის სიამოვნებით გააკეთებენ ძველს ხიდს, რადგანაც დიდი არაფერი სჭირდება, გარდა ფიცრებისა. რადგანაც ამ ბორანს დიდი ფასი აძევს, ზოგიერთები ფონში გადიან და ამის გამო უბედურებაც მოხდება ხოლმე. ამ თთვის 7-ს ზუგდიდიდგან მომავალი მეეტლე და სამი ცხენი დაიხრჩო ამ მდინარეში.

 

 

„ივერია“ N254, 1897 წელი.

გაზ. „ივერიის“ მე-248 Nში „ივერიის“ ფოსტით რედაქცია სწერს დ. ხობის (ზუგდიდის მაზრაშია) მებორნეს ა. ჯ-იას: „საბუთები წარმოგვიდგინეთ, რომ ბორანი ორი კვირაა გამართული და არა რამდენიმე თვეო“. რედაქციის შენიშვნამ შეძლება მომცა კიდევ ვაუწყო მკითხველებს თავგასულობა მებორნესი. ვიდრე ჩემი შენიშვნა დაიბეჭდებოდა „ივერიაში“, იმ დრომდე ცხენოსანს მგზავრს მაინც შეეძლო ხიდზედ გასვლა, მას აქეთ, რაკი ჩემი წერილი დაიბეჭდა „ივერიაში“, მებორნემ (ხიდზე ხალხის გასვლა იმისი საქმეა და არა აქაურის პოლიციისა) ცხენოსანს მგზავრს სრულიად აღუკრძალა, რადგან შემოსავალი აკლდებოდა მებორნეს, ხიდის თავები მაგრად აჭედა და ძლივს-ძლივობით გადის ქვეითა კაცი. ვერ წარმოიდგენთ ხალხის სასოწარკვეთილებას უხიდობის და მებორნის თავგასულობის გამო! თითქმის მთელის სამეგრელოს ნახევარზედ მეტი მცხოვრებლები ჰსაჭიროებდნენ ამ ხიდსა, ხოლო მებორნე ახდევინებსმგზავრთ იმდენს, რამდენიც იმისი მადა მოითხოვს. დატვირთული თუ ცალიერი ურმები, ომნიბუსები, ეტლები და სხვანი ყოველ წელს დადის. ერთის სიტყვით, დიდი მოძღაობაა ამ გზასა და ხიდზე.

ერთი ეს ვიკითხოთ: რისთვის აღუკრძალა მებორნემ ცხენოსანს კაცს ხიდზე გასვლა? იგია გამგე ამ ხიდისა, თუ მთავრობაა? თუ მთავრობაა, რა უფლება ჰქონდა ამგვარი საქმე ჩაედინა? ორი კვირა-კი არა, ეს მესამე თვეა, რაც აქ ბორანი გაიმართა და ტყულის რისთვის ამბობს ა. ჯ-ია? ამ გვარი ხრიკები მებორნისგან არ ახალია-ძველია.

უწინაც ასე მოიქცა და დღესაც ამას შვრება. მხოლოდ ჩვენ გვიკვირს და ვეღარ გაგვიგია დაუდევრობა ადგილობრივის პოლიციისა, რომლის თვალწინ ასეთი ამბები ხდება? განა იმისი საქმე არ არის, ხალხის ესოდენს შეწუხებას ყურადღება მიაქციოს? რატომ ნიხრს არ უწესებს მებორნეს? სასურველია, ისეთი ნიხრი დაადგინოს პოლიციამ, როგორიც სხვაგან არის და იმითი ხელმძღვანელობა ყველას შეეძლოს. იმედია, ახლა მაინც ყურადღებას მიაქცევენ ხალხის ამ გვარს შეწუხებას და დროით იღონებენ ხიდის გაკეთებისათვის. ხოლო იმ დრომდე-კი საჭიროა ინჟინერი იქმნეს მოწვეული და მან შეამოწმოს ხიდი, გაუძლებს თუ არა ცხენოსანს მგზავრებს და რამდენად გაფუჭებულია იგი...

 

 

                                                                                       

„ცნობის ფურცელი“ N572, 1898 წელი

ხობში ჩამოდის მდ. ხობის-წყალი, რომელზედაც გადებულია საცხენოსნო და საეტლო ხიდი. ეს რვა თვეა, რაც ამ ხიდზე აკრძალულია გასვლა ცხენოსნებისა და ეტლებისათვის. ის კი არა და, ქვეითსაც არ შეეძლო დღემდე გასვლა ხიდზე, თუ თაყვანს არ სცემდა ხიდის იატაკს.საქმე ის არის, რომ ხიდის ორსავე თავზე დაჭედილი იყო მებორნისგან უზარმაზარი ხე, რომლის ქვეშ უნდა გასულიყო გამვლელი, მაგრამ მადლობა ღმერთს, დღეს ხიდზე დაჭედილი ხე გასჭრა ბოქაულმა და ახლა მგზავრები გადი-გამოდიან თავისუფლად ხიდზე.

ბორანი მებორნეს არ უვარგა. ხიდის მაგივრობას ცხენოსნებისა და ეტლებისათვის სწევს ბორანი, მაგრამ ბორნის ნავები ძველია და იატაკი ადამის დროინდელი, ასე რომ ბორანზე ცხენოსნები ყოველთვის უნდა ელოდნენ რაიმე განსაცდელს. გარდა ამისა, ზოგიერთებმა, თუ რამოდენა ნიხრია დაწესებული ბორანზე, რადგან სამაზრო ნიხრი, რომელიც ადგილობრივმა ბოქაულმა გარდასცა მებორნეს, არ არის ჩამოკიდებული ბორანზე და თვითონ მებორნეს ჯიბაში აქვს დამალული. საჭიროა ყურადღება მიექცეს მებორნის თავგასულობას და ბორანიც შეკეთებულ იქნეს.

ვანო ლოლუა

 

„ცნობის ფურცელი“ N592, 1898 წელი.

დ. ხობი. ბორნის გამო პასუხი. ბ-ნო რედაქტორო! რადგან ამ ბორნის შესახებ მე გახლავართ მთავრობის და საზოგადოების წინაშე მოპასუხე, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ სიმართლის აღსადგენად ადგილი დაუთმოთ თქვენს გაზეთში ამ ჩემს მცირე პასუხს, როგორც წესია. „ცნ. ფურც.“-ს 572 N - ში დაბეჭდილია დ. ხობიდან წერილი „მებორნის თავ-გასულობა“. ყველაფერი, რასაც კორესპონდენტი იწერება, სიმართლეს მოკლებულია, რადგან ბევრია სხვებიც, სამსახურის პირები და „ინტელიგენცია“ ამ ბორანზე და ხიდზე ხშირად გადადიან, მაგრამ არც ერთს მათგანს არ შეუნიშნავს ის ნაკლი და „მებორნის თავ-გასულობა“, რასაც ბ-ნი ვანო ლოლუა სწერს. თუ რომ მართალი ყოფილიყო, დაასახელებდა: როდის, ვისთან, ვის რა შეხვდა ჩემგან დაყენებულ მებორნეებისგან? ბორანის და მისი მასალების შესახებ თამამად ვიტყვი: ზუგდიდის და სენაკის მაზრაში ჩემს ბორანზე უკეთესი ბორანი არსად არ არის, მაგრამ „ვისაც არ უნდა ქვიშაზე ქვასაც არ დაინახავსო“ ნათქვამია, როგორც ამას ამტკიცებს თვითონ ბ. ვანო ლოლუას წერილიც, ერთად ერთი მისი ღრმა ძილში გამოურკვეველი სიზმარი, ჩემზე პირადი უკმაყოფილებისა გამო და არა ხალხის ინტერესისათვის გამოწვეული...

„ცნობის ფურცელი“ N601, 1898 წელი.

ისევ ბორანის შესახებ

დ. ხობი (სამეგრელო). ისევ ბორანის შესახებ. გაზეთებში არა ერთხელ დაიბეჭდა აქაურის მებორნის თავ-გასულობის ამბავი, რომლებშიაც მებორნეს ამხილებდნენ: ლამის ტყავი გააძროს მგზავრთო. ამ საგანზე „ცნ. ფურ.“ -ის 572 N-ში ბ. ვანო ლოლუამ სამართლიანი შენიშვნა მისცა მებორნეს და მის ხრიკებსა, როგორც ეს ამ სტრიქონების დამწერს არა ერთხელ შეუნიშნავს, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენი განცვიფრება, როდესაც იმავე გაზეთის 592 N - მებორნე ალექსანდრე ჯორჯიკია თავს იმართლებს, - როდესაც მას იოტის ოდენა სიმართლე არ აქვს - ვითომც იგი პატიოსნურად ეპყრობოდეს მგზავრთ. მართალია, მკითხველ საზოგადოებასთან თავს იმართლებს, მაგრამ აქაურს საზოგადოებას, ე.ი. მთელს სამეგრელოსა და სვანეთ-აფხაზეთში მიმავალ მგზავრთ რას ეუბნება? იქნება იმათ კიდეც ემუქრებოდეს: მოიცა თქვენ, მაინც ჩემი სათლელი დუმა ხართო. დიდად ცდება ბ-ნი მებორნე, როდესაც იგი ამბობს: „ჩემგან ვის რა შეხვდა საწყენი“-ო. საწყენი? საწყენი დღეში ათასი, მაგრამ, რომელი ერთი ჩამოუთვალო? უეჭველია, თითონვე დამეთანხმება ალ. ჯო - კია, რომ როდესაც წყალი წვიმისაგან აიმღვრევა, იგი ნიხრს უმატებს მგზავრთ. წყალი როცა ცოტ-ცოტად მომატებას იწყებს, ბორნის ფასიც თან და თან იწევს და ბოლოს მეტი რა გზაა, უნდა მისცე ის, რასაც გიბრძანებს. უკე თუ ნიხრით ამღვრეულ წყალში გასვლა შეუძლებელია, რატომ მომეტებული ფასით კი შეიძლება? ნუ თუ რაიმე მოსალოდნელს ხიფათს მომეტებული ფასები იხსნის მგზავრთ უბედურებისაგან, თუ ჯიბის გასქელებაა ამის საბუთი. დღეს 30 კაპ. ახდევინებს მგზავრთ დატვირთულ ურემში თუ სხვაში, ხვალ 60 კაპ. და მეტსაც. ამისთანა პატარა მდინარეზე ასეთი ფასები მგზავრთათვის, როგორიც ალ. ჯო - კიას აქვს დაწესებული მთელს საქართველოში უფრო დიდს მდინარეშიაც არსად არ არის. აგრეთვე არსად არ არის, რომ მებორნე თვიურად გარიგებოდეს მედროგეს, მაგრამ ალ. ჯო-კიასაგან აბა ეს რა გასაკვირია!

დასასრული, იგი ბრძანებს: „ზუგდიდის და სენაკის მაზრაში ჩემს ბორანზე უკეთესი ბორანი არსად არ არისო“. ბორნები ყოველგან უკეთესებია მის-მიერ დასახელებულ ადგილებში, მაგრამ მათ ყოველთვის ერთი და იგივე ფასი აქვთ დაწესებული, ხოლო ალ. ჯო-კიას ბორანი მით არის იმათში უკეთესი, როგორც წყალი დიდობას დაიწყებს. მისი ბორნის ნიხრიც თან და თან მატულობს.

დაადოს მის ბორანს ისეთი ფასები, როგორც სხვაგანაა ხოლმე, რომ დარსა და ავდარში, ზამთარ-ზაფხულ ერთ ფასად ატაროს მგზავრები და არა სათლელ დუმად გახადოს საბრალო ხალხი, თორემ თავის გამართლება იქ, სადაც სიმართლე არ მიუძღვის, დანაშაულობის გაორკეცებაა.

 












 

 

 

 

 

 

 

 


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.