გვერდები

19.08.2022

ეკლესიები (ნაეკლესიარი) ხიბულაში

სოფელ ზუბის `ნაოხვამუ~ _ ნაეკლესიარი. გივი გოგიას სამოსახლოსთან არის ადგილი ნაოხვამუ, სადაც ადგილობრივთა გადმოცემით, ძველად მდგარა ხის ეკლესია.

ზუბის წმ. გიორგის სახელობის ნაეკლესიარი
სოფელ ზუბის სასაფლაოსთან იდგა წმ. გიორგის სახელობის ხის ეკლესია, იქ ბოლო მღვდელი ყოფილა კონდრატე იოსავა. მას აქ სკოლაც გაუხსნია, სადაც თვითონ ასწავლიდა. დღეს იქ დგას ე.წ. `ბლოკებისგან~ აშენებული პატარა სამლოცველო, სადაც დღესაც დადიან სალოცავად გიორგობის დღესასწაულზე 6 მაისს და კლავენ ხარს, რომლის ხორცს მთელი სოფელი ინაწილებს; ქეჯვარობას კი გაბელიები აქედან დადიან `მიქამგარიობაზე~ (საქონლის სალოცავად ითვლება) სოფელ ხეთაში .

გაშფერდის (მაცხოვრის კარი) მაცხოვრის სახელობის ნაეკლესიარი
სოფელ გაშფერდის სასაფლაოსთან იდგა მაცხოვრის სახელობის ხის ეკლესია. საძირკველი ჰქონდა ქვის, რომლის ნაშთები დღესაც შემორჩენილია. ამ ეკლესიის ფიცრებისგან აუშენებიათ სკოლის შენობა. აქ მღვდლები იყვნენ ჯიქიები. მისი გუმბათის ჯვარი ჩამოუტანია ბეგი ჯანჯღავას, ეკლესია კი დაახლოებით 1896 წელს აუშენებიათ. ასევე აქ მღვდელი ყოფილა ნიკოლაიშვილი. ეს ადგილი ჩრდილოეთით უყურებს ჭაქვინჯის ციხეს, დასავლეთით ხიბულის ციხეს, სამხრეთით სენაკს. ის მდებარეობს მდ. ოჩხომურის მარჯვენა მხარეს დაახლოებით 5-6 კმ-ის დაშორებით; აქედან აღმოსავლეთით ჩანს ჩხოროწყუს რაიონი და მაღალ მთაზე მდებარე თაიას ეკლესია და კოშკი.
ზუბისა და გაშფერდის ეკლესიები საბჭოთა ხელისუფლების დროს დაუნგრევიათ.
გაშფერდი _ გაშფერდში ნაეკლესიარი ყოფილა ავთა კვირკვაიას სახლთან. იქ ეხლაც შემორჩენილია ქვის ნაშთები.
ღვთისმშობლის სახელობის ნაეკლესიარი საღურწკაიოს უბანში, სოფლის სასაფლაოსთან, სადაც დაკრძალულია მაია დადიანი.
წყარო: დავით ჭითანავა „ეკლესიები და თავდაცვითი ნაგებობები სამეგრელოში“.
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული იმერეთის სინოდის კანტორის მეტრიკული წიგნების ჩანაწერების მიხედვით: ხიბულაში, ზუბსა და გაშფერდში XIX – XX საუკუნეებში (1920 წლამდე) არსებობდა შემდეგი ეკლესიები:
1. გაშფერდის მაცხოვრის სახელობის ეკლესია
2. ზუბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
3. ხიბულის წმინდა გიორგის/მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია
4. ხიბულის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
5. ზუბის წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია
6. ზუბის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.