გვერდები

19.08.2022

ინტერვიუ მერი ლაგვილავასთან

 ქალბატონი მერი 47 წელია პირნათლად და ღირსეულად ეწევა ჟურნალისტის ჭაპანს. მასთან საუბარი სასიამოვნო და მრავალმხრივ საინტერესოა.

ქალბატონო მერი, გილოცავთ გაზეთ „ხობის მოამბეს“ იუბილეს და გისურვებთ ჯანმრთელობას და შემოქმედებით მრავალფეროვნებას!
გთავაზობთ ინტერვიუს ქალბატონ მერი ლაგვილავასთან
მერი ლაგვილავა - დავიბადე ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონში მოსამსახურის ოჯახში (მამა კირილე ლაგვილავა - პედაგოგი; დედა - ვენერა ბახტაძე - მედიცინის და). წარმატებით დავამთავრე ქვემო ქვალონის საშუალო სკოლა და სწავლა განვაგრძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილებაზე. მასწავლიდნენ ცნობილი მეცნიერები: ნოდარ ტაბიძე, დავით გამეზარდაშვილი, ოთარ ბაქანიძე და სხვები.

პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1975 წელს მუშაობა დავიწყე ჩხოროწყუს რაიონულ გაზეთში კორესპონდენტად. ვიყავი „სოფლის ცხოვრების“ და „ახალგაზრდა კომუნისტის“ კორესპონდენტი. 1976 წლის 16 მარტიდან დღემდე ვმუშაობ გაზეთ „ხობის მოამბეში“. გაზეთი წლების განმავლობაში გამოდიოდა სხვადასხვა სახელწოდებით („სოციალიზმის მშენებელი“, „კომუნიზმის მშენებელი“, „სამეგრელო“, „ახალი სამკუთხედი’’). სხვადასხვა წლებში ვიყავი რედაქციის განყოფილების გამგე, პასუხისმგებელი მდივანი, რედაქტორის მოადგილე, შპს-ს დირექტორი, რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრი.
ხობის რედაქციაში მუშაობა ბატონმა სერაპიონ ცხადაიამ (იმ პერიოდში გაზეთის რედაქტორი) შემომთავაზა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. იმ პერიოდში რედაქციაში მუშაობდნენ ერუდირებული და საქმის ღრმად მცოდნე ადამიანები: ნაირა ბუკია, ვლადიმერ ქორთუა, გიგლა კვიკვინია, ნოდარ შონია და სხვები.
რა არის თქვენთვის „ხობის მოამბე“
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა დაბრკოლებებით, სიხარულით და წარმატებებით, რომელმაც გამილამაზა ცხოვრება და მომიტანა მადლიერი მკითხველის სიყვარული, რაც დღემდე მაბედნიერებს.
კურიოზები?
- უამრავი. პრესაში მუშაობა კურიოზების გარეშე წარმოუდგენელია. რომელი ერთი ჩამოვთვალო. ჩემს არქივში ინახება სახალისო ისტორიები, ფუნაგორიები, სხარტულები, ფოტო-სურათები, რომელიც სიცოცხლეს გვიხალისებს დღესაც.
ახალგაზრდები
სასიამოვნოა იმის აღნიშვნა, რომ ჟურნალისტიკაში მოდის ნიჭიერი თაობა, ამას ხელს უწყობს ტექნოლოგიური სიახლეები. მთავარია ჟურნალისტი იყოს ობიექტური, კალმოსანი და მთავარი - საკუთარ სინდისთან მართალი.
„ხობის მოამბე“ 90 წლისაა
გაზეთმა „ხობის მოამბემ“ რთული პერიოდიც გამოიარა. ასე სიტყვასთან ჭიდილში გაილია 90 წელიც. სიამოვნებით ვიხსენებ ჩემი მუშაობის პერიოდს, მინდა სულის სიმართლე, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველა იმდროინდელ თანამშრომელს, დიდება მათ სულებს, ვინც იმიერში მიულოცავს გაზეთს დაბადების დღეს, მჯერა მათ სახელებს დავიწყება არ უწერია...
გაზეთი კვლავაც გააგრძელებს სახელოვან „სიცოცხლეს“ და ერთგულად მოემსახურება მოსახლეობას და გააგრძელებს მუნიციპალიტეტის სახელოვან ისტორიას.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.