გვერდები

19.08.2022

პოეტი და პროზაიკოსი როზა ადამია

 პოეტი და პროზაიკოსი როზა ადამია დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. დაამთავრა ახალი ხიბულის საშუალო სკოლა. 1985-1990 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ქალბატონი როზა იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი.

მეგობრებთან ერთად, ფარულად გამოსცემდა თავისუფალ გაზეთ „გზას“. რ. ადამია წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას სკოლაში - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

მისი შემოქმედება აქტიურად ქვეყნდებოდა (ქვეყნდება) ქართულ პერიოდულ პრესაში. ქალბატონი როზა ორი წიგნის (ვეფხისტყაოსანი : XXI საუკუნის ქრისტიანული აზროვნების ანბანი და აბსტრაქცია, ანუ მე - მასწავლებელი) ავტორია.
,,- ეს წიგნი ჩემი გრძნობნიერი ცხოვრების შეჯამებაა. გრძნობათა სამყარო ჩემთვის აბსურდის სამყაროა, სადაც ყოვლად დაუკავშირებელი და ულოგიკო საგნები თუ საკითხები ერთხელ მაინც ლოგიკურად დაუკავშირდებიან ერთმანეთს“ - ეს სიტყვები წაუმძღვარა ავტორმა წიგნს - „აბსტრაქცია, ანუ მე - მასწავლებელი”, რომელიც ერთ რომანს და რამდენიმე მოთხრობას აერთიანებს.
* * *
გაზაფხულმაც მიპოვა,
მწუხარება აკეცილს ნაკეც დარდში
ვერაფრით
კვირტი
ვერ ჩამატია...
ბაგეები უმანკო
ლოცვით ვეღარ ღელავენ,
ვეღარ დგამენ
ღამეში
ტაძრებს
გუმბათებიანს...
სხვა სურნელით ფეთქავენ
სულ სხვა დროის ფილტვები,
ღამემ თავის სურვილთან ღამე ვერ გაათია..
რა ვქნა,
დღესაც "სხვა" მსურს და,
შენც თუ სულ სხვა იქნები?!
ნამთვრალევი ეჭვები-
უსასრულოდ მღელვარე
მეძავივით ქუჩებში
ხეებს ვნებად აჰკვრია...
ჰოდა,
სულიც უმანკო
სისხლით
კაწრავს
სასულეთს....
როგორც
ერთ დროს მართაზი-
ეზოსმოძღვრის პერგამენტს.......
.....................................................
'მწუხარება ნაკეცი გაზაფხულზე დაგეძებს,
შენს უმანკო ბაგეზე დაბინავდნენ ლოცვები...."
ლაზარეს მონოლოგი
მე დაბადება მახსოვს ჩემი ნორჩი სხეულის..
მიწის სურნელი შეაზავეს ზეცის ოცნებებს,
დამკიდეს მერე როგორც ეული,სამყაროს ნერვზე
და ამირანის დაგლეჯილი გული მიბოძეს...
კოშკს მიშენებდნენ ვეშაპებით გარშემორტყმულებს,
უკვდავების წყალს იმ ვეშაპთა ხახაში დგამდნენ,
მინთებდნენ სანთელს ჩემი სულის ბნელ აკლდამაში
და მომძახოდნენ ებრაულ "ამენს"!
მე დავიღალე..
ფეხისგულებს მოასკდა სისხლი მარიამის ცრემლგარეული,
ვცხოვრობ ყოველდღე იუდას ლეშით და
წამებული ღმერთის სხეულს კვნესით,ვედრებით
ვუწვდი მსოფლიოს..
ვბერდები..
უკვე დედამიწის დავკარგე პულსი,
და მახსოვრობას ჩემსას თიხის ფერი დაედო,
დროის გარეშე დარჩენილი მაინც დროს ვუცდი,
ჩემივე სიტყვის მაგიურ ძალით
აქ დანიშნულ საზეო ქორწილს,გამზადებულს
მარადიული სასუფევლის
თავშესაფარში....
1989 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.