გვერდები

19.08.2022

პოეტი ნონა ლატარია

 ნონა ლატარია − პოეტი. დაიბადა ხობის რაიონის სოფელ ხეთაში. სწავლობდა სოფელ ხეთის საშუალო სკოლაში. დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტი. ცხოვრობს ბათუმში. მისი ლექსები და სონეტები დაბეჭდილია თანამედროვე ქართული პოეზიის ოცტომეულის მე-7 ტომში.


მიწაც გიყვარდეს

ააფერადებს მხატვარი როცა,
მოლბერტზე დილის ლიცლიცა შტრიხებს,
სულიც, ჯერ კიდევ სხეულში მბორგავს,
ცისკართან, საზრდოდ მზის სხივებს იხმევს.
გადაშლილ ტატნობს ზეცისას, მერე
დაადნობს ხილვა ზესრულ ოცნების
და სიყვარულის ნაცრემლ ლიანებს,
ზედ ბაგეთ თრთოლვით დაეკონები.
მზით და იმედით მაძღარ სიცოცხლეს,
კვლავ დაუკოცნი ხმათა ხავერდებს...
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
სოფელს მწყურვალი არ შეაბერდე.
ზოგჯერ თუ ნაბიჯს გადადგამ უკან,
ორი ნაბიჯით წინ წაიწიე,
კერპად ნუ გახდი მაინც ნურავის,
ღმერთს ენდე მხოლოდ, არა-მიწიერს...
მიწაც გიყვარდეს...
ვინც გვზრდის და გვმარხავს,
მაგრამ გეჭიროს ზეცისკენ თვალი...
შენი სიცოცხლე იქ გაგრძელდება,
აქ თუ იგულე ცეცხლი ჩამქრალი...

Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.