გვერდები

30.11.2021

ლექსი ყორათზე

 გთავაზობთ პაოლო იაშვილის ლექსს "ყორათი" და ლეო ქიაჩელის საგაზეთო სტატიას ყორათზე, რომელიც  გამოქვეყნდა გაზეთ "კომუნისტში" 1934 წელს. ყორათი მეოცე საუკუნის 30-იან წლებამდე ყოფილა ღელე, რომელიც შემდეგ დიდ არხად აქციეს.

პაოლო იაშვილის ლექსი „ყორათი“

ყორათი

უწინ განა მიწა იყო

ეს მთლიანი ბარდი,

ვინ ნახა და ვინ წაიღო

ამ ბუნების დარდი?

 

რა კაცი არ გაამწარა,

დაუდუნა მაჯა?

ქვეშ ჭაობი, ცა ნაცარა

და მტირალი ყანჩა.

 

არც ნაკვეთი რიგიანი,

რომ მიუდგეს თოხი,

ტყეში ტახი, დინგიანი

დასცურავდა ოხვრით.

 

ქარში უფრო მწარედ კვნესდა

ეს ნაძრახი ჭალა;

ეშინოდა კაცს ამ ტყესთან

წვიმიანში ჩავლა.

 

არც სიმღერა, არც კეთილი

გამარჯვება სადმე.

ხავსი, როგორც დაწყვეტილი

დაფლეთილი ბადე.

 

ვინ ნახავდა მწიფე ხეხილს

ამ დაბალში მაშინ;

ან გულღია, ბეჯით გლეხის

მუშაობას ბაღში.

 

ვინ ისმენდა, ვინ ნახავდა,

ჩანგურის ტკბილ სიმებს,

ამ ჯოჯოხეთს ვინ ახადა

ეს სუდარა მძიმე?

 

შორს, ბოლოში რომ ანთია

მშობლიური დროშა,

ეს ახალი ყორათია,

ეს სოფელი მოსჩანს.

 

კაცი მართლა ლომ-გმირია,

თუ ბორკილი დახსნეს,

ეს დუღაბის ბოგირია,

გადასული არხზე.

 

ვხედავ მიწას არხებიანს

აღარც ხავსი ჰფარავს,

ეს ახალი სახლებია,

რომ ანათებს შარას.

 

გამოჩნდება ეს-ეს არი

ქვის მაღალი ხიდი,

გაღმა დიდი სამწყესარი,

საძოვარი დიდი.

 რა წითელი მდინარეა,

რომ მოსცურავს გაღმა,

ეს ბავშები ვინ არიან,

რომ მღერიან თანხმად.

 ეს სოფელის ნახირია,

სულ წითელი ფერის;

ეს მწყემსები გაჰყვირიან,

ეს ბავშობა მღერის.

 

ეს კოლხიდის სურათია

მწვანეთ მოელვარე,

ეს აღმდგარი ყორათია _

ახალგაზრდა მხარე.

პაოლო იაშვილის ხელნაწერი





 


Комментариев нет:

Отправить комментарий

Примечание. Отправлять комментарии могут только участники этого блога.