გვერდები

30.04.2021

ხობის "კოლხეთის" პირველი მატჩი ეროვნულ პირველობაზე

 1990 წლის 31 მარტი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო პირველობის პირველი ტურის მატჩი, ხობის "კოლხეთი"- წყალტუბოს "სამგურალი" (3:1).


მატჩის დაწყებამდე შესრულდა ეროვნული ჰიმნი.

"კოლხეთი" ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა: ბაბუაძე, ჯეჯელავა, კაციტაძე, ხურცილავა, ლატარია, მამფორია, ბაკურაძე, ჭიჭინაძე, კალუჟა, ქვილითაია, კვირტია.

როგორც ამბობენ, ეს "კოლხეთი" დღევანდელი უმაღლესი ლიგის ძალიან ბევრ გუნდს აჯობებდაო.

"ლელო", 4 აპრილი, 1990 წელი

26.04.2021

ჩემი სოფელი-ხობი

 ჩემი სოფელი-ხობი

ისტორიკოსმა გოგიტა ჩიტაიამ ხობის წარსულის, მისი ისტორიული ძეგლების შესახებ ამჯერადაც საგულისხმო მასალა მოგვაწოდა. მისი თქმით, ხობს კოლხეთის ზღვისპირა ზოლის ბარის ცენტრალური ნაწილი უკავია. ამ რეგიონში კოლხური კულტურის ჩასახვა-განვითარება მიმდინარეობდა. ამავე რეგიონში მოიაზრება საქართველოს უძველესი ურბანისტული ცენტრი ფაზისიც. აქ მთავრდებოდა აღმოსავლეთიდან მომავალი ცნობილი აბრეშუმის გზა და აღმოსავლური და დასავლური კულტურების შეხვედრისა და დიალოგის ადგილი იყო. 


ხობის მონასტერი (ფოტო: ირაკლი შონია)

ლეგენდის მიხედვით, ძველად, შავ ზღვამდე გადაბმით ხარობდა მაღლარი ვენახები, ადამიანს შეეძლო, შავ ზღვამდე მიწაზე ფეხდაუბიჯებლად, ვენახ-ვენახ ჩასულიყო. ამ ლეგენდას ამართლებს ყულევის არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები, სადაც ღვინის კულტურასთან დაკავშირებული ათასობით ჭურჭელი აღმოჩნდა. ხობის მუნიციპალიტეტში 22 ადმინისტრაციული ერთეულია _ ერთი ქალაქი, 16 თემი (მათში შემავალი 52 სოფლით) და ხუთი სოფელი. განსახლების ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 200 მეტრამდე, მოსახლეობა ძირითადად ვაკედაბლობზე ცხოვრობს, მცირე ნაწილი _ გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში. რაიონის ტერიტორიას ჰკვეთს მდინარეები: რიონი, ხობი, ცივი, ჭურია, ზანა, ცია და მათი შენაკადები, რომელთა შორის აღსანიშნავია დღვაბა, ოჩხომური, მუნჩია (ჭურიის აუზი), ჭანისწყალი (ხობის აუზი). მუნიციპალიტეტს სამხრეთით ჩამოუდის მდინარე ფიჩორი. მდინარეები საზრდოობენ წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით, პატარა მდინარეები კი ჭაობებითაც. ურთის მთის კალთებზე მდებარეობს კარსტული ტბები _ პაპანწყვირე და ნაზმახუ, ხოლო ფოთთან _ პალიასტომის ტბა. მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი სამკურნალო თერმული წყლებით (ბევრგან ამოდის გოგირდის შემცველი მინერალური წყლები, რომლებიც ქიმიური თვისებებით ცაიშის მინერალური წყლების მსგავსია); ნაწილი გამოკვლეულია მეცნიერთა მიერ, ნაწილი კი საჭიროებს კვლევას. მათ შორის არის უნიკალური ჰიპერთერმული წყლები. გოგირდოვანი წყლის რესურსი ძირითადად განლაგებულია სოფლების გამოღმა _ პირველი ხორგის, ქვემო ქვალონისა და ბიის ტერიტორიებზე. ასევე მრავლადაა მცირე ტბა. წყალდიდობა იცის შემოდგომაზე. წყალმცირობა _ გაზაფხულსა და ზამთარში. მუნიციპალიტეტის ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ ნაწილში, აგრეთვე შავი ზღვის სანაპირო ზოლში დიდი ფართობი უკავია ჭაობებს.  მათი განაპირა კოლხური ტყეები კოლხური ხოხობის ერთადერთი და საყვარელი საბუდარია. აქ შემორჩენილია ულამაზესი ფრაგმენტები ველური ბუნებისა, რომელიც მდიდარია კოლხეთის ფლორის სელექციური და ენდემური სახეობებით. ამჟამად ეს ადგილები კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაა.

ხობის წმინდა სოფიოს ეკლესია. ეს ეკლესია ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში, მდინარე მუნჩიის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ხალხი ამ ტაძარს `აია-სოფიასაც~ ეძახის, იგი არქიტექტურული კომპლექსია. მის ეზოში მიმოფანტულია X-XI საუკუნეების ჩუქურთმიანი ლოდები და ადრექრისტიანული ხანისათვის დამახასიათებელი აგურკრამიტი, ანტიკური ხანისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, რაც მიუთითებს, რომ შესაბამის პერიოდებში აქ სიცოცხლე დუღდა. ტაძრის ქვეშ გამოქვაბულია. გადმოცემით, ბერძნებს აქედან მოუპარავთ წმინდა სოფიოს ხატი. როცა შინ, საბერძნეთში ბრუნდებოდნენ, ზღვაზე საშინელი ქარიშხალი ამოვარდნილა, შეშინებულებს ღმერთისთვის დაუ- ჩოქიათ და უთხოვიათ, _ ოღონდ მშვიდობიანად ჩაგვიყვანე და უკან დავბრუნდებით და წმინდა სოფიოს ტაძარს ვაზისგან დამზადებულ კარს დავკიდებთო, ასეც მოქცეულან, მაგრამ წმინდა სოფიოს ხატი უკან არ დაუბრუნებიათ. `ჯეგეთის~ წმინდა გიორგი მდებარეობს ურთის მთის ყველაზე მაღალ მწვერვალზე, აქედან ხელისგულივით ჩანს შავი ზღვა, კავკასიონის დაბლობი, 5 ჰა-ზე მეტი ტერიტორია. აქ განსაკუთრებულად 23 აპრილს აღინიშნება გიორგობის დღესასწაული. აქვეა რამდენიმე მღვიმე და ერთი ხელოვნური გამოქვაბული. ხეთის ჯიხა (ციხე) სენაკი-ზუგდიდის საავტომობილო გზის პირას, სოფელ ხამისკურის დასაწყისში მდებარეობს შუა საუკუნეების ხეთის ჯიხა. ეს დიდი ციხე და მასთან მდებარე წყარო რაფიელ ერისთავმა აღწერა. ხიბულის ჯიხა მდებარეობს სოფელ ძველი ხიბულის ცენტრში არსებულ მაღალ ბორცვზე, მდინარე ჭანისწყლის მარჯვენა ნაპირზე. აშენებულია შუა საუკუნეებში. მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის აფხაზეთის კათალიკოსის, მალაქია გურიელის საბუთის მიხედვით, იგი “ციხე-სალაროდ” ითვლებოდა, შესაძლოა შიშიანობის დროს ახლომდებარე ეკლესიების საგანძურს აქ ინახავდნენ. ამ სოფელში დგას სახლი, სადაც სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა ზვიად გამსახურდიამ.

ისტორიკოს გიორგი კალანდიას გადმოცემით, პირველად ხობის მონასტერი გვხვდება ჯვრის სამონასტრო მატიანეში შეტანილ აღაპში, სადაც მოხსენიებულნი არიან ცოტნე დადიანის ოჯახის წევრები და ახლობლები. საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე. აქ დაცული იყო: დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, თამარ მეფის დედის, ბორდოხან დედოფლის კუთვნილი ხატი; აქვეა ხატები, რომლებიც მოიხსენიებენ დავით ნარინს, მანდატურთუხუცეს ბედან დადიანს, აფხაზეთის მეფეს ლეონ II-სა და სხვ. მართალია, დღემდე უცნობია, როდის და როგორ მოხვდა ეს ნივთები ხობის ტაძარში.

ხობის ტაძრის XIV-XV საუკუნეების ფრესკების წარწერებში მოიხსენიება ხობელი ეპისკოპოსი, ალექსანდრე I დიდის (1412-1442) მიერ გაცემულ თოფურიძეთა სიგელში ასევე დაფიქსირებულია ხობელი ეპისკოპოსის სახელი, რაც მეტყველებს, რომ ხობი XIV-XV საუკუნეებში საეპისკოპოსო კათედრა იყო. პირველი ხობელი ეპისკოპოსია ილარიონი, იგი გამოსახულია ტაძრის ჩრდილოეთ სვეტზე, სავედრებლად ხელებაღმართული, რომელსაც გადმობრუნებული ხუცური ასოებით აწერია: `ხობელი ილარიონ~. ილარიონის ფრესკული გამოსახულება XIV საუკუნეშია შექმნილი. ხოლო მისი ეპისკოპოსობა დაახლოებით ამ პერიოდს უკავშრდება. ჯვრის მონასტრის დაუთარიღებელ აღაპებში მოიხსენიება `თადეოზ ხოპელი~, რომელიც ხელნაწერის სავარაუდო დათარიღების მიხედვით, შესაძლოა, XIV საუკუნის დამდეგს მოღვაწეობდა. თოფურიძეთა სიგელში მოხსენიებულია ხობელი ეპისკოპოსი საბა ხობელი. თოფურიძეთა სიგელი ერთიანი საქართველოს მეფის, ალექსანდრე I-ის დროს გაცემულად უნდა ჩაითვალოს, ამიტომაც აქ მოხსენიებული საბა ხობელი დაახლოებით XV საუკუნის I ნახევარში მოღვაწეობდა. XV საუკუნეში ოდიშის ერისთავს, შამადავლა დადიან-გურიელს ტაძრის მფლობელობის გასაძლიერებლად გარკვეული ზომები მიუღია, რომლის დასტურადაც მისი სიგელია შემორჩენილი, სიგელი 1470-1474 წლებს შორის არის შედგენილი. XVI საუკუნეში ხობის კათედრა ოსმალებს აუოხრებიათ, რაზეც მეტყველებს ხობელ ნიკოლოზ წულუკიძის შეწირულობის წიგნი. მას მოუწესრიგებია ტაძრის სასულიერო და სამეურნეო ცხოვრება, შეუწირავს როგორც მამული, ასევე “ვერცხლის ბარძიმი’, ფეშხუმი და კამარა. ამ დოკუმენტს ისიდორე დოლიძე 1569 წლით ათარიღებს, ამიტომაც ცხადია, რომ ნიკოლოზ წულუკიძეს XVI საუკუნეში, 1569 წელთან ახლო დროში უმოღვაწია. საინტერესოა ხობში მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის ბიოგრაფია. ისტორიულ წყაროებში იგი ჯერ წინამძღვრად, შემდეგ კი ეპისკოპოსად იხსენიება, რაც, ჩვენი აზრით, შემთხვევითი არ არის. მისი ეპისკოპოსად კურთხევა სწორედ ლევან II დადიანის რეფორმის შემდეგ უნდა მომხდარიყო. ნიკოლოზი სხვადასხვა დროს იყო მეტეხის ეკლესიის წინამძღვარი, კახეთის მოძღვართმოძღვარი, კორცხელის მონასტრის გამგებელი, იერუსალიმში ჯვარისმამისა და გოლგოთის არქიმანდრიტი. ცოტა ხნით დასავლეთ საქარ- თველოში კათოლიკოს-პატრიარქის ტახტსაც განაგებს. ამ წყაროების მიხედვით ჩანს, რომ ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი ერთხანს ხობის მონასტრის წინამძღვარი ყოფილა, ხოლო შემდეგ კი ეპისკოპოსად უკურთხებიათ. XVII საუკუნეში მოღვაწეობდა ეპისკოპოსი ქვთიმე ფაღავა. ლევან III დადიანის 1660-1680 წლების შეწირულობის წიგნში ნათქვამია: `მობრძანდით თქვენ კათალიკოზი ბატონი და ბატონი დავით, დაგველაპარაკენით და ძველადგანცა ხობი ბიჭვინთისა ღვთისმშობლის შეწირული ყოფილიყო და ჟამთა ვითარებისგან გამოხდომოდა... შეიწირე მცირე ესე შესაწირავი შენ შიდ ცათ უმაღლესი და ქერაბინთა უზესშთაესო, ბიჭვინთისა ღვთისმშობელო, ასე რომე კათალიკოზს ოდიშის ერთი საყდარი ასეთი არ ჰქონდა, რომე დღესასწაული გარდაეხადა, ხან ერთ ეპისკოპოსს ჩაუდგებოდა შინ და ხან მეორეს, ეპისკოპოზები მწეთ გარჯით იყვნენდა ამისთვის შეუსწირეთ, რომე როდესაც კათალიკოზი ოდიშს მობრძანდებოდეს, ხატსა, ჯვარსა და ომფორსა იქ დაასვენებდეს და სასაფლაოდაც ის შეგვიწირავს~ (1675 წელი). კათალიკოსს, დავით ნემსაძეს (1673-1693), ლევან დადიანი გადასცემს საკათალიკოსოს საყდარს ხობს იმ მიზეზით, რომ ოდიშში ამ უმაღლეს იერარქს არ ჰქონდა საკუთარი ტაძარი. მთავარი თავის გადაწყვეტილებას არგუმენტითაც ამაგრებს _ თურმე ხობი ადრეც ბიჭვინთას შეწირული ყოფილა. ჩვენთვის დღემდე უცნობი იყო, რის საფუძველზე აცხადებს ამას მთავარი და რა პერიოდით ეკუთვნოდა ხობი აფხაზეთის კათალიკოსს.

ხობი მონასტრად რჩებოდა XIX საუკუნის განმავლობაში, სანამ გაუქმდებოდა. ხობი ნამდვილი მონასტერია, რომელშიც წმინდა ბასილის ორდენის რამდენიმე ქართველბერძენი ბერი ცხოვრობს, მათი წინამძღვარი არქიმანდრიტის წოდებას ატარებს. XIX საუკუნეში ხობის პირველ წინამძღვრად მოიხსენიება გრიგოლ მიქელაძე. დოკუმენტში ნათქვამია: `უღირსი ხოპის მონასტრის არხიმანდრიტს გრიგოლ მიქელაძეს მერწმუნა, მისი მაღალ უგანათლებულესობას ღენერალ ლეიტენანტის და სხვათა კავალერთა მქონებელს დადიანის გრიგოლის ძისა ლევანის მიერ და დედის მისისა, დედოფლის ნინოს საქართველოს მეფის გიორგის ასულის მიერ 1806 წელში, თვინიერ ბიჭვინტისა უწარჩინებულესი საკათალიკოზო ხოპის მონასტერი~. 1840 წელს ხობის არქიმანდრიტად ინიშნება ბესარიონ ჭყონია. მას დიდი შრომა-ღვაწლი მიუძღვის ხობის მონასტრის მამულების დაცვაში. 1857 წლიდან ხობელი წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი ბესარიონ ჩიჩუა. მას აქ აუშენებია ‘ზღუდის შუა” ორსართულიანი სახლი ოთხი ოთახითა და დარბაზით ზემო სართულში. იგი გარდაიცვალა 1865 წელს. საწინამძღვრო ტახტზე ალბათ, სიმონ აფაქიძე ავიდა. სიმონ აფაქიძის შესახებ ისტორიული წყაროები ისევე მწირია, როგორც მომდევნო წინამძღვრის შესახებ.ორივე მათგანი მოიხსენიება საფლავის ქვის წარწერაში: `აქ განისვენებს არხიმანდრიტი შიო ქვილითაია~. მეორე საფლავის ქვის ეპიტაფიაში კი ნათქვამია: `აქ განისვენებს არხიმანდრიტი მონასტრის გამგებელი მამა ალექსი მირცხულავა~. არქიმანდრიტი ალექსი ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის საფლავის ქვის ეპიტაფიაში ვკითხულობთ: `აქ განისვენებს არქიმანდრიტი მონასტრის გამგებელი მამა ალექსი მირცხულავა~. მამა ალექსის წინამძღვრობა ხობის მონასტრეში საქართველოსთვის ყველაზე ურთულეს პერიოდს უკავშირდება. მაშინ სასტიკად უსწორდებოდნენ ეკლესიის მსახურებს, ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს, ჩვენი ღირსეული წინაპრები მაინც პოულობდნენ შინაგან ძალას და ტაძრებში აგრძელებდნენ ღვთისმსახურებას. მამა ალექსი განათლებული, ღვთის მოშიში მოძღვარი იყო. იგი 1917 წელს თბილისში გამართულ საქართველოს ბერმონაზონთა კრებას ხობის მონასტრის სახელით ესწრებოდა. მან უამრავ განსაცდელს გაუძლო, იგი მონასტრიდან გააძევეს, აუკრძალეს წირვა-ლოცვა, დააპატიმრეს და სასტიკად აწამეს. ციხიდან ცოცხალი მხოლოდ ღვთის წყალობით გამოვიდა. გადაუსახლეს ვაჟიშვილი, რომელიც იქვე გარდაიცვალა, მან, დევნის მიუხედავად, უამრავი ადამიანი მონათლა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ტაძარს არ შორდებოდა და ატარებდა საეკლესიო ღვთისმსახურებას. უვლიდა ტაძარში დავანებულ სიწმინდეებს. მამა ალექსისთვის ალბათ ყველაზე ტრაგიკული იყო ის დღე, როცა ხობის მონასტრიდან სიწმინდეები გაიტანეს. სამწუხაროდ, მხოლოდ მცირე ნაწილია შემონახული იმ წერილებისა, რომლებსაც იგი საქართველოს სხვადასხვა მუზეუმის ხელმძღვანელებს უგზავნიდა და მათ ხობის მონასტრიდან “დროებით დასაცავად” გატანილი სიწმინდეების, საეკლესიო ნივთებისა და გამოცდილების დაცვას სთხოვდა. მრავალტანჯული, ტაძრიდან გაძევებული მღვდელი გულმხურვალედ ლოცულობდა და ელოდა იმ დღეს, როცა ტაძარში კვლავ აღდგებოდა საეკლესიო წირვალოცვა. იგი ღრმად მოხუცი 1962 წელს გარდაიცვალა. ხალხი მას ხობის ტაძრამდე ანთებული სანთლებით მიაცილებდა. არქიმანდრიტის ოცნება შესრულებულია, რადგანაც დღეს ხობის ტაძარში ღვთისმსახურება სრულდება, ტაძარში მოღვაწე ყველა ღვთისმსახურის სურვილი კი მაშინ ახდება, როცა ხობის ტაძრიდან გატანილი ყველა სიწმინდე ისევ ტაძარს დაუბრუნდება. აქვე ვბეჭდავთ მამა ალექსის წერილს, რომელიც მან სამეგრელოს მუზეუმის დირექტორს, აკაკი ჭანტურიას გაუგზავნა. “აკაკი ბატონო, გისურვებთ ყოველივე სიკეთეს. გარდა ამისა, აკაკი, შამომითვალეთ ამის მიმტანი გიორგი ყურაშვილის პირით და ან წერილით, რაშია მონასტრის საქმე და ჩემიც გეტყოდა ჩემი შვილი მე რა მიყვეს. ამის მიმტანს ნუ ეტყვით მაგნებმა რა მიყვეს მე. სხვა რა პასუხი მიიღეთ თფილისიდან გამაგებინეთ, უპატრონოთ მხედვენ მე ყოველი კაცი და ამას ნუ იზამთ თუ არ ეპატრონებით მონასტერს და მის მცველს მითხარით, და კლიტეს რა ვყოთ. ჩემი აზრით კლიტეს მე წავიღებ, ამისთვის რომ მთვარობას კლიტე რომ ჩააბარო, შიგნით ეკლესიაში ვერაფერი ვერ დარჩება და ან თქვენ ხელში იყოს კლიტე. მეორე _ ახლათ გაკეთებულ ჩემ ოთახში როცა მე გადავალ,კანტორათ უნდათ _ ასე გავიგე. რავა ჯობია?! დარღვევა შეუძლებელია. სხვა, ეზოში რაც არის, პატრონობს დაფი და სხვა. აწი შამომითვალეთ სინამდვილეთ რაშია საქმე. ჩემი შვილი მისული უნდა ყოფილიყო, მარა გიორგი გეტყვის, დაიჭირეს, რა იქნება, არ ვიცი. სხვა ტაძარს წვიმა რეცხს მხატვრობას ფუჭდება აწი მეტი რაღა გაწყენიოთ თქენი კეთილის მსურველი ალექსი. 1933 წ.

ჟურნალი „კარიბჭე“, N11, 2014 წელი.

22.04.2021

კონსტანტინე გამსახურდიას ჩანაწერები ხობის სოფლების შესახებ

 გთავაზობთ, დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას „მწერლის ბლოკნოტიდან (კოლხეთში, 1936 წელი) ნაწყვეტებს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ეხება ხობის რაიონის სოფლებს და იქ მაცხოვრებლებს.

 „მივყვებით ჭალადიდიდან ფოთისკენ მიმავალ, ლარივით გაჭიმულ შოსეს.


კონსტანტინე გამსახურდია ხორგელ და ჭალადიდელ მონადირეებთან (გოგიტა ჩიტაიას ფოტო)

 ამ ოციოდე წლის წინათ, გარდა რკინიგზისა, სხვა არავითარი საშუალება არ ყოფილა მისვლა-მოსვლისა აქ.

ჩვენი ჯანმაგარი კამეჩებიც კი ვერ გაათრევდნენ ამ ჭაობებში ურემს.

ახლა კი ამ ღამეულ პანორამაშიაც არჩევს თვალი ახლად დასახლებულთა ოდებს, ციტრუსების ბაღებს, განიერ ჭიშკრებს, მაგნოლიებს, ევკალიპტებსა და ველური ციტრუსის ღობეებს“.

 „ანდრო გაბუნია, ბესარიონ გოგოლიშვილი, კოლხიდმშენის სამიოდე მუშაკი და მე მივყვებით ფოთი-ჭალადიდის დიდ შოსეს. ლარივით გამართული თემშარა ჩინებულადაა გაყვანილი“.

 „კოლოსალური დამბა მიჰყვება რიონის მარჯვენა მხარეს. საკმარისია, დაჰყვეთ რიონს სამტრედიიდან პატარა ფოთამდის, დაათვალიეროთ მისი კალაპოტები და კალაპოტ-ყოფილები, ნახავთ, მაშინ რა დიდი მხეცია იგი“.

 „განსაკუთრებით ახლა უნდა გამოვიყენოთ ჩვენი კოლხიდმშენის ბრიგადების ტექნიკური საშუალებანი და ჩვენმა არქეოლოგებმა რამდენიმე ასეთი ციხის, ან ყურგანისათვის (დიხაგუძუბა ლ.ღ.) გაკეთებული ბექობები უნდა გასთხარონ, რადგან ისტორიის თხუნელა თავათ გვაწვდის აუარებელ მასალას.

ვინ იცის, ამ ეწერებში აღმოჩნდეს რამდენიმე ნაქალაქევი, თუნდაც ორიოდე იმ მრავალ ქალაქთაგანი, რომელსაც სტრაბონი ასახელებს კოლხეთში“.

 „ანდროს მართებულად ეჩქარებოდა, რადგან ქვალონიდან ფოთისკენ მიმავალ გზასთან მისი უახლოესი მეგობრები ცხოვრობდნენ და მიუპატიჟებლად არ გაგვიშვებდნენ.

ანდროს ვარაუდი უსაფუძვლო როდი აღმოჩნდა: იმ ადგილს რომ მივუახლოვდით,

ერთერთმა მეგობართაგანმა გზა გადაგვიღობა, დიდი პატივი გვცა და ძალიან გვიან გავუდექით ჩვენ ჩვენს გზას“.

 „კოლხეთში უნდა აშენდეს რკინის ხიდები, რიონზე, მდინარე ხობზე, აბაშაზე

 და ცივზე-ყულევის სიახლოვეს“.

 „მთელი კვირის მანძილზე მიცხოვრია ხოლმე მშველზე ნადირობისას ამ უკაცრიელ ჭაობებში გვიანი შემოდგომის პირზე და ყური მითხოვებია ფოცხვერების ხორხოცისა, ტურების კივილისა და მგლების გლოვის ზარისთვის (კ. გამსახურდიას ნადირობის შესახებ კოლხეთის ჭაობიან ტყეებში, წერს ასევე ვიქტორ გაბისკირია)“.

 კონსტანტინე შელია, ექსკავატორების მექანიკოსი, დაუზარელი, ენერგიული, თავდადებული მუშაკი - კარგად ჩაბსკვნილი ვაჯკაცია; წამოიკიდებს შვიდ ფუთიან ნაწილებს მანქანისას და დაათრევს ამ ჭაოებებში.

 მიხა ალანია, მოწინავე, ჩუმი, პატიოსანი მუშაკი, მანქანას დიდი რუდუნებით უვლის. სამარაგო ნაწილები მუდამ მზად აქვს.

 „მაღალი, ძვალმსხვილა, ენერგიული საქმის კაცია გრეიდერისტი კოსტა ჩარტია. თავის მანქანას „ჩემს ცხენს“ უწოდებს“.

 

 

როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნის კითხვა!

 🔵ოჯახში უნდა იყოს ერთი თარო მაინც, სადაც განთავსებული იქნება საბავშვო წიგნები.

🔵უმჯობესია ილუსტრირებული წიგნები და საბავშვო ენციკლოპედიები.

🔵ბავშვთან ერთად მივიდეთ ბიბლიოთეკაში.

🔵ბავშვს მივცეთ შესაძლებლობა თვითონ დაათვალიეროს საბავშვო განყოფილება და დამოუკიდებლად შეარჩიოს წიგნი.

🔵ბავშვი უნდა დავარეგისტრიროთ, როგორც დამოუკიდებელი მკითხველი.

🔵ძილის წინ ზღაპრიდან ან მოთხრობიდან წავუკითხოთ ნაწყვეტი.

🔵წიგნები უნდა წაიკითხონ მშობლებმაც (მოტივაცია ბავშვებისთვის)

🔵მაგალითად, როცა გვეკითხება ბავშვი რატომ არ ჩანს დღისით ვარსკვლავი, ჩვენ არ ვუპასუხოთ ზეპირად - ჩამოვიტანოთ წიგნი და ბავშვთან ერთად წავიკითხოთ საინტერესო ადგილი.

პ.ს. ამ სამყაროში წიგნი ადამიანის ყველაზე დიდი მეგობარია.

15.04.2021

რუბრიკა ამაგდარი - გოგიტა ჩიტაია

 გოგიტა ჩიტაია - „ხობელი ექვთიმე“, როგორც მას უწოდებენ მისი მეგობრები, ხობის ისტორიის დიდი მოამაგე და მკვლევარია. გ. ჩიტაიას კალამს ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევები ხობის მონასტრის ისტორიის, კულტურის, განათლების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. რომ არა გ. ჩიტაიას დიდი შრომა და რუდუნება ჩვენი ცოდნა და წარმოდგენა ხობის ისტორიაზე ძალიან მწირი იქნებოდა.

 გოგიტა ჩიტაია დაიბადა 1960 წლის 13 იანვარს, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში. გ. ჩიტაიამ დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ისტორიკოსის სპეციალობით. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა ხობის ,,სოფლტექნიკის’’ სარემონტო სახელოსნოში ამწყობ ზეინკლად, ისტორიის მასწავლებლად, ხობის (ხეთის) საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად, ფოთის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორად და ფოთისა და ხობის ეპარქიის მემატიანედ.

გოგიტა ჩიტაია 1984-1989 წლებში ამბროლაურის რაიონის სოფელ ველევის სკოლაში ისტორია-გეოგრაფიის პედაგოგად მუშაობდა. „იგი ველევის სკოლაში მუშაობდა 1984-1989 წლებში მასწავლებლად. თემის რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ( რაიონის ცენტრს 19 კმ-ით არის დაშორებული, მახლობელ სოფელს -  9 კმ-ით, რაჭის  ქედის ჩრდილო ფერდობზეა შეფენილი, მთას იქით იმერეთია) კადრები ყოველთვის ჭირდა. ხშირი იყო მასწავლებელთა დენადობა. ჭირდა ინსტიტუტდამთავრებულთა  და სკოლაში სამუშაოდ  განაწილებით მოსულთა დამაგრება. რა გასაკვირია, სხვა რაიონებიდან მოსულებს რომ გაუჭირდეთ გაჩერება, როცა ადგილობრივებს უძნელდებათ აქ ცხოვრება. თითქმის საქართველოს  ყველა კუთხის წარმომადგენელს უმუშავია აქ: ... სამეგრელოდან - გოგიტა ჩიტაიას... იმ რთულ პერიოდში, როცა მიწისძვრამ იავარქმნა ჩვენი სკოლა, გოგიტა ჩიტაიამ, რომელსაც 5 წელი აქვს გატარებული ჩვენს სოფელში და რომელიც ყველა ველეველს ძალიან კარგად მოაგონდება, ხობში დაბრუნების შემდეგ  შუა ხორგის საშუალო სკოლაში განაგრძო მუშაობა, სკოლის დირექტორ გულნარა ტაბაღუასა და პედაგოგებთან ერთად ჩვენი გასაჭირი გაიზიარა. მათ როგორც მატერიალური, ისევე მორალური დახმარება აღმოგვიჩინეს. დღეს დროის გადასახედიდან უფრო მეტად ვაფასებ მათ თანადგომას“ („ველევის სკოლის ისტორია“, ეკატერინე ჭიჭინაძე, ველევის სკოლის დირექტორი, ჟურნალი „რაჭველები“ N8, 2011 წელი.).

 გ. ჩიტაია წლების განმავლობაში მონაწილეობდა გაგრაში, ყულევში, ხობის მონასტერში, ჭალადიდში და მაჩხომერზე ჩატარებულ არქეოლოგიურ სამუშაოებში.

2015 წელს, გოგიტა ჩიტაიას, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

გოგიტა ჩიტაიას და ირაკლი შონიას ერთობლივი საქმიანობის შედეგად შეიქმნა შესანიშნავი დოკუმენტური ფილმები ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ისტორიაზე: „ბია“ და „კოლხური აიასოფია“.

 წიგნები:

 

1.      „წარსულის ფურცლები“ (პერიოდული გამოცემების მასალები ხობის მუნიციპალიტეტის წარსულზე), 2015 წელი.

2.      „ხობის სიძველენი“ (ხობის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები), 2017 წელი.

3.      „ფოთს ღვთისმშობელი იცავს“, 2002 წელი.

4.      „ხობის მუნიციპალიტეტი“ (ტურისტული გზამკვლევი), 2019 წ.

5.      „ფოთისა და ხობის ეპარქია: ისტორიული ძეგლები, 2007 წ.

6.      ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი, 2000 წ.

7.      „ყულევი“, გოგიტა ჩიტაია, რევაზ პაპუაშვილი, იოსებ პაპუაშვილი.

 

 სამეცნიერო პუბლიკაციები

 1.      ჯარალუა - "ფუთიშ მესობა", ჟურნალი სქანი : კულტურაშ, მენცარალაშ დო ჭარალუაშ ჟურნალი / მარგალურ ნინაშ ასოციაცია. თბილისი, 2020. N2. გვ. 48-50.

2.      „ხობის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“

3.      ივერიელნი / საზოგადოებრივი ჟურნალი. თბილისი, 2018. N 17. გვ. 124-125.

4.      „ხობის ღვთისმშობელი : დღესასწაული ღვთისმშობლის კვართისა“, ცოტნეიდელი / ფაზისის საერო აკადემია. თბილისი–ფაზისი, 2015–2016. ტომი IX (ნაწილი II). გვ. 64–66.

5.      მცირეოდენი ცნობები პალიასტომის ღვთისმშობლის ხატის შესახებ (თამაზ ბერაძე, გოგიტა ჩიტაია). ცოტნეიდელი / ფაზისის საერო აკადემია. თბილისი–ფაზისი, 2015–2016. ტომი IX (ნაწილი II). გვ. 280-281.

6.      წმ. სოფიოს ეკლესია, ცოტნეიდელი / ფაზისის საერო აკადემია. თბილისი–ფაზისი, 2015–2016. ტომი IX (ნაწილი II). გვ. 330–331.

7.      კოლხეთიშ კინოხიშ დოგურაფაშ კუნტა ისტორია დო ჭუმანერიშ პერსპექტივეფი. სქანი: კულტურაშ, მენცარალაშ დო ჭარალუაშ ჟურნალი / მარგალურ ნინაშ ასოციაცია. თბილისი, 2020. N 1. გვ. 26-28.

8.      ხობის მონასტერი : [ხობის (ნოჯიხევის) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიის ისტორია და მასში დაცული სიწმინდეები], საპატრიარქოს უწყებანი. 2003. N27(235), გვ.15-16.

9.      ხობის ღვთისმშობელი. დღესასწაული ღვთისმშობლის კვართისა
ცოტნეიდელი / ფაზისის საერო აკადემია. თბილისი-ფაზისი, 1996-2005. ტ. I, ფაზისის საერო აკადემიის სამეცნიერო სესიების მასალები, გვ.117-119

10.  ხობის სიძველეების შესახებ. ცოტნეიდელი / ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემია. თბილისი-ფასიზი, 2014-2015. ტომი VII, ფაზისის აკადემიის სამეცნიერო სესიების მასალები, გვ.350-351.

 

შენიშვნა: (პუბლიკაციების ჩამონათვალი არასრულია)

 გოგიტა ჩიტაია-60

(დაგვიანებული მოლოცვა)
არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი პიროვნული ხიბლით ურთიერთობებით, მამულიშვილობით, პროფესიონალიზმით სამაგალითონი არიან, ასეთი პიროვნებები, ცხადია, იშვიათობას წარმოადგენენ, ამიტომაც მათ განსაკუთრებული გაფრთხილება და დაფასება სჭირდებათ.
გოგიტა ჩიტაია ყველა ხობელისთვის მოსაფერებელი კაცია. სტუდენტობიდან დღემდე კალამი ხელიდან არ გაუგდია, თავისი შესანიშნავი წიგნებითა და ნაშრომებით ხობსა და ხობელებს დიდი განძი შესძინა. ხობელებმა კი მის თავდადებას და ერის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხეს და ,,ხობის საპატიო მოქალაქედ" აირჩიეს. უხმაურო და უპრეტენზიო კაცის იუბილე ვიწრო წრეში აღინიშნა, ბევრმა აკი უსაყვედურა, მაგრამ რას იზამ, ,,ჯასტაგანი" კაცია.
დიდხანს იცოცხლე ,,ბაბაგე"

ბეჟან ნადარაია 2 მარტი, 2020 წლი

 გოგიტა არის უნიკალური ადამიანი. პიროვნება, რომლის მოღვაწეობა სცდება რაიონის და სამეგრელოს მასშტაბებს. მისი მრავალმხრივი ნაშრომები გზამკვლევია ჩვენი კუთხის და ხობის ისტორიით, არქეოლოგიით, ეთნოგრაფიით, ფოლკლორით, ტოპონიმიკით დაინტერესებულ პირთათვის. განსაკუთრებულია მისი ღვაწლი ხობის მონასტრის, „მაჩხომერის“ და სხვა უთვალავი ძეგლის ისტორიის შესწავლის და წარმოჩენის საქმეში. ბედნიერებაა იცნობდე გოგიტა ჩიტაიას და მის შემოქმედებას. ამავე დროს, გამომდინარე მისი ადამიანური თვისებებიდან, ის არის ხობის რაიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის ძალიან ახლო მეგობარი და პირიქით, მთელი ხობის რაიონია ამ დიდებული მამულიშვილის მეგობარი. ჩვენ მას ვაფასებთ, გვიყვარს გოგიტა როგორც ჩვენი ოჯახის წევრი. ის არის უპირველესი ხობარი და საერთო-სახალხო საგანძური. დიდი მადლობა შენი შრომისა და ღვაწლისთვის.

ხვიჩა შონია

 საინტერესო წიგნები ხობის შესახებ

(,,ხობის სიძველენის" და ,,ყულევის" გამო)
დიდი საჩუქარი მიიღეს ხობელებმა წინასაახალწლოდ.
ისტორიკოსმა და მკვლევარმა გოგიტა ჩიტაიამ შესანიშნავი წიგნი გამოსცა ''ხობის სიძველენი". ხობის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები: წიგნი დააფინანსა ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ, ამისთვის დიდი მადლობა მათ. თუ არ ვცდები ეს ბატონ გოგიტას მეექვსე წიგნია (მას რომ ჰკითხო, სწორ პასუხს მაინც ვერ მიიღებ, არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი).
წიგნის რედქტორია ანზორ სიჭინავა, რეცენზენტები ედიშერ გვენეტაძე-ისტორიის დოქტორი, პროფესორი. რევაზ პაპუაშვილი-ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი. წიგნი დაიბეჭდა სტამბა ,,საარში".
წიგნი შედგება შემდეგი თავებისგან: ხობის მონასტერი; ეკლესიები; ციხე კოშკები და სხვა ნაგებობები; ნაეკლესიარები; საფლავის ქვები; მუზეუმები; არქეოლოგიური ობიექტები; აფხაზეთის კათოლიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის ,,წყალობის წიგნი" შუშანიებისადმი და გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა.
წიგნის წინათქმაში ვკითხულობთ: ,,ხობის ,,წინაპრების მიერ შექმნილ კულტურულ მემკვიდრეობას მოვლა-პატრონობა და დაცვა სჭირდება, სხვანაირად ის ვერ იქნება ხელმისაწვდომი შთამომავლობისთვის. წარსულში ბევრი ტაძარი, ციხე-კოშკი და სასახლე დაინგრა, განადგურდა. სიძველეებს საფრთხე დღესაც ემუქრება. ჩვენი ვალდებულებაა მათი დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა".
შემდეგ ავტორი ძალიან საინტერესო მონაცემებს გვაწვდის. ,,რამდენიმე წლის მუშაობის შედეგად აღვრიცხეთ კულტურული მემკვიდრეობის 275 ობიექტი, აქედან ეკლესია-16, ნაეკლესიარი-31, ციხე-კოშკი და სხვა ნაგებობა 21, არქეოლოგიური ობიექტი 207, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი აღრიცხულია" გეთანხმებით ბატონო გოგიტა, მაგრამ ჩვენ გვჯერა თქვენს მიერ დაწყებულ საქმეს გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ ვიხილავთ კიდევ ერთ საინტერესო წიგნად.
წიგნში ასევე საინტერესოდ იკვეთება თავი ,,ხობის მონასტრის შესახებ". მონასტრის ისტორია ავტორს ბევრი ახალი მონაცემით შეუვსია. თემა ,,ხობის მონასტერი" ძველთაგანვე იზიდავდა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ მომლოცველებს, მეცნიერებს, მოგზაურებს. არ ცდება ავტორი, რომელმაც 1899 წლის 3 სექტემბერს გაზეთ ,,ცნობის ფუირცელში" ხობის სალოცავს ,,სამეგრელოს ძველთა-ძველი საიმაყე მონასტერი უწოდა". ბევრ სადავო საკითხს დაესვა წერტილი. ერთ საგაზეთო წერილში გოგიტა ჩიტაია ,,ხობის შლიმანად" მოვნათლე, ჩვენი უფროსი მეგობრები დემურ ბუკია და დათო ჭოჭუა შემეცილნენ და ის ხობის ,,ექვთიმე თაყაიშვილად'' გამოაცხადეს. ბოლო პერიოდში ბატონმა გოგიტამ წვერი მოუშვა და დიდ ერისკაცს ,,პავლე ინგოროყვას'' მივამსგავსე (ისე ძალიან უხდებოდა).
ყველა დამეთანხმება, რომ ამ ეპითეტებს ბატონი გოგიტა ჩიტაია ნამდვილად იმსახურებს. ხოლო ვინც ეს დიდებული წიგნი წაიკითხა მათთვის ნათელია, რომ ხობსა და ხობელებს, მომავალ თაობებს ავტორმა დიდი საგანძური შეგვიქმნა.
და ბოლოს ისტორიკოსები, არქეოლოგები და დარგის სპეციალისტები მომავალში კიდევ ერთხელ სათანადო სიტყვას იტყვიან-ამ დიდებული ნაშრომის შესახებ.
აქვე ვიტყვი, რომ ამ სტატიას არა აქვს წიგნის რეცენზიის პრეტენზია, ეს უბრალოდ სამადლობელი წერილია ბატონ გოგიტა ჩიტაიას მიმართ.
ვიდრე გაზეთის პერიოდულობის გამო ეს სამადლობელი წერილი დღის შუქს იხილავს სულ ახლახან ქართველმა მკითხველმა და ისტორიით დაინტერესებულმა მკითხველმა დიდი საჩუქარი მიიღო. განსაკუთრებით ხობელმა საზოგადოებამ. გამოვიდა ავტორთა ჯგუფის რევაზ პაპუაშვილის, გოგიტა ჩიტაიას, იოსებ პაპუაშვილის ,,ყულევი". ისევე როგორც გოგიტა ჩიტაიას წიგნი ,,ხობის სიძველენი" ამ მონოგრაფიაშიც სოფელ ყულევის მატერიალური კულტურის ის ძეგლებია თავმოყრილი, რომელთა ფიქსაცია და შესწავლა საუკუნის ბოლოდან დაიწყო. განხილულია გეოგრაფიული გარემო, საინტრერესო წყაროები და არქეოლოგიური კვლევის ისტორია.
წიგნის რედაქტორია ლერი ჯიბლაძე-ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. რეცენზენტი გურამ ჩიქოვანი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დიმიტრი ახვლედიანი- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი.
ნაშრომი დაიბეჭდა ხობის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მორალური და ფინანსური მხარდაჭერით.
ნაშრომი კოლხეთის ისტორიით, არქეოლოგიით და ზოგადად, ამ მხარის წარსულით დაინტერესებული საზოგადოებისთვისაა გათვალისწინებული და როგორც ყველა წინამდებარე ნაშრომი დიდ მოწონებას იმსახურებს.
დიდი სიყვარულით ბეჟან ნადარაია.

 რამდენი პოეზია უნდა იყოს ადამიანში, ჭურჭლის ნატეხსაც სული რომ შთაბეროს და თავისებურად ,,აამეტყველოს"...დიდი სიამოვნებით შევიძენ ამ წიგნებს და როგორც დარგის სპეციალისტი, მზად ვარ, რეცენზიითაც გამოვეხმაურო...უღრმესი მადლობა ავტორებს...

იგორ კეკელია (მეცნიერი)

 ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ლერი ჯიბლაძის რეცენზია გოგიტა ჩიტაიას ნაშრომზე „ხობის სიძველენი“ (ხობის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები).

 2017 წელს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ფინანსური მხარდაჭერით სტამბა "საარმა" გამოსცა გოგიტა ჩიტაიას მონოგრაფია "ხობის სიძველენი" (192 გვ., რედაქტორი ანზორ სიჭინავა, რეცენზენტები - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები ეპიფანე გვენეტაძე და რევაზ პაპუაშვილი). ნაშრომი შედგება წინათქმის, რვა თავისა, ინგლისურ და რუსულენოვანი რეზიუმებისაგან. წიგნს ერთვის დანართები, შენიშვნები, გამოყენებული წყაროები და ლიტერატურის სია. ნაშრომი როგორც კვლევითი, ასევე საცნობარო ხასიათისაა. გვინდა აღვნიშნოთ, რომ გოგიტა ჩიტაია ხობის რაიონის მკვიდრია და არაერთი წელია მუშაობს ხობის მერიის კულტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტად. პარალელურად ეწევა საქმიანობას ფოთისა და ხობის ეპარქიის სიწმინდეთა მოძიებისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში, სადაც უკავია დირექტორის თანამდეობა. ბუნებრივია, თავის სამსახურიდან გამომდინარე ზედმიწევნით კარგად ფლობს მონაცემებს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. ამიტომ წინმდებარე ნაშრომის მომზადება ყველაზე უფრო მას ხელეწიფებოდა და ლოგიკურია, კარგადაც გაართვა თავი.

წინათქმაში აღნიშნულია, რომ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოვლენილია სხვადასხვა კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელთაგან 16 - განეკუთვნება ეკლესიას, 31-ნაეკლესიარს, 21-ციხე -კოშკსა და სხვა ხასიათის ნაგებობებს. 207-კი არქეოლოგიური ობიექტია. მთლიანობაში დაფიქსირებული და აღრიცხულია პრეისტორიული და ისტორიული ხანის 275 ძეგლი. მოცემულია თითოეული მათგანის კოორდინატები სატელიტური ხელსაწყოთი (GPS), UTM-ის საკორდინაციო ბადის გამოყენებით. ავტორი მადლიერების გრძნობით იხსენიებს იმ სასულიერო პირებსა და მეცნიერებს, რომლებიც წიგნზე მუშაობის პროცესში გარკვეულ რჩევა-დარიგებებს აძლევდენ.

მონოგრაფიის I თავში განხილულია ხობის მონასტრის ისტორია, მისი ეტიმოლოგიური მნიშვნელობა, დეტალურადაა გადმოცემული ხობის მონასტრის არქიტექტორული კომპლექსის დახასიათება (ტაძარი, სამრეკლო, გალავანი, საკათალიკოსო-სასახლისა და სხვა ნაგებობათა ნაშთები). ავტორი ამ საკითხებზე მსჯელობისას წყაროებთან ერთად უხვად იყენებს ხალხურ თქმულებებს, გადმოცემებს, მოგვიანო პერიოდის ჩანაწერებს, პერიოდულ გამოცემებში არსებულ მონაცემებს, სხვადასხვა ავტორთა ცნობებს და სხვ. იგი აქვე ეხება არაერთი ავტორის მოსაზრებას ხობის მონასტრის ტაძარში მოხატული ფრესკების დათარიღებაზე და ყურადღებას ამახვილებს ამ მონასტერთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე.

ნაშრომში საუბარია 2008-2016 წწ ხობის მონასტრის ეზოში ეტაპობრივად მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებსა და მის შედეგებზე, რომელმაც განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიიღო 2016 წელს, რა დროსაც სამუშაოები მიმდინარეობდა ხუთ უბანზე. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიღებული იქნა მნიშვნელოვანი შედეგები: გაირკვა, რომ ხობის მონასტრის ტერიტორიაზე ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო ცხოვრება იწყება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში, ხობის თანამედროვე ტაძარი, გაცილებით დიდი ტაძარზე ყოფილა დაშენებული, ხობის მონასტერი წარმოადგენდა სამეგრელოს მთავართა_დადიანების საგვარეულო საძვლეს და ა.შ. ასევე არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა, რომ ხობის მონასტრის ეზოში განვითარებული შუასაუკუნეების ხანაში და შესაძლოა უფროა ადრეც, უნდა არსებულიყო ციხე-ქალაქის ტიპის დასახლება, რომელიც როგორც გალავნის გარეთ, ისე შიდა მხარეს მოიცავდა საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას.

წიგნის I თავში საუბარია ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში არსებულ მარიამობა-მარაშანობის დღესასწაულზე, რა დროსაც ავტორი უხვად იყენებს XVII-XX ს-ის საწყისი პერიოდის სხვადასხა ხასიათის წყაროებს, პერიოდულ გამოცემებში არსებულ მონაცემებს. უძველესი პერიოდიდან მოყოლებული აქვე განხილულია ხობის მონასტრის ქრონიკები.

წიგნის მომდევნო II და III თავებში აღწერილია ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიები, ციხე-კოშკები და სხვა ნაგებობები. 
IV თავი ეხება ნაეკლესიარებს, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში განადგურდა ანტირელიგიური კომპანიის დროს; მომდევნო V და VI თავები კი ეძღვნება ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საფლავის ქვებს (ძირითადად XIX და XX საუკუნის საწყისი პერიოდის), მუზეუმებსა და სახლ-მუზეუმებს.

პირადად ჩემთვის როგორც არქეოლოგისათვის განსაკუთრებით საყურადღებო გამოდგა მონოგრაფიის VII თავი, სადაც განხილულია ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური ობიექტები. ავტორს თავმოყრილი აქვს პრეისტორიული და ისტორიული ხანის შემთხვევითი აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტები და ძეგლები, მოცემულია დახასიათება, კოორდინატები,რაც არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში მათ იოლად მისაგნებს ხდის. უნდა აღინიშნოს, რომ გოგიტა ჩიტაიამ ამ მონაცემების შეგროვებისათვის საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩაატარა. თითქმის ყველა არქეოლოგიური ობიექტი მოიარა, გაგვაცო მათ შესახებ არსებული ადგილობრივი ტოპონიმები და ზედაპირულად შეაგროვა არქეოლოგიური მასალა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მას რჩება ერთგვარი უკმარისობის გრძნობა, რადგან ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მდინარეების რიონსა და ხობისწყალს შორის მოქცეულ ჭაობიან ტერიტორიაზე, განსაკუთრებით რთული გამოდგა არქეოლოგიური ობიექტების შესწავლა და სრულყოფილი სურათის გადმოცემა.

ავტორი არქეოლოგიური ობიექტების ჩამონათვალში ასახელებს სპეციალისტების ფართო წრისათვის ნაკლებად ცნობილ არაერთ საინტერესო პუნქტს, მათ შორის კოლხეთის ბარისათვის დამახასიათებელ ხელოვნურად გამართულ ბორცვ-ნამოსახლარებს, სადაც ზედაპირულად მოძიებული არტეფაქტების მიხედვით, წინასწარული მონაცემებით შესაძლებელი გახდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის, კლასიკურისა და უფრო მოგვიანო პერიოდების დადგენა. გამოვყოფდით ცალკეული არტეფაქტებისა და ზოგიერთი ძეგლების აღმოჩენების პუნქტებს: ბრინჯაოს სატევრები და ყუამილიანი ცულები ხობისწყლიდან.ყურადღებას იპყრობს ამ ნივთების წყალში აღმოჩენის ფაქტი; სოფ.ნოჯიხევი `ციცას გორას~ მიმდებარე ტერიტორია _ ძვ.წ. IV-III სს-ები; სოფ. ჭიხუს პლატო _ წინანტიკური ხანის მასალა და რომაული ხანის დანგრეული სამარხები; სოფ. გურიფული, მდ. ხობისწყლის მარჯვენა სანაპირო _ იმპორტული ბერძნული კერამიკის ცალკეული აღმოჩენები და ელინისტური ხანის ინვეტარიანი ქვევრსამარხი; `ოტორონჯე~; სოფ. პირველი მაისი, ჯახუთის ციხის მიმდებარე ტერიტორია _ კლასიკური ხანა; ხეთა ურთის მთის მიდამოები; ხეთა-წინაგოლა, კოლხური თეთრის გამოვლენის ფაქტები; სოფ.ხამისკური _ `მისარონფერდის ოხვამეს~ ბორცვი _ ძვ.წ. V-III არტეფაქტები;სოფ.დღვაბას `ტაბუჩას~ დიხა-გუძუბა _ ადრეანტიკური ხანის მასალა და ა.შ.

მონოგრაფია გამოცემულია საკმაოდ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე. ავტორის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ დაწერილია გამართული ქართული ენითა და იკითხება კარგად. ნაშრომში უხვადაა ჩართული ილუსტრაციები ხობის მონასტერზე, აქ დაცულ ღვთისმშობლის კვართზე, ცალკეულ ფრესკებზე, საკურთხევლის კარნიზის ჩუქურთმებზე. მოცემულია სხვადასხვა ეტაპზე უძველესი ტაძრის განვითარების გეგმა, რაც არქეოლოგიური გათხრების მიხედვით გახდა შესაძლებელი. ილუსტრირებულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ძველი სასახლის ნაშთებიც, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. ნაშრომი ასევე გამდიდრებულია ეკლესიების, ციხეების, ხელოვნურად გამართული ბორცვ-ნამოსახლარის და ცალკეული არტეფაქტების ფერადი ფოტოებით.

დასასრულს აღვნიშნავთ, რომ გოგიტა ჩიტაიას ნაშრომი "ხობის სიძველენი" კარგი შენაძენია ქართული საისტორიო მეცნიერებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული მკითხველთათვის. ამ წიგნის გამოცემით ჩვენი ცოდნა ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პრეისტორიული და ისტორიული ხანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ უფრო სრულყოფილი გახდა. აშკარაა, რომ წინამდებარე ნაშრომი სამაგიდო წიგნად იქცევა სიძველეებზე მომუშავე სპეციალისტებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის.

-------------------------------------------------------------------------------------------

 იმისათვის, რომ რეალობაში  რეალურად  აღვიქვათ გოგიტას ღვაწლი-   მის თანამედროვეებში   უდიდეს პიროვნულ პატივისცემასთან შერწყმული  აღიარება  უკვე აქვს , თუმცა  როცა მას ვხედავ ქუჩაში  მიმავალს-  მომავლის ხობის ჭრილიდან აღვიქვამ ხშირად.. ასე მოკრძალებით ცხოვრება  მხოლოდ  ჭეშმარიტი ღირებულებისთვის  ღვაწლში მყოფებს შეუძლიათ , საკუთარი კუთხის სიყვარულით გაჯერებული  ამგვარი შეუდრეკლობა  მხოლოდ  უერთგულეს შთამომავალს წინაპართა . ხობის საპატიო მოქალაქის სტატუსი, ოფიციალური დოკუმენტის მიღმა  მდგარი საზოგადო თანხმობაა, რომ საპატიოდ მიაჩნდეს კაცი, რომელიც შინაგანი  ბუნებით  და რწმენით  ასე უანგაროდ იხარჯება.

 წარმომიდგენია   როგორი სიმაყით შემეძლება ვუთხრა ჩემს შვილიშვილებს და მის თანატოლებს , თუ როგორი ბედნიერება მერგო წლებით, რომ იმავე სივრცეში მემუშავა, სადაც  თავისი დიდი ნებისყოფისა და შრომის შედეგს ჯერ ფურცლებს ანდობდა და ასე  იმ დროისათვის ერთ ჩვეულებრივ, არცთუ კეთილმოწყობილ , თუმცა საინტერესო სივრცეში   იქმნებოდნენ  გოგიტა ჩიტაიას ავტორობით წიგნები- ხობის წარსულით დაწყებული   და ხობზე .  ალბათ  ასეთი კითხვაც დაიბადება  ,,ხობს რომ გოგიტა ჩიტაია არ ჰყოლოდა, ვინ  შექმნიდა, ვინ შეგვინარჩუნებდა  ამდენ ისტორიულ, ეთნოგრაფიულ , პუბლიცისტურ ნაშრომებს ? მეც ალბათ, ასე ვუპასუხებ - არ შეძლებოდა ხობს   ,,ხობის ექვთიმე“ გოგიტას სახით არ ჰყოლოდა .

მადლობა  უფალს , რომ  ასეთად  გვეგულება ხობს და ხობელებს  .  

როზეტა შულაია